Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დემარში საკრებულოს სხდომაზე


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა 15 მაისს საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ საკრებულოს უმრავლესობამ არ დაგმო „ზუგდიდში მომხდარი ძალადობები“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ბერიძემ თქვა, რომ უმრავლესობა, პირიქით, ახალისებს ამ ძალადობას, როცა საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ „დავით კირკიტაძე უნდა იყოს იქ, სადაც არის“.

„თქვენგან ვეძებდით თანადგომას, რომ შევთანხმდებოდით პოლიტიკური ზეწოლის მიუღებლობაზე. მაგრამ მაშინ, როცა [დავით კირკიტაძე] ადამიანი ჯერ უკანონოდ არის დაჭერილი, თან მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, იმის თქმა, რომ ის უნდა იყოს იქ, სადაც არის, წარმოადგენს ძალადობას“, თქვა ალექსანდრე ბერიძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გასვლის წინ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ბერიძემ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს განუცხადა, რომ მმართველი პარტია ძალადობით ვერაფერს გააწყობს და მალე ოპოზიციაში აღმოჩნდება.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, გურამ ლაცაბიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის მისამართით თქვა, რომ ის არაფრით უკეთესი არ არის „ურთმელიძეებზე, ნემსიწვერიძეებზე და იმ მოსამართლეებზე, ვინც დავით კირკიტაძეს ასამართლებს“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არჩევნების გაყალბების მცდელობაში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ უბნებზე სამაგიდო სიების და კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგზავნა. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 მაისს განმარტა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას კანონი არ დაურღვევია. იმავე დღეს, უფრო ადრე, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მოწინააღმდეგენი თავს დაესხნენ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის, საარჩევნო კამპანიის მონაწილეებს ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის მომზადების პროცესში. ამ ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

საკრებულოს უმრავლესობის სხდომა
საკრებულოს უმრავლესობის სხდომა

​რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ბერიძემ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს განუცხადა, რომ მმართველი პარტია ძალადობით ვერაფერს გააწყობს და მალე ოპოზიციაში აღმოჩნდება.

როგორი ტონიც არ უნდა ჰქონდეს ‘ნაციონალურ მოძრაობას’, ‘ქართული ოცნება’ მათ ინტერესებს არ გაატარებს, ისე როგორც ატარებს ხალხის ინტერესს.
ლევან ონიანი

სხდომის დატოვების შემდეგ ალეკო ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ერთჯერადი აქციაა და ისინი საკრებულოს სხდომებს დაუბრუნდებიან, თუკი 19 მაისის რიგგარეშე არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

19 მაისს მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება საქართველოს ხუთ ქალაქში, ასევე პარლამენტის გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად და ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

სხდომის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „როგორი ტონიც არ უნდა ჰქონდეს ‘ნაციონალურ მოძრაობას’, ‘ქართული ოცნება’ მათ ინტერესებს არ გაატარებს, ისე როგორც ატარებს ხალხის ინტერესს“.
მან თქვა, რომ დავით კირკიტაძე იყო „მისი დაჭერების მთავარი ორგანიზატორი 2006-2012 წლებში“.

„დავით კირკიტაძე არის კრიმინალი და ეს ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია“, თქვა ლევან ონიანმა.

დავით კირკიტაძე, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გასული წლის 16 დეკემბერს დააკავეს გურჯაანში საპროტესტო აქციის დროს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კირკიტაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, ნუნუ ნემსიწვერიძეს, მიჰყავს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რუსთავის საკრებულოს სხდომებს სპეციალური მაისურებით ესწრებიან, წარწერით „თავისუფლება დავით კირკიტაძეს!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG