Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეუპოვრობას ამჟღავნებენ“ - რუსული პროპაგანდა სანქცირებულ „ოცნებას“ ესარჩლება


პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტს ართმევს.
პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტს ართმევს.

ამერიკული სანქციები ქართველებს მტერსა და მოყვარეს დაანახვებთ. სინამდვილეში, ქართველებს დასავლეთი სულაც არ უნდათ. ევროინტეგრაციას მათ დასავლეთი „ატენის“, ისევე, როგორც ადამიანის უფლებების და უმცირესობების დაცვას. ასე ეხმაურება რუსული პროპაგანდა აშშ-ის მიერ „ოცნებისთვის“ დაწესებულ სანქციებს.

რუსული მედია და კრემლის მხარდამჭერები აშშ-ს აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების გამო.

აშშ-ს სურს, საქართველო ემორჩილებოდეს. მას განიხილავს, „როგორც კოლონიას, ადგილობრივი ხელისუფლების ქცევას კი - როგორც კოლონიაში მომხდარ ჯანყს“, - წერს სამხედრო ბლოგერი ბორის როჟინი.

„დასვლეთს საქართველოსგან მხოლოდ ის უნდა, რომ მან საკუთარი თავი და ხალხი გაწიროს და რუსეთს პრობლემები შეუქმნას“, - ამბობს კრემლის მაქებარი ახალგაზრდა ბლოგერი მიხაილ სოვეტსკი.

ამერიკული სანქციების საბოლოო მიზანია, ქართველებმა რუსეთს თავი შეაკლან, - ამტკიცებს კიდევ ერთი პოპულარული, მაგრამ ანონიმური Z-პროპაგანდისტი.

„მიდით, ქართველებო. სანამ გვიანი არაა, გადაიკუზეთ და მოგვეცით ჩვენთვის ხელსაყრელ პოზაში. ჩვენ კი გადამწვარ ადგილად გაქცევთ, ისევე როგორც უკრაინას. ამერიკის ინტერესებისთვის ჩაძაღლება ასწორებს...“ - წერს არხი „ზლოი პრუფ“ (ბოროტი მტკიცებულება).

საქართველოს დასავლელი პარტნიორები „ფარისევლები და ორმაგი სტანდარტების ჩემპიონები არიან“, - უთხრა პროპაგანდისტულ ტელევიზიას რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ 7 ივნისს.

კრემლის მედია ფიფიას წარადგენს, როგორც პოლიტიკოსს პარტიიდან „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“.

სანქციების დაწესებით, „სრულდება [საქართველოს] ცალმხრივი სიყვარული დასავლეთთან“, - თქვა ფიფიამ კრემლის პროპაგანდის ფლაგმანის, ვლადიმირ სოლოვიოვის არხის ეთერში.

ქართველი ხალხი თავად წყვეტს, როგორ იცხოვრებს [„აგენტების კანონის“ დაწესებით], მაგრამ „გაირკვა, რომ ამის უფლებას არ აძლევენ“, - აუბა ფიფიას მხარი გადაცემის წამყვანმა, დმიტრი კულიკოვმა.

ფიფია სოლოვიოვის არხს მაისშიც ეწვია. მაშინაც კრემლის პროპაგანდის მესიჯებს იმეორებდა და ამბობდა, რომ აგენტების საწინააღმდეგო აქციებს მიღმა „პროფესიონალი [დასავლელი] რევოლუციონერები დგანან“.

ბოლო თვეებია, კრემლის პროპაგანდისტები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამბობენ, რომ დასავლეთი თბილისში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს. რისთვის? „რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად“, - ერთხმად იმეორებენ კრემლი და „ქართული ოცნება“.

საქართველოში მოსალოდნელ გადატრიალებაზე ჯერ კიდევ შარშან ლაპარაკობდა რუსული მედიის ხშირი სტუმარი, საქართველოს უშიშროების ექსმინისტრი იგორ გიორგაძე.

საქართველო იგორ გიორგაძეს 1995 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობაში ადანაშაულებს.

2016 წლის მაისში, ინტერპოლმა, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, გიორგაძე ძებნილთა სიიდან ამოიღო. მიზეზად ის დასახელდა, რომ გიორგაძეს რუსეთში ლტოლვილის სტატუსი აქვს.

2018 წლის ნოემბერში, გიორგაძე, მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, ამბობდა, რომ საქართველოში აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ლუგარის ლაბორატორიაში ცდებს ატარებდნენ ადამიანებზე და ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებდნენ.

ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს გიორგაძემ კრიტიკა არც ახლა მოაკლო.

საქართველოს საკუთარ „ანტიღირებულებებს ახვევენ თავს“, „არ შეიძლება საქართველოში 46 გენდერზე ლაპარაკი“, - უთხრა მან 7 ივნისს კრემლის მიერ კონტროლირებად გამოცემა „სპუტნიკს“.

გიორგაძე ამტკიცებდა, რომ ქართველი ხალხი „ოცნების“ ანტიდასავლურ ნაბიჯებს მხარს დაუჭერს.

„თუკი ქართული ხელისუფლება გააქრობს კონსტიტუციიდან ევროკავშირს, ნატოსა და ლგბტ-ს მიმართ ლიალობას, მყისვე მიიღებს ძლიერ დარტყმას დასავლეთისგან. მაგრამ ამას თუ გააკეთებს, ხალხი მასთან იქნება“, - თქვა მან.

“ოცნების” ქება გრძელდება

„ქართული ოცნებაც“ სწორედ საკუთარი ხალხის ინტერესებისთვის უპირისპირდება დასავლეთს, - ეს კიდევ ერთი ნარატივია, რომელიც კრემლის პროპაგანდაში ბოლო დროს დამკვიდრდა.

ახლა კი რუსული პრესა აქებს „ოცნების“ წევრებს სანქციებზე „შეუპოვარი“ და „ღირსეული“ რეაქციისთვის.

„ქართულ ოცნებაში ამერიკულ სანქციებს დასცინეს“ - წერს მსხვილი პროკრემლისტური გამოცემა „ევრაზია დეილი“.

დაცინვა, პორტალის ვერსიით, იმაში გამოიხატება, რომ თბილისის მერმა კახი კალაძემ სანქციებს „არასერიოზული“ და „ღიმილის მომგვრელი“ უწოდა.

„ქართველი პოლიტიკოსები შეუპოვრობას ამჟღავნებენ… ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს ხალხი მიხვდა, რას ნიშნავს დასავლეთისთვის თვალების პაჭუნი და ამის გამეორება აღარ სურთ“, - ეუბნება რუსი კავკასიათმცოდნე ანრეი არეშევი პროპაგანდისტულ გამოცემა „ნოვიე იზვესტიას“ (ახალ ამბებს).

„საქართველოში ღირსეულად შეხვდნენ აშშ-ის სანქციებს“ - ეს 10 ივნისს გამოსული კიდევ ერთი პროპაგანდისტული გაზეთი „როსიისკაია გაზეტაა“ (რუსული გაზეთი).

სტატიის ავტორს განსაკუთრებით მოეწონა პრემიერ ირაკლი კობახიძის სიტყვები: „საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს“.

„საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობას გაუწევს ოკეანის გაღმიდან წამოსულ წნეხს“, - წერს ავტორი.

6 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალური სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.

მიზეზი ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებაა, რომელიც კრიტიკოსებმა, როგორც საქართველოში, ისე მის მიღმა, „რუსულ კანონად“ შერაცხეს.

ახლა „ქართული ოცნება“ რუსეთის მსგავსი სხვა კანონების მისაღებადაც ემზადება. ხელისუფლებამ დააპირა, შვილის აყვანა აუკრძალოს ყველას, ჰეტეროსექსუალების გარდა, აკრძალოს სქესის კვლავ მინიჭების ოპერაცია და დაიცვას ბავშვები „ლგბტ პროპაგანდისგან“.

ეს დაგეგმილი საკანონმდებლო შეზღუდვების არასრული ჩამონათვალია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG