Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთში აღარ არის მშვიდობიანი ადგილები" - უკრაინული დრონების ამბავი მსოფლიოს მოედო


საილუსტრაციო ფოტო - დრონი ცაში.

რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე აეროდრომებზე ორ დღეში სამი აფეთქებისა და რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავების დაზიანების ფონზე, დასავლეთსა თუ რუსეთში უკრაინის ახალებურ, „ყველაზე თავხედურ“ და გარდამტეხ საბრძოლო ტაქტიკაზე ალაპარაკდნენ.

მიმდინარეობს აქტიური დისკუსია - რა ტიპის დრონებით ან როგორ მოახერხეს უკრაინელებმა 500-700 კილომეტრით დაშორებული რუსული აეროდრომების აფეთქება? რუსეთში ამბობენ, რომ უკრაინელებმა გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოშვებული საბჭოთა დრონები გამოიყენეს, მაგრამ საკითხი ასე ცალსახად არ დგას. უკრაინაში სჯერათ, რომ უკვე საომარ პირობებში, წარმატებით ჩააბარა გამოცდა სამამულო წარმოების, მრავალფუნქციურმა „კამიკაძე დრონმა“.

„ყველაზე თავხედური“

ფართოდ გავრცელებულ თუ საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია მსჯელობს ვერსიაზე, რომ აფეთქებების უკან უკრაინის შეიარაღებული ძალები დგას. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ (NYT) რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, აეროდრომებზე მიტანილ იერიშებს „[ომის] ათი თვის განმავლობაში ყველაზე თავხედურს“ უწოდებს და წერს: „[აეროდრომებზე] დარტყმები აჩვენებს კიევის ახალ მზადყოფნას, გადაიტანოს ბრძოლები ბაზებზე, რუსეთის შუაგულში, გაზარდოს ფსონი ომში და პირველად ხდება დემონსტრირება, რომ უკრაინას შეუძლია შეტევა ასეთ შორ მანძილზე“.

კიევი საჯაროდ და ოფიციალურად არ აღიარებს რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმას; თუმცა გარკვეული მინიშნებები კეთდება. პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი ისევ „უადგილო მოწევაზე“ ლაპარაკობს; ხოლო კიდევ ერთმა მრჩეველმა - მიხაილო პოდოლიაკმა, 5 დეკემბერს თქვა, რომ დედამიწა მრგვალია და „თუკი ძალიან ხშირად ისვრი რაღაცებს სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში, ადრე თუ გვიან, საფრენი აპარატები დაბრუნდებიან აფრენის ადგილას“.

NYT ასევე წერს, რომ უკრაინის დარტყმა რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლოა გამოწვევა იყოს დასავლელი მოკავშირეებისთვის, რადგან ისინი მუდმივად „ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ კონფლიქტის ესკალაცია“; ამიტომ უარს ამბობდნენ უკრაინისთვის შესაბამისი შეიარაღების მიწოდებაზე, „მაგრამ უკრაინამ აჩვენა, რომ მას შეუძლია საკუთარი არსენალის განვითარება“.

გამოცემას მოჰყავს ფრაგმენტები ავსტრალიის არმიის გადამდგარი ოფიცრის, სამხედრო ექსპერტის, მიკ რაიანის ბლოგიდან (Substack). „ეს არ არის ესკალაცია, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ... ეს არის აუცილებელი პოლიტიკური და სამხედრო ზომა უკრაინისთვის, რათა შეზღუდოს რუსეთის უპილოტო აპარატებისა და რაკეტებისგან მიყენებული ჰუმანიტარული ზიანი“, - ასეთია ავსტრალიელი ექსპერტის შეფასება.

5 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში დუმდა ქალაქ ენგელსში სტრატეგიული ავიაციის აეროდრომსა და რიაზანის გარეუბან დიაგილევოში მდებარე ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქებების შესახებ. რუსეთის სოციალურ ქსელებში კი, მომხდარით შეძრწუნება აშკარად ჯაბნიდა სიხარულს, რომელიც უკრაინის ოლქების მორიგმა ინტენსიურმა დაბომბვამ გამოიწვია.

„იმედია, ხელისუფლება არ გვეტყვის, რომ ეს საშინელი ხმები მოგვესმა“; „ვინმემ მაინც აგვიხსნას, რა ხდება“; „რაღაც აფეთქების სხვა ხმა იყო, გათენებისას“; „უკრაინელები აქამდეც მოვიდნენ?!“ - წერდნენ 5 დეკემბერს რუსეთის მოქალაქეები ტელეგრამარხებზე.

ფრონტიდან 700 კილომეტრში მდებარე ენგელსის ბაზაზე Tu-160 და Tu-95ms სტრატეგიული ბომბდამშენებია განლაგებული. რუსული თვითმფრინავები სწორედ ამ ბაზიდან ასრულებენ იერიშებს უკრაინაში მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. Tu-95MS და Tu-160, რომლებიც ბირთვული იარაღის მატარებლები არიან, რუსეთის ბირთვული საფრთხის შემაკავებელ ძალებს განეკუთვნებიან.

სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული დრონებით თავდასხმა და სამი სამხედროს სიკვდილი რუსეთმა 5 დეკემბერს, ღამით აღიარა; ხოლო 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის კიდევ ერთ აეროდრომზე მომხდარი თავდასხმის შესახებ. ამჯერად უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარტყა რუსეთის ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომის ტერიტორიას. ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის საცავს.

რა ტიპის დრონებს იყენებს უკრაინა?

რუსეთის ვერსიით, აეროდრომები უკრაინამ ხარკოვის ოლქიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების, TY-141-ების («Стриж») საშუალებით ააფეთქა.

TY-141 არ არის ე.წ. კამიკაძე დრონი. TY-141 გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი, მრავალჯერადი დანიშნულების ოპერატიულ-ტაქტიკური სადაზვერვო უპილოტო აპარატია, რომელსაც რამდენიმე ასეულ მეტრზე შეუძლია ფრენა და სადაზვერვო ამოცანის შესრულების შემდეგ, მიწაზე სპეციალური პარაშუტის საშუალებით ეშვება.

რუსი სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ანატოლი მატვიიჩუკი განმარტავდა, რომ სადაზვერვო დრონებს უკრაინელებმა მოხსნეს სადაზვერვო სისტემები, მათ ნაცვლად ასაფეთქებელი საშუალებები მიამაგრეს, დაბალ სიმაღლეზე აფრინეს და ასე დაესხნენ თავს რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს.

ექსპერტი ვერ ხსნის, თუ როგორ იფრინა უპრობლემოდ ასეულობით კილომეტრი თითქმის 15 მეტრის სიგრძისა და 5 370 კგ წონის აპარატმა და შემდეგ, შეაღწია რუსეთისთვის ასე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სივრცეებში; თანაც არა ერთ, არამედ რამდენიმე ადგილას.

მატვიიჩუკს სჯერა, რომ უკრაინელებმა ისარგებლეს პასუხისმგებელი პირების მიერ „რამდენიმე ათეული წამით“ მოდუნებული ყურადღებით; თუმცა იმასაც ამატებს, რომ რუსეთში „უკრაინელების შესაძლებლობები არ შეაფასეს სათანადოდ“.

„ეს არ არის ასე, გავიღვიძე და ვთქვი, მოდი ახლა დავარტყათ... როგორც კურსკზე, ასევე ენგელსზეც და რიაზანზე მიტანილი იერიშები [უკრაინელებმა] ზუსტად იმ დროს განახორციელეს, როცა ამის საშუალება იყო“, - თქვა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „როსია 24“-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთმა რუსმა სამხედრო ექსპერტმა, ვლადისლავ შურიგინმა, კრემლის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში. ის ასკვნის, რომ უკრაინასთან ომში სრულიად ახალი, გარდამტეხი ფაზა დაიწყო, რადგან „ომი ახლა ყველგანაა... რუსეთის ტერიტორიაზე აღარ არის მშვიდობიანი ადგილები“ და „რუსეთის მოქალაქეებმა ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაიგონ“.

„კომსომოლსკაია პრავდის“ სამხედრო კორესპონდენტი, ალექსანდრ კოცი საკუთარ ტელეგრამარხზე წერს, რომ, სულ ცოტა, ენგელსში მდებარე აეროდრომზე უკრაინელებმა TY-141 გამოიყენეს და აქვეა მისი გაფრთხილებაც, რომ - უკრაინის საზღვრიდან მოსკოვამდე 650 კილომეტრზე ნაკლებია.

ახალი უკრაინული დრონები

უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი რომან სვიტანი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამბობდა, რომ დეკემბერში უკრაინას მოსკოვამდეც მიუწვდებოდა ხელი. „ახლო მომავალში ჩვენ გავიგებთ, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, 1000 კილომეტრამდე მანძილზე, დაიბომბება სამხედრო აეროდრომები, სამხედრო ბაზები“, - ამბობდა სვიტანი და ახალი უკრაინული დრონების შესაძლებლობებს ამერიკულ სარაკეტო სისტემა HIMARS-ს ადარებდა.

უკრაინულმა სახელმწიფო კონცერნმა Укроборонпром-მა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ ახალი უკრაინული დრონები უკვე სულ ბოლო, რადიოელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობის გამოცდის ეტაპზეა და კონცერნი ყველანაირად ცდილობს, ეს უპილოტო საფრენი აპარატები წლის ბოლომდე გაუშვას ბრძოლის ველზე. წინა დღით გავრცელებული ეს ინფორმაცია სწრაფად გაიხსენა ყველამ, როცა, 5 დეკემბერს, რუსეთის აეროდრომების აფეთქების ამბავი გავრცელდა.

მანამდე, აგვისტოში, „Укроборонпром“-მა უკრაინის გენშტაბთან ერთად, შეიმუშავა უპილოტო სისტემების განვითარების პროგრამა. ეს პროგრამა, მათ შორის, ითვალისწინებდა უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას. ეს ინფორმაცია მაშინ მედიასთან არავინ განავრცო; თუმცა განმარტეს, რომ ხდებოდა ის, რაც უკრაინის სწრაფად გამარჯვებას შეუწყობდა ხელს.

ორი დღეა, უკრაინელები სამამულო წარმოების დრონებით ამაყობენ, უკრაინაში მებრძოლი სამხედროები კი წერენ, რომ უკრაინულმა დრონებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

რა შესაძლებლობები აქვს?

„Укроборонпром“-ის ინფორმაციით, ახალ უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატს ფრენა 1000 კმ-ზე შეუძლია. კონცერნის პროექტების მენეჯერმა, ოლეგ ბოლდირევმა ჯერ კიდევ ოქტომბერში უთხრა მედიას, რომ ეს იქნება არა ჩვეულებრივი „კამიკაძე დრონი“, როგორიც მაგალითად ირანული Shahed-136-ია, არამედ - „მრავალფუნქციური პლატფორმა“, რომლის საშუალებითაც „სამხედროები შეძლებენ მოდულების სწრაფად ცვლას და აპარატისთვის სხვადასხვა საბრძოლო დავალების მიცემას, არა მხოლოდ სამიზნეების განადგურების მიზნით“.

  • ახალ უკრაინულ დრონს შეუძლია 70-75 კილოგრამი ტვირთის აწევა; ეს შეიძლება იყოს ქობინი ასაფეთქებელი ნივთიერებით, რომელიც GPS-ის კოორდინატებით მიაგნებს გასანადგურებელ სამიზნეს;
  • შესაძლებელია მასზე ვიდეოკამერის, კავშირგაბმულობის სისტემისა და სხვა ელექტროხელსაწყოების დამაგრება, დაზვერვისა და საცეცხლე კოორდინატების დაზუსტებისთვის;
  • ფრენის მანძილი დამოკიდებული იქნება საწვავის რაოდენობასა და ძრავის ტიპზე; არ საჭიროებს უკუკავშირს და შეუძლია იფრინოს საწვავის გამოლევამდეც.

ოქტომბერში, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატის პირველი პარამეტრები გამოცხადდა, მის ძირითად ფუნქციად ირანულ „კამიკაძე დრონებთან“ (ე.წ. მოპედებთან) ბრძოლა დასახელდა. იტყობინებოდნენ, რომ ტესტირების რეჟიმში დრონებზე წარმატებით დაამაგრეს ავტომატური იარაღიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG