Accessibility links

„რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტმა ნიადაგი კახეთშიც მოსინჯა


ვლადიმერ ხომერიკი

შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების შემდეგ, პრორუსული ორგანიზაციის დაფუძნების ხელშეწყობა კახეთში გადაწყვიტა „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტმა, ბათუმში დაბადებულმა ვლადიმერ ხომერიკმა, რომელიც დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს და იქაურ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირადაა მიჩნეული.

„29 იანვარს ქალაქ ლაგოდეხში საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩამოყალიბდა ორგანიზაცია სახალხო დიპლომატია მშვიდობიანი თანაარსებობისათვის“, - ამ შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს ინტერნეტგამოცემა tvalsazrisi.ge, რომელიც ხშირად დადებით კონტექსტში აშუქებს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. შეკრებაზე ვლადიმერ ხომერიკიც იმყოფებოდა. ამავე საიტზე გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ხომერიკი ქართულ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და მათ მტრებს უწოდებს: საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომელთაც მეც უნდა დამიცვან, პირდაპირ გამოვიდნენ და თქვეს, რომ მე არ უნდა შემომიშვან საქართველოში. მაგრამ თქვენ ალბათ ნახეთ, მთავრობისგან რა ჯანსაღი რეაქცია იყო. მთავრობას მშვენივრად ესმის, მე რასაც ვაკეთებ. მე ცუდს რომ ვაკეთებდე, საქართველოში მართლა არ შემომიშვებდნენ. მე რასაც ვაკეთებ, ეს არის სიკეთე მთავრობისთვისაც და ხალხისთვისაც“.

როგორც გავარკვიეთ, ვლადიმერ ხომერიკი 10-მდე ადამიანს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში, ერთ-ერთ ოჯახში შეხვდა და მათი აზრი გაიგო იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ რუსეთზე და საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებულ ვითარებაზე.

ოლეგ ხარაული
ოლეგ ხარაული

ოლეგ ხარაული, რომელიც რუსეთიდან ნინიგორში საცხოვრებლად 6 თვის წინ გადავიდა, ამბობს, რომ ხომერიკი მისი ახლობელია და სრულად იზიარებს მის მიერ გაცხადებულ მიზნებს. ხარაულის თქმით, მართალია, ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“ ოფიციალურად ჯერ არ დაფუძნებულა, მომავალში კი, მასთან თანამშრომლობას აპირებს. ოლეგ ხარაული იმასაც გვეუბნება, რომ სამაჩაბლოდან დევნილია და, პირველ ყოვლისა, იმისთვის იმუშავებს, რომ საკუთარ სახლში დაბრუნდეს: ხომერიკის მთავარი თემა რა არის? ის დადის რუსეთში და სხვადასხვა ქვეყნებში, აყალიბებს ქართული კულტურის ცენტრს. მას უნდა, რომ თავისი მოღვაწეობით წარმოაჩინოს ჩვენი ერის კულტურა. ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. როდესაც სიტუაცია მწვავდება და ადამიანი ადამიანს ეჩხუბება, უკან დასაბრუნებელიც უნდა იყოს და ეს კაცი არის დასაბრუნებელი გზა. თუ ჩვენ რუსეთთან მოგვიწევს საუბარი, მინდა მათ რაღაცნაირად რბილად და მოთმინებით ვესაუბრო, რათა რაც წამართვეს, იქნებ დაგვიბრუნოს“.

გიორგი ღამბაშიძე
გიორგი ღამბაშიძე

საქართველო რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ვინც მსგავს ორგანიზაციაში გაწევრიანდება, ან მოღალატეა, ან გაუნათლებელი, ან უსაქმური, - გვეუბნება პარტია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ღამბაშიძე. ის არ გამორიცხავს, რომ საქმე გვაქვს მორიგ პროვოკაციასთან, ამიტომ კარგი იქნება, თუ ვლადიმერ ხომერიკის მიზნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის: თუ რუსეთს რაიმე უნდა ჩვენს სახელმწიფოსთან მოსალაპარაკებელი, ამისთვის არსებობს ხელისუფლება აქაც და იქაც“.

გიორგი ენუქიძე
გიორგი ენუქიძე

პრორუსული ჯგუფების გააქტიურებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აბრალებს ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ენუქიძე, თუმცა, ფიქრობს, რომ მსგავს ორგანიზაციებს მომავალი არ აქვთ, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა: მსგავსი ჯგუფების გააქტიურება პირდაპირი შედეგიაქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის, რომელმაც მოიტანა მცოცავი ოკუპაცია, „გავრილოვის ღამე“ და პრობლემები დასავლეთთან ურთიერთობაში. საფრთხე შეიძლება იყოს ის, რომ გაძლიერდეს საქართველოში რუსეთის ინტერესები და მისი ჰიბრიდული ომი დასავლური სამყაროს და ჩვენი თავისუფლების იდეის წინააღმდეგ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ საფრთხეებს არ აქვს ის მასშტაბი, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთიან ინტერესს წინ აღუდგეს“.

ლაგოდეხში ყოფნისას ვლადიმერ ხომერიკმა თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერთა ორგანიზაციის დაფუძნება თელავშიც იგეგმება.

თელავის „დემოკრატიის სკოლის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე ამბობს, რომ პრორუსული ორგანიზაციები ქვეყნისთვის საფრთხეა და მათ წინააღმდეგობა სახელმწიფოსთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებამაც უნდა გაუწიოს: „დღეს ქვეყანა იმყოფება რუსეთთან, ფაქტობრივად, ომში. ეს არის როგორც ჰიბრიდული, ასევე საინფორმაციო ომი. მსგავსი ორგანიზაციები სწორედ ამ საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელიც საქართველოში ავრცელებს რუსული პროპაგანდისათვის მისაღებ ინფორმაციას. საქართველოს კანონმდებლობით არ იკრძალება არანაირი ორგანიზაცია, თუ ის არ არის ფაშისტური, შოვინისტური და კომუნისტურ სიმბოლიკას არ შეიცავს. ამიტომ, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა არ მოხდეს მსგავსი ორგანიზაციების პოპულარიზაცია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG