Accessibility links

site logo site logo

რუსული რაკეტის სასიკვდილო სტარტი


მცურავი პლატფორმები, რომელთაგან ერთ-ერთი დაზიანდა 8 აგვისტოს აფეთქების შედეგად.

კომპანია „როსატომის“ ხუთი სპეციალისტი და ორი რუსი სამხედრო დაიღუპა არა ახალი ბირთვულძრავიანი რუსული ფრთოსანი რაკეტის გამოცდის შედეგად რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო პოლიგონზე, ნიონოკსაში, არამედ იმ დროს, როდესაც ცდილობდნენ დვინის ყურის ფსკერიდან ამოეღოთ ასევე წარუმატებელი გაშვების შემდეგ წყალში ჩავარდნილი ისეთივე რაკეტა.

ასეთ დასკვნამდე მივიდა რადიო თავისუფლება ინციდენტის შესახებ ღია წყაროებისგან მიღებული ინფორმაციების შესწავლის შემდეგ.

სოციალურ ქსელს ვერაფერს გამოაპარებ

22 აგვისტოს რადიო თავისუფლებამ ნიონოკსის პოლიგონზე მომხდარი ბირთვული ინციდენტის შედეგად დაზიანებული მცურავი პლატფორმების (პონტონების) ფოტოგრაფია გამოაქვეყნა.

ერთი კვირის თავზე კი გთავაზობთ აფეთქების თვითმხილველის მონაყოლს და ახალ ვარაუდს, თუ რა შეიძლებოდა სინამდვილეში მომხდარიყო პოლიგონზე. პლატფორმებზე აღმოვაჩინეთ კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება ბირთვული ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის და, ასევე, გავარკვიეთ, რომ ნიონოკსის მახლობლად აღმოჩენილი ბირთვული ნარჩენების შემკრები გემი, „სერებრიანკა“, დვინის სრუტეში მანამდე უკვე მინიმუმ ერთხელ შესულა 2018 წლის ოქტომბერში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პოლიგონზე მორიგი გამოცდის დასრულებიდან მეხუთე დღეს.

ნიონოკსაში მომხდარი ინციდენტის შესახებ მომზადებულ წინა მასალაში რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებული პონტონების ერთ-ერთი ფოტო თავდაპირველად განთავსებული იყო სოციალურ ქსელში „ვკონტაქტე“, კერძოდ, ამ ქსელში შექმნილ თანამეგრობრობაში - „ნიონოკსა ჩემს გულში“.

ერთი კვირის წინ ადმინისტრატორებმა დაბლოკეს გაერთიანების გვერდზე წვდომა და პონტონის სურათის მიღება ჩვენ მხოლოდ ცუდი ხარისხის სქრინშოტის სახით შევძელით ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილისგან. მოგვიანებით თანამეგობრობა კვლავ ხელმისაწვდომი გახდა და მასში დარჩა პონტონის ფოტოგრაფია, რომლის დათვალიერებამ ცხადად აჩვენა, რომ კონტეინერი, რომელიც ფოტოზე გამოსახულ ყველაზე მახლობელ პონტონზე დგას, ცისფრადაა შეღებილი და აქვს ისეთივე ხერხემალივით კედლები და კუთხოვანი სამაგრები, როგორიც სტანდარტულ სატვირთო კონტეინერს.

ესაა სტანდარტული 20-ფუტიანი ISO-კონტეინერი. თუ შევხედავთ კომპანია Maxar-ის სატელიტურ ფოტოს, გადაღებულს 12 აგვისტოს, გასაგები იქნება, რომ იმავე პონტონზე ერთის უკან მეორე კონტეინერიც იმალება.

ფოტო ხელოვნური თანამგზავრიდან
ფოტო ხელოვნური თანამგზავრიდან

ერთი შეხედვით, ეს კონტეინერები არაფრითაა გამორჩეული, მაგრამ - მხოლოდ ერთი შეხედვით. რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პირველ ვიდეოკადრებზე სასტარტო მოედნის მახლობლად მკაფიოდ მოჩანს ზუსტად ასეთივე ცისფერი კონტეინერები.

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოთი ბლოგერმა ევგენი მაქსიმოვმა მოახერხა დაედგინა ცდის ჩატარების ადგილი: 2017 წლის ნოემბერი, არქიპელაგ ახალი მიწის კუნძულ იუჟნის ერთ-ერთი ბუნებრივი საზღვარი პანკოვოს რაიონში.

ტვიტერის კიდევ ერთმა მომხმარებელმა @Rambo54, რომლის ექაუნთი ამჟამად დაბლოკილია, ანალოგიური დანადგარი აღმოაჩინა კაპუსტინ იარის პოლიგონზე.

თანამგზავრის მიერ ახალი მიწის თავზე 2018 წლის ივნისში გადაღებულ სურათზე კარგად შეიძლება გაარჩიო ცისფერი ვაგონების ჯგუფი, მაგრამ იმავე ადგილის უკვე 2019 წლის 20 მაისს გადაღებულ ფოტოზე აღარც ნაგებობების ნაწილი ჩანს და აღარც კონტეინერები.

სამაგიეროდ, ზუსტად ასეთივე კონტეინერები შეინიშნება სამხედრო პოლიგონ ნიონოკსის ერთ-ერთ მოედანზე. იმავე კომპანია Maxar-ის მიერ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე ასევე აშკარად ჩანს, რომ ცისფერი კონტეინერები აქ იდგნენ როგორც მინიმუმ 2012 წლიდან 2019 წლის მაისამდე. ამ მომენტისათვის ნიონოკსის პოლიგონზე უკვე აიგო ინფრასტუქტურა, რომელიც ზუსტად იმეორებს ახალ მიწაზე არსებულ „ბურევესტნიკის“ სასტარტო მოედანს.

ამ სურათების მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცისფერ 20-ფუტიან კონტეინერებს უშუალო კავშირი აქვთ რაკეტა „ბურევესტნიკის“ საცდელ სროლებთან: ისინი ფიგურირებდნენ სამივე სასტარტო მოედანზე, რომლებიც მსგავსი შეიარაღების გამოსაცდელადაა აგებული.

ეს ძნელად თუ ჩაითვლება შემთხვევითობად: რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ასეთსავე „ლურჯ ვაგონებს“ ფართოდ გამოიყენებენ რუსეთის ატომური საწარმოები რადიოაქტიური მასალებისა და ნარჩენების (РАО) გადასატანად.

ცისფერი კომპანია „როსატომის“ კორპორაციული ფერია. იგი ასევე დადგენილი ფერია რუსეთში სამედიცინო რადიოაქტიური (D კლასის) ნარჩენების შესანახ-გადასატანი კონტეინერებისათვის.

ცისფერი კონტეინერები მოჩანს მცურავი ატომური ელექტროსადგურის, „აკადემიკოს ლომონოსოვის“, ფოტოზე და, ასევე, თხევადი ბირთვული ნარჩენების გადასატანად აგებულ სპეციალიზებულ ხომალდ „სერებრიანკას“ გემბანზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ცისფერ კონტეინერებს აშკარა კავშირი აქვთ რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდასთან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სპეციალურად რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირებისათვის შექმნილ მოწყობილობას იყენებდნენ, ასევე, ფრთოსანი რაკეტების ბირთვული კომპონენტების შესანახად და გადასატანად - მაგალითად, რეაქტორისა, მთლიანად, ან ცალკე - საწვავის შესაგროვებლად. არ არის გამორიცხული კონტეინერები გამოეყენებინათ სხვა მიზნებითაც, მაგალითად მყვინთავთა ბალონების კომპრესორებისა და დიზელ-გენერატორების შესანახად, ხოლო ბირთვულ ნარჩენებს პირდაპირ „სერებრიანკაზე“ სპეციალურ ჭურჭელში ტვირთავდნენ.

„სერებრიანკა“ და „ზვიოზდოჩკა“

ნიონოკსის ავარიის შემდეგ ერთბაშად რამდენიმე ექსპერტმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ შემთხვევის ადგილზე 8 აგვისტოს იმყოფებოდა ზემოხსენებული „როსატომის“ კუთვნილი რადიოაქტიური მასალების შემკრები ხომალდი „სერებრიანკა“, რასაც ადასტურებს როგორც თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, ისე სერვის MarineTraffic-ზე გამოქვეყნებული მონაცემები.

მაგრამ „სერებრიანკა“ არ ყოფილა ერთადერთი გემი, რომელიც თეთრი ზღვის ყურეში გამოჩნდა ავარიის შემდეგ. კომპანია Maxar-ის მიერ 13 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ ფოტოზე ცხადად ჩანს სპეციალური გემი, რომელიც იდენტიფიცრებულია როგორც Zvenochka-ს კლასის სამაშველო გემი.

დვინის ყურე სამხედრო-საზღვაო ძალების პოლიგონის რაიონში, 12 აგვისტო
დვინის ყურე სამხედრო-საზღვაო ძალების პოლიგონის რაიონში, 12 აგვისტო

სინამდვილეში ასეთი კლასის გემები არ არსებობს. როგორც ჩანს, ეს უბრალო კორექტურაა. სატელიტურ სურათზე გამოსახულია პროექტ „ზვიოზდოჩკას“ კლასის სამაშველო საბუქსირე გემი (პროექტი 20180).

რუსეთში ამ კლასის მხოლოდ ერთი გემი მოქმედებს და იგი სწორედ ასე იწოდება - „ზვიოზდოჩკა“, ნომრით 600.

კომპანია Maxar-ის ფოტოზე ამ გემის იდენტიფიცირება ძალიან იოლია გემბანზე შვეულმფრენის მოედნითა და, ასევე, ორი ყვითელი ამწეთი.

ფორუმებზე შეიძლება გარკვეული პასუხების მოძებნა შეკითხვაზე, თუ რატომ მონაწილეობდა „ზვიოზდოჩკა“ ნიონოქსის პოლიგონზე მიმდინარე გამოცდებში. საიტ sanatatur.ru-ზე, სადაც ერთმანეთს არხანგელსკელი მეთევზეები უზიარებენ აზრებს, ფორუმის ერთ-ერთი უძველესი მომხმარებელი, მეტსახელად Sijatnik-ი, ასეთ რამეს წერს 9 აგვისტოს: „ამოიღეს ქობინი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან დაკარგეს, და, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, უკვე ბარჟაზე მოხდა მისი დეტონაცია“. Sijatnik-ი არ აზუსტებს, საიდან აქვს მიღებული ეს ინფორმაცია.

ამ მომხმარებლის ცნობით, - მომხმარებლისა, რომელმაც არ უპასუხა რადიო თავისუფლების მიერ გაგზავნილ შეკითხვებს, - „აფეთქების შედეგად ნაპრალი გაუჩნდა გვერდით მდგარ გემსაც, „ზვეზდას“ თუ „ზვიოზდოჩკას.“

აფეთქებაზე წერს კიდევ ერთი ფორუმელი, „ალექსეი ბოდრი“, რომელიც მხარს უჭერს ვერსიას, რომ ეს იყო ახალი რაკეტის გამოცდა და არა მცდელობა ამოეღოთ წყალში ადრე ჩავარდნილი „ბურევესტნიკი“.

ვიმეორებთ, რომ ფორუმის არც ერთმა ამ მომხმარებელმა არ უპასუხა რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ შეკითხვებს.

დასკვნები და ვერსიები

შეგროვებული მონაცემები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სამხედრო პოლიგონ ნიონოკსასთან 8 აგვისტოს მომხდარი მოვლენა ცალსახად იქნეს ინტერპრეტირებული, მაგრამ არსებობს ვერსია, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულად განმარტავს არსებულ ფაქტებს:

  • 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს ნიონოკსის პოლიგონზე ჩატარდა რაკეტა „ბურევესტნიკის“ წარუმატებელი გამოცდა. ამას ადასტურებს შემდეგი ფაქტი: მოედანი ნიონოკსაში გამოიყურება ისე, როგორც ახალ მიწაზე არსებული სასტარტო მოედანი; გასული წლის ოქტომბრის ბოლოს რამდენიმე დღის განმავლობაში ნიონოკსის თავზე საჰაერო სივრცე ფრენებისათვის ჩაიკეტა.
  • ამავე დღეებში დვინის ყურეში იმყოფებოდა ხომალდი „სერებრიანკა“, რომელსაც შეეძლო მურმანსკის გავლით სარატოვიდან ჩაეტანა ბირთვული რაკეტის დანადგარი. გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა და რაკეტა, რეაქტორთან ერთად, ნაპირთან ახლოს, ყურის აკვატორიაში ჩავარდა.
  • 2019 წლის აგვისტოში შეეცადნენ ყურიდან რაკეტის ამოღებას, მის დემონტაჟს და უტილიზებას. ამისთვის აკვატორიაში შევიდნენ სპეციალურად აღჭურვილი გემები - „სერებრიანკა“ და „ზვიოზდოჩკა“.
  • ჩაფიქრებული იყო რაკეტის ამოღება ერთ-ერთ პონტონზე, მისი დემონტაჟი და მოთავსება სპეციალურ კონტეინერებში, მაგრამ რაკეტების ამოღებისას საწვავი აფეთქდა სტარტის საფეხურზე. აფეთქებამ დაანგრია რეაქტორი და ტალღამ ატმოსფეროში გატყორცნა გარკვეული რაოდენობის რადიონუკლიდები, რაც დამახასიათებელია სარეაქტორო დანადგარისთვის.
  • აფეთქების შედეგად დაშავდა პონტონზე მყოფი რამდენიმე ადამიანი - სპეციალისტები, რომლებსაც უნდა მოეხდინათ რეაქტორის დემონტაჟი და ის კონტეინერში შეეფუთათ. დაშავდა ასევე რამდენიმე სამხედრო, ერთი - მყვინთავი, რომელიც შესაძლოა ისევ წყალქვეშ იმყოფებოდა. არსებითი მექანიკური დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა პონტონმა, რომელიც სანახევროდ ჩაიძირა, მეორე პონტონი უფრო ნაკლებ დაზიანდა, მაგრამ ისიც დაბინძურდა რადიოაქტიური ნივთიერებებით.
  • (სურათი წარწერით: დაზიანებული პონტონები რუსეთის საცდელი სამხედრო-საზღვაო პოლიგონის ახლომდებარე ნაპირზე)
  • ატმოსფეროში გატყორცნილი რადიოაქტიური ნივთიერებების რაოდენობა, ჯამში, არ აღმოჩნდა დიდი. მეთევზეებმა, რომლებიც აფეთქებაზე მსჯელობდნენ ფორუმ sanatatur.ru-ში, 8 აგვისტოს დაჭერილი თევზი სპექტრული ანალიზისათვის ლაბორატორია „სევმაშში“ გაგზავნეს. ამ ანალიზს არ გამოუვლენია თევზში ნორმიდან რაიმე სახის გადახრა.
  • ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ, პირველ ყოვლისა, რეაქტორმა მოასწრო მცირე ხნით ემუშავა და ვერ მოასწრო მაღალაქტიური გახლეჩვადი მასალების დაგროვება. მეორე მხრივ, აფეთქების დროს რადიონუკლიდების დიდი ნაწილი წყლის ქვეშ დარჩა, მხოლოდ მცირე ნაწილი გაიტყორცნა ატმოსფეროში და დაილექა პონტონების ზედაპირზე.
  • ამ ვერსიის ყველაზე მკაფიო მოდიფიკაცია ასეთია: არ არის გამორიცხული, რომ რაკეტა „ბურევესტნიკი“ მაინც გამოსცადეს 8 აგვისტოს, მაგრამ მხოლოდ მისი ბირთვული დანადგარი, რაკეტის გაშვების გარეშე. გამოცდის შემდეგ რაკეტა სანაპიროსთან წყლის ქვეშ მოათავსეს და იქ აფეთქდა.
  • თუმცა არც სხვა ჰიპოთეზის უარყოფა შეიძლება. არ გამოირიცხება რაკეტა „ბურევესტნიკის“ წარუმატებელი გამოცდა 8 აგვისტოს, რასაც რაკეტის ზღვაში ჩავარდნა მოჰყვა. შესაძლებელია, ერთბაშად წყლის ქვეშ გამოეცადოთ „ბურევესტნიკის“ გარკვეული დანადგარი. დაბოლოს, ავარია შეძლება გამოეწვია სხვა იარაღის, მაგალითად, წყალქვეშა ატომურ დრონ „პოსეიდონის“ გამოცდას, რის მომსახურებასაც ასევე შეიძლებოდა დასჭირვებოდა პონტონები და რადიოაქტიური მასალებისათვის დანიშნული კონტეინერები.
საროვი, 12 აგვისტო, ნიონოკსაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული „როსატომის“ ინჟინრების დაკრძალვა
საროვი, 12 აგვისტო, ნიონოკსაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული „როსატომის“ ინჟინრების დაკრძალვა

უშუალოდ ავარიის დროს სულ ცოტა 7 კაცი დაიღუპა: „როსატომის“ ხუთი წარმომადგენელი - ალექსეი ვიუშინი, ევგენი კორტაევი, ვიაჩესლავ ლიპშევი, სერგეი პიჩუგინი და ვლადისლავ იანოვსკი. კიდევ ორი სამხედრო პირის დაღუპვაზე ცნობა სააგენტო „ინტერფაქსმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა.

ავარიას სევეროდვინსკთან, როგორც ჩანს, არ გამოუწვევია რადიაციის დიდი გაჟონვა და დღესდღეობით მისი შედეგები არავის ჯანმრთელობას არ ემუქრება. ამასთან, ამ ინციდენტმა აჩვენა, რომ ბირთვული ძალის დანადგარებზე მომუშავე ახალი რუსული შეიარაღების გამოცდას, შესაძლოა, იოლად მოჰყვეს რადიოლოგიური ინციდენტი, რომლის პოტენციური მასშტაბი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე 8 აგვისტოს მოვლენებს ახლდა. და არავინ იცის შეძლებს თუ არა ოდესმე საიმედოდ და ეფექტურად მოქმედებას ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ (ან რომელიმე სხვა რაკეტა, ვლადიმირ პუტინის მიერ დაანონსებული), მაგრამ მის ანგარიშზე უკვე არის რამდენიმე ადამიანის სიკვდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG