Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების მოძრაობისთვის სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება


რუსთავის თვითმმართველობამ და თბილისის ხელისუფლებამ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომელიც სატენდერო პირობებს შეიმუშავებს, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრთა M3 კატეგორიის ავტობუსებით მომსახურების მიზნით. რუსთავის მერიაში 3 აპრილს გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს კონკურსის პირობების, განაცხადის ფორმებისა და შეფასების მეთოდების შემუშავებაზე, ასევე საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრაზე.

შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მისი მოადგილე, ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატები, თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე ისაკაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი მიხეილ შიობრიშვილი და კომპანია „სისტრას" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომპანია „სისტრა" დედაქალაქის მთავრობის დაკვეთით აწარმოებს კვლევას თბილისის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებისთვის, მისივე შემოყვანილია თბილისის შიდა საქალაქო მარშრუტზე მოძრავი ლურჯი ავტობუსები. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობს რუსთავის საკრებულოს დეპუტატი გურამ კვარაცხელიაც, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თბილისის მიმართულებით არ იმოძრავებენ ე.წ. ლურჯი ავტობუსები, რისი მოლოდინიც ჰქონდა რუსთაველების ერთ ნაწილს: "საბჭოთა პერიოდში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ჩეხური წარმოების 45-ადგილიანი „იკარუსები“ მოძრაობდა. დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს არანაკლებ 50-ადგილიანი ავტობუსების შემოყვანაზე, რათა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ წაგებაზე არ იმუშაოს“.

როგორც კომპანია „სისტრას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჩასატარებელია კვლევა რუსთავი-თბილისის მარშრუტის ფინანსური მიმზიდველობის თაობაზე. გურამ კვარაცხელიას თქმით, იმსჯელეს იმაზეც, თუ როგორი ტიპის და რა რაოდენობის ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ - იქნება ეს დიზელზე მომუშავე თუ ელექტროავტობუსები. თბილისის მიმართულებით მგზავრების M3 კატეგორიის ავტობუსებით მომსახურებაზე პირველად რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ალაპარაკდა - მას შემდეგ, რაც კომპანია „ინტერტრანსის“ მძღოლებმა 2018 წლის დეკემბრის ბოლოს მგზავრობის ღირებულების გაზრდა მოითხოვეს 1,5 ლარიდან 2 ლარამდე, გაიფიცნენ და მერიას ულტიმატუმის ფორმით მიმართეს. თუმცა მანამდე რუსთავის საკრებულომ დადგენილება მიიღო მგზავრობის ტარიფის უცვლელად დატოვების შესახებ. დავაში „ინტერტრანსის“ მენეჯმენტიც ჩაერთო, ასაბუთებდა რა, რომ მძღოლების მოთხოვნა სამართლიანია.

მგზავრობის ფასის შესაძლო გაძვირება სამოქალაქო სექტორმა გააპროტესტა. მიმდინარე წლის იანვარში რუსთავის მერმა ადგილობრივ საკრებულოს მიმართა თხოვნით, რომ მისთვის მიენიჭებინათ უფლებამოსილება, ერთ პირთან შეთანხმებით შემოეყვანა რუსთავი-თბილისი მარშრუტზე გადამზიდავი კომპანია, რომელიც მგზავრებს M3 კატეგორიის, ევროსტანდარტის ავტობუსებით მოემსახურებოდა „მისაღებ და გონივრულ“ ფასებში. მაშინ ირაკლი ტაბაღუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მინიმუმ 10 ავტობუსი იყო საჭირო, რომელიც რუსთავის სამი ადგილიდან გავიდოდა თბილისის მიმართულებით. ეს იქნებოდა „ინტერტრანსის“ მიკროავტობუსების ერთგვარი ალტერნატივა.

რუსთავის თვითმმართველობამ თბილისის ხელისუფლებასაც მიმართა და ავტობუსებისთვის მარშრუტის განსაზღვრა სთხოვა. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რუსთავიდან მომავალი ავტობუსები თბილისში გაივლიან გორგასლისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით მეტრო „ისანს“ დაუკავშირდებიან. ამჟამად რუსთაველ მგზავრებს თბილისის მიმართულებით მხოლოდ მსუბუქი ტაქსები და კომპანია „ინტერტრანსის“ მიკროავტობუსები ემსახურება. „ინტერტრანსი“ რუსთავი-თბილისის 11-ვე სამგზავრო მარშრუტს განკარგავს, რუსთავის მერიასთან გაფორმებული 15-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. „მიკროავტობუსებით“ მგზავრობის ფასი ჯერჯერობით გაზრდილი არ არის.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG