Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი პრემიერად - რა მიზნით? რამდენად შესაძლებელია ეს?


27 აგვისტოს გახმაურებულ ზოგად დაპირებას - „მე ვბრუნდები!“ - 7 სექტემბერს კონკრეტული გეგმა დაემატა: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობას აპირებს. მისი კანდიდატურა უკვე დასახელებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეების მიერ. დღის ბოლოს გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერობას არასრული ვადით გეგმავს.

რა შეფასებები მოჰყვა სააკაშვილის გაპრემიერების გადაწყვეტილებას? რა შეზღუდვებს უწესებს მას საქართველოს კანონმდებლობა? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

გამართლდა მანამდე ფრაგმენტულად გავრცელებული, ბოლომდე დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სწორედ მიხეილ სააკაშვილი იქნება.

7 სექტემბერს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ეს ინფორმაცია გაახმაურა, ასევე თქვა, რომ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელებისთვის ბევრი მიზეზი არსებობს და მთავარი - ქვეყნის სრული გაკოტრებისგან გადარჩენაა.

ვაშაძის თქმით:

  • „მიხეილ სააკაშვილი საჭიროა იმისთვის, რომ - ყველაფერი ის, რაც 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოქალაქის მოწონებასა და მხარდაჭერას იმსახურებდა - ეს განმტკიცდეს, დაფუძნდეს და ხელშეუხებელი გახდეს“;
  • „დროშა, გერბი, ჰიმნი, არაკორუმპირებული პოლიცია, არმია, ეფექტური ინსტიტუტები, 4-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა, 11-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, უსაფრთხოება, წელში გატეხილი კრიმინალი, თითქმის ამოძირკვული კორუფცია“ - ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში გაკეთდა;
  • „მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის - თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შიდა და საგარეო პოლიტიკურ მიზნებს მივაღწიოთ“.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს ასევე, რომ „საქართველოს მოქალაქე დღეს ითხოვს რადიკალურ ცვლილებებს“, ხოლო საქართველოს სწრაფი განვითარება შეუძლია მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის გაერთიანებას - „ძალა ერთობაშია“ და მიხეილ სააკაშვილს - პრემიერ-მინისტრის რანგში.

27 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს უკრაინიდან ბოდიში მოუხადა „შეცდომებისთვის“, „ძალიან მძიმე შეცდომებისთვის“ და დაბრუნების გადაწყვეტილებაც (მე ვბრუნდები!) სპეციალური ვიდეორგოლით ამცნო.

გეგმამ, რომელიც 7 სექტემბერს გახმაურდა, ბევრისთვის წერტილი დაუსვა შეკითხვას - გულისხმობდა სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნებას თუ ფიზიკურად დაბრუნებას საქართველოში? დაეჭვებულებმა პასუხი იპოვეს, რადგან - დისტანციურად, სხვა ქვეყნიდან მომუშავე პრემიერ-მინისტრი უბრალოდ არ წარმოუდგენიათ.

არასრული ვადით

დღის ბოლოს თავად მიხეილ სააკაშვილიც გამოჩნდა და საქართველოს მოქალაქეებს „მთავარი არხის“ ეთერით ვრცლად მიმართა.

ბოლოს კი თქვა, რომ მზად არის გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არასრული ვადით - „ვიქნები მაქსიმუმ 2 წელიწადი... ეს 2 წელიწადი საკმარისი იქნება, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ“.

ის ხალხს, და მათ შორის გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს, გაერთიანებისკენ მოუწოდებს:

„მე მზად ვარ ვიკისრო ეს და 24 საათი ვიმუშაო, 7 დღე კვირაში ვიმუშაო და თქვენ იცით, რომ ამის უნარი მე მაქვს... და ყველამ ერთად, სხვადასხვა შეხედულებების ადამიანმა, ძალიან ფართო ფრონტით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“.

რაც შეეხება საქართველოში დაბრუნების ვადებსა და კონკრეტულ თარიღს, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მთავარია - მისმა ჩამოსვლამ არეულობა არ უნდა გამოიწვიოს.

  • „მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებასა და რაღაც სახის არეულობას“;
  • „თავის დროზე, მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას“.

როგორია სააკაშვილის შანსი - რას ამბობს კანონი?

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას - გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციისა და კანონების არაერთი მოთხოვნა ეწინააღმდეგება.

მოქმედი კანონმდებლობა პრემიერ-მინისტრობის უფლებას ზღუდავს, მაგალითად, იმის გამო, რომ - კანდიდატი არ არის საქართველოს მოქალაქე და ასევე იმის გამოც, თუკი ის უცხო ქვეყნის მოქალაქეც არის.

  • „საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა“ - კონსტიტუციის 25-ე მუხლი/კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მე-15 მუხლი, მე-2 პუნქტი.
  • „სახელმწიფო მოხელედ [მათ შორის - პრემიერ-მინისტრად] შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას“ - კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მე-15 მუხლი, 1 პუნქტი.

კანონმდებლობის თანახმად, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. თეორიულად, ბევრისთვის სრულიად წარმოუდგენელი ეს ფაქტი რომ მოხდეს, სააკაშვილს გაპრემიერებისთვის უკრაინის მოქალაქეობის დათმობა მაინც მოუწევს.

ბარიერს ქმნის ისიც, რომ სააკაშვილს დაუსწრებლად მისჯილი აქვს პატიმრობა, ხოლო კანონის შესაბამისად პატიმრობაში მყოფ პირს ეკრძალება საჯარო სამსახურში მუშაობა, მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხსნა ისევ პრეზიდენტის პრეროგატივაა.

თუკი პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, სხვა მოკლე და კანონიერი გზა პრაქტიკულად არ არსებობს. ეს იმის გათვალისწინებით, რომ: პრემიერ-მინისტრის დასასახელებლად და მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად, კონსტიტუცია მომავალ პარლამენტს მაქსიმუმ 4-კვირიან ვადას აძლევს.

  • თავდაპირველად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ასახელებს;

  • პარლამენტს აქვს ორი კვირა, რომ ნდობა გამოუცხადოს პრემიერობის ამ კანდიდატის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობას;

  • მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა - მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა;

  • თუ პარლამენტმა ამ მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, მაშინ კიდევ 2-კვირიან ვადაში პარლამენტმა შესაძლებელია დაამტკიცოს ახლა უკვე მინიმუმ 51 დეპუტატის მიერ წამოყენებული პრემიერობის კანდიდატის მთავრობა;

  • თუკი არც ეს მოხდება, მაშინ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიასთვის ცხადია, რომ ხსენებულ 4-კვირიან ვადაში შეუძლებელი იქნება როგორც რომელიმე კანონის, ასევე, მით უმეტეს - კონსტიტუციის შეცვლა. შესაბამისად, ამ გადასახედიდან თეორიულადაც შეუძლებელი იქნება მიხეილ სააკაშვილის სწრაფი გაპრემიერება - მისი კანდიდატურის გარშემო კონსენსუსიც რომ შედგეს.

თუმცა ჩოკორაია რადიო თავისუფლებასთან ამბობს იმასაც, რომ მომავალ პარლამენტში ოპოზიციის უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, პოლიტიკური რეალობა იმდენად რადიკალურად შეიცვლება, რომ „სავარაუდოდ, ამ სიტუაციიდან პოლიტიკური გამოსავალიც გამოინახება - თუნდაც ჯერ სხვა პირის დამტკიცებითა და შემდეგ ჩანაცვლების გზით“.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დამოუკიდებლად დასახელებისა და დამტკიცების საშუალება ამა თუ იმ პარტიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი ის მინიმუმ 76 სადეპუტატო მანდატს მოაგროვებს. სხვა შემთხვევაში, მთავრობის დამტკიცება კოალიციის შეკვრის გზით უნდა მოხდეს.

პრემიერი თუ „ტუსაღი“?

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეორგოლის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილზე მსჯელობას გასულ კვირაში, პარლამენტსა თუ მთავრობაში, დიდი დრო დაუთმეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას ისევ არასერიოზულსა და კომიკურს უწოდებენ.

7 სექტემბერს უცვლელი იყო მათი პოზიციაც - დაბრუნებული სააკაშვილის მყისიერ დაჭერასთან დაკავშირებით.

უმრავლესობის წარმომადგენელს, ნუკრი ქანთარიას მიხეილ სააკაშვილი მომავალში წარმოუდგენია არა პრემიერად, არამედ „გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად... შრომისმოყვარე კაცი, რომელიც კერავს ქუდებსა და ხელთათმანებს“. ის ამბობს, რომ - „კანონი უნდა აღსრულდეს ყველა შემთხვევაში“, რადგან „მისჯილი აქვს ამ კაცს“.

  • 2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე;
  • მანამდე, 2018 წლის იანვარში, მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიესაჯა 3-წლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში.

ძველებურად საპატიმროსკენ მიუთითებს იუსტიციის მინისტრიც - „თუ ის გადაწყვეტს ჩამოსვლას, ჩამობრძანდეს, არ არის პრობლემა... მას ელოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“.

თეა წულუკიანმა 7 სექტემბერს ასევე თქვა, რომ სააკაშვილზე „ჩამოკიდებული პარტიისთვის, რა სახელიც არ უნდა ერქვას მას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია“. ასეთ პარტიებს შორის ის „ევროპულ საქართველოს“ ასახელებს.

თუმცა ეს პარტია უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია პრემიერ-მინისტრად მიხეილ სააკაშვილის დასახელება.

რეაქციები ოპოზიციაში

7 სექტემბერს ყველაზე მკვეთრი და მწვავე განცხადებებით „ევროპული საქართველო“ გამოვიდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში დაბრუნებას ცდილობს - „უნდა 2012 წლამდე არსებული ვითარების დაბრუნება“; „ერთი გუნდის მმართველობა უნდათ მათ“.

შეკითხვებზე პასუხების გაცემისას გიგა ბოკერიამ ასევე თქვა:

  • „ჩვენ რატომ უნდა ვუჭერდეთ მხარს ჩვენი კონკურენტების კანდიდატებს, რომლებსაც უნდათ წარსულში დაბრუნება?!“
  • „ივანიშვილი შეეცდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად, ამ კარტის გათამაშებას, რომ - თუ ბიძინა არ იქნება, მიშა უნდა იყოს... ეს ასე არ არის, ეს ასე არ იქნება“;
  • „ეს არის პოლიტიკური ველურობა, როდესაც შენს კონკურენტს უნდა, რომ მოწონდე და ამაზე ბრაზდება... ეს ემართებათ ხოლმე ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს „ნაციონალურ მოძრაობაში“... დიახ, ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა“.

„მიშას კამპანიაში ჩართვის ფორმის და მასშტაბის მიუხედავად, ხელისუფლება მაინც გახუნებულ, "მიშამოდის" ფსევდოპოლიტიკას გაატარებს“, - თვლის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი.

თუმცა, მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის აქტიური გამოჩენით მაინც არ ზარალდება ოპოზიცია, რადგან საერთო ოპოზიციური ყულაბა სხვადასხვა გზით შეივსება.

  • „მიშას აქტიურობით კმაყოფილები 5-იანს შემოხაზავენ, უკმაყოფილო ოპოზიციური ამომრჩევლები - 1, 2, 3, 4, 6, 7 და ა.შ. ნომრებს - ოპოზიციური ზიარჭურჭელია საარჩევნო ყულაბა სხვადასხვა შესასვლელით“;
  • „არც ერთი ხმა არ იკარგება 1%-იანი ბარიერით, თითქმის პროპორციულ არჩევნებში. მაჟორიტარებში მეორე ტურში ოპოზიციური სოლიდარობა ძალაშია, ცხადია“.

მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას ოპოზიციის გეგმებისთვის დამაზიანებლად თვლის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე - „ვითარების პოლარიზაცია ეხმარება ბიძინა ივანიშვილს, რადგან - მართალია, სააკაშვილს ჰყავს მომხრეები, უდავოდ... მაგრამ გაცილებით მეტია ისეთი ადამიანები, რომლებსაც მისი ჩამოსვლა და მისი ხელისუფლებაში მობრუნება არ უნდა“.

უკმაყოფილების მიუხედავად, „ლეიბორისტული პარტიის საკოორდინაციო ფორმატში“ შემავალი პარტიები უარს არ ამბობენ ახლო წარსულში მიღწეულ შეთანხმებებზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG