Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულ ოკუპაციას ახალციხეში სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ


რუსეთი ოკუპანტია! - ამ წარწერას ახალციხის ერთ-ერთი რესტორნის ქვითარზე წაიკითხავთ. რესტორნის მფლობელი ლევან ყირიმლიშვილი ამბობს, რომ ცდილობს მომხმარებელს ამ ფორმით აჩვენოს, ერთი მხრივ რესტორნის პოზიცია და მეორე მხრივ ის, რომ ებრძვის სისტემას და არა ხალხს.

გადმოწერა

„სტუმრებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ამ ნაბიჯით პროტესტს ვაცხადებთ და მოსახლეობას რუსული ოკუპაციის შესახებ კიდევ ერთხელ ვახსენებთ! ჩეკზე გამოვსახეთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ უარს არ ვეუბნებით, რა თქმა უნდა, რუს ხალხს, ეთნოსს, კულტურას, ესტრადას. ჩვენ არ ვებრძვით ხალხს, ვებრძვით სისტემას, რომელმაც სახელმწიფო გაგვინადგურა“, - აცხადებს ახალციხელი მეწარმე. მის მიერ რუსული ოკუპაციის გაპროტესტებას სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლინებად მიიჩნევენ ახალციხეში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

რუსეთთან დიალოგი არ გამოგვდის, არც ომი არ გამოდის, რადგან არ გვაქვს ამის შესაძლებლობა. მომხმარებლის გარკვეული ნაწილი დღეს რესტორნებში ხშირად რუსულ სიმღერებზე ილხენს. კარგი იქნება, თუ ქვითრის მიღების დროს მაინც გაიხსენებენ, რომ მათი სამშობლო რუსების მიერ არის ოკუპირებული...
ჯაბა ნათენაძე

რუსულ ოკუპაციას ლევან ყირიმლიშვილისგან განსხვავებული ფორმით აპროტესტებს არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე. ის პროტესტის ნიშნად 2008 წლიდან აღარ უსმენს რუსულ სიმღერას და არ სარგებლობს მობილური კავშირგაბმულობის რუსული კომპანიის მომსახურებით.

„ჩვენ არ უნდა ვაჩვენოთ, რომ მონები ვართ. როგორი პოლიტიკა ჰქონდა შევარდნაძეს – ხომ ჰქონდა თბილი და ტკბილი პოლიტიკა და ცდილობდა, რომ ტკბილი ენით და დიპლომატიით, როგორმე წამოეყვანა დიალოგზე რუსეთი, მაგრამ ეს არ მოხერხდა. სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, პირველი შეხვედრა გამართა პუტინთან, რატომ? იმიტომ, რომ ეცადა დიალოგს მასთან. მერე დაიწყო „ლილიპუტინი“ და ა.შ. რადგან მიიღო რეაქცია ნული და მიიღო აგრესია. ახლანდელი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს თქვას, რომ მე ვცდილობ, დიპლომატიური გზით მოვაგვარო, კარგი ურთიერთობები დავამყარო, რას ვიღებთ? დღესაც ხაზს ავლებენ. რუსეთთან დიალოგი არ გამოგვდის, არც ომი არ გამოდის, რადგან არ გვაქვს ამის შესაძლებლობა. მომხმარებლის გარკვეული ნაწილი დღეს რესტორნებში ხშირად რუსულ სიმღერებზე ილხენს. კარგი იქნება, თუ ქვითრის მიღების დროს მაინც გაიხსენებენ, რომ მათი სამშობლო რუსების მიერ არის ოკუპირებული“, – აცხადებს ჯაბა ნათენაძე.

ახალციხეში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მეწარმე ლევან ყირიმლიშვილის პროტესტის ფორმას მნიშვნელოვანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მოქალაქეები ყოველთვის უნდა გამოხატავდნენ თავის დამოკიდებულებას დამპყრობლის მიმართ. სამცხე-ჯავახეთის მედიაანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ აივაზიანი ფიქრობს, რომ გამოსავალი საქართველოში დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარებაა:

„სიტუაციიდან გამოსავალი და აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების შანსი, ჩემი აზრით, ის არის, რომ თუ ნორმალური დემოკრატია და ძლიერი ეკონომიკა იქნება, ისეთი როგორიც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებშია, მაშინ ჩვენი ძმები აფხაზეთსა და ოსეთში დაინახავენ, რომ აქ ცხოვრობს სხვადასხვა ერი მშვიდად ქართველებთან ერთად. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი, რადგან პუტინი ასი წელი არ დარჩება იქ. რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება“.

სტუდენტი თემურ ინასარიძე ფიქრობს, რომ დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ქვეყანამ ინფორმაციული ომის მოგერიება უნდა შეძლოს:

"ჩვენ კიდევ იმას განვიხილავთ, რომ რუსეთს უნდა ველოლიავოთ, თავი უნდა დავუღუნოთ, ვეხვეწოთ, ვემუდაროთ, რომ იქნებ დაგვინდოს? ეს არ არის გამოსავალი. არანაირად არ ვამართლებ და არც არავინ უნდა გაამართლოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების პოზიცია. როცა ამას გავიაზრებთ ყველა და დავიწყებთ ფიქრს, მივხვდებით, რომ დღეს შეიძლება ტანკებით აღარ შემოვიდეს რუსეთი და ბრძოლა არ დაგვიწყოს ავტომატებით, მაგრამ 21-ე საუკუნეა. ყველაზე მარტივი და ეფექტური ომი რაც კი არსებობს, ეს არის ინფორმაციული შემოტევა და ეს უნდა მოვიგერიოთ. ყოველთვის ვიყავით დასავლეთის ნაწილი, უბრალოდ, რაღაც პერიოდებში არ ვახსოვდით დასავლეთს და არც ჩვენ გვახსოვდა, რომ მათი ნაწილი ვიყავით“.

ახალციხე
ახალციხე

ახალციხელი მეწარმე ლევან ყირიმლიშვილი კი იმედოვნებს, რომ მის ინიციატივას რუსული ოკუპაციისთვის პროტესტის გამოცხადების შესახებ, სხვა მეწარმეებიც შეურთდებიან. ქალაქში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა ახალგაზრდა მეწარმის პოზიციას იზიარებს:

"20 % რომ დაისაკუთრა ჩვენი მიწების, ოკუპანტია, აბა, რა? ამას კითხვა რად უნდა“.

"მაშინ მტერი იყო და ახლაც მტრად რჩება, რაც მცოცავი ოკუპაციის მოვლენებს ყოველდღიურად ვხედავთ“.

"თავად ვარ ცხინვალელი და ვიცი, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას მე კი არა, მსოფლიო აღიარებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG