Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აიძულებენ რუსეთში მთვრალ ადამიანებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას

საილუსტრაციო ფოტო: მთვრალები ავტობუსის გაჩერებაზე სანქტ-პეტერბურგში.
საილუსტრაციო ფოტო: მთვრალები ავტობუსის გაჩერებაზე სანქტ-პეტერბურგში.

რუსი მამაკაცი, რომელიც მეგობრებთან ერთად ქეიფის შემდეგ გაუჩინარდა, ნათესავებმა რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს სახლიდან შორს, თავდაცვის სამინისტროს გამანაწილებელ ცენტრში, ხელმოწერილი კონტრაქტით.

ის ძლივს აცნობიერებდა, რა ხდებოდა: მას დაემუქრნენ, სცემეს, ტელეფონი ჩამოართვეს და ახლობლებთან დაკავშირების საშუალებას არ აძლევდნენ. მსგავსი ამბები რუსეთში სულ უფრო ხშირი ხდება და სულ უფრო ხშირად ჩნდება სოციალურ მედიაში, იტყობინება Siberia.Realities. ნათესავები ცდილობენ, სამხედრო ნაწილებიდან წამოიყვანონ მამაკაცები, მათ საავადმყოფოებსა და პოლიციის განყოფილებებში ეძებენ და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ კონტრაქტები ნასვამ მდგომარეობაში ან იძულებით გაფორმდა.

„ისინი ორდღიანი სმის შემდეგ წაათრიეს სამხედრო ნაწილში“

22 მაისს 28 წლის ალექსეი ბორისოვი პრიმორსკის მხარის ქალაქ უსურიისკიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ პოკროვკაში მიემგზავრებოდა თავის ნაცნობთან, სერგეი ვისიაგინთან. იქ ალკოჰოლს ჩაუსხდნენ. მეორე დღეს ვისიაგინს დაურეკა სამხედრომ - შემთხვევითმა ნაცნობმა, რომელმაც ის ახლახან მიიყვანა მანქანით სახლამდე. სამხედრომ ორივე თანამეინახეს შესთავაზა მშენებლობაზე სამუშაო - დღეში ხუთი ათასი რუბლი, 10-დან 17 საათამდე.

„როდესაც ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ეს არ იყო კონტრაქტი, რომ რაღაც უნდა აეშენებინათ, რომ შაბათ-კვირას შეეძლოთ სახლში წასვლა - მხოლოდ სადაგ დღეებში უნდა ემუშავათ. ამ მთვრალებმა მას მისამართი უთხრეს. მეორე დღეს ის თავად მივიდა პოკროვკაში მათ წასაყვანად“, ამბობს ბორისოვის ნათესავი, ივანი.

24 მაისს სამხედრომ „უაზის“ მარკის სამოქალაქო მანქანით გაუარა ბორისოვს და ვისიაგინს და ისინი წაიყვანა სერგეევკაში (პოკროვკიდან 53 კილომეტრში). იქ ისინი მოულოდნელად აღმოჩნდნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, საიდანაც უკვე აღარ უშვებდნენ:

თუ ხელს არ მოაწერ, ფრონტის ხაზზე გადაგაგდებთ, საიდანაც მაშინვე იერიშზე გაგიშვებენ.

„წაგვიყვანეს ქვედანაყოფში და როდესაც ჭიშკარი დაიხურა, გამოგვიცხადეს, რომ დოკუმენტებს უნდა მოვაწეროთ ხელი. ვერცერთმა ვერ გაუწია წინააღმდეგობა. ისინი [სამხედროები] მათ გზაში ალკოჰოლსაც კი ასმევდნენ. ჯერ უსურიისკისკენ წავიდნენ, სადაც ლიოშას და სერგეის თითო 1,5 ლიტრიანი ლუდის ბოთლი უყიდეს. შემდეგ გზად კაფეში გაჩერდნენ - კიდევ 0,5 ლიტრი არაყი აუღეს, ლიოშამ ბორშჩიც ითხოვა, ვისიაგინს კი საერთოდ არ უჭამია. ყველაფერი სამხედროებმა გადაიხადეს.

წარმოგიდგენიათ? ორდღიანი ყოყმანის შემდეგ ხალხი არა მხოლოდ მოატყუეს, არამედ წინასწარ განზრახ დაათვრეს! დოკუმენტები ორშაბათს, 25 მაისს მისცეს ხელმოსაწერად. იმ დროისთვის ლიოშა მიხვდა, რომ ეს სამხედრო ნაწილი იყო და ხელმოწერაზე უარი თქვა. მაშინ ყურები გამოუჭედეს - ეს მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვისაა, არსად არ წახვალთ საბრძოლველად, ქვედანაყოფში დარჩებით. უარი თქვეს. მაშინ მათზე ზეწოლა დაიწყეს და არა მხოლოდ ძალადობით, არამედ მოკვლითაც დაემუქრნენ. ესენი ჯერ ნახევრად მთვრალები არიან, ისინი კი მათ უჩიჩინებენ: „თუ ხელს არ მოაწერ, ფრონტის ხაზზე გადაგაგდებთ, საიდანაც მაშინვე იერიშზე გაგიშვებენ. ან უფრო მარტივად - პირდაპირ ტყეში წაგიყვანთ და ყველა „დაგკარგავს“, რადგან არავინ იცის, რომ საერთოდ ხარ აქ“. შეურაცხად მდგომარეობაში, თანაც მუქარით მოაწერეს ხელი, რათა მათთვის თავი დაენებებინათ. შემდეგ გაიღვიძეს და უთხრეს, რომ ეს თავდაცვის სამინისტროსთან სტანდარტული კონტრაქტი იყო და ფრონტზე წაიყვანდნენ. შეძრწუნებული იყვნენ“.

ალექსეი ბორისოვი, რომელმაც მთვრალ მდგომარეობაში მოაწერა ხელი კონტრაქტს
ალექსეი ბორისოვი, რომელმაც მთვრალ მდგომარეობაში მოაწერა ხელი კონტრაქტს

ალექსეის ოჯახი ამბობს, რომ მისი გადარჩენა სრულიად შემთხვევით მოხერხდა. „26 მაისს უცნობმა პირმა დაურეკა ლიოშას დედას. მან თავი პრაპორშჩიკად წარმოადგინა და თქვა, რომ ლიოშა ჩვენი იყო - სერგეევკის სამხედრო ნაწილში. ნაწილის სახელი მას არ დაუსახელებია. დამ ატეხა რეკვა და მას დაუდასტურეს, რომ მისი ძმა იმყოფებოდა 127-ე მოტომსროლელი დივიზიის 394-ე მოტომსროლელ პოლკში (სამხედრო ნაწილი 25573), რომელიც #44980 სამხედრო ნაწილს ეკუთვნის. ის მებრძოლი გოგოა, ამიტომ მაშინვე სერგეევკაში გავარდა.

მათ ურჩიეს, ჯერ სამხედრო პროკურატურისთვის მიემართა - იქ დაუდასტურეს კონკრეტული ქვედანაყოფის მისამართი“, - ამბობს ბორისოვების ნათესავი. - „ის მაშინვე წავიდა 394-ე ნაწილში. არ შეუშვეს. შემოუარა და სასწაულებრივად წააწყდა ლიოშას, რომელსაც მანქანაში სვამდნენ. ის ჯერ კიდევ გალეშილი იყო. ისინი ძალით სვამდნენ მას, მათ შორის ის სამხედრო, რომელიც დაემუქრა და პასპორტი წაართვა. ლენა მათკენ გაიქცა და - არ ვიცი, საიდან ჰქონდა ამდენი ძალა - ორი ფორმიანი გვერდზე გაწია, სტაცა ხელი ლიოშას და უკვე საკუთარ მანქანამდე მიათრია. მასთან მიახლოების შეეშინდათ, ისე უყვიროდა და აგინდებდა ლენა ამ პიდ***ებს".

სერგეევკის სამხედრო პროკურატურაში ბორისოვებს განუცხადეს, რომ ალექსეიმ, სავარაუდოდ, კონტრაქტს ქალაქ უსურიისკის დაკომპლექტების ცენტრში მოაწერა ხელი.

„მაგრამ ის იქ არც კი დაბრუნებულა! ის 22 მაისს პოკროვკაში გაემგზავრა და იქ სვამდა, სანამ სამხედროები სერგეევკაში წაიყვანდნენ. უსურიისკში მხოლოდ ლუდი უყიდეს ლიოშასა და სერგეის. ასე რომ, ეს ყველაფერი ყალბია“, აღშფოთებით ამბობს ივანი.

როდესაც ბორისოვის დამ ის სამხედროებისგან იხსნა, ისინი ალექსეის ბანკში წაყვანას ცდილობდნენ.

განუკითხაობაა, როდესაც დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შეიძლება სტაცონ ხელი და სასიკვდილოდ გაგზავნონ

„მათ თქვეს, რომ მას სჭირდებოდა ბარათის აღება, რომელზეც კონტრაქტის ხელმოწერისთვის დაახლოებით 200 000 რუბლი ჩაირიცხებოდა. რატომღაც საბანკო ბარათი, რომელიც ლიოშას ტელეფონში ჰქონდა, მათ არ აკმაყოფილებდა. შესაძლოა, ისინი ახალი ბარათების მითვისებას აპირებდნენ“, - ამბობს ივანი. - „ოჯახს ეს ფული არ სჭირდება. მათ უბრალოდ სურთ, რომ მათ შვილსა და ძმას დაეხსნან. და ზოგადად შეწყდეს ეს განუკითხაობა, როდესაც დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შეიძლება სტაცონ ხელი და სასიკვდილოდ გაგზავნონ. ბედნიერებაა, როცა ასეთი მზრუნველი ნათესავები გყავს. და იღბალიც. მაგალითად, ვისიაგინი კვლავაც რჩება სამხედრო ნაწილში. ის ბავშვთა სახლში გაიზარდა და, სამწუხაროდ, ნათესავები არ ჰყავს და [ნაწილში ან პროკურატურაში] არავინ არ დაუგდებს ყურს გარეშე პირებს“.

„ფხიზლები კონტრაქტს ხელს არ აწერენ!“

როგორც Sibir.Realii-ს მოუყვნენ პრიმორსკის მხარის სოფლებში, მთვრალების იძულებით გაწვევასთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ქალაქებში.

მას ყველაფერი გაუფორმეს, სანამ გამოფხიზლდებოდა!

51 წლის პიოტრ ბობროვის ნათესავები სოფელ დანილოვკიდან (უსურიისკიდან 47 კილომეტრში) ჰყვებიან, რომ სამხედროებმა მას ხელი სტაცეს, მანქანაში ჩასვეს და სოფელ სერგეევკის სამხედრო ნაწილში წაიყვანეს.

პიოტრ ბობროვი, რომელმაც კონტრაქტს მთვრალ მდგომარეობაში მოაწერა ხელი.
პიოტრ ბობროვი, რომელმაც კონტრაქტს მთვრალ მდგომარეობაში მოაწერა ხელი.

„მისი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს. საბედნიეროდ, ნაცნობებმა დაინახეს ეს და გვითხრეს. გაუმართლა, რომ ოჯახი ჰყავს და მისი ოჯახისთვის ეს სულ ერთი არაა. მაგრამ კიდევ რამდენი ქრება და არავის აინტერესებს?“ - ჩივის ბობროვის ნათესავი, სემიონი. - „საბოლოოდ, სამხედრო ნაწილში ჩავედით, მაგრამ არ მოგვცეს მისი წამოყვანის უფლება! მაშინ პეტიამ დაწერა განცხადება, რომელშიც ახსნა, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი: ჯარისკაცებმა ის ნასვამ მდგომარეობაში წაიყვანეს, მას არ შეეძლო გონივრულად აზროვნება. მას არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა თან. ამიტომ მას ყველაფერი გაუფორმეს, სანამ გამოფხიზლდებოდა! წარმოგიდგენიათ, რა კავშირები და ძალაუფლება აქვთ! მან იმავე დღეს მიიღო ბარათი.“

ბობროვებმა პიოტრის ჩვენება მიხაილოვსკის ოლქის სამხედრო პროკურატურაში წაიღეს, მაგრამ იქ მათ უთხრეს, რომ მისი შინ დაბრუნების შანსი „ნულის ტოლი“ იყო.

ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ბერიქალს შეუძლია თქვას, რომ მოატყუეს და დაიბრუნოს უკვე გაყიდული ბინა. მაგრამ როდესაც საქმე სამხედროებს ეხება, „უკუსვლა არ არსებობს“!

„ამ ნაძირალებმა ვერავითარი დარღვევა ვერ შენიშნეს! მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებიც კი გვყავდა, რომლებმაც ნახეს, როგორ მიჰყავდათ იგი მანქანამდე სრულიად ნასვამ მდგომარეობაში. და, რა თქმა უნდა, თავად პეტიას სიტყვები. პროკურატურამ კი თქვა, რომ უკვე გვიან იყო!“ - აღშფოთებას ვერ მალავს სემიონი. - „ამბობენ, რომ კონტრაქტს თავად მოაწერა ხელი და უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ მოხუც შეუძლია თქვას, რომ მოატყუეს და დაიბრუნოს უკვე გაყიდული ბინა. ყველა სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით, რომ ის გონებრივად ჯანმრთელი და კომპეტენტურია. მაგრამ როდესაც საქმე სამხედროებს ეხება, „უკუსვლა არ არსებობს“! მათ უფლება აქვთ, ხალხი დაათრონ და გაიტაცონ. და ეს უკვე სქემაა, სისტემაა. რადგან ფხიზლები კონტრაქტს ხელს არ აწერენ!“

მსგავს შემთხვევაზე იტყობინებიან ნოვოსიბირსკში, ოღონდ ნასვამი ადამიანი საგზაო პოლიციის რეიდმა შეაჩერა. „ისინი მუდმივად აჩერებენ მანქანებს ქალაქიდან ჩელიაბინსკისკენ მიმავალ გზაზე, თითქმის ყოველდღე, განსაკუთრებით არდადეგებზე. მაისის შუა რიცხვებში იქ გააჩერეს ჩემი ნათესავი, სერგეი კონოვალოვი. ოდნავ ნასვამი იყო. საავადმყოფოში წაიყვანეს, ვითომ სამედიცინო შემოწმებისთვის. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია და ეს მისი პირველი დარღვევა არ ყოფილა. ეგონა, რომ მართვის მოწმობას ჩამოართმევდნენ. უარესი აღმოჩნდა“, ამბობს სერგეის ნათესავი, ოქსანა.

ინსპექტორების მიერ სერგეის საავადმყოფოში წაყვანიდან მალევე იქ მივიდნენ სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები.

„ჯერ სცადეს მისთვის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ თაობაზე კონტრაქტისთვის მოეწერინებინათ ხელი. იქვე, საავადმყოფოში. მან უარი თქვა. დაპატიმრებით დაემუქრნენ. თუმცა, ღმერთს მადლობა, არანაირი უბედური შემთხვევა არ გამოუწვევია. სერიოჟამ თქვა: „კარგი, ჩამსვით“. მაშინ ის მანქანამდე მიათრიეს. ის ყვიროდა, მაგრამ არავინ, არავინ (!) არ დაეხმარა. შესასვლელთან კი მათ უკვე დახვდნენ სერიოჟას მამა და ცოლი, რომლებიც მისი სატელეფონო ზარის გამო მივიდნენ იქ. მათ ბიჭი ხელიდან გამოგლიჯეს“, - ამბობს ოქსანა. - „მაგრამ წარმოგიდგენიათ, რამდენ ადამიანს არ შეუძლია ასეთი წინააღმდეგობის გაწევა?! ისინი გამუდმებით ცდილობენ ხალხის ასე დაჭერას და მათზე ზეწოლას. ეს სრული განუკითხაობაა, დროა ეს შეწყდეს, ეს უნდა შეჩერდეს!“

მარტში Sever.Realii-მ გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ გააჩერა პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 36 წლის ეგორ საბინიჩი, ოთხი შვილის მამა პეტროზავოდსკიდან და წაიყვანა სამხედრო კომისარიატში სადაც მას ჩამოართვეს ტელეფონი და დოკუმენტები და მოტყუებით მოაწერინეს ხელი კონტრაქტზე. მისი ოჯახის თქმით, ეგორს არასდროს უმსახურია ჯარში და სამხედრო კომისარიატში მას „15 წუთში“ გაუკეთეს სამხედრო ბილეთი.

ადამიანის უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ ასეთი საჩივრები სულ უფრო გახშირდა.

როგორც ჩანს, ეს, პირველ რიგში, იმისთვის კეთდება, რომ ადამიანზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლის მოხდენა იყოს შესაძლებელი კონტრაქტზე ხელმოწერის საკითხში...

„სამწუხაროდ, ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელია, ასეთი „გაწვეული“ ჯარისკაცის გამოხსნა მათი ქვედანაყოფიდან. შემდეგ ისინი იგზავნებიან წვრთნებზე, შემდეგ კი ფრონტზე. საჩივრები შეგიძლიათ უსასრულოდ წეროთ. ერთადერთი ვარიანტია მისი ქვედანაყოფიდან გამოხსნა ნებისმიერი საბაბით - მაგალითად, ჯანმრთელობისთვის საფრთხის გამო. და მერე შეგიძლიათ უჩივლოთ წარმომადგენლის მეშვეობით“, - ამბობს ადამიანის უფლებების დამცველი ანატოლი. - „თვეში ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ ახლა ათობით საჩივარია. და ეს საჩივრების სტატისტიკა შორს არის რეალობისგან - ამ მსხვერპლთა უმეტესობა დახმარებას არ ითხოვს“.

ჯარში გაწვევის ან კონტრაქტის იძულებით გაფორმების საკითხებს ეხმიანება კიდევ ერთი თემა, რომელიც ახლახან გახდა აქტუალური. რუსეთში სოცქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცებს მასობრივად ურიგებენ „მობილიზაციის განკარგულებებს“. ბევრნი ამბობენ, რომ ისინი სამხედრო კომისარიატში დაიბარეს და სამხედრო ბილეთში ჩაუკრეს ეს ვარდისფერი ბარათი.

ამ ინფორმაციამ წარმოშვა მრავალი ჭორი იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება, როგორც ჩანს, შემოდგომიდან ახალი მასშტაბური მობილიზაციის დაწყებას გეგმავს.

ექსპერტების აზრით, ეს ჭორები გადაჭარბებულია. პროექტ „იდიტე ლესომის” წარმომადგენელი ივან ჩუვილიაევი ამბობს, რომ ეს ბარათები იურიდიულად თითქმის არაფერს ცვლის. სამხედრო ბილეთში ისედაც წერია, რომ ადამიანი რეზერვშია და მობილიზაციის შემთხვევაში შეიძლება გამოიძახონ და რომ განკარგულებების მასობრივი გაცემა არ ნიშნავს, რომ მობილიზაცია აუცილებლად მზადდება.

ამავე დროს, ჩუვილიაევის თქმით, მსგავსი ინიციატივებით, რაც ხალხში შიშისა და გაურკვევლობის განცდას აღვივებს, შესაძლოა ხელისუფლება ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდეს მოსახლეობაზე.

„სინამდვილეში, ამ ბარათს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ის უფრო წარმოადგენს ძლიერ ფსიქოლოგიურ იარაღს, რადგან ადამიანს პანიკაში აგდებს, ვერ ხვდება, რა ხდება, რას ელიან მისგან. როგორც ჩანს, ეს, პირველ რიგში, იმისთვის კეთდება, რომ ადამიანზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლის მოხდენა იყოს შესაძლებელი კონტრაქტზე ხელმოწერის საკითხში“, ამბობს ჩუვილიაევი.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG