Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს იგივეა, რაც გვამების გაცოცხლება“ - რუსეთში „კუკურუზნიკების“ აღდგენა სურთ

საბჭოთა წარმოების თვითმფრინავი Ан-2 - ცნობილი, როგორც "კუკურუზნიკი", "ანუშკა"
საბჭოთა წარმოების თვითმფრინავი Ан-2 - ცნობილი, როგორც "კუკურუზნიკი", "ანუშკა"

ციმბირის საავიაციო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (СибНИА) გამივიდა ინიციატივით, აღადგინოს დაახლოებით 700 ერთეული თვითმფრინავი Ан-2, ე.წ. „კუკურუზნიკი“. ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ ამ გზით რუსეთი მცირე ავიაციისა და მთლიანად საავიაციო ტექნიკის დეფიციტის პრობლემის აღმოფხვრას შეძლებს.

Ан-2 („ანუშკა“, „კუკურუზნიკი“) - საბჭოთა მსუბუქი მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელიც 1947 წელს კონსტრუქტორ ოლეგ ანტონოვის ხელმძღვანელობით, ОКБ-153-ში შეიქმნა. Ан-2-ს შეუძლია 12 მგზავრის (ან 1300 კგ-მდე ტვირთის) გადაყვანა. Ан-2 გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა, როგორც მსოფლიოში ერთადერთი თვითმფრინავი, რომელიც 60 წელზე მეტხანს იწარმოებოდა. „კუკურუზნიკი“ საბჭოთა სოფლის მეურნეობაში მასობრივი გამოყენების გამო შეარქვეს, განსაკუთრებით ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდში, სიმინდის (რუს. Кукуруза) მასობრივი თესვის კამპანიების დროს.

ომისა და სანქციების ფონზე რუსეთის ავიაცია სისტემურ კრიზისს განიცდის: 2025 წელს შიდა ავიაგადაზიდვების ფასი საშუალოდ 10,5%-ით გაიზარდა, თვითმფრინავების პარკი 23 ბორტით შემცირდა, ხოლო ავიაკომპანიების ოპერაციული მოგება მხოლოდ გასული წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 30,4%-ით დაეცა. ძვირდება საავიაციო საწვავიც, რაც ავიაკომპანიების ხარჯების თითქმის მესამედს შეადგენს. ასეთ პირობებში კომპანიები უფრო მომგებიან საერთაშორისო რეისებზე გადაერთნენ და მრავალი შიდა მიმართულება დახურეს.

უზარმაზარ ქვეყანაში დასახლებულ პუნქტებს შორის საჰაერო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად ავიაგადამზიდავებს თვითმფრინავები აღარ ჰყოფნით. სწორედ ამიტომ გაახსენდათ „კუკურუზნიკები“.

СибНИА-ში აცხადებენ, რომ Ан-2-ის სიცოცხლის ციკლი დაახლოებით 2100 წლისთვის დასრულდება, ხოლო АШ-62ИР ძრავის რესურსი – 2063 წლისთვის. ინსტიტუტის ინიციატივა ითვალისწინებს ამჟამად უმოქმედოდ მდგომი „კუკურუზნიკების“ რეკონსტრუქციას. ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ უკვე აღადგინეს 16 ჩამოწერილი და უტილიზაციას დაქვემდებარებული თვითმფრინავი.

ექსპერტების მონაცემებით, საბჭოთა პერიოდში წარმოებული 17 500 „კუკურუზნიკიდან“ 14 700-ზე მეტი უკვე განადგურებული ან ჩამოწერილია. რუსეთის ავიაციის ფედერალური სააგენტოს სამოქალაქო რეესტრში ამჟამად მხოლოდ 853 თვითმფრინავია რეგისტრირებული, მათგან დაახლოებით 700 კი კვლავ საფრენად ვარგის მდგომარეობაშია და რეგულარულ შემოწმებებს გადის. სხვადასხვა შეფასებით, კიდევ ასეულობით თვითმფრინავი გაუმართავ მდგომარეობაში ინახება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო აეროდრომებზე. სწორედ ამ გაუმართავი, მაგრამ შედარებით კარგად შემორჩენილი „კუკურუზნიკების“ აღდგენა და ავიაგადაზიდვებში ჩართვა იგეგმება.

ერთი თვითმფრინავის აღდგენის ღირებულება დაახლოებით 25 მილიონ რუბლად (დაახლოებით 350 ათასი $) ფასდება, ხოლო მთლიანად უმოქმედო პარკისა – 14-დან 21 მილიარდ რუბლამდე (191,5- 287,2 მლნ $). თავად თვითმფრინავები 3,5-დან 5 მილიონ რუბლამდე ღირს, თუმცა იმის გამო, რომ 2022 წლის შემდეგ სათადარიგო ნაწილების მიწოდება ე.წ. პარალელური იმპორტით ხდება, დეტალები რამდენიმეჯერ გაძვირდა.

როსავიაციაში ინიციატივის შეფასებისგან თავს იკავებენ.

"კუკურუზნიკების" სადგომი
"კუკურუზნიკების" სადგომი

ამასთან, ექსპერტები იხსენებენ, რომ რამდენიმე წლის წინ იგეგმებოდა Ан-2-ის ჩანაცვლება ახალი „ბაიკალის“ ტიპის თვითმფრინავებით. პროცესის დაჩქარებას პირადად ვლადიმირ პუტინი მოითხოვდა, თუმცა პროექტი ჩავარდა.

რადიო თავისუფლების პროექტი Sibir.Realii ექსპერტებთან იმაზე ისაუბრა, თუ რატომ ჩავარდა „ბაიკალით“ ჩანაცვლების პროექტი და აქვს თუ არა „კუკურუზნიკების“ აღორძინებას პერსპექტივა.

„ბაიკალი“, მაგრამ არა ის

ყირიმის ანექსიამდე (2014 წლამდე) რუსეთი აქტიურად ყიდულობდა უცხოურ თვითმფრინავებს, მათ შორის მცირე ავიაციისთვისაც, და იმპორტირებული საფრენი აპარატების შეკეთებასაც ასუბსიდირებდა.

– მაგრამ ყირიმის ანექსიის, პირველი სანქციებისა და რუბლის გაუფასურების შემდეგ, ეს „იმპორტირებული საშუალებები“ ფაქტობრივად 3-4 თვეში გაქრა: ლიზინგის გადასახდელად ფული აღარ იყო, სათადარიგო ნაწილების შოვნა შეუძლებელი გახდა, ბიუჯეტში თანხებიც შემცირდა. რეგიონების გუბერნატორებმა, რომლებიც ამ პრობლემებში არც თუ კარგად ერკვეოდნენ და დიდად არც სურდათ გარკვევა, უცებ აღმოაჩინეს, რომ დასახლებული პუნქტები მოწყდნენ „დიდ მიწას“. ფოსტის, პენსიების, საარჩევნო ურნებისა და სარეკლამო მასალების არ ჩატანა კი არ შეიძლებოდა. ასევე მკვეთრად შემცირდა სამედიცინო დახმარებაზე წვდომა და ბევრი სხვა რამ., – ამბობს დიდი გამოცდილების მქონე პილოტი, რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა. ვ ამიტომ გუბერნატორები პუტინთან გაიქცნენ საჩივლელად, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის მხრივ უეცრად სრული კატასტროფა დაგვიდგაო. მერე, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, დამნაშავის ძებნა დაიწყეს: სად წავიდა ის ფული, რომელსაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ЦАГИ-სა (ჟუკოვსკის სახელობის ცენტრალური აეროჰიდროდინამიკური ინსტიტუტი – რუსეთის ავიამრეწველობის წამყვანი სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრი) და სხვა დიდ მოსკოვურ ინსტიტუტებს მცირე ავიაციის ტექნიკის შესაქმნელად აძლევდა, მაგრამ ეს ყველაფერი ქაღალდზე დარჩა, თვითმფრინავები არ გამოჩენილან. ერთადერთი თვითმფრინავი, რომელიც რეალურად მზად აღმოჩნდა ყოველივე ამისათვის და რომელიც უკვე არსებობდა, სწორედ СибНИА-ს პროექტი იყო – კაპიტალურად გადაკეთებული Ан-2. ამ მოდერნიზებულ „კუკურუზნიკზე“. ყველაფერი შეცვლილი იყო: ფრთა, ხელსაწყოების პანელი, ძრავი, სალონი. თვითმფრინავს ძალიან სწრაფად აუნთეს მწვანე შუქი და გაუშვეს ექსპლუატაციაში. სწორედ ამ Ан-2-ის ბაზაზე, მისი იდეებისა და კონცეფციის მიხედვით შეიქმნა კიდევ ერთი მოდელი – ТВС-2ДТС, ანუ „ბაიკალი“ (Байкал).

პილოტის თქმით, ომამდელი და ომისშემდგომი Ан-2-ები დღემდე დაფრინავენ, რადგან შექმნისას მათი გამძლეობის რესურსი უკიდურესად დიდი იყო.

– ეს თვითმფრინავები რეგულარულად გადიან შემოწმებასა და რემონტს. ყოველ ხუთ წელიწადში მათ სრულად შლიან ქარხანაში, მთლიანად ამოწმებენ, ადგენენ დეფექტებს, საჭიროების შემთხვევაში ცვლიან იმ დეტალებს, რომლებზეც ბზარი ან კოროზია აღმოაჩინეს – ყველაფერი იცვლება ახლით, რომელიც იმავე ქარხანაში მზადდება, ვ განმარტავს პილოტი. – ანუ თვითმფრინავს თავიდან აწყობენ და ის ფაქტობრივად სრულიად განახლებულ მდგომარეობაში ბრუნდება ექსპლუატაციაში. ამიტომაც შეუძლია პრაქტიკულად უსასრულოდ ბევრი იფრინოს. განსაკუთრებით, თუ მას უკვე შეუცვალეს ის კვანძები და აგრეგატები, რომელთა შეკეთებაც ახლა უკვე შეუძლებელია.

„ბაიკალი“ (საცდელ ნიმუშს ТВС-2ДТ ერქვა), რომელიც Ан-2-ის მოდელის მიხედვით იმავე СибНИА-ში მთლიანად თავიდან ააწყვეს, 2018 წელს ვლადივოსტოკის ეკონომიკურ ფორუმზე წარუდგინეს პუტინს.

– პუტინი ამ თვითმფრინავში თითქმის 40 წუთის განმავლობაში იჯდა, ერთი ერთზე ინსტიტუტის დირექტორთან, დაცვისა და მინისტრის გარეშე. პუტინი თვითმფრინავში დაძვრებოდა და ყურადღებით ათვალიერებდა. ძალიან მოეწონა, – უყვება Sibir.Realii-ს ანონიმურობის პირობით იმ ფორუმის ერთ-ერთი ინფორმირებული მონაწილე. ვ ბოლოს თქვა, რომ არსებულ ვითარებაში „ბაიკალის“ ტიპის თვითმფრინავი აუცილებელია. აი, ბიჭებო, 6 მილიარდი რუბლი, რათა მისი სერტიფიცირება მოახდინოთ და სერიული წარმოება დაიწყოთო. „ბაიკალი“ ზომით Ан-2-ზე დიდია. მე შიგნით გაშლილი ხელებით თავისუფლად ვდგავარ ისე, რომ ვერც ჭერს ვწვდები და ვერც კედლებს. ამ მანქანას 15 საათის განმავლობაში შეუძლია ჰაერში დარჩენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ციმბირის სოფლებში საწვავის დამატებითი შევსების გარეშე შეუძლია იფრინოს.

რადგან საუბარი სახელმწიფო დაფინანსებას შეეხებოდა, ერთი წლის შემდეგ, 2019-ში, რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. მასში სამი კომპანია მონაწილეობდა: „რუსეთის ვერტმფრენები“ („Вертолеты России“)/СибНИА – უკვე მოქმედი ТВС-2ДТС-ის ბაზაზე შექმნილი პროექტით, ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა (УЗГА) და УЗГА-ს შვილობილი კომპანია „ბაიკალ-ინჟინერინგი“ , რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. იმ დროისთვის ეს კომპანია მხოლოდ რამდენიმე თვის შექმნილი იყო და შტატში 15 ადამიანზე ნაკლები ჰყავდა. სამივე კომპანიამ საკუთარ თვითმფრინავს „ბაიკალი“ დაარქვა.

თვითმფრინავი "ბაიკალი"
თვითმფრინავი "ბაიკალი"

– УЗГА-სა და მის შვილობილ „ბაიკალ-ინჟინერინგს“ თითქმის იდენტური პროექტები ჰქონდათ. ორივე Т-101-ის (1992 წლის პროექტის) ბაზაზე იყო შექმნილი, ერთნაირი მახასიათებლებითა და კომპლექტაციით, მაგრამ ფორმალობისთვის მცირე განსხვავებები ჩადეს და ერთი წინადადება ოდნავ ძვირი გააკეთეს, – ამბობს ანონიმურად Sibir.Realii-ს ინფორმირებული წყარო რუსეთის მრეწველობის სამინისტროდან. – მცირე ავიაციის ყველა პროექტს სამინისტროს ხელმძღვანელობა ერთსა და იმავე ქარხანას – УЗГА-ს – გადასცემს. ეს ქარხანა აპროექტებს ძრავებს, უპილოტოებს, თვითმფრინავებს, კურირებს ადგილობრივი ავიახაზების ყველა პროგრამას. ეს არის სამინისტროსთვის საკვანძო საწარმო სამოქალაქო ავიაციის ფედერალური პროგრამებისა და სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთების შესრულების ფარგლებში, რომელსაც მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი კურირებს.

Sibir.Realii-ს წყაროს თქმით, УЗГА-მ „პატრიოტიზმზე დადო ფსონი“ და განაცხადა, რომ თვითმფრინავი რუსული ძრავით იქნებოდა აღჭურვილი.

– Т-101-ის პროექტის მიხედვით შექმნილი იყო 15 თვითმფრინავი, რომლებიც 25 წლის განმავლობაში მოსკოვის საავიაციო სარემონტო ქარხანაში იდგა და არავის სჭირდებოდა. ეს ფიუზელაჟები ფაქტობრივად არაფერი ღირდა. შესაბამისად, კომპანიამ ძველი ფიუზელაჟები შეისყიდა და განაცხადა, რომ მათ ბაზაზე ახალ რუსულ თვითმფრინავს შექმნიდა – რუსული ავიონიკითა და რუსული ძრავით, – ამბობს ექსპერტი. – შედეგად, სახელმწიფო ფული გადაეცა კომპანიას, სადაც 15 ადამიანზე ნაკლები მუშაობდა. პუტინს მოახსენეს: „ბაიკალი“ გინდოდათ? გექნებათ „ბაიკალიო“. ის, რომ ეს არ იყო ის თვითმფრინავი, რომელშიც თავად იჯდა და რომელიც მოიწონა, რა თქმა უნდა, არავის უთქვამს.

მაგრამ ჩანაფიქრმა არ გაამართლა.

– ძალიან მალე გაირკვა, რომ დაპირებული რუსული ძრავა არ არსებობდა, ისევე როგორც რუსული ავიონიკა. ამიტომ მათაც ზუსტად იგივე Honeywell-ის ძრავა დააყენეს, რაც СибНИА-ს „ბაიკალზე“ იყო. ასევე ავიონიკაც. თანაც ყველაფერი უზარმაზარი დაგვიანებითა და ბიუჯეტის გადახარჯვით ხდებოდა, – ამბობს ავიაციის სფეროს წარმომადგენელი. – ბოლოს გამოაგორეს თვითმფრინავი რომელსაც „ბაიკალი“ ჰქვია და, რომელსაც ახლა ტანჯვით „ამუშავებენ“ ამჯერად უკვე რუსული ძრავით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ძრავის რესურსი ჯერ მხოლოდ ათეულობით საათით იზომება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ თვე რემონტში გაგზავნა მოუწევთ, რაც არც ერთ ოპერატორს არ აწყობს. მომავალ წელს ამ თვითმფრინავის შექმნის მცდელობის დაწყებიდან 10 წელი შესრულდება. საბოლოოდ კი ეს იქნება მანქანა, რომლის მახასიათებლებიც СибНИА-ს „ბაიკალზე“ უარესია, რადგან ვერ დაჯდება იმ მინდვრებსა და პატარა მოედნებზე, სადაც ჯერ ძველი საბჭოთა Ан-2, შემდეგ კი СибНИА-ს მოდერნიზებული ვერსიაც დაფრინავდა.

2019 წელს, როდესაც რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო თვითმფრინავს უკვეთდა, მითითებული იყო, რომ მისი ფასი 120 მილიონ რუბლს (1,7 მლნ $ ) არ უნდა გადასცდენოდა. თუმცა იმ „ბაიკალის“ ღირებულებამ, რომელზეც УЗГА მუშაობს, უკვე თითქმის ოთხჯერ გადააჭარბა და 455 მილიონი რუბლი (6,3 მლნ $) შეადგინა. 2024 წლის სექტემბერში პუტინი „ბაიკალის“ შექმნის პროცესის დაჩქარებას ითხოვდა. მაგრამ 2025 წლის მაისში რუსეთის ვიცე-პრემიერმა და ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა შორეულ აღმოსავლეთში, იური ტრუტნევმა განაცხადა, რომ პროცესი ჩიხში შევიდა. „ახლა ვითარებიდან გამოსვლა Ан-2-ის თვითმფრინავების რემოტორიზაციით მოგვიწევს“, – თქვა ტრუტნევმა სახელმწიფო დუმის კომიტეტების სხდომაზე, სადაც ასევე აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, მცირე ავიაცია პრაქტიკულად აღარ არსებობს“. თუმცა, რუსეთის მრეწველობის სამინისტროში მალევე განაცხადეს, რომ „ბაიკალის“ შექმნაზე მუშაობა გრძელდება „ადრე მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით“.

„და რა საჭიროა მაშინ Ан-2?“

ამ ფონზე გაჩნდა იდეა, რომ ცაში კიდევ უფრო მეტი „კუკურუზნიკი“ აფრინდეს.

ხარკოვის საავიაციო ინსტიტუტის (ХАИ) კურსდამთავრებული, გამოცდილი ავიაინჟინერი და პილოტი იგორ ვოლკოვი ამბობს, რომ Ан-2 კარგი თვითმფრინავია, მაგრამ მხოლოდ თავისი დროისთვის.

– „კუკურუზნიკის“ შემქმნელი ოლეგ ანტონოვი კარგი კონსტრუქტორი იყო, მაგრამ მაშინ საწვავის ხარჯს არავინ ითვლიდა, რადგან კაპიკები ღირდა. 1000 ცხენის ძალის მქონე პატარა თვითმფრინავი საათში დაახლოებით 120-180 ლიტრ საწვავს მოიხმარს. თანამედროვე სამყაროში კი Ан-2 თავისი უზომოდ „მჭამელი“ ბენზინის ძრავით სრულიად არაკონკურენტუნარიანი თვითმფრინავია. მისი აღორძინების მცდელობა იგივეა, რაც გვამების გაცოცხლება ან შიმშილობის დროს კარტოფილის ნაფცქვენების ჭამა. შემთხვევითი არ არის, რომ ავიაკომპანიები, რომლებსაც Ан-2 ჯერ კიდევ ჰყავთ პარკში, მათ აღდგენას არც კი ცდილობენ. იმიტომ, რომ ფულს ითვლიან. ეს თვითმფრინავები ძირითადად ალუმინის შენადნობებით არის აწყობილი და მისი კორპუსი სპეციალური, საკმაოდ კარგი ანტიკოროზიული საფარით არის დაფარული, მაგრამ ასეთ საფარზეც კი დროთა განმავლობაში ჩნდება კოროზია. არ მჯერა, რომ ამ ძველ თვითმფრინავებს დაშლიან და ყველა ბზარს აღმოაჩენენ. მაქსიმუმ, რაც შეუძლიათ, ეს არის ყველაფერი ჯაგრისით გაწმინდონ და ახალი დამცავი ფენა დაადონ. ის თვითმფრინავი, რომელიც სამხრეთში, მაგალითად კრასნოდარში იდგა, სადაც ზამთარი რბილია, შეიძლება როგორმე აღდგეს, მაგრამ თუ ნოვოსიბირსკში იყინებოდა ან თუ ნესტითა და მარილით გაჯერებულ ზღვის სანაპიროსთან იდგა, მაშინ კოროზია კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ზოგადად, ბევრს ჰგონია, რომ ნაგავსაყრელზე დაგდებულ Ан-2 აიღებს, გაწმენდს და „შეულოცავს“ და ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ როგორც ავიაინჟინერი, ვერავის მივცემ გარანტიას, რომ ამ თვითმფრინავების ძველი სიმტკიცის აღდგენა შესაძლებელი იქნება.

Ан-2 - კუკურუზნიკი, რომელმაც ავარიული დაშვება განახორციელა. ბურიატეთი. რუსეთი, 2024 წლის ივლისი.
Ан-2 - კუკურუზნიკი, რომელმაც ავარიული დაშვება განახორციელა. ბურიატეთი. რუსეთი, 2024 წლის ივლისი.

Sibir.Realii-ს კიდევ ერთი რესპონდენტი, დიდი გამოცდილების მქონე პილოტი, ასობით „კუკურუზნიკის“ ექსპლუატაციაში დაბრუნების მცდელობას უფრო ოპტიმისტურად უყურებს.

– თვითმფრინავები, რომელთა აღდგენაც სურთ, მიგდებული არ ყოფილა, – ამბობს პილოტი. – დიახ, ბევრი მათგანი არც ყველაზე ახალი რემონტით გამოირჩევა და არც ახალი საღებავით, მაგრამ მათი ქარხანაში გადაყვანა ნამდვილად შესაძლებელია. თუ ქარხანა მათ სრულად აღადგენს – მთლიანად დაშლის, თავიდან ააწყობს და საჭირო დეტალებს შეცვლის – საბოლოოდ ეს ახალი თვითმფრინავი იქნება. ზუსტად ასე აღადგენენ ყველა ძველ თვითმფრინავს დასავლეთშიც. იქაც ტრაილერებით მიჰყავთ ქარხანაში, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში შლიან და აწყობენ, რის შემდეგაც ქარხნიდან გამოდის პრაქტიკულად ახალი თვითმფრინავი, რომელსაც შემდეგ დამატებით ხუთი წლის ექსპლუატაციის ვადას აძლევენ. როდესაც ქარხანა თვითმფრინავს კაპიტალური რემონტის შემდეგ აბარებს, მფლობელს ეუბნება: „ბიჭებო, გარანტიას გაძლევთ, ყველაფერი შევამოწმე – მომდევნო ხუთი წელი ეს მანქანა ახალივით იფრენს“. ეს უბრალოდ ვიღაც „ძია ვასიას“ გაკეთებული ყალბი ჩანაწერი კი არ არის. ეს არის თვითმფრინავი, რომელმაც რეალური რემონტი გაიარა. რუსეთში სამი საავიაციო სარემონტო ქარხანაა, ყველა ცნობილი და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი. არავინ გარისკავს თავისი სახელითა და ლიცენზიით ერთი თვითმფრინავის გამო.

Sibir.Realii-ს კიდევ ერთი რესპონდენტი, მეტალების სპეციალისტი დმიტრი გორჩილინი, რომელიც წლების განმავლობაში ავიაციის ინდუსტრიისთვის მასალების მწარმოებელ საწარმოებში მუშაობდა, მიიჩნევს, რომ რუსეთის მცირე ავიაციას მაინც სხვა, უფრო თანამედროვე ტიპის თვითმფრინავი სჭირდება.

– Ан-2-ს ძალიან დიდი გამძლეობის მარაგი აქვს. მაგრამ ის იქმნებოდა სხვა ქვეყნისთვის, სხვა პირობებისთვის, სხვა მასალებით. მას შემდეგ შეიცვალა ძრავები, მასალები, ავიონიკა, გაჩნდა ახალი შენადნობები და ახალი ტექნოლოგიები. ყველაფერი უნდა გადაკეთდეს – ფრთა, ფიუზელაჟი, ძრავა. ორიგინალურიდან რაღა დარჩება? მაშინ საერთოდ რა საჭიროა საერთოდ Ан-2? თუ მაინც ახალს აკეთებენ, მაშინ სჯობს Cessna Caravan-ის მსგავსი შექმნან – დაახლოებით იგივე ტვირთამწეობის, მაგრამ ბევრად უკეთესი მანქანა: თანამედროვე პირობებისთვისაა შექმნილი, გაცილებით ეკონომიურია, თანამედროვე ძრავა აქვს, ორჯერ სწრაფად და ორჯერ უფრო შორს დაფრინავს. ანუ არაფრის გამოგონება არ არის საჭირო – უბრალოდ უნდა იყიდოთ იმავე Cessna Caravan-ის ლიცენზია და აქ მსგავსი თვითმფრინავი აწარმოო.

Cessna 208 Caravan
Cessna 208 Caravan

თვითმფრინავ Cessna 208 Caravan-ს ამერიკული კომპანია Cessna აწარმოებს. ეს ერთძრავიანი ტურბოხრახნიანი თვითმფრინავია, რომელიც დაახლოებით 9-14 ადამიანს იტევს. ახალი თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 250-300 მილიონ რუბლად (3,5 – 4,2 მლნ $) ფასდება. ანუ Ан-2-ის აღდგენაზე დაახლოებით 10-ჯერ ძვირია, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ეს თვითმფრინავი ბევრად ეფექტიანი და, მომსახურების მხრივ, იაფია.

– რაც შეეხება Ан-2-ს... კი, ჩვენთან სადღაც ნაგავსაყრელებზე ორთქლმავლებიც ყრია. მათი დაზეთვა და შეღებვაც შეიძლება. „კუკურუზნიკების“ აღდგენის იდეა დაახლოებით ამავე დონის იდეაა, – მიიჩნევს გორჩილინი.

„თუ გინდა იფრინო მაშინ ასე იქნება“

ექსპერტები რუსეთში მცირე ავიაციის განადგურების მიზეზად მხოლოდ შესაბამისი თვითმფრინავების დეფიციტს არ ასახელებენ. გარდა ამისა, მსხვილი ავიაკომპანიებისთვის მახლობელ ოლქებსა და რაიონულ ცენტრებს შორის ფრენები უბრალოდ არამომგებიანია, ხოლო მცირე ავიაცია სახელმწიფო სუბსიდიებისა და დოტაციების გარეშე ვერ გადარჩება. დაფინანსება კი ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ მცირდება. ექსპერტები ასევე საუბრობენ კვალიფიციური პილოტების დეფიციტზეც, მათ შორის იმ ადამიანების ნაკლებობაზე, რომლებიც თანახმა არიან მცირე ავიაციაში იმუშაონ. ცალკე პრობლემას წარმოადგენს აეროდრომების სიმცირე და მათი ცუდი მდგომარეობა.

– დღეს მარტო ალასკაში, აშშ-ის ერთ შტატში, უფრო მეტი აეროდრომია, ვიდრე მთელ რუსეთის ფედერაციაში, – ამბობს იგორ ვოლკოვი. – აი, გაქვს სოფელი, სადაც პატარა მინდორია. ამბობ, ეს იქნება აეროდრომი. ქვებისგან ასუფთავებ, მინი-ბილიკის აკეთებ და წერ: ბიჭებო, ვისაც ამაზე და ამაზე დიდი დიამეტრის ბორბლები აქვს, შეუძლია დაჯდეს. იქ უსასრულოდ ბევრი ე.წ. bush-plane-ია (თვითმფრინავები, რომლებიც შორეულ და რთულად მისადგომ რაიონებში ფრენისთვის არის განკუთვნილი), რომლებიც ერთმანეთთან დაფრინავენ სტუმრად. ამერიკაში ადამიანებს კარგი შემოსავალი აქვთ და მეორე ჯიპის ყიდვას თვითმფრინავის ყიდვა ურჩევნიათ. ითვლება, რომ ალასკა საუკეთესო ადგილია bush-plane-ებითვის, რომლებიც პატარა მინდორზე ფაქტობრივად ვერტმფრენივით სხდებიან.

ვოლკოვის თქმით, მინდვრების ნაკლებობას არც რუსეთი უჩივის, მაგრამ რუსეთში ვინ მოგცემს აეროპორტის თავისუფლად მოწყობის უფლებას?

“აი, მაგალითად, შევლინოს აეროდრომი, ისტორიული წყალსაცავის ნაპირზე, - ამბობს ვოლკოვი, - აქტიურად ვითარდებოდა, მეც დავფრინავდი იქ. მაგრამ, სინამდვილეში, ეს აეროდრომი არც ყოფილა. ერთმა ადამიანმა მიწის 54 ნაკვეთი შეიძინა მშენებლობისთვის, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ეს არ იყო მომგებიანი, გადაწყვიტა აეროდრომი გაეკეთებინა. ყველაფერი მუშაობდა, დაფრინავდა და ვითარდებოდა. მაგრამ მერე ერთ-ერთი ნაკვეთი ყოფილმა დეპუტატმა შეიძინა, ვიღაცის თვითმფრინავს ესროლა და განაცხადა, აქ ფრენა არ შეიძლებაო. მერე დაიწყო სასამართლოები, ყველაფერი გადათხარეს და მოედანი დახურეს. იმიტომ, რომ, დასავლეთისგან განსხვავებით, კერძო საკუთრების დაცვა არ არსებობს. დასავლეთში თუ აეროდრომის ფლობის უფლება გაქვს, რა თქმა უნდა, იქაც მოდიან მარეგულირებელი ორგანოები – არ შეიძლება შენობებთან ახლოს ფრენა, ხელის შეშლა და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ცივილიზებულად ხდება და გვარდება. რუსეთში კი მოვლენ და გეტყვიან: თუ გინდა იფრინო, მაშინ ასე უნდა მოიქცე, თუ არადა სხვანაირად დაგელაპარაკებით. რუსეთში საკუთარი საფრენი სკოლა მქონდა. როცა ადგილობრივი დეპუტატი მოვიდა და წართმევა დამიწყო, ომამდეც კი ყველაფერს მივხვდი და ქვეყნიდან წავედი, თქვენ კი აეროდრომებზე მელაპარაკებით”.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG