Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პასპორტი როგორც ზეწოლის იარაღი: მოსკოვის პასუხი აფხაზეთის შიდა დისკუსიაზე

კან კვარჩია და რუსულ პასპორტი. კოლაჟი
კან კვარჩია და რუსულ პასპორტი. კოლაჟი

აფხაზეთში რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტების მუშაობა შეჩერდება. სოხუმში ე.წ. რუსეთის საელჩოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტში გამართული დახურული სხდომის შემდეგ მიიღეს. ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი პასპორტების თემას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს.

“აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტების მუშაობა შეჩერდება”, - ნათქვამია სოხუმში ე.წ. რუსეთის საელჩოს განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტები 2026 წლის იანვრიდან გაიხსნა. 2025 წელს აფხაზეთში ასევე ამოქმედდნენ რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობების გაფორმების კაბინეტები.

რუსეთის ე.წ. საელჩოს ამ განცხადებასა და, შესაბამისად, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, წინ უძღოდა დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც დახურულ რეჟიმში განიხილეს „რუსეთის პასპორტების უკანონო გაცემის პრობლემა და მოკავშირე სახელმწიფოსთან ურთიერთქმედების დასაშვები საზღვრები“.

4 თებერვალს გამართულ თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის დახურული სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში და სხვა ოფიციალური პირები.

„სხდომის განმავლობაში შედგა მოსაზრებების გაცვლა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის, რუსეთის პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემის საკითხებზე“, - დაწერა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის პრეს-სამსახურმა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. თუმცა, აფხაზური მედიის ნაწილმა, სხდომაზე დამსწრე დეპუტატებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ განხილვა დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. ე.წ. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის მოქალაქეებისათვის რუსეთის შიდა პასპორტების გაცემა კანონის დარღვევით მიმდინარეობს, რადგან რუსული პასპორტები გაიცემა საპასპორტო განყოფილებების მეშვეობით, რომლებიც ფორმალურად კრასნოდარის მხარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვას ექვემდებარებიან. აფხაზი ოპოზიციონერი დეპუტატის, კან კვარჩიას თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება, შესაბამისი ადგილობრივი ნორმატიული აქტების გარეშე, ვერ გახდება საფუძველი აფხაზეთის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სტრუქტურების საქმიანობისთვის.

„აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების (პარლამენტის) დეპუტატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცეს რეკომენდაცია აფხაზეთში რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის უკანონო პროცედურის შეწყვეტის შესახებ“, — დაწერა ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა „აიაშარამ“.

რუსეთის პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაფორმების პუნქტები აფხაზეთში - გაიხსნა 2025 წლის აპრილში სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოწესრიგებას ეხება. პროცედურა ორგანიზებული იყო „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ხოლო დოკუმენტების გაფორმებას რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ახორციელებდნენ. ამასთან, დოკუმენტები გაიცემოდა უფასოდ, მაშინ როდესაც რუსეთში მათთვის საჭიროა სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდა 4 ათასიდან 6 ათას რუბლამდე ოდენობით. რუსეთის ე.წ. საელჩოს მონაცემებით, აფხაზეთის 245 ათასი მცხოვრებიდან დაახლოებით 190 ათასს აქვს რუსეთის მოქალაქეობა. თუმცა მათ უმრავლესობას არ გააჩნია შიდა პასპორტი, რაც ზღუდავს მათ წვდომას სახელმწიფო სერვისებსა და სოციალურ შეღავათებზე. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება „რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გაცემის თავისებურებების შესახებ“ უფლებას აძლევს რუსეთს შს სამინისტროს შიდა პასპორტები გასცეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სავალდებულო რეგისტრაციისა და დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე. ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მიღების შესახებ ბრძანებას ვლადიმირ პუტინმა 2025 წლის გაზაფხულზე მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის პასპორტის მიღების უფლება აქვს ორივე რეგიონის თითოეულ სრულწლოვან მცხოვრებს, რომელსაც 2008 წლისთვის (რუსეთის საქართველოში შეჭრის მომენტში) ე.წ. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა. 2025 წლის ივლისში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის პასპორტის მიღება შესაძლებელი იქნება 2028 წლის აგვისტომდე.

სწორედ ამის შემდეგ გამოქვეყნდა ე.წ. რუსეთის საელჩოს განცხადება, რომლის მიხედვითაც შეჩერდა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის შიდა პასპორტების გაცემა.

„ვინაიდან აფხაზეთის პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის სახალხო კრების დეპუტატები, ეჭვქვეშ აყენებენ აღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერებას, რუსეთის მხარე, რომელიც პატივს სცემს დამოუკიდებელი რესპუბლიკის, აფხაზეთის სუვერენიტეტს, იძულებულია მიიღოს გადაწყვეტილება მათი მუშაობის შეჩერების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის აღნიშნული დოკუმენტების გაცემის საქმიანობა გადატანილი იქნება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

მიხაილ შურგალინი
მიხაილ შურგალინი

მოგვიანებით აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა მიხაილ შურგალინმა დააზუსტა, რომ სხდომის დროს რიგმა დეპუტატებმა, მათ შორის კან კვარჩიამ, რუსეთის დოკუმენტების გაფორმების პუნქტების საქმიანობა რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოაჩინეს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა:

„შედეგად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თანამშრომლების უკან გაწვევა და აფხაზეთში დოკუმენტების გაცემის შეწყვეტა“.

რუსეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ასევე წინ უძღოდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის და დონის როსტოვის აფხაზური დიასპორის თავმჯდომარის, ირაკლი ბჟინავას დაკავება რუსეთში.

„წინასწარი ინფორმაციით, მას ედავებიან პუბლიკაციებს აფხაზეთის, სახალხო ინიციატივებისა და სამოქალაქო აქტივისტების მხარდაჭერის შესახებ“, — ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ მიერ გავრცელებულ ცნობაში. მოგვიანებით სააგენტომ გაარკვია, რომ ბჟინავას დაკავება უკავშირდება აფხაზეთში რუსეთის პასპორტების გაცემის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს.

„მსურს შევეხო აფხაზეთში რუსეთის შიდა პასპორტების გაცემასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს — აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის ფედერაციისადმი ერთგულების ფიცის დადებას, თანაც საკუთარ ტერიტორიაზე. ეს საერთოდ ნორმალურია? ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ეს კატეგორიულად დაუშვებელია! მიუხედავად პატივისცემის, მეგობრობისა და მოკავშირეობისა. ეს სწორედ ის სუვერენიტეტით ვაჭრობაა, რომლის დეკლარირებაც ასლან ბჟანიამ მოახდინა. აფხაზეთი არ არის რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა!“ — დაწერა ირაკლი ბჟინავამ 4 თებერვალს Facebook-ზე.

აფხაზეთის ოპოზიციურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „აიდგილარამაც“, რომელსაც რუსეთის მიერ ძებნილი კან კვარჩია ხელმძღვანელობს, გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირაკლი ბჟინავას დაკავება სავარაუდოდ უკავშირდება მის პოზიციას „აფხაზეთის რესპუბლიკაში უკანონო პასპორტიზაციის საკითხზე“.

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ მოვლენების განვითარების მსგავსი სცენარი შესაძლებელი გახდა აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და მისი იმ მიმდევრების დანაშაულებრივი, ანტიაფხაზური რიტორიკის შედეგად, რომლებიც ბადრა გუნბას გუნდში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დარჩნენ. სწორედ ეს ადამიანები ცდილობენ თავს მოგვახვიონ სამართლებრივი განუკითხაობა, რათა დამალონ თავიანთი მოღალატეობრივი გადაწყვეტილებები“, — ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბადრა გუნბას მოუწოდეს „გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და დაიწყოს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა ინტერესების რეალური დაცვა როგორც რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, ხოლო ყველა პოლიტიკურმა ძალამ — „მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად — უარი თქვას გარე დამკვირვებლის პოზიციაზე და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების მიმართ“.

ევროკავშირმა 2022 წელს მიიღო გადაწყვეტილება, არ ეცნო რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტები როგორც უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

სრული დამოკიდებულება რუსეთზე

ბიუჯეტი - სოხუმი იმყოფება რუსეთის მნიშვნელოვან საბიუჯეტო დოტაციაზე: 2025 წელს დოტაციამ შეადგინა დაახლოებით 5,2 მილიარდი რუბლი მაშინ, როცა დე ფაქტო რესპუბლიკის შემოსავლების საერთო მოცულობა 17,3 მილიარდი რუბლი იყო. რუსეთის “დახმარება”, როგორც წესი, მიიმართება აფხაზეთის საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას. რუსეთი აფინანსებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომასაც. 2025 წელს მოსკოვმა ხელფასებისთვის დამატებით გამოყო 416 მლნ რუბლის ტრანში.

ელექტრო ენერგია - რუსეთი ასევე ახორციელებს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ზამთარში შექმნილი დეფიციტის დასაფარად. შესაბამისად, აფხაზეთის ეკონომიკა უკიდურესად ინტეგრირებულია რუსეთთან: რუბლი გამოიყენება როგორც ვალუტა, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარება უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარს.

რუსული პენსია - აფხაზეთის მოქალაქე პენსიონერების დაახლოებით 85% იღებს რუსულ პენსიას. აფხაზეთში ცხოვრობს 20 ათასზე მეტი პენსიონერი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან და იღებენ რუსულ პენსიებს, რაც დაახლოებით 10 000 რუბლია, მაშინ, როცა საშუალო ადგილობრივი პენსია 5 000 რუბლამდეა.

რუსეთის ე.წ. საელჩოს განცხადებას მალევე გამოეხმაურა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში, სერგეი შამბა, რომლის თქმითაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის გაუქმება მოქალაქეებისთვის მეტ უხერხულობას შექმნის:

„პირველ რიგში, საჭიროა ადამიანებზე ფიქრი. გუშინ და დღეს ძალიან ბევრი ხანდაზმული ადამიანი მირეკავს და მომმართავს კითხვებით — რა უნდა გააკეთონ ამ ვითარებაში. ბევრს ასაკის ან სხვა მიზეზების გამო პასპორტის შეცვლის ვადა დაუდგა. ახლა მათ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გასვლა მოუწევთ, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან და ფიზიკურ დატვირთვებთან, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში მარტივი ამბავი არ არის“.

სერგეი შამბას თქმით, რუსეთის პასპორტების გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში, კანონიერი პროცედურაა და გათვალისწინებულია სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით. შამბამ ცალკეულ პოლიტიკოსებს მოუწოდა, მოქალაქეთა ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ.

სერგეი შამბა
სერგეი შამბა

რუსეთის ხელისუფლებას ცალკეული ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და პარტიების პოზიციის გამო ადრეც შეუჩერებია სხვა და სხვა სახის „დახმარება“: ე.წ. სახელმწიფოთა შორის ხელშეკრულების რატიფიკაციის ჩავარდნის გამო რუსეთმა შეწყვიტა ელექტროენერგიის ექსპორტი, აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების გამო დროებით შეაჩერა ფინანსური დახმარების გაწევა და ა.შ. ექსპერტთა დაკვირვებით, რუსეთის ზემოქმედების ამგვარი რბილი ფორმები, როგორც წესი ამართლებენ და მალევე გამოიღებენ ხოლმე შედეგს. ამჯერადაც დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა კან კვარჩიას და სხვა ოპოზიციონერებს „სუვერენიტეტის დაცვის“ გამო ადგილობრივი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც აკრიტიკებს

“აფხაზეთში რუსეთის პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემის შეჩერებას სრულიად კონკრეტული „ავტორი“ ჰყავს. ეს არც აბსტრაქტული გადაწყვეტილებაა და არც შემთხვევითი გარემოება — კან კვარჩია შეგნებულად ცდილობდა სწორედ ასეთი შედეგის დადგომას და მიაღწია კიდეც თავისას. ახლა ამ შედეგს რიგითი ადამიანები გრძნობენ საკუთარ თავზე. ზუსტად მისი განცხადებების შემდეგ, რომლებიც საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, რუსულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გაეწვია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტები და შეეწყვიტა შესაბამისი პუნქტების მუშაობა. არა იმიტომ, რომ დახმარება უკანონო იყო, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი არ აპირებს მის მიმართ ბრალდებებისა და ღიად მტრული დამოკიდებულების ატანას”, - დაწერა Facebook-ზე ადგილობრივმა კრისტინა ოტირბამ, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია ერთი მარტივი რამის გააზრება:

„რუსეთის დახმარება ვალდებულება არ არის — ეს კეთილი ნებაა. ის შეიძლება სწრაფად დაიწყოს და ასევე სწრაფად დასრულდეს, თუ მას საჯაროდ შეურაცხყოფენ და პოლიტიკურად გააუფასურებენ. დღეს კვარჩია გამოდის რუსეთის დოკუმენტების გაცემის წინააღმდეგ. ხვალ — რუსეთის სხვა დახმარების წინააღმდეგ? სამედიცინო, ენერგეტიკული, სოციალური პროგრამების წინააღმდეგ? აფხაზეთის მოსახლეობას ეს არ სურს. ადამიანების უმრავლესობა დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობით, რადგან ეს რეალურ სარგებელს იძლევა — არა ლოზუნგებს, არამედ კომფორტს, უსაფრთხოებას და ცხოვრების ხარისხს. და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება ვითარება, როცა მთელი ქვეყანა იძულებულია ერთი, აშკარად რუსოფობიური პოზიციების მქონე დეპუტატის განცხადებების გამო გადაიხადოს ფასი. ადამიანები კარგავენ ხელსაყრელ სერვისებს, უფასო პროცედურებსა და დროს”.

კან კვარჩია - აფხაზეთის ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აიდგილარას“ (Аидгылара) ხელმძღვანელი. ამავე დროს არის აფხაზეთის ე.წ. სახალხო კრების (პარლამენტის) დეპუტატი. ცნობილია მკვეთრი კრიტიკული პოზიციით რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის საკითხებზე. 2025 წლის ბოლოს რუსეთის პროკურატურამ კან კვარჩიასა და კიდევ რამდენიმე აფხაზ ოპოზიციონერზე ძებნა გამოაცხადა:

რუსეთის გამოძიების თანახმად, "აფხაზეთის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე სამმა პირმა (კან კვარჩია, ეშსოუ კაკალია და ხინა დუმაა, ) წინასწარი განზრახვით მოაწყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მუქარის შემცველი ყაჩაღური თავდასხმა „საგნის მეშვეობით, რომელიც იარაღად იქნა გამოყენებული“. ზარალმა 1,975 მლნ რუბლი შეადგინა. ეჭვმიტანილებზე - კან კვარჩიაზე, ეშსოუ კაკალიასა და ხინა დუმააზე - რუსეთში ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რუსეთის მართლმსაჯულება აფხაზ პოლიტიკოსებს რუს პოლიტტექნოლოგებზე - ივან რევაზე, პაველ ტიმოფეევსა და დმიტრი ბუდიკინზე თავდასხმის გამო ედავება.

კან კვარჩიამ, რომელსაც მოსკოვმა ადრე რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა, მაშინ განაცხადა, რომ აღმაშფოთებელია რუსი პოლიტტექნოლოგების აფხაზეთის "არჩევნებში" ჩარევაზე:

„ნუ ერევიან ჩვენს საქმეში. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მეგობრები, მზად ვართ ვიყოთ მოკავშირეები, მაგრამ არ შევეგუებით იმას, რომ ვიღაც შემოვიდეს ჩვენს სახლში საკუთარი წესებით. არ არის საჭირო ამის გაკეთება. მივმართავ ჩვენს მეგობრებს და, როგორც ამბობენ, მოკავშირეებს. დროა, ჩვენმა მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ამ ტიპის უკანონობას და უპასუხოს მას“.

რუსეთის მიერ ძებნილი აფხაზი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ „თავისი უფლებამოსილებები მეზობელ სახელმწიფოს გადასცა“, თავისთვის კი მხოლოდ „წარმომადგენლობითი ფუნქციები“ დაიტოვა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG