Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ჰაკერის საქმე: საქართველოს ხელისუფლება ჩქარობს?


რუსეთში მოუთმენლად ელოდებიან 28 წლის იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან ექსტრადიციას. პირველი რეალური ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კიბერთაღლითობისა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობის გარდა, სუმბაევს რუსეთში გახმაურებულ მკვლელობასაც უკავშირებენ.

დაკავებულის ქართველი ადვოკატი ივანე ნორაკიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სუმბაევზე რუსეთის ხელისუფლებამ მისი განსაკუთრებული ნიჭის გამო დაიწყო ნადირობა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ზეწოლას ემორჩილება. რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში სუმბაევს მძიმე ბედი ელოდება.

ექსტრადიციაზე დარდი გლდანის საპატიმროში

ადვოკატმა, ივანე ნორაკიძემ იაროსლავ სუმბაევი 29 მაისსაც მოინახულა, გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში - „თავს ნორმალურად გრძნობს, მაგრამ დიდი დარდი აქვს, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთში“.

  • ის რუსეთში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება;
  • გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმისთვისაც გაასამართლებენ.

„მისი დედაც ჰყავდათ დაკავებული მოგონილი ბრალდებით (ქრთამის აღება)... სასამართლომ ქალი გაამტყუნა, ჯარიმა დააკისრა და მერე ისევ იმ სამსახურში დააბრუნეს („როსკომნადზორში“) - ესეც მეტყველებს, რომ ბრალდება მოგონილი იყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ივანე ნორაკიძე.

  • დედა (ოლგა სუმბაევა) დააკავეს იმის გამო, რომ მას შვილის ადგილსამყოფელი გაეთქვა;
  • ასევე, მას მიეცა მამხილებელი ჩვენება შვილის წინააღმდეგ გამომძიებელ შიშკინას მკვლელობის საქმეში.

ასტრახანის მკვიდრი იაროსლავ სუმბაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის 5 ნოემბერს, თბილისში დააკავეს - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით.

შემდეგ გაირკვა, რომ 28 წლის სუმბაევი რუსეთის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა - კიბერთაღლითობის არაერთი ფაქტისა და ჰაკერების დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით.

სწორედ ამ საქმეს იძიებდა ევგენია შიშკინა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში, მოსკოვის მახლობლად, საკუთარ სახლთან მოკლეს. არაოფიციალური ვერსიით, სუმბაევი ამ საქმის მთავარ დამკვეთად ითვლება.

ის თავს უდანაშაულოდ თვლის და მის უდანაშაულობაში ეჭვი არც ადვოკატს ეპარება.

„რუსეთში მიმდინარე გამოძიებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია სუმბაევის ბრალის დასადასტურებლად შიშკინას მკვლელობის საქმეში. მაგრამ ექსტრადიციას თუკი მოახერხებენ, დარწმუნებული ვარ, საშინელი მეთოდების გამოყენებით მეორე დღესვე მოიპოვებენ აღიარებით ჩვენებას მისგან“.

სწორედ შიშკინას მკვლელობის აღიარებას მოითხოვენ კიბერთაღლითობის საქმეზე ამჟამად დაკავებული სამი პირისაგანაც. ისინი ჯერ კიდევ 2014 წელს დააკავეს, მაგრამ ბრალს არ აღიარებენ.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, მაქსიმ მატიუშევის ადვოკატი ნიკოლაი არშინოვი ეუბნება რუსეთის მედიას, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ძლიერი და აქტიური წნეხია, რომ აღიაროს მონაწილეობა გამომძიებელი ქალის მკვლელობაში.

გამომძიებელ შიშკინას მკვლელობა

თუკი რუსულენოვან მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ რუსეთში მიმდინარე გამოძიება ქალის მკვლელობის საქმეში სწორედ სუმბაევს ადანაშაულებს.

2018 წლის მარტში რუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს ორი პირი - მკვლელობის უშუალო შემსრულებელი და შუამავალი, რომლებსაც გამოძიების ჯერჯერობით არაოფიციალური ვერსიის თანახმად, მკვლელობა სუმბაევმა მილიონი რუბლის სანაცვლოდ დაუკვეთა.

  • სუმბაევმა ინტერნეტის დახურული არხებით (DarkNet) მოძებნა სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები არასრულწლოვანი - სერგეი (სახელი შეცვლილია) და მას „ცუდი ქალის“ მოკვლა დაუკვეთა;
  • არასრულწლოვან სერგეის შეეშინდა, რომ მშობლები არ გაუშვებდნენ მოსკოვში და მკვლელობის დაკვეთა მეგობარს, 19 წლის აბდულაზიზ აბდულაზიზოვს გადასცა;​
  • აბდულაზიზი გამომძიებელ შიშკინას სახლთან ახლოს სასტუმროში დასახლდა;
  • პირველ ჯერზე მკვლელობა არ გამოუვიდა, რადგან გამომძიებელი ქალი მეუღლესთან ერთად გამოვიდა სახლიდან;​
  • შიშკინა აბდულაზიზოვმა 2018 წლის 10 ოქტომბერს, დილით ადრე, საკუთარ სახლთან მოკლა;
  • მკვლელობის მცდელობა იყო 2018 წლის 14 იანვარსაც - მკვლელმა მისი ავტომობილი დაწვა, რომ ქალი სახლიდან ამ მიზეზით გამოეტყუებინა, მაგრამ ის მაშინ სახლიდან არ გამოვიდა და ისე დაურეკა პოლიციას.

რატომ არ დაუნიშნა დაცვა რუსეთის ხელისუფლებამ გამომძიებელ შიშკინას?

ეს არის შეკითხვა, რომელსაც სუმბაევის ქართველი ადვოკატი ივანე ნორაკიძე სვამს. შეკითხვა რიტორიკულია, რადგან ნორაკიძის თქმით, შიშკინა სხვა საქმეებსაც იძიებდა და მათ შორის იყო ხელისუფლების ინტერესებთან დაახლოვებული ოლიგარქების საქმეც, რაც ასევე რკინიგზის გავლით ფულის გათეთრებას უკავშირდებოდა.

როგორც რუსულენოვან მედიას ეუბნება სუმბაევის რუსი ადვოკატი ნიკოლაი არშინოვი, სუმბაევს მკვლელობის დაკვეთის მოტივიც არ ჰქონდა, რადგან გამომძიებელ შიშკინას საქმის მასალები უკვე გადაცემული ჰქონდა სასამართლოსთვის და მისი მკვლელობით ვეღარაფერი შეიცვლებოდა.

განსაკუთრებული ნიჭისთვის ნადირობენ სუმბაევზე?

იაროსლავ სუმბაევი თავისი საქმის უბადლო სპეციალისტია, სწორედ ამის გამო ამოიღო ის მიზანში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ), - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი ნორაკიძე.

  • რუსეთში ის საინფორმაციო ტექნოლოგიების უძლიერესი სპეციალისტების პირველ სამეულში შედის;​
  • სუმბაევი იყო არაერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიის კონტრაქტორი, რომელთაგანაც იღებდა მსხვილ შეკვეთებსა და დიდ ფულს.

ადვოკატის მონათხრობით, ФСБ-ს წარმომადგენლები თავად მივიდნენ სუმბაევთან, უთხრეს, რომ იციან მისი უნიკალური შესაძლებლობების შესახებ და შესთავაზეს მას - ემუშავა სპეციალურ დეპარტამენტში, რომელიც რეალურად კიბერშპიონაჟს ეწევა დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ.

„სთხოვდნენ, რომ ჩართულიყო დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ეკონომიკური სისტემების თვალთვალის პროცესში. მაგრამ სუმბაევმა უარი უთხრა, რადგან არც შემოსავლები აკლდა, არც დამკვეთები და თავისუფლად ყოფნა უნდოდა. სწორედ ამ უარს მოჰყვა მთელი ის უბედურება, რაც დღემდე გრძელდება“.

აღიარებს თუ არა სუმბაევი ბრალს კიბერთაღლითობასთან და ჰაკერულ ძარცვასთან დაკავშირებით?

როგორც მისმა ყოფილმა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა BBC-ის, სუმბაევი კიბერდანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა, კატეგორიულად უარყოფს კავშირს გამომძიებლის მკვლელობასთან. ადვოკატ ნორაკიძის თქმით კი:

„მის მიმართ კომპიუტერულ სისტემებთან და ჰაკერობასთან დაკავშირებული ბრალდება რომ არსებობს, შეიძლება ლოგიკური იყოს, მაგრამ არ არსებობს ბრალდებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები“.

ადვოკატი ამბობს, რომ:

  • ბრალდების შესახებ დადგენილებაში წერია: სუმბაევმა დაუდგენელ პირებთან ერთად, დაუდგენელ ვითარებაში და დაუდგენელ დროს შექმნა დანაშაულებრივი დაჯგუფება;
  • და ამ დაჯგუფებამ რუსეთის რკინიგზიდან შეძლო ბილეთების თანხის - 300 ათასი დოლარის მითვისება (კონკრეტულად რა როდის მოხდა, არ არის მითითებული).

ამასთან, მის თანამზრახველად აღიარებული პირები 2014 წელს დააკავეს, სუმბაევის ძებნა კი წლების შემდეგ დაიწყო და ახლა მისი დაკავშირება სწორედ გამომძიებელ შიშკინას მკვლელობის საქმესთან სურთ, რადგან ეს უმძიმესი დანაშაულია.

საქართველოს ხელისუფლება ექსტრადირებას ჩქარობს?

რუსეთში მოლოდინი დიდია, რომ ქართული მხარე მოახდენს იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციას.

პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: საქართველოს პროკურატურამ მოამზადა საექსტრადიციო დოკუმენტაცია, ხოლო 2019 წლის 1 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „დასაშვებად ცნო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში“.

„სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის შუამდგომლობა, იაროსლავ სუმბაევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ ქურდობის და რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით დანაშაულებრივი საზოგადოების/ორგანიზაციის შექმნის, და ასეთი საზოგადოების/ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდების საქმეზე“, - წერია სასამართლოს განცხადებაში.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, თუ რის საფუძველზე ჩათვალა პროკურატურამ დასაშვებად სუმბაევის რუსეთში ექსტრადიცია და გაითვალისწინა თუ არა საფრთხე, რომელიც დაკავებულს სავარაუდოდ ელოდება. თუმცა ინფორმაცია პროკურატურისგან ვერ მივიღეთ.

„გადაწყვეტილება ძირითადად ეყრდნობა რუსეთის მიერ გაცემულ გარანტიას“, - ამბობს ადვოკატი, რომლისთვისაც თვალშისაცემია ქართული მხარის დაჩქარებული ტემპები.

  • სხვა საექსტრადიციო საქმეებიც ყოფილა ჩემს პრაქტიკაში, მაგრამ სასამართლოს ასე სწრაფად არასოდეს მიუღია ექსტრადიციის გადაწყვეტილება;
  • პროკურატურამაც იჩქარა და სასამართლომაც... როგორც ჩანს, რუსეთიდან არის ძალიან დიდი ზეწოლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატმა უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა.

ივანე ნორაკიძე ამბობს, რომ უკვე პარასკევისთვის (31 მაისი) დაინიშნა დასკვნითი სხდომა და სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სხდომაზე გამოცხადდება - „არ გვაქვს კარგის მოლოდინი“.

სასამართლოს შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თუმცა მზადყოფნაც რომ იყოს, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციას მაინც შეყოვნდება.

  • იაროსლავ სუმბაევმა, რომელიც თბილისში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა, ერთი უარი უკვე მიიღო საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნაზე;
  • ადვოკატმა ეს საკითხიც გაასაჩივრა და საბოლოო პასუხის მიღებამდე ვერ მოხდება დაკავებულის ექსტრადიცია.

ივანე ნორაკიძე ვარაუდობს, რომ თავშესაფრის საკითხის განხილვა ერთ თვეს მაინც გასტანს, რადგან პირველი ინსტანციის უარის შემთხვევაში, ის სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG