Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოსითეოსი - ტომარაში მოკლული პატრიარქი

პატრიარქი დოსითეოსი ანანურშია დაკრძალული
პატრიარქი დოსითეოსი ანანურშია დაკრძალული

დოსითეოსი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებელი, ზოგი ცნობით კი პატრიარქი იყო. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას მოყოლილი აჯანყების ორი ლიდერი, მიტროპოლიტები დოსითეოსი და ექვთიმე რუსულმა ხელისუფლებამ დააკავა. მოხუცი მღვდელმთავრები გადასახლებაში ტომრებით წაიყვანეს.

მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ორი დამოუკიდებელი საეპისკოპოსო იყო: ქართლის და აფხაზეთისა და ლიხთ-იმერეთის. რუსეთმა ჯერ ქართლის საკათალიკოსო გააუქმა. რუსეთში გადაასახლეს ერეკლე მეორის შვილი, ქართლის პატრიარქი ანტონ II (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი). საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა ეგზარქოსი, რომელიც რუსეთის სინოდს ექვემდებარებოდა - მიტროპოლიტი ვარლამ ერისთავი.

თხუთმეტიოდე წლით ადრე, 1795 წელს გარდაიცვალა აფხაზეთის კათალიკოსი მაქსიმე (აბაშიძე). ამის შემდეგ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებელი დოსითეოს ქუთათელი (წერეთელი) ხდება. იმის დასტურად, რომ დოსითეოსი პატრიარქად აირჩიეს, შემორჩენილია იმერეთის მეფის სოლომონ მეორის ცნობა. მას პატრიარქობას, როგორც მამიდაშვილს ულოცავს ერეკლე მეორეს მეუღლე, დედოფალი დარეჯანიც (დადიანი). თუმცა თავად ყველა საბუთში ხელს აწერს, როგორც გამგებელი.

1814 წელს რუსეთმა გააუქმა დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოს ავტოკეფალიაც და ის მთლიანად საქართველოს საეგზარქოსოს შეუერთა, 1815 წელს კი შექმნა საქართველო-იმერეთის სინოდური კანტორა, რომელსაც ეკლესიის მმართველობა ევალებოდა.

ლაშა დეისაძე შარვაშიძე
ლაშა დეისაძე შარვაშიძე

„ესეც რუსული ვერაგობა იყო. იმერეთი რა, საქართველო არ იყო? მაგრამ ეს იმისთვის გაკეთდა, რომ შემდეგ სეპარატისტული გრძნობები გაეღვივებინათ მოსახლეობაში“, - ამბობს ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

1817 წელს საქართველოში ეგზარქოსად დაინიშნა თეოფილაქტე რუსანოვი. შემდეგი 100 წელი - 1817 წლიდან 1917 წლამდე - საქართველოს ეკლესიას რუსი ეგზარქოსები მართავდნენ.

„თეოფილაქტე დიდი ბოროტებით გამოირჩეოდა ქართველების მიმართ. გადმოცემით, წმინდა ნინოს საფლავზე გარდაიცვალა, როდესაც ამ საფლავის გათხრა დააპირა. სხვამ არავინ გააკეთა. [გადმოცემით] თავად მიადგა ნიჩბებით და იქვე განუტევა სული. ბოდბის მონასტერშია დაკრძალული", - ჰყვება ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, - "დანიშვნიდან მალევე თეოფილაქტემ საეკლესიო ქონების აღწერა დაიწყო. ეს უფრო ტერორი იყო, ვიდრე აღწერა. ხალხში პროტესტი ისედაც გროვდებოდა და 1819 წელს იმერეთში აჯანყება დაიწყო, ეროვნული აჯანყება, თუმცა რუსულმა ისტორიოგრაფიამ ის „ცერკოვნი ბუნტად" შეაფასა“.

შეიარაღებულმა აჯანყებამ არა მხოლოდ იმერეთი, გურია და სამეგრელოც მოიცვა.

აჯანყების წამყვანები იყვნენ დოსითეოს ქუთათელი და გაენათის მიტროპოლიტი ექვთიმე (შერვაშიძე), მათ გვერდში ედგა ხონის მთავარეპისკოპოსი ანტონ ჩიჯავაძე. რუსები მიუთითებდნენ კიდეც, ვაკე იმერეთს ანტონ ჩიჯავაძე აჯანყებსო. აჯანყებულებს შორის იყო ივანე აბაშიძეც - სოლომონ პირველის შვილიშვილი. ამბოხებულებს ის მეფედ უნდოდათ.

თეოფილაქტე რუსანოვი თავიდან დასავლეთ საქართველოში ჯარის თანხლებით გადავიდა, მაგრამ აჯანყების გამო მალევე გამოარიდეს ქუთაისს.

„ხალხის დასაშოშმინებლად პეტერბურგმა თეოფილაქტე უკან გაიწვია. მაგრამ ამ გაწვევამ საქმეს არ უშველა. აჯანყებულებს მასობრივი დაუმორჩილებლობა ჰქონდათ გამოცხადებული. ფიცი დადეს: „ან თავისუფლება, ან სიკვდილი“. ამიტომ რუსეთმა გადაწყვიტა, მიტროპოლიტები დოსითეოსი და ექვთიმე დაესაჯა“, - ჰყვება ისტორიკოსი.

„დავხოცავ და გვამებს წყალს გავატან“

სადამსჯელო ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ რუსეთის სასულიერო საქმეების მინისტრი ალექსანდრე გოლიცინი, გენერალი ალექსი ველიამინოვი და პოლკოვნიკი ივანე პუზირევსკი.

პუზირევსკი ველიამინოვს სწერდა: „იმისათვის, რათა დატყვევებულებმა ვერ შეძლონ გაქცევა, არ იცოდნენ ერთმანეთის ვინაობა და გატარების დროს მცხოვრებლებმა ვერ იცნონ ისინი, გადავწყვიტე, რომ თავზე ჩამოვაცვა ტომრები, მათ კისერთან და წელთან შევკრავ, ხოლო ბაგესთან სასუნთქს გავუკეთებ. თუ რაიმე უკიდურესი შემთხვევა მოხდება, მათ დავხოცავ და გვამებს წყალს გავატან“.

ველიამინოვმა პუზირევსკის შემოუთვალა, მიტროპოლიტების სიკვდილი მაქსიმალურად თავიდან აირიდე, ხალხი უფრო არ აღელდესო.

„მაგრამ თუ მაინც საჭიროდ მიიჩნევა მოხუცი მღვდელმთავრების დახოცვა, არავითარ შემთხვევაში არც ერთი გვამი არ დატოვოთ იმერეთში, არც დაასაფლავოთ, არც გადააგდოთ მდინარეში, ვიწრო და სწრაფი დინების გამო შეიძლება მდინარემ ამოაგდოს გვამები, რომლებსაც ნახავს ცრუმორწმუნე ხალხი. თითოეული გვამი გადატანილ უნდა იქნეს მოზდოკამდის. არ იქნას დატოვებული საქართველოშიც კი, ანდა მიტანილ იქნან კაიშაურამდე, სადაც შეიძლება მათი დასაფლავება“, - მიუთითეს პუზირევსკის.

დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის ხატი
დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის ხატი

1820 წლის მარტში პუზირევსკიმ მიტროპოლიტები დააპატიმრა. ერთი თვის შემდეგ თავად პუზირევსკი გურიაში მოკლა აჯანყების ერთ-ერთმა მეთაურმა იოთამ ბოლქვაძემ.

„ორივე მიტროპოლიტი ერთდროულად შეიპყრეს. ტომრები ჩამოაცვეს და გადასასახლებლად გზას გაუყენეს. მათთან ერთად წაიყვანეს არქიმანდრიტი გრიგოლ ცქიტიშვილი; თარჯიმანი, აზნაური იოანე აბულაძე და მსახური მახარე ცნობილაძე. სასტიკად იყვნენ ნაცემები, - ამბობს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე. - დოსითეოსი, რომელიც მაშინ 70 წლის იქნებოდა, გზაში მოკლეს, სურამსა და გორს შუა. გრიგოლ ცქიტიშვილი იგონებს, რომ ის ტომარაშივე დაახრჩვეს“.

დოსითეოსი ანანურში დაკრძალეს. წლების განმავლობაში მისი საფლავი მონიშნულიც არ იყო, წარწერიანი ქვა მოგვიანებით დადეს.

მიტროპოლიტი ექვთიმე გაენათელი პეტერბურგში ჩაიყვანეს და ალექსანდრე I-ს წარუდგინეს. მღვდელმთავარი იმპერატორს არ მორიდებია, ახალი ნერონი ხარო, მიახალა. ამის შემდეგ ის პეტერბურგთან, ალექსანდრე სვირელის სახელობის მონასტერში გადაასახლეს, სადაც 1822 წლის 21 მარტს 76 წლისა გარდაიცვალა.

2005 წელს ექვთიმეს ნეშტი პეტერბურგიდან საქართველოში ჩამოასვენეს და გელათში დაკრძალეს.

„მოისვენა მისმა სულმა, სამშობლოს რომ დაუბრუნდა. მან აღასრულა თავისი ვალი ღვთის წინაშე და თავისი ჯვარი და ერის ჯვარი ბოლომდე მიიტანა“, - თქვა პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას.

2005 წლის 27 ივნისს დოსითეოსი და ექვთიმე საქართველოს ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG