Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ანბანის პოპულარიზაცია კახეთში - ადგილობრივი მცხოვრებნი ატრაქციონის გადაღებვას ითხოვენ


საბავშვო გასართობი კომპლექსი, რომელიც ლაგოდეხის მერიამ 87 ათას ლარად იყიდა, რუსული ანბანით არის გაფორმებული.

კომპლექსი რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ჩუვაშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშია დამზადებული. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი მერიას მოუწოდებს რუსულის ნაცვლად ქართული ანბანის პოპულარიზაცია მოახდინოს. როგორ მოხვდა რუსული წარმოების ატრაქციონი კახეთში და ხედავს თუ არა პრობლემას ლაგოდეხის მერი?

ლაგოდეხში, რანის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში ბავშვებისთვის დამონტაჟებული საბავშვო გასართობი კომპლექსი ადგილობრივთა ნაწილის პროტესტის მიზეზი გახდა. საქმე ეხება კომპლექსზე განთავსებულ წარწერებს, კონკრეტულად კი, რუსულ ანბანს, რომელიც კომპლექსის რამდენიმე ადგილზე გვხვდება.

ქრისტიანა გრიგორიანი
ქრისტიანა გრიგორიანი

ადგილობრივი ქრისტიანა გრიგორიანი ფიქრობს, რომ, სულ ცოტა, უხერხულია, როცა საქართველო ოკუპანტი ქვეყნის ანბანის პოპულარიზაციას ეწევა. მისთვის ასევე მიუღებელია ისიც, რომ გასართობი კომპლექსი რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ჩუვაშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშია დამზადებული, იმ დროს როცა საქართველოშიც შესაძლებელია მსგავსი კონსტრუქციები შეიქმნას.

„როდესაც საქართველოში ვცხოვრობთ, ბავშვებს, პირველ რიგში, ჩვენივე ენა უნდა ვასწავლოთ, მით უმეტეს მაშინ, როცა რუსეთთან არ გვაქვს კარგი ურთიერთობა! გარდა იმისა, რომ რუსული ანბანია გამოსახული, გავარკვიე, რომ ატრაქციონი არის შეკვეთილი რუსეთში. როდესაც ქართულ წარმოებას ძალიან უჭირს, ჩვენი სახელმწიფო რუსულ ბიზნესს არ უნდა უხდიდეს ფულს. საქართველოშიც შეეძლოთ ეპოვათ ხალხი, ვინც ამაზე უფრო უკეთეს, ქართული წარმოების საბავშვო მოედანს მოაწყობდა და, რაც მთავარია, ჩვენს ბავშვებს შევასწავლიდით ქართულს და არა ოკუპანტი ქვეყნის ანბანს. ამ ვითარებაში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება, თუ ამ ყველაფერს გადაღებავენ და ქართულ სტილში მოაწყობენ“, - განაცხადა ქრისტიანა გრიგორიანმა.

ვალერი ოღიაშვილი
ვალერი ოღიაშვილი

კიდევ ერთ ადგილობრივს, ვალერი ოღიაშვილს, უკვირს, როგორ მოხვდა რუსეთის ტერიტორიაზე დამზადებული ატრაქციონი საქართველოში მაშინ, როცა ორ ქვეყანას შორის არ არსებობს პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობა. ოღიაშვილი ფიქრობს, რომ, მრავალწლიანი ოპკუპაციისა და საოკუპაციო ჯარების მიერ ყოველღიურად საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფონზე, რუსული პროდუქცია ქვეყანაში საერთოდ არ უნდა შემოდიოდეს. მისი აზრით, საზოგადოების პროტესტის ფონზე, მერიამ საბავშვო გასართობი კომპლექსი უნდა შეღებოს და მასზე, რუსულის ნაცვლად, ქართული ანბანი განათავსოს:

„ამ დაძაბულ მომენტში, როდესაც თითქმის ყოველდღიურად ქართული ტერიტორიის ნაწილი ექცევა ე. წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში, როცა მდინარე ენგურზე იტაცებენ ადამიანებს, აქ, ლაგოდეხში, მიდის რუსული ანბანის პროპაგანდა და ეს მე, როგორც მოქალაქეს, არ მიმაჩნია სწორად. ახლა ამის დემონტაჟი ან ახლით შეცვლა, ალბათ, კვლავ თანხებთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ ვთვლი, რომ უნდა გადაიღებოს და დაეწეროს ქართული ანბანი. ძალიან კარგი იქნება, თუ წარწერები გაკეთდება ძველი ქართულით - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობით. ეს კარგი იდეაა და ვფიქრობ, რომ მერიაც თანახმა უნდა იყოს ამ შეთავაზებაზე“.

ლაგოდეხში საბავშვო გასართობი კომპლექსი 2019 წლის მიწურულს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეო პარკმა“ დაამონტაჟა. ტენდერი მერიამ გამოაცხადა. ატრაქციონის შეძენა და დამონტაჟება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს 87 ათას ლარამდე დაუჯდა. ჩვენ კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ისინი მედიასთან კონტაქტზე არ გამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიას მსგავი სახის სამუშაოები შესრულებული აქვს საქართველოს არაერთ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ბაკურიანში და ქუთაიში.

ჯონდო მდივნიშვილი
ჯონდო მდივნიშვილი

ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, ამბობს, რომ ატრაქციონზე რუსული ანბანის განთავსება მას ისეთი მნიშვნელობის პრობლემად არ მიაჩნია, როგორადაც საზოგადოების ნაწილი აღიქვამს. მერის აზრით, სკვერში დამონტაჟებული ატრაქციონი ხარისხიანია, ბაშვები კმაყოფილი არიან და რუსული ანბანის ქართულით შეცვლის მოთხოვნით პირადად მისთვის არავის მიუმართავს:

ყველაფერი არის იდეალურად და წესიერად. შესრულებულ სამუშაოებზე ნაკლოვანებები არ აღმოგვიჩენია. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ პრობლემას ისეთი ფორმით და ისეთი დოზით, როგორც ეს მუსირებს. მე რუსულს, ინგლისურს და ნებისმიერ სხვა ენას ქართული, მშობლიური მირჩევნია, მაგრამ ეს არის წარმოებული, ალბათ, იმ ქვეყანაში, საიდანაც არის. ხლა არ მინდა ატრაქციონების თემის გამო გადავიდეთ პოლიტიკურ ჭრილში. მე შევეცდები გავითვალისწინო საზოგადოების წუხილი. შევხედავ, შევისწავლი, რა საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგია ის, რაც არის ამწუთას“.

გაითვალისწინებს თუ არა ლაგოდეხის მერია საზოგადოების ნაწილის წუხილს და შეცვლის თუ არა საბავშვო ატრაქციონზე რუსულ ანბანს ქართულით, ეს მომავალში გახდება ცნობილი. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ თუკი მერია ამის გასაკეთებლად დროს და ფინანსებს ვერ გამონახავს, მზად არიან მერიის ნებართვით სამუშაოები თავადვე შეასრულონ და რუსული ანბანი ქართულით შეცვალონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG