Accessibility links

რუსთავის სკოლები მათთვის ბუნებრივ აირზე ტარიფის შემცირებას ითხოვენ


რუსთავის ერთ-ერთი საშუალო სკოლა

რუსთავის საჯარო სკოლებში არასამართლიანად მიაჩნიათ მათთვის დაწესებული ბუნებრივი აირის ტარიფი -1 კუბურ მეტრზე 86 თეთრი, რომელიც “სოკარ ჯორჯია გაზმა” კომერციული მომხმარებლებისთვის განსაზღვრა.

„ბაღიც და სკოლაც იხდის ბუნებრივი აირის გადასახადს, როგორც კომერციული დაწესებულება, თუმცა კომერციულს არც ერთი არ წარმოადგენს და ხშირ შემთხვევაში სკოლების დიდი ნაწილი თანხის მუდმივ დეფიციტს განიცდის - ზამთრის პერიოდში გათბობისთვის ფინანსები არ ჰყოფნით“, აცხადებს რუსთავის რესურსცენტრის ხელმღძვანელი თამარ ხეჩიკაშვილი.

ამის მიუხედავად, ეს თანხა ჩვენთვის მაინც დიდია, რადგან ნოემბრიდან მარტის ჩათვლით გვიწევს ფულის დაზოგვა. უფრო დიდი პრობლემა იმ სკოლებს ექმნებათ.
ინგა ქურდოვანიძე

მისი თქმით, ბუნებრივი აირის გადასახადის დასაფარავად სკოლების ნაწილი განათლების სამინისტროს დანამატისთვის მიმართავს ხოლმე.
რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ნაზღაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სკოლას კომუნალური გადასახადები „ტვირთად“ აწვება.

​„ბუნებრივი აირის დიდი გადასახადის გამო სკოლებისთვის ვეღარაფერს ვყიდულობთ, რომ სხვა მიმდინარე სამუშაოები ჩავატაროთ”, ამბობს ლალი ნაზღაიძე.

რუსთავის მე-9 საშუალო სკოლის დირექტორი ინგა ქურდოვანიძე კი აცხადებს, რომ, რამდენადაც მისი სკოლა ერთცვლიანია და სულ 300 ბავშვი სწავლობს, გათბობისთვის სკოლა დიდ თანხას არ იხდის - წელიწადის ცივ პერიოდში ეს ყოველთვიურად 3-3,5 ათასი ლარი უჯდებათ.

„ამის მიუხედავად, ეს თანხა ჩვენთვის მაინც დიდია, რადგან ნოემბრიდან მარტის ჩათვლით გვიწევს ფულის დაზოგვა. უფრო დიდი პრობლემა იმ სკოლებს ექმნებათ, სადაც სწავლა ორ ცვლაში მიმდინარეობს - ჩვენთან შედარებით გადასახადს ორმაგად იხდიან“, ამბობს ინგა ქურდოვანიძე.

ჩვენ არაფერს ვაწარმოებთ და არც არაფერს ვყიდით, იმისთვის რომ ბუნებრივი აირის საფასურს კომერციული ტარიფით ვიხდიდეთ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვართ.
ეკა ცხვედაძე

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ცხვედაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ რუსთავის სკოლები დიდი ხანია ბუნებრივ აირზე ტარიფის გადახედვას ითხოვენ.

„ჩვენ არაფერს ვაწარმოებთ და არც არაფერს ვყიდით, იმისთვის რომ ბუნებრივი აირის საფასურს კომერციული ტარიფით ვიხდიდეთ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვართ”, ამბობს ეკა ცხვედაძე.
რუსთავში სკოლების უმეტესობა ორ ცვლაში მუშაობს.

„ჩვენი სამინისტრო მუდმივად გვაძლევს რეკომენდაციას, რომ გათბობა არ გამოვრთოთ ხოლმე, რადგან ჩართვის დროს უფრო მეტი გაზი იხარჯება. ამას ემატება ისიც, რომ კედლების გათბობაზე მეტი დრო მიდის”, დასძენს რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორი.

რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა შუამდგომლობისა და მხარდაჭერისთვის რუსთავის საკრებულოს მიმართა.

მისი სიტყვებით, ესა თუ ის სკოლა იძულებული ხდება ეკონომია გასწიოს - სკოლის დერეფანში გამორთოს გათბობა და მარტო კლასები გაათბოს.

„ეს კიდევ უფრო ცუდია, რადგან მოსწავლე კლასში თბილადაა, მერე გამოდის დერეფანში, იქ კი ცივა და ავად ხდება“, თქვა თამარ ხეჩიკაშვილმა საკრებულოს უმრავლესობის გასაგონად სპეციალურ სხდომაზე, რომელსაც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. მათ რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია გაიზიარეს.

რუსთავში „სოკარ ჯორჯია გაზის“ ადგილობრივი ფილიალი ოპერირებს. მისმა ხელმძღვანელმა გელა წერეთელმა, რომელიც საკრებულოს სპეციალურ სხდომას ესწრებოდა, განაცხადა, რომ ტარიფის საკითხი მის უფლებამოსილებას სცილდება. კომენტარზე უარი თქვეს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სათავო ოფისში.

რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გიგა ვეფხვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სკოლებში ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებულ პრობლემაზე მუშაობა მათ კომპეტენციაში არ შედის, ეს უფრო განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს კომპეტენციაა, სამინისტროს გადასაწყვეტია. თუმცა საკრებულოს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საკითხზე რუსთავის საკრებულოს წევრები თებერვლის შუა რიცხვებიდან „კომპეტენტურ სტრუქტურებთან“ გამართავენ შეხვედრებს.

2019 წლის 1 მარტიდან “სოკარ ჯორჯია გაზი” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასს 10,5 პროცენტით ზრდის და 1 კუბური მეტრის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, 95 თეთრი გახდება.

ენერგოკომპანია ტარიფის გაზრდას „ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით“ ასაბუთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG