Accessibility links

რუსთავში არასასურსათო მაღაზიების უმრავლესობა მუშაობას აგრძელებს


რუსთავი. 20 მარტი

რუსთავის არასასურსათო მაღაზიების უმრავლესობა 20 მარტს, დილიდან, მუშაობას აგრძელებს, მიუხედავად მთავრობის განკარგულებისა, რომლის თანახმად, 20 მარტიდან იხურება არასასურსათო სავაჭრო ობიექტები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში.

რუსთავის ცენტრალურ ქუჩებზე დაკეტილია ტექნიკისა და ტანსაცმლის მსხვილი თუ საშუალო მაღაზიების უმრავლესობა, თუმცა ფუნქციონირებს ერთ-ერთ ცენტრალურ, მეგობრობის, გამზირზე ცოტა ხნის წინ გახსნილი „კარფურის“ მეორე სართული, რომლის მთლიანი სივრცე დათმობილი აქვს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას. მისმა ადმინისტრატორმა, გუჯა ჩიხალოვმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათთან არავინ მისულა და არ გაუფრთხილებია. გააგრძელებენ თუ არა მუშაობას, არ იცის.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გვეტყვიან მერიიდან ან სხვა ოფიციალური სტრუქტურებიდან. ჩვენ არანაირი ბრძანება არ მოგვსვლია“, თქვა გუჯა ჩიხალოვმა.

რუსთავი. 20 მარტი
რუსთავი. 20 მარტი

არ დაკეტილა ქალაქში ყველაზე დიდი, სანტექნიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სამშენებლო მასალების მარკეტი, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
მუშაობას აგრძელებენ საკვები პროდუქტებით მოვაჭრე სუპერმარკეტების არასასურსათო სექციებიც.

არასასურსათო მაღაზიები მუშაობს ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა თავად ბაზარში, რომელიც შპს „ერთობას“ ეკუთვნის. ბაზრის გარეთ ერთ მწკრივში გახსნილია მცირე მაღაზიები, ვაჭრობენ საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკით, ავეჯით, ტანსაცმლით თუ მობილური აპარატებით. რადიო თავისუფლების კითხვაზე, იციან თუ არა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ და აპირებენ თუ არა დაკეტვას, ზოგიერთი სავაჭრო ობიექტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 21 მარტიდან აპირებენ ვაჭრობის დროებით შეწყვეტას, ზოგმა კი განაცხადა, რომ „ალბათ“ დაკეტავს, მაგრამ „უდიდესი“ ზარალის ფასად.

რუსთავი. 20 მარტი
რუსთავი. 20 მარტი

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკეტილი დაგვხვდა ორსართულიანი ტექნიკის მაღაზია, რომლის მეპატრონემ, ზაზა მაღლაკელიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯერ კიდევ 19 მარტს, დღის 12 საათზე, მათთან შემოსავლების სამსახურიდან მივიდნენ და გააფრთხილეს, რომ 20 მარტიდან დაეხურა კომპანიის ყველა ფილიალი, რომელიც რუსთავსა და თბილისში აქვთ გახსნილი.

„გვითხრეს, ობიექტები დაკეტეთო, დაიკეტება ყველა თქვენნაირი ობიექტიო, თუმცა გაკვირვებული ვარ. მინდა ვკითხო ყველა სამსახურს, ვისაც ამ საკითხის დარეგულირება ევალება, მაღაზიებს შერჩევით კეტავენ? მე მხოლოდ კონკურენცია არ მალაპარაკებს, კორონავირუსის პრევენციის ეფექტურობა და ვირუსის გავრცელების საშიშროება“, თქვა ზაზა მაღლაკელიძემ. თუმცა, მისი თქმით, შესაძლებელია პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდეს და მთავრობის ყველა რეკომენდაცია შესრულდეს.

მუშაობას აგრძელებს ე.წ. ბოშათა ბაზარი, რომელიც შპს „ლუკას“ ეკუთვნის და მის სივრცეში, მეორე სართულზე, მოვაჭრეები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ყიდიან. ბაზრის დირექტორი ამბობს, რომ ამ სივრცეში სულ 5-6 მოვაჭრეა, მყიდველიც არ არის. ამდენად, ბაზარში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ვერ ხედავს. გარდა ამისა, დირექტორის თქმით, მაღაზიების, სხვა სავაჭრო ობიექტების დაკეტვა მცირე ბიზნესისთვის დიდი ზარალის მომტანი იქნება.

რუსთავი. 20 მარტი
რუსთავი. 20 მარტი

„ათიათასობით კრედიტი გვაქვს აღებული, ისედაც ზარალზე ვმუშაობთ“, განაცხადა ბაზრის დირექტორმა.

ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რუსთავში სპეციალური მობილური ჯგუფი აწარმოებს ყველა სავაჭრო ობიექტის აღრიცხვას, თუ ვინ ასრულებს ან არ ასრულებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სტატისტიკა დღის ბოლოსთვის ექნებათ. ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ ობიექტები ეტაპობრივად დაიხურება. მობილურ ჯგუფში შედიან შემოსავლების სამსახურის, ასევე რუსთავის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG