Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისთვის ჩამოსხმული ქართული ღვინის პერსპექტივა - ყველაზე დიდი და არასაიმედო ბაზარი ისევ იცვლება


საქსტატის მონაცემებით, იანვარში საზღვარგარეთ გატანილი ქართული ღვინის 74% რუსეთში გაიყიდა.

რუსეთი ღვინოზე აქციზს ასამმაგებს. ქართული ღვინის ამ ყველაზე დიდ ბაზარზე მომხდარი ცვლილება, ერთი მხრივ, მოთხოვნის შემცირების მიზეზი ხდება, მეორე მხრივ კი - სტიმული ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე ყველაზე იაფი და უხარისხო ქართული პროდუქცია იყიდება.

თუ დღეს რუსეთში ყოველ გაყიდულ ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი 34 რუბლია [თითქმის 1 ლარი], მაისიდან 108 რუბლი [3 ლარი] ხდება. აქციზი ოთხ-ოთხი რუბლით მოიმატებს მომდევნო წლებშიც.

2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის გაიხსნა, ის ამ პროდუქტის მთავარი მომხმარებელი გახდა. ბოლო წლებში, მათ შორის უკრაინის ბაზრის თითქმის დაკარგვის შემდეგ, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა და 61-65%-ს შორის მერყეობს.

„ეს არის ბაზარი, სადაც ყველაზე კარგად იცნობენ და ადვილად ყიდულობენ ქართულ ღვინოს. წლებია საჭირო, სხვა ბაზრებზე ასეთივე პოპულარული რომ გახდე“, - ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ამატებს, რომ აქციზის ზრდა რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტს შეამცირებს, - ეს შემცირება „გრანდიოზული“ არ იქნება, მაგრამ [ექსპორტს] უნდა დაეტყოს“.

აქციზი რომ იზრდებოდა, ქართულმა კომპანიებმა 2023 წლის ბოლოს უკვე იცოდნენ და ახლა ქართველი მეღვინეები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ღვინის შეტანა მოასწრონ რუსულ ბაზარზე აქციზის აწევამდე. მათ შორისაა კომპანია „ასკანელიც“, რომელიც წარმოებული ღვინის დიდ ნაწილს, დაახლოებით 70%-ს, რუსეთში ყიდის.

„ახლა იტვირთება ეს ღვინო და მაისამდე უნდა შევიდეს და განბაჟდეს. შემდეგ ალბათ ტემპი “დავარდება”. ახლა ჩივიან, რომ რუსული ბაზრის წილი [2024 წლის] პირველი ორ თვეში 80% გახდა, ეს დროებითია. ყველა მსხვილი რუსი შემსყიდველი ახლა ცდილობს, სანამ განაკვეთი გაზრდილა, მეტი წაიღოს“, - ამბობს კომპანიის დირექტორი ირაკლი უგლავა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში საზღვარგარეთ გატანილი ქართული ღვინის 74% რუსეთში გაიყიდა.

ბოლო წლებში რუსეთში ღვინის გაყიდვების ზრდას ხელი იმანაც შეუწყო, რომ რუსეთმა ევროპულ კომპანიებს განსაკუთრებულად დიდი აქციზი დაუწესა. ამან ქართულ ღვინოზე, რომელსაც „არამეგობრული ქვეყნების“ მიმართ გატარებული ზომები არ შეხებია, მოთხოვნა გაზარდა.

„მათთან [ევროპელებთან - რ.თ.] შედარებით პრეფერენცირებულ რეჟიმში [შეღავათიანი - რ.თ.] ვიყავით და ვანაცვლებდით მათ პროდუქტს. იტალიურს, ესპანურს, ფრანგულს... რუსულ ბაზარზე ამიტომ იყო ზრდა. ახლა აქციზის მატება, ჩვენი მოლოდინით, მოხმარებაზე აისახება, რადგან დახლზე ღვინის ფასი 15-20%-მდე იზდება. ადამიანების გარკვეული კატეგორია ალბათ წავა შედარებით იაფი სასმელისკენ, როგორიცაა არაყი ან ლუდი“, - ამბობს „ასკანელის“დირექტორი.

აქციზის მატებაზე მეტად ქართული ღვინის გასაღებაზე რუსეთში შესაძლოა შეღავათების მოხსნამ იმოქმედოს. ქართული პროდუქტისთვის „პრეფერენცირებული რეჟიმის“ გაუქმებას რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია მოითხოვს, რადგან ქართველ იმპორტიორებს იგივე პირობები აქვთ, რაც ადგილობრივ რუს მეწარმეებს.

„კრიტიკული შეფასებებიც იყო ექსპერტებისგან, რომ ამის გაკეთება არაფრით შეიძლება. რამდენადაც ვიცი, ოფიციალურ დონეზე ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა და იმედი მაქვს, არ გადაიდგმება. ბატონი გიორგი ქაჯაია [რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის ახალი მრჩეველი - რ.თ.], ალბათ, გააგრძელებს ყურადღებით ამ თემაზე მუშაობას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის უკვე ყოფილი მრჩეველი ზურაბ აბაშიძე.

სად და რამდენ ღვინოს ყიდის საქართველო


2023 წელს საქართველომ ჯამში 259 მლნ დოლარის ღვინო გაყიდა, თითქმის 3%-ით მეტი წინა წელთან შედარებით.

გაზრდილ შემოსავლებს ღვინის ეროვნული სააგენტო საზღვარგარეთ გაძვირებული ქართული ღვინით ხსნის. თუ 2022 წელს ერთი ლიტრი ქართული ღვინო საშუალოდ 2.48 დოლარად იყიდებოდა, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარამდე გაიზარდა.

„ასკანელი“ რუსეთში ღვინოს საშუალოდ 2 დოლარად და 80 ცენტად ყიდის.

„დამიჯერეთ, ეს დაბალი არ არის. თან ჩვენ აქ ადგილზე ვყიდით. ქარხნის ფასია, ტრანსპორტირება და იქ დაბეგვრის რეჟიმები მათზეა. ქართული კომპანიების უმრავლესობა ამ სქემით მუშაობს. დახლზე უკვე გაცილებით ძვირია, 5-6 დოლარის ზემოთ. ძვირ ღვინოსაც ვტვირთავთ, რომლის ფასიც 10 დოლარამდეც ადის, მაგრამ უფრო მეტად დაბალფასიანი პროდუქტები იყიდება“, - ამბობს ირაკლი უგლავა.

მრავალი წელია მთავრობა აცხადებს, რომ ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს, რაც ნიშნავს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებას და ევროპის, აშშ-ის, ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების ზრდის. მაგრამ, შარშანდელი მონაცემებით, ქართული ღვინის მხოლოდ 12% გაიყიდა ევროკავშირში.

რუსეთის ბაზარზე 65%-იანი დამოკიდებულება რომ ღვინის ინდუსტრიისთვის საფრთხეა, ამას 2006-2012 წლების გამოცდილებაც ადასტურებს. სანიტარიული ნორმების მიზეზით მიღებული გადაწყვეტილების უკან საქართველოში რუსი ჯაშუშების დაკავება იდგა. ამის გამო რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი აიკრძალა და ემბარგო 7 წლის განმავლობაში გაგრძელდა. ემბარგო ღვინის ექსპორტზე მალევე აისახა და შემოსავალი 41 მლნ დოლარიდან 29 მლნ დოლარამდე შემცირდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ლევან მეხუზლა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წელს ბიუჯეტიდან ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე 16 მლნ ლარი დაიხარჯება.

„ღვინის ეროვნული სააგენტო ერთ თეთრს არ ხარჯავს ჩვენი ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ყველა რესურსი გვაქვს მიმართული იმისკენ, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მოხდეს და ყველა ქმედება მიმართულია ჩვენთვის სტრატეგიული ბაზრებისკენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა. გაცხადებული გვქონდა და გვინდოდა, რომ 2030 წლისთვის ერთი კონკრეტული ბაზრის [რუსეთი] წილი 40%-ს ჩამოცილებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, მას მერე იყო კოვიდპანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი, ეს ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა. ვიმედოვნებ, რომ მას შემდეგ, რაც ეს ობიექტური მიზეზები მოიხსნება, კვლავ გვექნება საშუალება შევამციროთ ამ კონკრეტული ბაზრის წილი ღვინის ექსპორტში“, - ამბობს მეხუზლა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ გაძვირებული აქციზი რუსეთში ყველაზე მეტად იაფი, უხარისხო ღვინის წარმოებას დაარტყამს. ერთი მხრივ, ეს ცვლილება გასაღებას შეაფერხებს, თუმცა, მეორე მხრივ, იაფფასიან ღვინოზე შემცირებული მოთხოვნა შესაძლოა სტიმული გახდეს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG