Accessibility links

რუსთავის უფუნქციო რკინიგზის სადგურს ძარცვავენ


რუსთავის რკინიგზის სადგური

სამი პირი დააკავეს 1953 წელს აშენებული რუსთავის რკინიგზის სადგურის შენობის დაშლა-ნგრევისთვის, რაც მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყეს.

„რკინიგზის სადგურის სახურავის ერთი ნაწილი ჩამოინგრა. ამის შემდეგ ადამიანების ჯგუფმა შენობის დემონტაჟი დაიწყო. იპარავდნენ ყველაფერს - ხის მასალებს, აგურს, კარ-ფანჯრებს“, უთხრეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს რკინიგზაში“. შენობის ძარცვის ფაქტს ადგილობრივი სამართალდამცველები იძიებენ.

ყოველდღიურად რუსთავიდან თბილისში 300-მდე სამარშრუტო მიკროავტობუსი ან მსუბუქი ტაქსი გადაადგილდება და 15 ათასამდე მგზავრი გადაჰყავთ.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რუსთავის ბოლოს, ტუფის ქვით აშენებული რკინიგზის სადგურის შენობა 2010 წელს მართვის უფლებით „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დაფუძნებულ კომპანია „რეილევი ფროფერთის“ მენეჯმენტს გადაეცა და დღემდე მის განკარგულებაშია.

მიმდინარე წლის 30 მარტს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წერილობით მიმართა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს, თბილისი-რუსთავის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის თხოვნით.

„ყოველდღიურად რუსთავიდან თბილისში 300-მდე სამარშრუტო მიკროავტობუსი ან მსუბუქი ტაქსი გადაადგილდება და 15 ათასამდე მგზავრი გადაჰყავთ, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც რუსთავის, ასევე თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ამასთანავე, იწვევს აღნიშნულ ქალაქებს შორის არსებული საავტომობილო გზების გადატვირთვას“, ნათქვამია რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებულ რუსთავის მერის წერილში.

რუსთავის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია

როგორც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ამბობს, ქალაქის მუნიციპალიტეტის სურვილია, „საქართველოს რკინიგზასთან“ ერთად გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად:

„ეს იქნება საუკეთესო გზა განიტვირთოს, პირველ რიგში, დედაქალაქი, განახლდეს რუსთავში ქალაქთა შორის გადაადგილების კულტურა და სარკინიგზო ტრანსპორტით სარგებლობა გახდეს პრიორიტეტული სტუდენტებისა და დედაქალაქში მომუშავე რუსთაველი მოქალაქეებისთვის“.

ამჟამად არსებულ სარკინიგზო მაგისტრალით ბაქოდან მომავალი სატვირთო მატარებლები სარგებლობენ, თუმცა - იშვიათად. გარდა ამისა, დღეში ერთხელ გარდაბნიდან თბილისამდე და პირიქით სამგზავრო მატარებელი დადის საბჭოთა დროინდელი ვაგონების შემადგენლობით.

ტაბაღუა შენიშნავს, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოელ პარტნიორებთან, რათა ქალაქში დაიწყოს რევიტალიზაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს ძველი, თავის დროზე საქალაქო მნიშვნელობის, ობიექტების განახლებას.

ტააბღუას წერილის თანახმად, რკინიგზის სადგურის შენობის განახლება, მისთვის ძველი ფუნქციის დაბრუნება და მასში თანამედროვე კომპონენტების შეტანა, ერთი მხრივ, მიმზიდველს გახდის სარკინიგზო გადაადგილებას რუსთავსა და თბილისს შორის, მეორე მხრივ კი, გამოაცოცხლებს და ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაუჩენს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებს, კერძოდ, დავით გარეჯის ქუჩასა და გიორგი ჭყონდიდელის სახელობის დასახლებას.

რუსთავის მერი „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს, აქვე სწერს, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია სტუდენტებისთვის შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფის დაწესება, რაც შესაძლებელი იქნება რკინიგზის განვითარების პირობებში.

თბილისი-რუსთავი-გარდაბნის მატარებელი
თბილისი-რუსთავი-გარდაბნის მატარებელი

როგორც რუსთავის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მარტში გაგზავნილ წერილზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ, ხოლო „საქართველოს რკინიგზაში“ განგვიცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.

ამჟამად არსებულ სარკინიგზო მაგისტრალით ბაქოდან მომავალი სატვირთო მატარებლები სარგებლობენ, თუმცა - იშვიათად. გარდა ამისა, დღეში ერთხელ გარდაბნიდან თბილისამდე და პირიქით სამგზავრო მატარებელი დადის საბჭოთა დროინდელი ვაგონების შემადგენლობით. სადგურში მგზავრობის გაბილეთიანება არ ხდება, რადგან დიდი ხანია, მგზავრობის საფასურს ამგვარად აღარ იხდიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG