Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხურ-აზერბაიჯანული სიყვარულის უჩვეულო ისტორია, რომელიც რუსეთში მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ დაასრულა


ლილიტ ისრაელიანი და ვუგარ ჰუსეინოვი
ლილიტ ისრაელიანი და ვუგარ ჰუსეინოვი

მოსკოვში საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში ერთი ფოტო ვრცელდება. სიმპათიური, ახალგაზრდა წყვილი გამოპრანჭული და ჩახუტებული ზის სუფრასთან.

ლილიტ ისრაელიანი, რომელსაც ყვავილებიან კაბაზე შავი კულულები ჩამოუშვია და ნაზად იღიმის, სომეხი იყო. მისი ქმარი, ვუგარ ჰუსეინოვი, მოკლედ შეჭრილი შავი თმით და თავდაჯერებული ღიმილით, რაც შავჰალსტუხიან ჩაცმულობას შეესაბამება, ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო. ორივე 22 მარტის თავდასხმის მსხვერპლებს შორის არიან.

კავკასიაში ბევრისთვის მათი მკვლელობით გამოწვეული ტრაგედია გადაჯაჭვულია იმ დაუჯერებელ ისტორიასთან, რომელიც შესაძლებელი გახდა ეთნიკური შუღლით ათწლეულებით ნასაზრდოებ საზოგადოებაში.

“იყო სომეხი ან აზერბაიჯანელი, შეეჯახო მთელ ამ წინააღმდეგობას, მერე შეგიყვარდეს ერთმანეთი და იქორწინო, ეს ისეთი იშვიათი რამეა ... შემდეგ მოვა სამი თუ ოთხი ტერორისტი და წაგართმევს სიცოცხლეს, ვითომც აქ არაფერი. უფალო, დაუმკვიდრე მათ ადგილი სასუფეველში”, - დაწერეს X-ზე.

რა ბოროტია სამყარო. დაე, მშვიდად განისვენონ, ხოლო მათმა შვილმა იცოდეს, რომ მშობლების სიყვარული კულტურულ წინაღობებს არ დაემორჩილა...

ჰუსეინოვიც და ისრაელიანიც მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში მუშაობდნენ. საავიაციო მომსახურების გამწევმა კომპანია UTG-მ დაადასტურა, რომ ჰუსეინოვი მათი თანამშრომელი იყო, ხოლო მისი ცოლი კომპანიაში ადრე მუშაობდა. ისრაელიანის ოჯახმა რუსულ მედიას უთხრა, რომ ცოლ-ქმარს წლინახევრის შვილი დარჩათ.

ბევრი არ იწერება წყვილის ურთიერთობის ისტორიაზე, მაგრამ იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ ორივე ნამდვილად წააწყდებოდა საკუთარი გარემოცვის წინააღმდეგობას.

2009 წელს ჩატარებული კვლევით, სომხების 92% ამბობდა, რომ სომეხი ქალის აზერბაიჯანელზე ქორწინება მისაღები არ იყო. აზერბაიჯანელების დაახლოებით 99%-ს აქვს ამ საკითხზე იგივე პოზიცია.

საბჭოთა პერიოდში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქორწინება უფრო ხშირი იყო, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ერთად ცხოვრობდნენ, მაგალითად, ბაქოში, აქ მოსახლეობის 10-20%-ს ეთნიკური სომხები შეადგენდნენ.

შერეული ქორწინება ”ბაქოური კოსმოპოლიტიზმის ხატი იყო”, - წერდა ლოურენს ბროერსი ლონდონში არსებული კვლევითი ორგანიზაციის [Think Tank] Chatham House-ის ასოცირებული მკვლევარი.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა იფეთქა, რამაც სომხეთსა და აზერბაიჯანში თანაარსებობის ეპოქა დაასრულა. თითქმის ყველა ეთნიკურად სომეხი გამოიქცა აზერბაიჯანიდან ან წასვლა აიძულეს, იგივე მოხდა აზერბაიჯანელების შემთხვევაში. ძალიან მცირე ნაწილი დარჩა, ისიც შერეულ ქორწინებაში მყოფი ხალხი ან მათი შვილები, რომლებიც ხშირად ამას მალავენ კიდეც.

ისეთ ადგილებში, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები თანაცხოვრებას აგრძელებენ, მაგალითად, საქართველოში ან რუსეთში, ქორწინების შემთხვევები კი არის, მაგრამ ძალიან იშვიათად. რუსეთს ეთნიკური ნიშნით ქორწინებების სტატისტიკა არ აქვს, ამიტომ რამდენი ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ქორწინდება, შეუძლებელია დაადგინო.

“თავად ნახევრად სომეხი და ნახევრად აზერბაიჯანელი ვარ. ვამაყობ ამით. ძალიან მტკივნეულია ეს ამბავი”, - წერს Reddit-ის მომხმარებელი დაღუპულ წყვილზე.

“ასეთი ძალიან ცოტა წყვილი დარჩა. რა ბოროტია სამყარო. დაე, მშვიდად განისვენონ, ხოლო მათმა შვილმა იცოდეს, რომ მისი დედის და მამის სიყვარულმა კულტურული წინაღობები გაარღვია, რათა ის დაბადებულიყო. ის ჯანმრთელი, ძლიერი გაიზრდება და საკუთარი წარმომავლობით იამაყებს”.

დაე, მათმა ხსოვნამ დაამყაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა. არცერთი ომი 21-ე საუკუნეში...

იშვიათი ოჯახური ისტორიის გარდა, ჰუსეინოვმა თავდასხმის დროს სიმამაცეც გამოავლინა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ის ამოყირავებული მაგიდებით ცდილობს ცოლისა და სხვა მსხვერპლების დაცვას და თავდამსხმელების შეჩერებას.

“კოლეგები ვუგარს ნიჭიერ და კეთილ ადამიანად ახასიათებენ”, - წერს რუსული ტელეგრამარხი Mash-ი, რომელმაც ცოლ-ქმარზე პირველმა დაწერა.


მას შემდეგ, რაც მათი ტრაგიკული ბედის შესახებ ამბავი გავრცელდა სხვა, სულ მცირე, 137 დაღუპულთან ერთად, მწუხარებასთან ერთად სასტიკი კომენტარებიც გარდაუვალი იყო, რაც შედეგია 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ომებისა და ეთნიკური ძალადობით გამტკიცებული მეტოქეობის.

“სომეხზე იქორწინა და კარმამ უწია”, - დაწერეს აზერბაიჯანულ ტელეგრამარხზე.

“როგორ მიათხოვეს საკუთარი ქალიშვილი თურქს? ისინიც აზერები არიან?" - წერს ერთი სომხურ გვერდზე და იმეორებს ბევრი სომეხი ნაციონალისტის ნათქვამს აზერბაიჯანელებზე, რომლებსაც თურქებთან მჭიდრო ლინგვისტური და ისტორიული კავშირები აქვთ. თუმცა ასეთი კომენტარების დამწერებს მალევე კიცხავდნენ.

“დაე, მათმა ხსოვნამ დაამყაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა. არცერთი ომი 21-ე საუკუნეში“, - დაწერა ერთმა X-ზე.

“მშვიდობით განისვენე ჩემო სომეხო დაო და შენც, მისმა აზერბაიჯანელმა ქმარმა”, - წერს მეორე. “არ მივცეთ პოლიტიკას უფლება, გაგვანადგუროს”.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG