Accessibility links

რუსთაველები ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვენ


რუსთავის ერთი პატარა ქუჩის მცხოვრებნი მეტალურგიული საწარმო „ჯეოსთილის“ წინააღმდეგ გამოდიან, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი კი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით გააქტიურდა.

რუსთავში 9 მაისის პატარა ქუჩიდან პირდაპირ ჩანს დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარე მეტალურგიული საწარმო „ჯეოსთილის“ მილიდან ამონაბოლქვი, რაც ამ ქუჩის მცხოვრებთა შეშფოთებასა და პროტესტს იწვევს. თაკო ბარაბაძეც ამ ქუჩაზე ცხოვრობს. მან ჯერ კიდევ 5 წლის წინ, სხვა 29 ხელმომწერთან ერთად, რუსთავის მერიას მიმართა და „ჯეოსთილის“ მუშაობით დაინტერესება ითხოვა:

„სურათი არის ასეთი: შემოდიხარ ეზოში და ბავშვებს ადგას ეს უზარმაზარი ღრუბელი, შავი, ყვითელი, თუ, არ ვიცი, რაც არის. ჩვენ გვქონდა დაახლოებით ხუთი წლის წინ... მაშინ განცხადებაც დავწერეთ, - ამ დონეზე მაშინ არ იყო, უფრო ნაკლები გამონაბოლქვი იყო, - ჩავაბარეთ მერიაში თხოვნით, რომ იქნებ რაღაცნაირად დაგვეხმაროთ, მაგრამ იმდენად არასერიოზულად მიიღეს მოთხოვნა, რომ პასუხი არც მოგვსვლია“.

9 მაისის ქუჩა
9 მაისის ქუჩა

თაკო ბარაბაძის თქმით, ბოლო ხანებში ამ გამონაბოლქვის გამო 9 მაისის ქუჩაზე ცხოვრება განსაკუთრებით საშიში გახდა ჯანმრთელობისთვის:​

„აქ უკვე პირდაპირ არის სუნი, სუნთქვა არის შეუძლებელი და მტვერი, რომ გაუსვათ, არის ყვითელი, ისევე როგორც მანქანებზე, სახლებზე და ა.შ.“

ეს არის ჩინური ღუმელი. მასში ჩადებულია გამწმენდი. მწარმოებელი ისე არ გამოუშვებს პროდუქციას [ღუმელს], სერტიფიკატს ვერ მიიღებს სხვა ქვეყნებში გასაყიდად, თუ არ ჩაიდო გამწმენდი ნაგებობების კომპლექტაცია...
კოტე ბარაბაძე

თაკო ბარაბაძის ინფორმაციით, 9 მაისის ქუჩის მცხოვრებნი საჩივრის მიწერას ახლა უკვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის გეგმავენ.

„ჯეოსთილი“ ინდური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა და ჯართის გადამუშავებით არმატურას აწარმოებს. პროდუქცია გააქვს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე უცხოეთში.
კოტე ბარაბაძემ, ინჟინერ-მეტალურგმა, „ჯეოსთილში“ სულ ექვსი თვე იმუშავა, ხელმძღვანელობდა საწარმოო პროცესთან დაკავშირებული დანადგარების მონტაჟს და გამართვას. როგორც იხსენებს, საწარმოში პირველად მისულს, სადნობი ღუმელი უკვე დამონტაჟებული დახვდა:

„ეს არის ჩინური ღუმელი. მასში ჩადებულია გამწმენდი. მწარმოებელი ისე არ გამოუშვებს პროდუქციას [ღუმელს], სერტიფიკატს ვერ მიიღებს სხვა ქვეყნებში გასაყიდად, თუ არ ჩაიდო გამწმენდი ნაგებობების კომპლექტაცია, მაგრამ შენ [საწარმოს] გაქვს საშუალება, რომ გათიშო [ფილტრი]“.

კოტე ბარაბაძის თქმით, ფილტრების გამართულად მუშაობა ძვირად ღირებული პროცესია, ამიტომ, ხარჯების შემცირების მიზნით, ნებისმიერ საწარმოს შეუძლია ის გათიშოს ან, უბრალოდ, თავი აარიდოს მავნე ნივთიერებებისგან დაბინძურებული ფილტრების ახლით შეცვლას.

3.ნიკოლოზ მუსერიძე, ეკოლოგიური საინიციტივო ჯგუფის აქტივისტი
3.ნიკოლოზ მუსერიძე, ეკოლოგიური საინიციტივო ჯგუფის აქტივისტი

რუსთავის ეკოლოგიური გარემო ერთ-ერთ საინიციატივო ჯგუფსაც აღელვებს. მისი წევრი ნიკოლოზ მუსერიძე ამბობს, რომ „ჯეოსთილი“ თითქმის ქალაქის ზონაშია განთავსებული და ამიტომ მათ განსაკუთრებით აინტერესებთ მისი მუშაობა და ის, თუ პასუხს რატომ არავინ სთხოვს გარემოს დაბინძურებისთვის და მხოლოდ მცირე თანხებით აჯარიმებენ? მათ წერილობითაც მიმართეს ქარხანას და საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაციის მოწოდება ითხოვეს, მაგრამ უშედეგოდ:

„მეტსაც გეტყვით: ჩვენ დავურეკეთ ტელეფონზე მათ [ჯეოსთილის წარმომადგენლებს] და ვუთხარით, რომ ვინაიდან ასეთი სიტუაციაა, ჩვენ საპროტესტო აქციას გავმართავთ თქვენს წინ. უბრალოდ, ჩავაყენეთ საქმის კურსში. ჩვენ არ გვინდა არავის სამსახურის შეჩერება, არ გვინდა ქარხნის გაჩერება, რადგან ხალხი უმუშევარი რჩება. ამის მომხრეები არ ვართ. გვინდა, რომ ის რეგულაციები, რაც არის, სტანდარტები მსოფლიოში, დაიცვან ისე“.

არ ყოფილა ისეთი საწარმო, სადაც შევსულიყავით და ოქმი არ დაგვეწეროს. აბსოლუტურად დარღვევებია, დაწყებული სახანძრო უსაფრთხოებით, - მათ [საწარმოებს] ცეცხლმაქრი უნდა ჰქონდეთ, - დამთავრებული ლაბორატორიული ჩარევით...
ზვიად ზვიადაური

ნიკოლოზ მუსერიძის თქმით, იმის გამო, რომ კომუნიკაცია ვერ შედგა, საინიციატივო ჯგუფმა საწარმოს შორიახლოს კამერა დადგა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რეალურ რეჟიმში დაკვირვება „ჯეოსთილის“ გამონაბოლქვზე იუთუბში გახსნილ სპეციალურ არხზე.
ჯგუფი ფეისბუქშიც აქტიურობს, აქვეყნებენ საწარმოს მუშაობის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალებს.

გარემოზე ზედამხვედველობის სააგენტოს ქვემო ქართლის განყოფილების იურისტი ზვიად ზვიადაური ამბობს, რომ მარტო 2018 წლის იანვრიდან, მარტის ჩათვლით, „ბევრი“ საწარმო ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს.

„არ ყოფილა ისეთი საწარმო, სადაც შევსულიყავით და ოქმი არ დაგვეწეროს. აბსოლუტურად დარღვევებია, დაწყებული სახანძრო უსაფრთხოებით, - მათ [საწარმოებს] ცეცხლმაქრი უნდა ჰქონდეთ, - დამთავრებული ლაბორატორიული ჩარევით, გაფრქვეული გამონაბოლქვის შემოწმებით“.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. მისი აზრით, გარემოს დაბინძურებისთვის ცენტრალური ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმება ერთია, ქალაქისთვის მიყენებული ზარალის კომპენსირება კი - მეორე.

„გამონაბოლქვი, რომელიც მოქმედებს ქალაქზე, რეკრეაციულ ზონებზე, საჭიროებს რეგულაციების შემუშავებას, რომელიც მისცემს საფუძველს იმისას, რომ მოხდეს ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადის ამოღება და ეს ზიანი გარკვეულწილად ანაზღაურდეს“.

ირაკლი ტაბაღუამ რადიო თავისუფლებას უთხრა ასევე, რომ სასურველია გარემოს ეროვნული სააგენტო თვითმმართველობას პერიოდულად აწვდიდეს ჰაერის მონიტორინგის შედეგებს .

ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის დამდგენი აპარატი ბათუმის ქუჩაზე
ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის დამდგენი აპარატი ბათუმის ქუჩაზე

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლისმარტის თვეში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ბათუმის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტის მეშვეობით ხდებოდა. იზომებოდა ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: მტვერი, ნახშირჟანგი, აზოტის დიოქსიდი და ტყვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რუსთავის ჰაერში ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას 3.2-ჯერ აღემატებოდა მტვრის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია, ხოლო აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები ნორმის ფარგლებში იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG