Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის მეწილე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ - რა წერია სარჩელში?


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა კომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. "რუსთავი 2"-ის მფლობელობის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 2 დღით ადრე ნიჟარაძე სისხლის სამართლის 3 მუხლით ითხოვს გვარამიას საქმიანობის შესწავლას. რუსთვაი 2-ის ადვოკატები ამბობენ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა არასწორად წარმოაჩენს ფაქტებს.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა 16 ივლისს მედიას ის სამი მუხლი გააცნო რომლითაც ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა:

● კომპანიის ხელმძღვანელი პირის მიერ საზოგადოების საზიანოდ მოქმედება, რასაც თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის გამოყენება და გამორჩენა მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი.

● თანხების მითვისება და გაფლანგვა - სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი.

● ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილების იმგვარად გამოყენება, რასაც მოჰყვა გარკვეული ქონების გადამალვა - სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე პრიმა მუხლი.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატი სარჩელის შინაარსზე საუბრობს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:27 0:00

„რუსთავი 2“-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 2 დღით ადრე შეტანილი სარჩელი ორ რამეზე მიუთითებს: ერთი, რომ ნინო ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას, და მეორე - ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ იქნება მიღებული.

“ორჯერ გავმართეთ პარტნიორთა კრება. ნინო ნიჟარაძე მოითხოვდა მსოფლიოში საუკეთესო ოთხეულში შემავალ აუდიტორულ კომპანიას შეესწავლა ჩვენი დოკუმენტები. მათ პირად აუდიტებს უნდა დემუშავებინათ ეს მასალები და ჩამოეყალიბებინათ კითხვები, რომლითაც მივმართავდით ოთხიდან ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიას. მათ კი ამ ყველაფრის გარეშე დაასწრეს მოვლენებს და პროკურატურაში ეს სარჩელი შეიტანეს”, - ამბობს რუსთავი 2-ის ადვოკატი.

სადავო კონტრაქტი “ინტერმედიასთან”

ნინო ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ იმ დოკუმენტებიდან, რომლებიც "რუსთავი 2"-გან მიიღეს, გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ნიშნები.

“ჩვენ რამდენიმე ფაქტზე გვინდა ყურადღების გამახვილება. ეს არის სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ურთიერთობა „ინტერმედიასთან“. იმ დროს, როდესაც კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაეზარად და პირიქით, საჭირო იყო უფრო მეტი შემოსავლების ინტეგრირება სარეკლამო შემოსავლებიდან, კომპანიის ხელმძღავნელმა ფიქსირებულ, მოჭრილ შემოსავალზე გაუფორმა კონტრაქტი „ინტერმედიას“. ეს მისი მხრიდან არის კომპანიისთვის საზიანო მოქმედება”, - ამბობს გიორგი ყავლაშვილი.

"ინტერმედია" გაყიდვების სახლია, რომელიც "რუსთავი 2"-ს სარეკლამო დროის რეალიზაციას ახორციელებს. 2017 წლიდან სატელევიზიო რეკლამის ბაზარზე მხოლოდ ერთი, „ინტერმედია“ ყიდდა რვა ტელევიზიის სარეკლამო დროს, მათ შორის ექვსი ტელევიზიის საეთერო დროს სრულად: „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, GDS, „მარაო“ და „კომედი არხი “, ხოლო TV პირველისა და „კავკასიის“ შემთხვევაში – ნაწილობრივ.

2018 წლის 1 თებერვლიდან, საქართველოს სატელევიზიო რეკლამის ბაზარზე ცვლილებები მოხდა და გაყიდვების სახლ „ინტერმედიასთან“ ერთად, სარეკლამო დროის გაყიდვა იმედის კომერციულმა დეპარტამენტმაც დაიწყო. მან იმედის, GDS-ისა და მაესტროს საეთერო დროების გაყიდვა ჩაიბარა.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია “ინტერმედიას” გუნდთან ჯერ კიდევ ნიკა გვარამიას წინამორბედის, გოგი გეგეშიძის დროს თანამშრომლობს. ნინო ნიჟარაძე სწორედ გოგი გეგეშიძის ქვრივია.

თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-თვის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა "ინტერმედიასთან" თანამშრომლობა წამგებიანი. “ რუსთავი 2-ს კონკურენტ არხთან შედარებით უფრო მეტი გაყიდვები ჰქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვიჭირდა სასამართლო დავების გამო. ინტერმედია მაინც წევდა კონკურენციას. სამწუხაროდ, ამას განზრახ არ ამბობს ყავლაშვილი. აქ მთავარი მიზანი არის ნიკა გვარამიას განეიტრალება”- ამბობს თამთა მურადაშვილი რაიდო თავისუფლებასთან საუბარში.

ტელეარხი “მესამე” ნიჟარაძის სარჩელში

ნინო ნიჟარაძის ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის თქმით არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ გარკვეული თანხების “გადაქაჩვა” რუსთვაი 2-დან ხდება ტელეარხ "მესამეში", რომელმაც 2018 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა. ყავალაშვილი ხაზს უსვამს, რომ ტელეარხ “მესამეს” წილების ნახევარს ფლობს რუსთავი 2-ის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი, მეორე ნახევარს კი “ფორმულა პროექკო ფროდაქშენი”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძეა. ყავლაშვილი ამბობს, რომ მშვილდაძე ასევე არის “ინტერმედიის” ერთ-ერთი დამფუძნებელიც.

ამ განცხადებას რუსთავი 2-ის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით ყავლაშილი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს “მესამესთან” დაკავშიირებით.

“ ყავლაშვილი ტყუის. ჩვენ მას თავდაპირველად, პარტნიორთა კრებაზე ავუხსენიით რომ ტელემაუწყებლობა “მესამე” არის რ2-ის საკუთრება და არსად არაფრის გადინება არ ხდება, ამიტომ ეს საჩივარი საფუძველს მოკლებულია და ის ხელისუფლების დავალების შესრულებაა”, - ამბობს საძაგლიშვილი.

ნინო ნიჟარაძეს "რუსთავი 2"-ის მიმართ ერთი სამოქმალაქო დავა უკვე აქვს წამოწყებული. ის ტელეარხის გენერალურ დირექტორსა და სხვა მეწილეებისგან 26 მილიონი ლარის გადახდას ითხოვს "რუსთავი 2"-ისთვის კომპენსაციის სახით, ხოლო მისთვის მილიონ ნახევარი ლარის გადახდას. ამ საქმეზე ჯერ სასამართლო განხილვები არ დანიშნულა. ნიჟარაძე ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებასაც ითხოვდა, თუმცა "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა კრებმა 10 ივლისს ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

ვინ რას ელის სტრასბურგისგან?

2019 წლის 18 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოაქვეყნოს გადწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე და საბოლოოდ გაირკვეს რა ბედი ელის ტელეკომპანიას, რომლისთვისაც 2015 წლიდან სასამართლოში დაობს მისი ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ სავარაუდოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არსებითად არ შეცვლის ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტიელებას. "ამ შემთხვევაში ნინო ნიჟარაძეს მოესპობა საშუალება იმისა, რომ სამოქალაქო წესით გააგრძელოს დავა კომპანიის პარტნიორებთან და ითხოვოს ზიანის ანაზღაურება", - ამბობს ადვოკატი.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი კი ამბობს: “ჯერ არ ვიცი სტრასბურგი რას გადაწყვეტს, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ხელისუფლების სასარგებლოდ არის გადაწყვეტილება, წესით მშვიდად უნდა იყოს და ასეთ თავდასხმას არ უნდა ახორციელებდეს რუსთავი 2-ზე. ამგვარ აგონიაში ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ სტრასბურგი "რუსთავი 2"-ის დაცულობას უზრუნველყოფს”.

სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ტელეარხის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში სასამართლოს ნასყიდობის იმ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც 2006 წელს ტელეკომპანიაში მისი წილი 269 ათას დოლარად გაასხვისა, თუმცა მისი თქმით, თანხა არ მიუღია.

ხალვაში ქართულ სასამართლო ინსტანციებში ამტკიცებდა, რომ 13 წლის წინ “ამორალური გარიგების” მსხვერპლი გახდა და კომპანიის წილი იმაზე ნაკლებ ფასად დათმო ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება რეალურად იყო.

ის კომპანიის მფლობელებისგან - ლევან და გიორგი ყარამანიშვილების, ნინო ნიჟარაძისა და შპს ტელეკომპანია საქართველოსგან წილების უკან დაბრუნებას მოითხოვდა. საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია გაიარა და 2017 წლის მარტში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. სანამ გადაწყვეტილება სისრულეში მოვიდოდა, ის სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა. როგორ გააგრძელებს ამ საქმეს სტრასბურგი, ეს უკვე 18 ივლისს გახდება ცნობილი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG