Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სულ უფრო ძლიერდება მობილიზებულთა ცოლების პროტესტი


რუსეთის რეგიონების ვიცე-გუბერნატორებს დაევალათ ყურადღებით ადევნონ თვალი მობილიზებულთა ცოლებისა და სხვა ნათესავების განწყობებს.
რუსეთის რეგიონების ვიცე-გუბერნატორებს დაევალათ ყურადღებით ადევნონ თვალი მობილიზებულთა ცოლებისა და სხვა ნათესავების განწყობებს.

22 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2024 წელი ოჯახის წლად გამოაცხადა და ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დაცვის მიზნით მთავრობას 27 დეკემბრამდე შესაბამისი ღონისძიებების გეგმის დამტკიცება დაავალა.

და იმ დროს, როდესაც რუსეთის მთავრობა პუტინის ინიციატივის შესრულებაზე მუშაობს, რუსეთის რეგიონების ვიცე-გუბერნატორებს დაევალათ ყურადღებით ადევნონ თვალი მობილიზებულთა ცოლებისა და სხვა ნათესავების განწყობებს და არ დაუშვან მათი უკმაყოფილების მძლავრ საპროტესტო ტალღად გადაქცევა.

"სიბირ.რეალიის" ცნობით, ამ მიზეზით ცოტა ხნის წინ რუსი წვევამდელების ცოლებს რამდენიმე რეგიონში უარი უთხრეს აქციების ჩატარებაზე, რომელზეც ისინი აპირებდნენ მოეთხოვათ ქმრების დემობილიზაცია, მათი როტაციისა და შვებულების უზრუნველყოფა და მებრძოლთა მომარაგების გაუმჯობესება.

თუმცა მობილიზებულთა ცოლები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ. ასე მაგალითად, 24 ნოემბერს სამარის რეგიონიდან მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეების ცოლებმა მოახერხეს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ალექსანდრ ხინშტეინისათვის გადაეცათ თავიანთი გულისტკივილი, რაც რუსული სახელმწიფო მედიის ყურადღების ცენტრშიც კი მოექცა.

"მე ხმას არ მივცემ ვლადიმირ პუტინს"

ნოემბერი რუსეთში უკრაინის ფრონტის ხაზზე მობილიზებულთა ნათესავების, განსაკუთრებით მათი ოჯახის წევრებისა და ცოლების უჩვეულო აქტიურობით აღინიშნა.

ისინი აწყობენ სპონტანურ აქციებს, ხვდებიან სახელისუფლებო თუ ხელისუფლებასთან ასოცირებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ პრეზიდენტ პუტინისადმი ვიდეომიმართვებს, რომელთა მთავარი შინაარსი მობილიზებულთა დემობილიზაცია, მათი შვებულებებისა და როტაციის მოწესრიგება და ფრონტის ხაზზე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაა.

„მე არ ვარ სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს რუსეთის ოფიციოზი სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ. - რედ.) წინააღმდეგი. მე წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ბიჭები მუდმივად იყვნენ იქ. ჩემი ქმარი მიღებული ჭრილობების შემდეგ ჰოსპიტალში მკურნალობდა, ახლა ის სახლში იმყოფება, 30-დღიანი რეაბილიტაციით. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაჭრილ ბიჭებს, დასახიჩრებულებსა და დახეიბრებულებს კვლავ ფრონტზე გზავნიან“, - განაცხადა 7 ნოემბერს რუსეთის კომუნისტური პარტიის მიერ ოქტომბრის რევოლუციის მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე მისულმა ერთ-ერთი რუსი მობილიზებულის მეუღლემ, მარიამ. მასთან ერთად აქციაზე რამდენიმე ათეული ქალი იმყოფებოდა.

ისინი ჩიოდნენ, რომ მათ თხოვნას შესაბამისი რეზოლუციებით სამხედრო ნაწილის მეთაურები განსახილველად თავდაცვის სამინისტროს უგზავნიან. იქიდან კი არანაირი რეაგირება არ ხდება. ასეთ უყურადღებობაში მობილიზებულ მამაკაცთა ცოლები ცენტრალურ ხელისუფლებას და პირადად ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ.

„არჩევნებში მე ხმას არ მივცემ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს, რადგან ჩემი აზრით მან ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის ბრალია, რომ ჩემი ქმარი, როგორც იჯდა, ისევე ზის თავის სანგარში თებერვლიდან მოყოლებული“, - განაცხადა ტატიანამ.

რაც შეეხება ომში მყოფი მობილიზებულების უფლებას, ისარგებლონ კანონით მინიჭებული შვებულებით, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავის განკარგულებით ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

„შარშანდელი 21 სექტემბრის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა თავისი განკარგულებით მობილიზაცია გამოაცხადა, სამხედრო სამსახურში მობილიზაციის ფორმით გაწვეული მოქალაქეთა სტატუსი კონტრაქტით დაქირავებულთა სტატუსს გაუთანაბრდა. წესით და რიგით, ყველა უფლება და მოვალეობა მობილიზებულებზე უნდა გადასულიყო. მეორე მხრივ, ყველა სამხედრო მოსამსახურეს აეკრძალა შვებულება. მესამე: გამოცხადდა უვადო მობილიზაცია. განკარგულებაში არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, თუ რა ხნით იწვევდნენ მოქალაქეებს. გავიდა წელიწადზე მეტი, მაგრამ არავინ აპირებს დემობილიზაციის შესახებ განკარგულების გამოცემას. სამხედრო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლება კი შესაძლებელია მხოლოდ ასეთი განკარგულების არსებობის შემთხვევაში. და ბოლომდე არ არის ასევე განსაზღვრული მობილიზებულთა სტატუსიც. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრეზიდენტის მითითება, რომ აუცილებელია მობილიზებულის შვებულებაში გაშვება, ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული მკაფიო ინსტრუქცია. სწორედ ამის გამოა გამოწვეული ეს აურზაური: ზოგიერთი მეთაური მობილიზებულს უშვებს შვებულებაში, სხვა კი - არ უშვებს. ეს არის სამართლებრივი გაურკვევლობით გამოწვეული ვითარება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სერგეი კრივენკო, უფლებადამცველ ჯგუფ „მოქალაქისა და არმიის“ ხელმძღვანელი.

21 სექტემბერს ერთი წელი შესრულდა რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციიდან“, რომლის დროსაც სამხედრო სამსახურის გასავლელად დაახლოებით 300 000 ადამიანი გამოიძახეს.
„ვაჟნიე ისტორიისა“ და Conflict Intelligence Team-ის (CIT) ერთობლივი კვლევის თანახმად, რუსი წვევამდელები უკრაინაში საშუალოდ ოთხ-ნახევარი თვის შემდეგ იღუპებიან, ხოლო ყოველმა მეხუთემ ფრონტზე მხოლოდ 2 თვე იცოცხლა.

კრემლს ჯერ არ გადაუწყვეტია მობილიზაციის ახალი მასშტაბური ტალღის გამოცხადება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მობილიზებულები ფრონტზე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე დარჩებიან.

"მთავარია, რომ ქუჩაში არ გამოვიდნენ"

გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის რეგიონების ვიცე-გუბერნატორებს დაევალათ ყურადღებით ადევნონ თვალი მობილიზებულთა ცოლებისა და სხვა ნათესავების განწყობებს და "ნებისმიერ ფასად" შეაჩერონ მათი მხრიდან პროტესტის საჯაროდ გამოხატვა.

"დაარწმუნეთ, დაჰპირდით, გადაუხადეთ. რაც გინდათ, ის იღონეთ, მთავარია არ გამოვიდნენ ქუჩაში, ნებისმიერი რაოდენობით, თუნდაც 50 ადამიანი", - განუცხადა ერთ-ერთი სამთავრობო სემინარის წყარომ „კომერსანტს“.

სემინარი დიდწილად მიეძღვნა 2024 წლის მომავალ საარჩევნო კამპანიას. მის ორგანიზატორებს აღუნიშნავთ, რომ სამხედრო მოსამსახურეების ნათესავების სავარაუდო პროტესტი არის "რისკის ფაქტორი, რომელიც შეიძლება რუსეთის პრეზიდენტის არჩევამდე იქნეს გამოყენებული“.

ცენტრის ინსტრუქციის შემდეგ, რამდენიმე რეგიონში მობილიზებული რუსი სამხედროების ცოლებს უარი უთხრეს საპროტესტო აქციების ჩატარებაზე, რომლებზეც ისინი თავიანთი ქმრების დემობილიზაციასა და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაყენებას აპირებდნენ.

ზოგან უშიშროების წარმომადგენლებმა ისინი პირდაპირ დაადანაშაულეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ მუშაობაში. მაგრამ საზოგადოებამდე სიმართლის მისატანად, აქტივისტი ქალები სხვადასხვა ზომას მიმართავენ.

"თაგვები ღამით მებრძოლების გარშემო, პირდაპირ საძილე ტომრებში დარბიან"

აღსანიშნავია, რომ პოლიციას, რომელიც 7 ნოემბერს კომუნისტების მიერ გამართულ აქციაზე წესრიგს იცავდა, არ შეუზღუდავს მობილიზებულთა მეუღლეების გამოხატვის თავისუფლება და არ შეუშლია ხელი შეხვედროდნენ რუსეთის კომუნისტთა ლიდერს, გენადი ზიუგანოვს.

რუსეთის დუმის უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქციის ლიდერი მობილიზებულთა ცოლებს დაჰპირდა მათი მეუღლეების შვებულებების და საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარებას. რაც შეეხება მობილიზებას, ზიუგანოვმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში. რაც ნიშნავს, რომ მხარს უჭერს მობილიზებულთა იმდენი ხნით ყოფნას სამხედრო სამსახურში, რამდენ ხანსაც ვლადიმირ პუტინი ჩათვლის საჭიროდ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გაგრძელებას.

ასეთი გაურკვევლობა კი მობილიზებული რუსი სამხედროების ცოლებს სასოწარკვეთაში აგდებს და აძლიერებს მათში გაჩენილ საპროტესტო განწყობას, რაზეც ყურადღებას ზოგჯერ კრემლის მიერ მართული საინფორმაციო საშუალებებიც ამახვილებენ.

მაგალითად, 24 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო „ლენტა.რუ“ წერდა იმის თაობაზე, თუ როგორც მოახერხეს სამარის რეგიონიდან მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეების ცოლებმა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ალექსანდრ ხინშტეინთან შეხვედრა. მათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონიდან თავიანთი ქმრების დემობილიზაცია მოითხოვეს და თან ყურადღება გაამახვილეს იმ „აუტანელ პირობებზე“, რაც ჯარისკაცთა სანგრებში არსებობს.

ზოგიერთმა ქალმა აღნიშნა, რომ მათი მეუღლეები ერთ წელზე მეტია წინა ხაზზე არიან და რთულ პირობებში უხდებათ სამსახურის გავლა.

ფრონტის ყოველდღიურ პრობლემებს შორის სამხედროების ცოლებმა დაასახელეს ასევე თაგვები, რომლებიც აწუხებენ მათ ახლობლებს და ანადგურებენ მათ ქონებას. "თაგვები ღამით მებრძოლების გარშემო, პირდაპირ საძილე ტომრებში დარბიან. მღრღნელები ჭამენ საკვებს და აფუჭებენ საბრძოლო მასალას. ამ დროს ბევრი რამ ჩვენ თავად ვიყიდეთ. როგორ მოვიქცეთ?" - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

დეპუტატმა ხინშტეინმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს მოუსმინა, შეახსენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მობილიზებულები სტატუსს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე შეინარჩუნებენ და ტრადიციულად დაჰპირდა, რომ მათ მიმართვებს თავდაცვის სამინისტროს გადასცემს. ანუ გადასცემს იმ უწყებას, რომელიც მობილიზებულთა ცოლების მსგავს საჩივრებზე არ რეაგირებს.

ვიდრე რუსეთში მობილიზებულთა გარეშემო ასეთი „მოჯადოებული წრეა“ შექმნილი, შვებულებაში მყოფები სხვადასხვა ხრიკით ცდილობენ თავი აარიდონ კვლავ ფრონტის ხაზზე დაბრუნებას.

„სიბირ. რეალიის“ ცნობით, ბურიატიდან მობილიზებულმა ზორიგტო არაბჟაევმა იყიდა თავისი გარდაცვალების ყალბი ცნობა, რათა ომში არ დაბრუნებულიყო.


სასამართლოში ბრალდებულმა განმარტა, რომ ცოლის ემოციური მდგომარეობის გამო ფრონტზე დაბრუნება არ სურდა. 2022 წლის სექტემბერში არაბჟაევების უფროსი ვაჟი ავარიაში დაიღუპა, ორი თვის შემდეგ კი ის მობილიზებაში მოყვა. სახლში დარჩენილმა ცოლმა ეს განშორება მძიმედ გადაიტანა და ქმარს თვითმკვლელობით დაემუქრა, თუ იგი ომში დაბრუნდებოდა. ამის გამო არაბჟაევმა თავისი ყალბი გარდაცვალების მოწმობის შეკვეთა გადაწყვიტა.

მაგრამ ეს უკანონო ქმედება გამოაშკარავდა და სასამართლომ სამხედროს დეზერტირობის გამო ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

  • 2022 წლის სექტემბერში, უკრაინის წინააღმდეგ ომში მოქალაქეთა მობილიზაციის კამპანიის დაწყებისთანავე, რუსეთის ხელისუფლებამ გაამკაცრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბრძანებების შეუსრულებლობის, მეთაურის ცემის, დანაყოფის მიტოვების, დეზერტირობის, სამსახურის წესების დარღვევისა და სამხედრო ქონების დაკარგვის გამო. მუხლების უმრავლესობა სასჯელის სახით 10-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG