Accessibility links

რუსთავის სკოლებს ახალ ღობეებს უნადგურებენ


შს სამინისტროს რუსთავის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში მე-8 საჯარო სკოლის ტერიტორიის ახლად შემოღობილი ნაწილის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანია შპს „ლინაგის“ თანამშრომლებს 520 მეტრი სიგრძის პერიმეტრზე მშენებარე რკინის ღობე 20 გვისტოს რამდენიმე ადგილზე განადგურებული დახვდათ.

ბეტონის ფუძიანად ამოგდებულია რკინის ბოძები, გარღვეულია რკინის ბადეები, ერთ ადგილას კი გადაწეულია ღობის მთელი მონაკვეთი.

კომპანია „ლინაგის“ დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყეს და ობიექტი 25 აგვისტოს უნდა ჩაებარებინათ.

„ღობის ცალკეულ უბნებზე დაზიანება, ოღონდ მცირედით, ერთი კვირის წინ შევამჩნიეთ. დაზიანებების გამოსწორებას ვახერხებდით, მაგრამ დღეს ჩვენთვის გაურკვეველმა პირებმა რამდენიმე ადგილზე ღობე გაანადგურეს. იძულებულნი გავხდით პოლიციისთვის მიგვემართა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შპს „ლინაგის“ დირექტორმა გიორგი იაკობაშვილმა. ის გამოკითხვაზე პოლიციაში დაიბარეს.

პოლიციაშია დაბარებული სამუშაოთა მწარმოებელი ლევან დაუშვილიც, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამართალდამცველებმა უკვე დაათვალიერეს სკოლის ტერიტორია.

“კონკრეტულად ვერავის დავაბრალებ, მაგრამ ფაქტია, სკოლის ტერიტორიაზე, როცა ღობე არ იყო, ვისაც უნდოდა შედიოდა და გადიოდა, თავად ხედავთ, აქ, ღობესთან, რა სიბინძურეა. ვიღაცები გადმოდიან, ქეიფობენ”, თქვა ლევან დაუშვილმა.

მე-8 სკოლის დირექტორმა ნინო ბეგაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციას სკოლის დირექციამაც მიმართა.

„გამოკითხვაზე დაბარებულები ვართ ჩვენების მისაცემად. ვინ აფუჭებს, როგორ არის, არ ვიცით. ერთი კვირაა, რაც ეს ღობე გავაკეთეთ და გაკეთების დღიდან გრძელდება ეს ქმედებები. ხალხმა უნდა მიაქციოს ყურადღება. მაგათი შვილებისთვის კეთდება, რომ ნორმალურად მივიდნენ ბავშვები და ნორმალურად წამოვიდნენ”, უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ბეგაძემ.

სკოლის მიმდებარე კორპუსების რამდენიმე ბინადარმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, სავარაუდოდ, ღობეს მოზარდები აფუჭებენ, რადგან დიდი სათამაშო სივრცეა, რასაც კორპუსების ეზოებზე ვერ ვიტყვით. მათივე თქმით, ღობე სუსტი კონსტრუქციისაა და მისი დაზიანება ადვილად შეიძლება. ერთ-ერთმა ბინადარმა კი, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ დაასახელა, განაცხადა, რომ „ღობეები საჭირო არ არის, ძველი, საბჭოთა გადმონაშთია. ეს ბავშვების ფსიქიკაზე მოქმედებს“.

მერვე საჯარო სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი. მისი ტერიტორია 30 წლის განმავლობაში შემოუღობავი იყო, ამიტომ, როგორც სკოლის დირექტორის მოადგილემ მანანა ხაბარაშვილმა თქვა, ეზოც მოუვლელია.

„ღამე შემოდიოდნენ, ქეიფობდნენ, სვამდნენ და არ ვიცი, კიდევ რას აკეთებდნენ. ახლა კი, როგორც ჩანს, ტერიტორიის შემოღობვა ზოგიერთს არ მოსწონს “, თქვა მანანა ხაბარაშვილმა დადასძინა, რომ ადრე, სკოლის შემოღობვამდე, სკოლის ეზო მანქანების სადგომად იყო გადაქცეული.

მე-8 სკოლის შემოღობვაზე 35 ათასი ლარია გათვალისწინებული.
რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა გიორგი მძინარიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსთავის რამდენიმე სკოლა უკვე შემოიღობა.

„ახალი ღობეების მცირე დაზიანებები სხვა სკოლებშიც დავაფიქსირეთ, მაგრამ ის, რაც მე-8 სკოლაში მოხდა, წარმოუდგენელი ვანდალიზმია“, განაცხდა გიორგი მძინარიშვილმა.
მისივე თქმით, მე-8 სკოლას დარაჯიც ჰყავს, მაგრამ ტერიტორია დიდია და 520 მეტრი სიგრძის დაცვა ძნელია.

რადიო თავისუფლებას სკოლის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სათვალთვალო კამერები სკოლის შენობაში აქვთ დაყენებული, ეზოს სათვალთვალოდ კი შესაბამისი მოწყობილობა არა აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG