Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტი ავიარეისი რუსეთიდან - ვის აწყობს, ვინ სარგებლობს?


როსავიაციას რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა აქვს დამტკიცებული. საილუსტრაციო ფოტო: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია თბილისში. 15 მაისი 2023 წ,
როსავიაციას რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა აქვს დამტკიცებული. საილუსტრაციო ფოტო: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია თბილისში. 15 მაისი 2023 წ,

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა სწრაფად იზრდება. რუსეთის ტუროპერატორები და ტურისტული პორტალები წინასწარ აქვეყნებენ შეთავაზებებს - „მზიან, სტუმართმოყვარე“ საქართველოში სტუმრობის მსურველებისთვის. 

რუსეთისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქს შორის ავიარეისების რიცხვი, კვირაში, შესაძლოა 60-ს მალე გაუტოლდეს. პროცესში ჩართულია სამივე საერთაშორისო აეროპორტი - თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის.

სულ, ამ დროისთვის რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს ("როსავიაცია") რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა აქვს დამტკიცებული.

  • რას ნიშნავს გაზრდილი მოთხოვნა - ვისთვის რა სარგებელი მოაქვს გახშირებულ ავიამიმოსვლას რუსეთთან?

მეტი ფრენა

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში დამატებითი რეისების შესრულებას იწყებს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო მოსკოვი-ბათუმის რეისზე, რომელიც, ავიაკომპანიის თანახმად, 3 ნოემბერს შესრულდება.

ავიაბილეთის ყველაზე დაბალი ფასი 14 785 რუბლია - დაახლოებით 430 ლარი. ფრენის ხანგრძლივობა - 3 საათი და 30 წუთი.

Red Wings-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი-ბასთუმი რეისი „ზამთრის გრაფიკით“ შესრულდება, კვირაში 3-ჯერ. კომპანია ასევე ამატებს სხვა მიმართულებებს:

  • ყაზანი–თბილისი - კვირაში ორი რეისი (13 ნოემბრიდან);
  • სამარა–თბილისი - კვირაში ერთი რეისი (16 ნოემბრიდან);
  • ეკატერინბურგი–თბილისი - კვირაში ორი რეისი (16 ნოემბრიდან);
  • სანქტ-პეტერბურგი–თბილისი - კვირაში ერთი რეისი (18 ნოემბრიდან);
  • სანქტ-პეტერბურგი–ქუთაისი - კვირაში ერთი რეისი (2 დეკემბრიდან);
  • ყაზანი–ქუთაისი - კვირაში ორი რეისი (3 დეკემბრიდან);
  • ეკატერინბურგი–ქუთაისი - კვირაში ორი რეისი (3 დეკემბრიდან).

Red Wings-ი პირდაპირ რეისებს ჩელიაბინსკსა და თბილისს შორისაც შეასრულებს - კვირაში ერთხელ (15 ნოემბრიდან).

კვირაში 3-დან 5-მდე იზრდება რეისების სიხშირე მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მარშრუტზე. სოჭი-თბილისი კვირაში 3-ჯერ იფრენს. ჯამში, Red Wings-ს კვირაში 20-ზე მეტი რეისი გამოსდის.

აქამდე, ავიაკომპანია Red Wings-ი, თვითმფრინავ Sukhoi Superjet-ით, დაფრინავდა მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მიმართულებებით.

დამატებითი რეისების შესახებ ბოლო დღეებში ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და ნებართვების შესახებ დასმულ შეკითხვებზე ჯერჯერობით არც რადიო თავისუფლებას უპასუხეს.

სააგენტოს მიერ სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც რუსული კომპანიების სამომავლო გეგმებს შეეხებოდა, განსხვავდება თავად რუსული კომპანიების მიერ გავრცელებულისგან.

ტექსტში ვკითხულობთ, რომ ავიაკომპანია Red Wings-ი მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით, ფრენას კვირაში 6-ჯერ შეასრულებს. ამავე ცნობაში Red Wings-ის შემთხვევაში ნახსენებია კიდევ ერთი მიმართულება - ჟუკოვსკი-თბილისი, რომელზეც გაცემულია ნებართვა „ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან“ - კვირაში ხუთი სიხშირით.

Red Wings-ის გარდა, რუსეთსა და საქართველოს შორის კიდევ ერთი რუსული კომპანია „აზიმუტი“ დაფრინავს: მოსკოვი–თბილისი (კვირაში 14 რეისი), სოჭი–თბილისი (ორი რეისი); მოსკოვი-ბათუმი (ორი რეისი); მინვოდ -თბილისი (სამი რეისი).

თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით დაფრინავს ასევე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი (კვირაში 14 რეისი). ცნობილია, რომ მისი მგზავრები საქართველოს ხშირად ტრანზიტად იყენებენ, სხვადასხვა ქვეყანაში გადასაფრენად.

ფრენების საკითხი პოპულარულია რუსულ სოციალურ ქსელებში და ჩანს, რომ დასავლური სანქციების გამო, რუსეთის მოქალაქეებისთვის გადაადგილების ასეთი შესაძლებლობა მიმზიდველად გამოიყურება.

სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს, რომ სამი ავიაკომპანიის რეისების რაოდენობა, რუსეთსა და საქართველოს შორის - ახალი წლისთვის თითქმის 60-ს მიაღწევს.

რუსულ კომპანიებს საქართველოში „ბოინგებითა“ და „აერობუსებით“ ფრენის უფლება არა აქვთ. რეისები ძირითადად რუსული Sukhoi Superjet-ებით სრულდება, რომლის ბორტზეც 100 მგზავრი ეტევა. ორი რუსული კომპანიის 60 რეისს კვირაში 6000 მგზავრის ჩამოყვანა შეუძლია.

რა სარგებელი მოაქვს და ვისთვის?

საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისის განახლების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტს სულ ახალი მიღებული ჰქონდა, როცა საქართველოში უკვე სავარაუდო შემოსავლებს ითვლიდნენ.

15 მაისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ 2023 წელს, რუსეთთან „პირდაპირი ფრენის ეფექტით“ 300-400 მილიონი დოლარის შემოსავალს ვარაუდობდნენ და, რომ რუსეთიდან [ფრენების შეწყვეტამდე] შემოსული თანხა ტურიზმში მილიარდს უტოლდებოდა.

„ტურიზმი იმიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის, რომ ესაა ყველაზე ინკლუზიური მიმართულება და ბევრ დარგს მოიცავს. ჩვენთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ძალიან საჭიროა. ამასთან, ტრადიციული ბაზრებიდან, როგორიც რუსეთის ფედერაციაა, ტურისტული ნაკადების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავითაშვილმა მაისში.

გამართლდა თუ არა ეს მოლოდინი? მოუტანა თუ არა რუსეთთან ასე სადავო პირდაპირი ფრენების აღდგენამ საქართველოს მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავალი? - გადამოწმება ეკონომიკის სამინისტროში ვცადეთ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და მოხსნა აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.
რუსეთმა ფრენა 2019 წელს თავად შეწყვიტა, ე.წ. გავრილოვის ღამისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე.

ზოგადად ტურიზმის შედეგებით კმაყოფილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომლის ინფორმაციითაც, პირველი 9 თვის შედეგით, ტურიზმის შემოსავლებმა უკვე გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებლებს.

  • 2023 წლის 9 თვეში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა – 3 251 651 900 დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 25.9%-ით აღემატება.
  • შარშანდელთან შედარებით, შემოსავლები გაზრდილია 734 468 385 დოლარით (29.2%).
  • 2023 წლის მესამე კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, რაც 1 447 121 966 დოლარს შეადგენს, 2019 წლის მაჩვენებელს 28.4%-ით გადააჭარბა; 2022 წელთან შედარებით კი - +5.3%-იანი ზრდაა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, თუ რა წილი მოდის აქედან რუს ტურისტებზე, რომლებიც საყოველთაო შეფასებით, დაბალბიუჯეტიან, მომჭირნე ტურისტების კატეგორიას განეკუთვნებიან.

ახლახან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა თქვა, რომ საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა და ეს მან „მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით“ ახსნა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში [თბილისი, ქუთაისი, ბათუმი] იზრდება პირდაპირი რეისების რიცხვი.

„შედეგად, საქართველოში ჩამოდის კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ ევროპული ქვეყნებიდან“, - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს აეროპორტები 4 529 466 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას. ამასთან, 9 თვის მგზავრთა ნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში [პანდემიამდე] მიღებული მგზავრების რაოდენობას 9%-ით აღემატება.

თუკი შს სამინისტროს სტატისტიკას გადავხედავთ, 2023 წლის მე-3 კვარტალში, რუსეთიდან შემოსულთა საერთო რაოდენობა თითქმის 4-ჯერ აღემატება ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან შემომსვლელთა საერთო ჯამს:

  • რუსეთი (შემოსვლა) - 766.278;
  • ევროკავშირი (შემოსვლა) - 181.170.

გამსვლელთა რაოდენობა აღემატება შემომსვლელების საერთო რიცხვს: რუსეთის შემთხვევაში სხვაობა თითქმის 14 000-ს უტოლდება. ასეთი დინამიკის სავარაუდო მიზეზად, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ქვეყნიდან შესაძლო გასვლა სახელდება.

2022 წელს საქართველოს საზღვარი თითქმის მილიონ-ნახევარმა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. რუსეთი შარშანაც მოწინავე ექვსეულის სათავეში იყო. მას მოჰყვებოდნენ: თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფი, ისრაელი, უკრაინა, აზერბაიჯანი.
წელს, მესამე კვარტალში, ამ ექვსეულში უკრაინისა და აზერბაიჯანის ადგილები ყაზახეთმა და ბელარუსმა ჩაანაცვლეს.

ევროპელი ტურისტების მომსახურებაზეა ორიენტირებული ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი, რომელიც ტურისტული კომპანიის [Living Roots Travel] გარდა, სიღნაღთან პატარა სასტუმრო კომპლექსს ფლობს. ის გვეუბნება, რომ მომავალ კვირაში, ასოციაციიდან 8 კომპანია ჩავა ლონდონში, ტურისტულ გამოფენაში (WTM) მონაწილეობის მისაღებად. ადგილზე ღონისძიებების ორგანიზებისთვის ასოციაციამ არცთუ ცოტა ფული დახარჯა. მიზანი - „ბრიტანელების მოზიდვაა“. ამ გამოფენაში ტრადიციულად მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, წინასწარ შერჩეულ კომპანიებთან ერთად.

„ევროპიდან ლონდონის ბაზარი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ბრიტანელები ყოველთვის იყვნენ, ასე ვთქვათ - ახალაღმომჩენები. დიდი ბრიტანეთის ბაზარი ასეთია: რასაც მივაწვდით და ეს იქნება მათთვის საინტერესო, მიმზიდველი, უსაფრთხო და კომფორტული, ყოველთვის სწორად იღებენ მიწოდებულს. ძალიან ინტერესიანი არიან... ყველაზე დიდი ნაკლი ამ ყველაფრის ის არის, რომ პირდაპირი ავიარეისები არ გვყოფნის“, - ია თაბაგარი გვეუბნება, რომ არაერთი პირდაპირი რეისია საჭირო, ლონდონიდანაც და ბრიტანეთის სხვა ქალაქებიდანაც. მისი შეფასებით, მეტი ტურისტის მოსაზიდად პერსპექტიულია მათ შორის - გერმანიის მიმართულებაც.

ია თაბაგარი ევროპელი ტურისტების მოსაზიდად ქვეყანაში დიდ პოტენციალს ხედავს, თუმცა, მისი თქმით, ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტი გათვლა და დაგეგმვა ესაჭიროება.

ამ ეტაპზე ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები არ სრულდება. მარშრუტზე გადაადგილება მხოლოდ ტრანზიტით არის შესაძლებელი.

„პრაგმატული ნაბიჯი“ და საფრთხეები

„ქართული ოცნება“ რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენას „პრაგმატული ნაბიჯითა“ და რუსეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერით ხსნის. ამ მხრივ, მათ მიერ დასახელებული მაჩვენებელი - მილიონი - დღემდე სადავოა, მათ შორის, რუსეთში ჩატარებული აღწერის მაჩვენებლების გათვალისწინებით.

„ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა მთავრობამ დაამოწმა და მოიწონა... ჩვენც ვიყავით, მათ შორის, დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის რაც გამარტივდება, რაც გაამარტივებს გადაადგილებას და იოლი და იაფი იქნება, რა თქმა უნდა, კარგია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სექტემბერში. რუსეთის მხარის განმარტებით კი - საქართველოს ხელისუფლებას „ურთიერთობის ნორმალიზების“ სურვილი შეატყვეს და ფრენებიც ამიტომ განახლდა.

ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის დაწყებულმა ომმა და რუსეთის ტერიტორიაზე ანტისემიტიზმის ტალღის გაძლიერებამ კვლავ აქტუალური გახადა დისკუსია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლის საფრთხეებთან დაკავშირებით.

რუსეთი პირდაპირ უჭერს მხარს პალესტინელებს. ისრაელის მოქალაქეებს დაღესტნის ქალაქებში სასტუმროებსა თუ თვითმფრინავებში ეძებდნენ, წინასწარ გაცხადებულად - მათი ქვეყნიდან გასაყრელად. ადგილობრივები სასტუმროებს პოლიციის ნებართვით ჩხრეკდნენ.

„რა გარანტია გვაქვს ასეთი თავისუფალი მიმოსვლის პირობებში, რომ ეს ფუნდამენტალისტები რუსეთიდან საქართველოში არ შემოვლენ და აქ არ მოაწყობენ მსგავსს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ?! როგორ შეიძლება ამის ასე უკონტროლოდ მიტოვება, თუ სახელმწიფო ხარ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საჭიროებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ხედავს.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს არ დაუწესებს. მსგავსი მოთხოვნების წამოყენებას „ქართული ოცნება“ რადიკალური ოპოზიციის მიერ არეულობის სურვილით ხსნის.

კახა გოგოლაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ვისაც ავი ზრახვებით საქართველოში შემოსვლა უნდა, ის მაინც შეძლებს შემოსვლას. „ასე ციხიდანაც შეუძლია პატიმარს გაქცევა, თუკი ეს ცხოვრების მიზნად გადაიქცია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ციხის კარი ღია იყოს, რადგან პატიმარს თეორიულად გაქცევა შეუძლია?!“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილი.

რუსეთში ინტერესი მზარდია

„საქართველოში არის მთები; საქართველოში არის ზღვა“, „მზიან საქართველოში არის კულტურა, ტრადიცია, ისტორია“, „საქართველოში არის კარგი ღვინო, გემრიელი საჭმელი“, „საქართველო სტუმართმოყვარეა“ და სხვა, - რუსეთის ტუროპერატორები პოტენციური ტურისტების საქართველოთი მოხიბვლას სხვადასხვაგვარად ცდილობენ.

ტურისტების დაინტერესების სიძნელეებზე ბოლო პერიოდში, რუსეთში სულ უფრო ნაკლებს ლაპარაკობენ, განსხვავებით შარშანდლისგან.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია 2022 წელს წერდა, რომ რუსეთის მასშტაბით საქართველოზე არაერთი „ფეიკია“ გავრცელებული და მათ შორის სახელდებოდა - „საქართველოში ომია!“

ბათუმის ზღვის სეზონი გავიდა, მაგრამ რუსეთის მოქალაქეებს სხვა არაერთი გეგმა აქვთ, - ვრცელდება ცნობები, რომ საახალწლოდ, ისინი კვლავ მასობრივად დაიძვრებიან საქართველოსკენ და ამისთვის თადარიგიც კარგა ხნის დაჭერილია.

თუკი პირდაპირი ავიარეისის ბილეთი ეძვირებათ, ტურისტული პორტალები რუსეთის მოქალაქეებს საქართველომდე ჩასვლას სთავაზობენ გადაჯდომით - სტამბოლის, ერევნის, გიუმრის, მინსკის ან ალმაატის გავლით. ასევე უხსნიან, რომ სომხეთიდან [ერევნიდან და გიუმრიდან] საქართველოში ჩასვლა შესაძლებელია ავტოტრანსპორტითაც.

არის კიდევ არაერთი ხიბლი: საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერ რუს ტურისტს შეუძლია ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იცხოვროს საქართველოში, იყიდოს უძრავი ქონება, დაიწყოს ბიზნესი და ყველა პირობა შეიქმნას დასარჩენად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG