Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიაციას საქართველომდე არ მოუღწევია


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტი არხანგელსკის ოლქში, სადაც 8 აგვისტოს აფეთქება მოხდა. 2011 წლის ფოტო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტი არხანგელსკის ოლქში, სადაც 8 აგვისტოს აფეთქება მოხდა. 2011 წლის ფოტო

საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებით, 8 აგვისტოს არხანგელსკის პორტ სევეროდვინსკის მახლობლად მომხდარ აფეთქებას, არანაირი გავლენა არ მოუხდენია საქართველოში რადიაციული ფონის ცვლილებაზე. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ცვლილება არ დაუფიქსირებია საქართველოში მოქმედ არც ერთ სადგურს.

ვარაუდი რადიაციის გავრცელებისა და რადიაციული ფონის შესაძლო ცვლილების შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოთქვა ბირთვული გამოცდების აკრძალვის შეთანხმების ორგანიზაციის (CTBTO) აღმასრულებელმა დირექტორმა ლესინა ზერბომ, რომელმაც თავის ტვიტს დაურთო დისპერსიული მოდელირების გრაფიკული გამოსახულება, რომელიც აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ჰიპოთეტური ნაწილაკების გავრცელების შესაძლო არეალს ადგენს.

„როგორც კი ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი, მას შემდეგ ვაკვირდებით მონაცემებს და 24-საათიან რეჟიმში ვზომავთ რადიაციას. დღემდე რამე სახის ცვლილება არ დაფიქსირებულა. ეს შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი სადგურების მონაცემების (სულ ხუთი ასეთი სადგური გვაქვს) საფუძველზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ საქართველოში რადიოაქტიური ფონის ცვლილება არ მომხდარა“, - ამბობს ვასილ გედევანიშვილი, რომლის თქმითაც, საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს არანაირი შეტყობინება არ მიუღია არც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან (მაგატე).

„დავუკავშირდით ნორვეგიის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, ასევე უკრაინელ და აზერბაიჯანელ კოლეგებს. ნორვეგია ყველაზე ახლოსაა ინციდენტის ადგილთან. წარმოუდგენელია, რომ არხანგელსკიდან საქართველომდე (3 500 კმ-ზე) ჩამოეღწია რადიაციას და ნორვეგიაში არ შეცვლილიყო რადიოაქტიური ფონი, ასევე უკრაინაშიც. ამ სამი სახელმწიფოს არც ერთ სადგურს არ დაუფიქსირებია რამე სახის ცვლილება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ გედევანიშვილმა.

რაც შეეხება CTBTO-ს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოდელირების გრაფიკულ გამოსახულებას, ვასილ გედევანიშვილი ამბობს, რომ ყველა მონაცემი, რაც მოდელირების სიზუსტისთვისაა საჭირო, რუსეთის ხელისუფლებას გასაიდუმლოებული აქვს. უცნობია, როგორც აფეთქების სიმძლავრე, ასევე რადიოაქტიური ნუკლიდის ზუსტი დასახელება.

აფეთქება არხანგელსკის ოლქის ნავსადგურ სევეროდვინსკში მდებარე ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე 8 აგვისტოს მოხდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი და გაიზარდა რადიაციის დონე.

მოგვიანებით „როსატომმა“ განაცხადა, რომ აფეთქების დროს მისი ხუთი თანამშრომელი დაიღუპა. დაშავებულია რამდენიმე პირი. უწყების ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა დაღუპული კოლეგების დასაფლავებაზე, საროვში, გასაიდუმლოებულ ქალაქში, თქვა, რომ ისინი ტრაგიკულად დაიხოცნენ ახალი სპეციალური აგრეგატის გამოცდისას. ვიაჩესლავ სოლოვიოვმა, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა სამეცნიერო სფეროში, ადგილობრივი ტელევიზიით განაცხადა, რომ დაღუპულები „როსატომს“ დასაქმებული ჰყავდა თავდაცვის სამინისტროსთვის ენერგიის დაბალი სიმძლავრის ისეთი წყაროების განვითარების სფეროში, სადაც რადიოაქტიურ მასალებს მოიხმარენ. სოლოვიოვის თქმით, მომხდარ ფაქტს დეტალურად იკვლევენ, რათა დადგინდეს ავარიის მიზეზი.

იგივე „როსატომი“ იტყობინებოდა, რომ აფეთქება მოხდა რაკეტის ბირთვული იზოტოპის ენერგიის წყაროზე მომუშავე ძრავას საცდელი გაშვებისას. საცდელი პოლიგონი, სადაც ატომური წყალქვეშა ნავების რაკეტებს ცდიან და სადაც წარუმატებელი გამოცდა ჩატარდა, სანავსადგურო ქალაქ სევეროდვინსკიდან 40 კილომეტრშია, თეთრ ზღვაში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG