Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული გაზი და ნდობის კრიზისი ევროპაში


ორი დღის წინ პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს გაზსადენ „ჩრილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმების გამო.

უკრაინელმა და პოლონელმა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში საჭიროდ ჩათვალეს გაეხსენებინათ, თუ როგორ საერთაშორისო ვითარებაში მოხდა გაზსადენის პროექტზე შეთანხმება, რამაც ევროპაში „ნდობის კრიზისი“ შექმნა.

„’ჩრდილოეთის ნაკადი 2’-ის მშენებლობის შეთანხმება 2015 წელს შედგა, რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრისა და უკრაინის ტერიტორიის ანექსიიდან სულ რამდენიმე თვეში, რამაც ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით ნდობის კრიზისი შექმნა. ახლა ამ კრიზისს აღრმავებს გაზსადენის ამოქმედების შეჩერების თაობაზე უარის თქმის მცდელობა. ასეთი გადაწყვეტილება უკრაინისა და მთლიანად ცენტრალური ევროპისთვის დამატებით პოლიტიკურ, სამხედრო და ენერგეტიკულ საფრთხეებს წარმოშობს. ამავე დროს, ის აძლიერებს ევროპაზე რუსეთის დესტრუქციული გავლენის შესაძლებლობას, აღრმავებს უთანხმოებას ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის“, - ნათქვამია პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, ზბიგნევ რაუსა და დმიტრო კულებას, ერთობლივ განცხადებაში.

ამგვარად, ვარშავა და კიევი მწვავედ დაუპირისპირდნენ სადავო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების პირობების შესახებ აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თაობაზე 21 ივლისს ორმხრივი ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა.

განცხადება შეიცავს კონკრეტულ დაპირებას უკრაინისათვის, რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, ძალიან აშფოთებს სადავო გაზსადენის მშენებლობის დასრულება და მისი ამოქმედება.

„თუ რუსეთი შეეცდება, რომ იარაღად გამოიყენოს ენერგია ან შემდგომშიც მიმართავს აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, გერმანია იმოქმედებს ნაციონალურ დონეზე და მიმართავს ევროკავშირს, რომ აამოქმედოს სანქციები და სხვა ეფექტიანი ზომები, რათა შეიზღუდოს ევროპის ენერგეტიკულ სექტორსა თუ სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვან სფეროებში რუსეთის ბუნებრივი აირის თუ სხვა საექსპორტო პოტენციალის გამოყენება“, - ნათქვამია აშშ-ისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში.

გერმანია იღებს ვალდებულებას, რომ კვლავაც გაგრძელდეს უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანსპორტირება, რაც საკმაოდ დიდ შემოსავალს აძლევს არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფ უკრაინის ეკონომიკას.

ანგელა მერკელის მესიჯის საიდუმლო

22 ივლისს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, გადაწყვიტა სპეციალურად გამოხმაურებოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე ვაშინგტონსა და ბერლინს შორის მიღწეული შეთანხმების გამო პოლონეთისა და უკრაინის შეშფოთებას.

ანგელა მერკელმა თავის გამოსვლაში დაიცვა აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება და განაცხადა, ეს შეთანხმება „კარგია უკრაინისთვისო“.

გერმანიის ლიდერს მხედველობაში ჰქონდა აშშ-ისა და გერმანიის მტკიცე პოზიცია, რომლის თანახმად, უკრაინისა და ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე, 2024 წლის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით, გაზისა, რომლის უდიდესი ნაწილი ევროპას ამჟამად სწორედ უკრაინის ტერიტორიის გავლით მიეწოდება.

გერმანია იღებს ვალდებულებას, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დასაშვებ შესაძლებლობას, მიაღწიოს უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების 10 წლით გაგრძელებას, რაც არა უგვიანეს 1 სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. ამ მიზნით გერმანია სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასაც კისრულობს.

ეს „წარმომადგენელი“ კარგია, თუ თავად ანგელა მერკელი იქნებაო, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი. ამასთან, გერმანიის კანცლერის ყველა დაპირების მიუხედავად, ექსპერტს მიაჩნია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ვერაფრით იქნება „კარგი“ უკრაინისათვის.

„რაც შეეხება მის გზავნილს, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" სასარგებლოა უკრაინისთვის და რომ უთანხმოება აშშ-სა და გერმანიას შორის მაინც დარჩა, მე ვფიქრობ, რომ ეს მესიჯი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვისაა გამიზნული. ანუ მერკელის ამ მესიჯის დამსახურება იმაში კი არაა, რომ დაარწმუნოს უკრაინა და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-ისა და გერმანიის ერთობლივი განცხადებით თავს უფლებაშელახულად მიიჩნევენ, არამედ მან (მერკელის გზავნილმა), პირველ ყოვლისა, გერმანელ ამომრჩეველს უნდა უჩვენოს, რომ ქრისტიან-დემოკრატები და ქრისტიანულ-სოციალური კავშირი (მმართველი კოალიცია) ზრუნავენ მათზე, რაც მნიშვნელოვანია სექტემბრის ბუნდესტაგის არჩევნების კონტექსტში - არჩევნებისა, რომელშიც ანგელა მერკელი უშუალოდ არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ იგი აქტიურად გულშემატკივრობს თავის პოლიტიკურ ძალას, რათა მან არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენოს“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

მაგრამ უკრაინა და მასთან ერთად პოლონეთი არ აპირებენ სტატუს-კვოსთან შეგუებას.

ზემოხსენებულ ერთობლივ განცხადებაში ზბიგნევ რაუ და დმიტრო კულება აღნიშნავენ, რომ პოლონეთი და უკრაინა შემდგომში კვლავ იმოქმედებენ მოკავშირეებთან ერთად, რათა წინ აღუდგნენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედებას მანამ, სანამ რეგიონში კრიზისის მოგვარების გადაწყვეტილება არ იქნება მიღწეული.

გაზი და მშვიდობა

ბუნებრივი გაზის საკითხი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფაქტორია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში, რადგან რუსული გაზის ძველი სატრანზიტო მარშრუტი დონბასის ტერიტორიაზეც გადის.

ზემოხსენებულ ერთობლივ განცხადებაში აშშ მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს გერმანიასა და საფრანგეთს აღმოსავლეთ უკრაინაში სტაბილური მშვიდობის დამყარებაში. თავის მხრივ, გერმანია პირობას დებს, რომ გააძლიერებს თავის სამშვიდობო საშუამავლო მისიას „ნორმანდიულ ფორმატში“, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მინსკის შეთანხმების შესრულება.

მიუხედავად იმისა, რომ კიევში სკეპტიციზმი იზრდება 2015 წელს მიღწეული „მინსკის სამშვიდობო შეთანხმების“ რეალიზების თაობაზე, გერმანიისა და აშშ-ის სამშვიდობო გააქტიურებას დადებით სიგნალად მიიჩნევს ევჰენ მაგდა, რომელიც ფიქრობს, რომ „არაკორექტულია“ უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წევრების კრიტიკა, თითქოს ანგელა მერკელმა დათმო უკრაინის ინტერესები.

„მას არ შეეძლო დაეთმო უკრაინის ინტერესები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი არასოდეს დაგვპირებია მათ დაცვას. მერკელი იცავს და იცავდა, პირველ ყოვლისა, გერმანიის ინტერესებს. ეს საკმაოდ აშკარაა და ამ მხრივ მისგან ბევრმა შეიძლება ისწავლოს. მეორე მხრივ, გასაგებია, რომ ევროპის უძლიერესი ეკონომიკისთვის კომპრომისების ზღვარი, დიდი ანგარიშით, შეიძლებოდა ცოტა სხვაგვარი ყოფილიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინსა და რუსეთთან ურთიერთობაში ანგელა მერკელი საკმაოდ კომპეტენტურად მიიჩნევს საკუთარ თავს და ამიტომაც იქცევა ასე“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულება და უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანსპორტირება იყო გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის 21 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი თემა.

კრემლის საიტზე გავრცელებული ცნობის თანახმად, ვლადიმირ პუტინს შეუქია გერმანიის მხარის „თანამიმდევრული მხარდაჭერა“ ამ პროექტისადმი და აღუნიშნავს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის მხოლოდ და მხოლოდ კომერციული პროექტი, რომელიც გერმანიისა და ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სატელეფონო საუბარში ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი შეეხნენ ასევე „გაზპრომსა“ და „ნეფროგაზ უკრაინას“ შორის უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანსპორტირების გაგრძელების საკითხს.

როგორც ცნობილია, ამ შეთანხმების ვადა 2024 წელს იწურება.

უკრაინა წელიწადში 3 მილიარდ დოლარს იღებს რუსული გაზის ტრანზიტისთვის და ძალიან დაინტერესებულია თავისი სატრანზიტო როლის შენარჩუნებით, მიუხედავად მოსკოვთან სერიოზულად გაუარესებული ურთიერთობებისა.

გერმანიისა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბრისა და პოლონეთ-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მკაცრი განცხადების მეორე დღეს რუსეთის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ მზად არის რუსული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უკრაინის გავლით 2024 წლის შემდეგაც განახორციელოს.

„ბუნებრივი აირის ახალი მოცულობის შესყიდვისა და რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიის გავლით მისი ტრანზიტის საკითხი უნდა გადაწყდეს საბაზრო პირობებით და საბაზრო ფასებით. თუ უკრაინული მარშრუტით ახალი მოცულობის გაზის ჯამური ფასი მიმდინარე სატრანზიტო ვალდებულებაზე მეტი იქნება, "გაზპრომი" მზად არის, რომ გაზარდოს კიდეც უკრაინის გავლით ტრანზიტის მოცულობა“, - განაცხადა 22 ივლისს კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა.

მაგრამ საკითხავი ისაა, მივა კი უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზი მის საბოლოო მომხმარებლამდე?

ცნობილია, რომ რუსეთმა კიევთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ორჯერ შეუწყვიტა გაზით მომარაგება უკრაინას - 2006 და 2009 წლებში.

ექსპერტები სხვა ხელის შემშლელ ფაქტორზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ესაა კიევის კონტროლის მიღმა მყოფ დონბასის ტერიტორიაზე გამავალ უკრაინის გაზსადენის ინფრასტრუქტურაზე შესაძლო ტერაქტების მზარდი რისკი, რომლის შესახებაც დასავლეთი გააფრთხილა ცნობილმა ბრიტანელმა ანალიტიკოსმა, ტიმოთი ეშმა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეფასებაში ეშმა „იალტის მეორე მემორანდუმი“ უწოდა აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას,

ხოლო „ატლანტიკური საბჭოს“ ანალიტიკოსმა, ანდერს ასლუნდმა, შეთანხმებას აშშ-სა და გერმანიაზე პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება უწოდა.

სადავო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს, უკრაინის, პოლონეთისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების გარდა, ძლიერი ორმხრივი წინააღმდეგობა ხვდება აშშ-ის კონგრესში, სადაც ასევე შიშობენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ძირს გამოუთხრის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. გაზსადენს ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციაც, თუმცა აცხადებს, რომ პროექტს სანქციებით არ შეაჩერებს.

11 მილიარდი დოლარის ღირებულების მილსადენის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მილსადენმა რუსეთის გაზი ბალტიის ზღვით, უკრაინის გვერდის ავლით, დასავლეთის ბაზარზე უნდა ჩაიტანოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG