Accessibility links

სააკაშვილის პიროვნების კულტი - ოპოზიციის მთავარი მუხრუჭი


19 მაისის რიგგარეშე არჩევნების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, გააკრიტიკა ზოგიერთი ის „ოპოზიციონერი პოლიტიკოსი“, ვინც ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებს. მელიას განცხადებით, ამგვარი მოწოდებები ისედაც სასოწარკვეთილ ამომრჩეველს უარეს მდგომარეობაში აგდებს. მის განცხადებას მხარი დაუჭირა „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მელია შეცდომების გააზრების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა.

მართალია, არც მელიას და არც ვაშაძეს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ პოლიტიკოს(ებ)ს გულისხმობდნენ, მაგრამ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს განცხადებები მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა. სააკაშვილმა ფეისბუქზე გაავრცელა მიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ ივანიშვილი ხალხმა არჩევნებისთვის გვერდის ავლით უნდა მოიშოროს. სააკაშვილის თქმით: „ივანიშვილი და არჩევნები შეუთავსებელია“. მართალია, იგი იქვე ამატებს, რომ მას „მშვიდობიანი ტალღის“ აგორება აქვს მხედველობაში, მაგრამ აშკარაა, რომ არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლა ამ კონტექსტში რევოლუციას ნიშნავს.

სააკაშვილის ასეთი და სხვა სახის მოსაზრებები მხოლოდ ამჟამინდელ თანაგუნდელებში არ იწვევს პროტესტს. აპრილში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა გიგა ბოკერიამ მის ერთ-ერთ განცხადებას „უაღრესად საზიანო“ უწოდა. ბოკერიას ყოფილმა პრეზიდენტმა ჩვეული მოურიდებლობით, რიტორიკული კითხვით უპასუხა: „ეს ასეთი შტერი არ იყო და აბა, რა, თავს იშტერებს?“

ორი წლის წინ, როდესაც „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო, განშორების პროცესს თან ახლდა გიგი უგულავასა და სააკაშვილის დაპირისპირება, როდესაც უგულავამ ყოფილი პრეზიდენტი შეადარა „მანქანას, რომელიც ჯართში შეგიძლია მოისროლო“. ეს დაპირისპირება, როგორც გახსოვთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დასრულდა. სააკაშვილმა ჰელსინკიში უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ჩვენ ყველანი მივხვდით, რომ სინამდვილეში „ერთი ოჯახი“ ვართო.

შეიძლებოდა მოგვეყვანა სააკაშვილთან მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირების სხვა მაგალითებიც (ვთქვათ, გრიგოლ ვაშაძე რომ არ დაეთანხმა სააკაშვილის მოწოდებებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და სხვ.), რომელთა დეტალურად განხილვა შორს წაგვიყვანდა. უამისოდაც თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ,, რომ გარკვეული დაძაბულობა სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებსა და მოკავშირეებს შორის დღემდე არსებობს.

ამ დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ სააკაშვილი თავს აღიქვამს ერთპიროვნულ ბელადად, მესიად, და მიიჩნევს, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება ყველასთვის უკეთესი. ასეთი აღქმის საშუალებას მას თანამებრძოლთა ერთი ნაწილის ზომაზე მეტად აღტყინებული და რაციონალობას მოკლებული დამოკიდებულება აძლევს. შედეგად, სააკაშვილის პიროვნების კულტი არა მხოლოდ მის პარტიაზე, არამედ მთელ ოპოზიციაზე და მთლიანად ქვეყანაზე ახდენს უარყოფით გავლენას. ოპოზიციის უფრო მეტად გაძლიერებასაც დიდწილად ეს ფაქტორი უშლის ხელს.

ამ შემთხვევაში პიროვნების კულტის არსებობა, პირველ რიგში, იმით გამოიხატება, რომ სააკაშვილის მხარდამჭერთა ნაწილისთვის ცალკე „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობას ან მის შემადგენლობას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც თავად პარტიის ლიდერის ფიგურას. პოლიტიკას ამგვარი პერსპექტივიდან ვინც უყურებს, იმათთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის სააკაშვილის ქმნილება, რომელიც მან საკუთარი შეხედულებების მიხედვით, როგორც უნდა, ისე უნდა გამოძერწოს. აქტივისტთა და მხარდამჭერთა ამ ჯგუფისთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგება სააკაშვილი, რა მიმართულებით წაიყვანს პარტიას (და პერსპექტივაში, მთლიანად ქვეყანას): ლიბერალი იქნება, თუ კონსერვატორი, მემარცხენე იქნება, თუ მემარჯვენე, პროდასავლური იქნება, თუ „პროქართული“ (პრორუსულობაზე, ალბათ, მაინც მწვავე რეაქცია ექნებათ) და ა. შ. მთავარი ის არის, რომ მან - მათი წარმოდგენით, ყოვლისმცოდნე და შეუმცდარმა ადამიანმა - თავად განსაზღვროს, თუ რა სჭირდება სინამდვილეში ერს. სააკაშვილს შეუძლია მოჰკვეთოს ნებისმიერი ადამიანი საკუთარი პარტიიდან ისე, რომ არავის მიმართ ანგარიშვალდებულად არ ჩათვალოს თავი. ბევრი ამგვარი თვისებით ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თავის მთავარ მეტოქეს - ივანიშვილს.

საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანისტური მოლოდინის არსებობა ახალი ამბავი არ არის. ზოგიერთისთვის, შედარებით უფრო ნაკლებად, ბიძინა ივანიშვილი არის ასეთივე ბელადი და მესია, რომელსაც თურმე აფხაზეთიც კი უნდა დაებრუნებინა თავისი ფულით (არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთი ხელის მოსმით „ქარხნები“ უნდა აეგუგუნებინა)...

სააკაშვილსა და ივანიშვილზე უფრო ადრე არსებობდა (და, ზოგ შემთხვევაში, დღემდე არსებობს) ტრაგიკულად გარდაცვლილი (თუ მოკლული?) ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, კულტი. ბევრი ადამიანისთვის ასევე ჩვეულებრივი ამბავია რელიგიური ავტორიტეტების ამგვარ ჭრილში აღქმა, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებას ის გამართლება მაინც აქვს, რომ საქმე რელიგიურ რწმენას ეხება და ეს რწმენა, თავისი არსით, ირაციონალური და საკრალურია.

რელიგიური რწმენისგან განსხვავებით, პოლიტიკოსისადმი რწმენა ირაციონალური არ უნდა იყოს, არამედ ის, წესით, გარკვეულ რაციონალურ არგუმენტაციას, იდეოლოგიურ თანმიმდევრობას და, ზოგ შემთხვევაში, მეცნიერულ ცოდნასაც კი უნდა ეფუძნებოდეს. ამისგან განსხვავებით, საქართველოში პოლიტიკური ბელადების სწამთ იმისდა მიუხედავად, თუ რეალურად რას წარმოადგენენ ისინი - მაგალითად, როგორი წარსული აქვთ, როგორი პიროვნული თვისებები ან შეხედულებები.

ამ მოურჩენელი მესიანიზმისა და მძიმე პოლიტიკური წარსულის გამო სააკაშვილი საკუთარი გუნდისა და მთლიანად ოპოზიციის მთავარ მუხრუჭად იქცა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ერთი ნაწილი დღემდე ვერ ახერხებს მისი პიროვნებისა და მოღვაწეობის რაციონალურ ჭრილში გადააზრებას. მათ უჭირთ იმის აღქმა, რომ სააკაშვილი იყო ჩვენ მიერ დაქირავებული ხელისუფალი - ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ხალხის მიმართ იყო და არის პასუხისმგებელი.

პიროვნების კულტის შენარჩუნების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნების“ მსგავსად, ვერ ჩამოყალიბდება დასავლური ტიპის პარტიად. ასეთი ტიპის პარტიაში ლიდერი არც შეუცვლელი უნდა იყოს და არც კულისებიდან მართავდეს სხვებს, მარიონეტებივით. ასეთ პარტიაში უნდა არსებობდეს შიდაპარტიული დემოკრატიის მძლავრი მექანიზმები, რომელთა მეშვეობით მიღებულ გადაწყვეტილებებს ყველაზე გავლენიანი ლიდერებიც კი დაემორჩილებიან. ამის საპირისპიროდ, დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერებს - სააკაშვილსა და ივანიშვილს - შეუძლიათ ყველაფერი გადაწყვიტონ თავიანთ პარტიებში ისე, რომ არავის არაფერი ჰკითხონ. იქიდან გამომდინარე, რომ ნელ-ნელა ეს პარტიები მთელ პოლიტიკურ სივრცეს ეპატრონებიან, თუ არაფერი შეიცვალა, ძალიან მალე მთელ საზოგადოებას - მისი მართვისა და ფუნქციონირების წესს - ასეთი პირველყოფილი „ბელადოკრატია“ განსაზღვრავს.

თუ ოპოზიციას მართლა უნდა, რომ მოიშოროს ის ოლიგარქიული, მორალურად დამამცირებელი რეჟიმი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ამისათვის საჭიროა, რომ მან ფუნდამენტურად გარდაქმნას საკუთარი თავი. ოპოზიცია უნდა გათავისუფლდეს მესიანიზმისა და პიროვნების კულტისგან და დაიწყოს პრობლემების რაციონალურ და მორალურ ჭრილში აღქმა. სხვა შემთხვევაში, ამ ორი პარტიისა და მათი ბელადების მონაცვლეობით, საზოგადოება ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ვერ განვითარდება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG