17 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა სანქტ-პეტერბურგიდან სოხუმში - თვითმფრინავი სოხუმში ერთი წლის წინ უკანონოდ ამოქმედებულმა აეროპორტმა მიიღო.
“აფხაზეთი უფრო დაგვიახლოვდა”, "სოხუმი გელოდებათ" - წერს რუსეთის მედია.
წერენ ასევე, რომ 100%-ით სავსე იყო Nordwind Airlines-ის ბოინგი, რომელმაც, 17 ივლისს, პულკოვოს აეროპორტიდან სოხუმისკენ აიღო გეზი. ამიერიდან ეს ფრენაც რეგულარული იქნება - ორშაბათს და პარასკევს. თვითმფრინავში 189 მგზავრი ეტევა. ფრენის ხანგრძლივობა 4 საათი და 35 წუთია.
“ახალი მარშრუტი პეტერბურგელ ტურისტებს აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროსთან პირდაპირი წვდომის შესაძლებლობას აძლევს“, - წერს „ფედერალ პრესი“.
მანამდე, 9 ივლისს, გავრცელდა ცნობა - ავიაკომპანია «Руслайн»-ის მიერ შესრულებული პირველი ავიარეისის შესახებ ორენბურგიდან [სამხრეთ ურალისპირეთი] სოხუმში. განრიგის თანახმად, ეს რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება 50-ადგილიანი Bombardier-ით.
ამ ეტაპზე, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში არაერთი ავიარეისი სრულდება: მოსკოვიდან, ყაზანიდან, ნოვგოროდიდან, უფადან თუ ნალჩიკიდან.
მომავალში განრიგის კიდევ უფრო გაფართოებას ელოდებიან.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ავიარეისების განრიგის გაფართოებასთან დაკავშირებით, თბილისს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლებამ კომენტარისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა - პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
2026 წლის აპრილში, პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულმა მაკა ბოჭორიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ - სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას 2025 წლის 20 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა "სადაც აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ფრენები უკანონო და ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით".
- რეგულარული სამგზავრო ავიამიმოსვლა რუსეთმა ოკუპირებულ სოხუმში 2025 წლის 1 მაისიდან დაიწყო. თვითმფრინავები სხდებიან სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტში, რომელიც 1950-იან წლებში ააშენეს, მაგრამ 1993 წლიდან დახურული იყო, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების კვალდაკვალ.
- საქართველოს ხელისუფლების მიმართვის საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სოხუმის აეროპორტის კოდი ანულირებული აქვს. თუმცა მას კოდი თავად რუსეთმა მიანიჭა და ფრენებიც მხოლოდ რუსეთის ქალაქების მიმართულებით დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიების მიერ ხორციელდება.
რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის თანახმად, Nordwind Airlines-ის ავიარეისების დამატება, სოხუმის აეროპორტში რუსი ტურისტების ნაკადს, სულ მცირე, მეოთხედით გაზრდის; ხოლო საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვანი გაფართოება აფხაზეთს 85%-მდე ახალ ავიატურისტს შესძენს.
რეისების მომრავლების მიუხედავად, საავიაციო ტრანსპორტს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების მიღების არა ძირითად საშუალებად თვლიან. მას შემდეგ, რაც, უკრაინული დრონების შეტევების გამო, მუშაობის გაჩერება საკმაოდ ხშირად უწევს - სოჭის აეროპორტს, ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტებს ძირითადად სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით ჩადიან. თუმცა შემაფერხებელი ფაქტორები აქაც არის.
ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემსვლელებს გრძელ რიგებშიც უწევთ დგომა, ავტომობილებში გაგრილების სისტემის გარეშე, რადგან კონდიციონერებს საწვავი სჭირდება - ბენზინის მოხმარება კი, ისევ უკრაინული დრონების მიერ გამოწვეული დეფიციტის გამო - რუსეთის მოქალაქეებს მომჭირნედ უწევთ.
„კონდიციონერის გამორთვა გვიწევს, რადგან საწვავის მხრივ პრობლემაა, და მცხუნვარე მზის ქვეშ, სიცხეში გვიწევს დგომა“, - ეუბნებიან დაღლილი მძღოლები “Осторожно, новости”-ს. ისინი ვარაუდობენ, რომ საცობებს ე.წ. საზღვარზე თანამშრომელთა ნაკლებობა განაპირობებს.
გამოცემის თანახმად, მძღოლები ერთმანეთში ჩხუბობენ, როცა ვინმე ურიგოდ ცდილობს გაძრომას.
რუსეთის მედია აღნიშნავს, რომ გარანტირებული სიმშვიდე ტურისტებს არც აფხაზეთში აქვთ. „თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ახლა აფხაზეთში დრონების საფრთხეა გამოცხადებული“ - წერდა 11 ივლისს “Осторожно, новости”.
დაცარიელებული ყირიმის ხარჯზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, რუსი ტურისტების მოთხოვნის ზრდას არაერთი რუსი ტუროპერატორი აღნიშნავს. კომპანია „მულტიტურის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ევგენია კიზეიმ ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს შენიშნა ტენდენცია, რომ - ყირიმის მიმართულებიდან ჯავშნების გადატანა ოკუპირებული აფხაზეთის კურორტებისკენ ხდება.
რუსულენოვან წყაროებში ვხვდებით, ოკუპირებული აფხაზეთისკენ რუსი ტურისტების ნაკადის ზრდის კიდევ ერთ მიზეზს და ეს - უკრაინასთან ომის ფონზე, რუსეთის მოქალაქეების ეკონომიკურ შესაძლებლობების გაუარესებაა. აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის იაფია, მიუხედავად იმისა, რომ - მუდმივად უჩივიან ცუდ მომსახურებასა თუ კრიმინალს.
2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთში მუშაობა შეწყვიტა ტურიზმზე სპეციალიზებულმა 2.7-მა ათასმა ორგანიზაციამ - 52.3%-ით მეტმა, ვიდრე წინა წელს. ამ მონაცემებს "კომერსანტი" "კონტურ.ფოკუსზე" დაყრდნობით ავრცელებს.
ტურიზმის ბაზარზე ვარდნა წლის დასაწყისიდანვე შეიმჩნეოდა, ხოლო გაზაფხულზე სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა - სოჭის აეროპორტის ხშირი დაკეტვისა და ანექსირებულ ყირიმში საწვავისა თუ სხვა პრობლემების გამო.
"კომერსანტის თანახმად, ახლო აღმოსავლეთის [ომის გამო] ჩაკეტვის გამო, ტუროპერატორებსა და აგენტებს კლიენტებისთვის გაყიდული ტურების საფასურის დაბრუნება მოუწიათ; ჯამში, ეს თანხა 19 მილიარდზე მეტ რუბლს შეადგენდა [დაახლოებით 243 მილიონი დოლარი]. "მოგვიანებით, პრობლემად იქცა უკვე სოჭსა და ყირიმში გაუქმებული მოგზაურობების თანხების დაბრუნებაც", - წერს გამოცემა.
ფორუმი