Accessibility links

„რუსეთი ოკუპანტია“ - აქცია გორის მერის წინააღმდეგ


საპროტესტო აქცია

სამოქალაქო აქტივისტებმა გორის მერიის შესასვლელში ფუნა და საკენკი დაყარეს. სამოქალაქო მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“ ამგვარად გააპროტესტა გორის მერის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც გორიდან ცხინვალის დაბომბვასა და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მიმართ რასისტულ გამონათქვამს ეხებოდა. ორგანიზატორებმა აქცია-პერფორმანსი ასე ახსნეს: ბიძინა ივანიშვილი საკენკს უყრის საზოგადოებას და ხელისუფლება ეფლობა ფუნაში. სამოქალაქო აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

Direct link

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მიიჩნევს, რომ გორის მერმა უპასუხისმგებლო განცხადებების გამო სასწრაფოდ უნდა მოიხადოს ბოდიში, თუ არადა, თანამდებობა უნდა დატოვოს.

​გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი აქციის მონაწილეებთან არ გასულა. როგორც მერიის თანამშრომლებისგან შეიტყვეს, იგი სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს გაკეთდა ის განცხადებები, რომლებმაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კარალეთის დევნილთა დასახლებაში საზოგადოებასთან ომის დაწყებაზე საუბრისას მერმა თქვა, რომ ცხინვალი გორიდან იბომბებოდა. ცნობა ამის შესახებ პირველად ტელეკომპანია „თრიალეთმა“ გაავრცელა.

იქვე მერმა კონდოლიზა რაისის კანის ფერსაც გაუსვა ხაზი, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ აღარ ახსოვდა, რა თქვა.

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, განცხადებებს დიდი დისკუსია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. კამათი ახლაც არ წყდება, მერს კი ჟურნალისტებისთვის განმარტების მიცემა მოუხდა. ამჯერად ის ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება პროვოკაციას წამოეგო.

კონდოლიზა რაისის კანის ფერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას კი თავად მერი რასისტულად არ მიიჩნევს, თუმცა ბოდიშს მაინც იხდის.

გორის მერთან დაკავშირებული ხმაური ამით არ სრულდება. ორ დღეში საკრებულოს მორიგ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მისი იმპიჩმენტის საკითხის ინიცირებით გამოვლენ, თუმცა საკრებულოში უმრავლესობას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ფლობს. აქცია სამოქალაქო მოძრაობისა „რუსეთი ოკუპანტია“ გორში ინციდენტის გარეშე არ დასრულებულა - გიგა მაქარაშვილს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ მანველიშვილმა ნაგვის ურნა ჩამოაცვა თავზე.

აქციის მონაწილეები თემურ მანველიშვილის დასჯასაც ითხოვენ. მაქარაშვილს მერიის თანამშრომელმა ნაგვის ვედრო იმ დროს ჩამოაცვა თავზე , როცა სამოქალაქო აქტივისტითავად ასუფთავებდა მერიის კიბეებს. მაქარაშვილი გორის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც ის ჩვენებას აძლევს მომხდარი ინციდენტის შესახებ, გარდა ამისა მას სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG