Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია: შეთანხმება უთანხმოების თანხლებით


ოპოზიციური ერთობის საკოორდინაციო ფორმატში შემავალმა პარტიებმა ახლა უკვე დეკლარაციის ხელმოწერით დაადასტურეს - ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულება. ძალების გაერთიანების დაპირებების ფონზე კვლავაც რჩება შეუთანხმებელი საკითხები და რჩება უკმაყოფილებაც. რა აერთიანებს და რა ყოფს ოპოზიციას?

„ვერცერთ ხმას ისინი ვერ მიითვისებენ, ვერ გააყალბებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ ცხვირში ისეთ მუშტს, რომელიც არ მოხვედრია დღემდე არცერთ ცნობილ დიქტატორს“, - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „ისტორიულს“ უწოდებს დეკლარაციას, რომელსაც ოპოზიციური ერთობის წარმომადგენელმა პარტიებმა 24 აგვისტოს მოაწერეს ხელი.

30-მდე პარტიამ, რომლებიც აქამდე ლეიბორისტული პარტიის ოფისში ხვდებოდნენ ერთმანეთს, დეკლარაციაზე ხელმოწერისთვის ახლა უკვე სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ შეარჩია.

ხელმომწერთა შორის არის ყველა ძირითადი და მსხვილი ოპოზიციური ძალა, მაგალითად: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“ და სხვა.

პარტიები თანხმდებიან, რომ ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი და ძალები გაერთიანდება შემდეგი მიმართულებებით:

  • შეიქმნება საერთო მონაცემთა ბაზა, რომელიც ასახავს არჩევნების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევას;
  • შემუშავდება საერთო სამოქმედო საკოორდინაციო მექანიზმი, დარღვევებზე შემდგომი სწრაფი რეაგირებისთვის;
  • ერთობლივი ძალებით მოხდება კენჭისყრისა თუ ხმის დათვლის პროცესების მეთვალყურეობა, დარღვევების გამოვლენა-აღკვეთა თუ საჩივრების დაწერა.

დეკლარაციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ შტაბს ექნება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ეფექტიანი კოორდინაციისთვის პარტიის წარმომადგენლები შესაბამის ტრენინგებსაც გაივლიან.

შეხვედრა "თბილისი მერიოტში"
შეხვედრა "თბილისი მერიოტში"

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალებით ყველაფერს შეძლებს:

  • „უზრუნველვყოფთ იმას, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა ამ არჩევნებში იყოს დაცული, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერცერთი ხმა ვერ მოიპაროს... თითოეული ხმა აისახოს ამ არჩევნებში, რაც იქნება ამ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების გარანტი“ - თინათინ ბოკუჩავა, „ნაციონალური მოძრაობა“.
  • „ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც, ერთი მხრივ, აჩვენებს ოპოზიციის ერთიანობას ამ ბრძოლაში და, მეორე მხრივ, არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, დავიცვათ თითოეული ხმა და არავის მიეცეს გაყალბების შესაძლებლობა“ - დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველო“.

შორს მდგომებიც აწერენ ხელს

პარტიებმა 24 აგვისტოს ხელი მოაწერეს ზუსტად იმავე ტექსტს, რაც ჯერ კიდევ 14 აგვისტოს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეთანხმდა.

თუმცა ხელმოწერის ცერემონიაზე, „თბილისი მერიოტში“ წარმოდგენილი იყვნენ ის პარტიებიც, რომლებიც არ ან აღარ მონაწილეობდნენ ლეიბორისტების მასპინძლობით გამართულ შეხვედრებში და კერძოდ:

  • მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის „ლელო საქართველოსთვის“ - პარტია არ მონაწილეობდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა შეთანხმების პროცესში;
  • ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის“ - პარტია არ მონაწილეობდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა შეთანხმების პროცესში;
  • დავით ჭიჭინაძის „ტრიბუნა“ - საერთოდ არ მონაწილეობდა ლეიბორისტული პარტიის ოფისის შეხვედრებში და ჭიჭინაძე მწვავედ აკრიტიკებდა ამ ერთობას.

შეხვედრა "თბილისი მერიოტში"
შეხვედრა "თბილისი მერიოტში"

24 აგვისტოს „ტრიბუნის“ სახელით დეკლარაციას ხელი მოაწერა კობა ამირხანაშვილმა. მან თქვა, რომ „ტრიბუნა“ „ტრიბუნალს“ მოუწყობს ყველას, ვინც ამომრჩეველთა ხმების გაყალბებას შეეცდება.

ამირხანაშვილი პარტიის მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატია მთაწმინდა-კრწანისის ოლქში, თავად დავით ჭიჭინაძე კი - ისნის ოლქში.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ კოორდინაცია იქნება სრულფასოვანი და შეეხება იმ ოლქებსაც, რომლებშიც მათ ერთმანეთის კონკურენტი კანდიდატები ეყოლებათ.

კოალიციის საკითხი და „ქართული ოცნების“ რეაქცია

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან არა სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზანმა, არამედ - დესტრუქციული სცენარისკენ სწრაფვამ დააკავშირა.

უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედს“ უთხრა, რომ „მათი (ოპოზიციის) საფირმო ნიშანი და გენეტიკური კოდი არის დესტრუქცია“.

ამ შინაარსის განცხადებები ხშირად კეთდება და ამავე შინაარსის იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის მიერ 24 აგვისტოს გაკეთებული განცხადებაც.

„გუშინ ეს პარტიები ერთმანეთს ზოგნი კრემლის აგენტებს ეძახდნენ და ზოგნი კიდევ დასავლეთის მონებს. ეს გაერთიანება არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას, დესტრუქციას... და მადლობა ღმერთს, რომ „ქართულ ოცნებას“ არა აქვს აუცილებლობა - კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები“.

ოპოზიციურ ერთობაში შემავალი პარტიებიდან, მათი განცხადებების მიხედვით, არცერთი არ აპირებს კოალიციის შეკვრას „ქართულ ოცნებასთან“. თუმცა მეტი სიცხადისთვის ერთობაში ლაპარაკია ასეთი დაპირების შემცველი კიდევ ერთი დეკლარაციის მიღების აუცილებლობაზე.

  • მომავალ პარლამენტში ოპოზიციური კოალიციის შექმნის საკითხი იმ შემთხვევაში დადგება, თუკი ოპოზიციური პარტიები მანდატების უმრავლესობის მობილიზებას შეძლებენ.
  • უმრავლესობის შესაქმნელად და მთავრობის დასამტკიცებლად მინიმუმ 76 მანდატია საჭირო.

თუკი ოპოზიცია კოალიციის შექმნას შეძლებს და დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება, ეს იოლი შესათანხმებელი არ იქნება. პირველმა უთანხმოებამ უკვე იჩინა თავი:

  • „ნაციონალურ მოძრაობას“ პრემიერ-მინისტრის რანგში ექსპრემიერი მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენია, რაც ოპოზიციურ ერთობაში მიუღებელია, მაგალითად - „ევროპული საქართველოსთვის“ და არა მხოლოდ;
  • პრემიერ-მინისტრის რანგში საკუთარი თავი წარმოუდგენია პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელს, გიორგი ვაშაძეს, რაც ასევე მიუღებელია ბევრი პარტიისთვის;
  • პარტიების უმრავლესობას არჩევნებამდე საერთოდ ნაადრევად მიაჩნია საუბარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე.

„ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კოალიციის შექმნა არ დასჭირდებათ, რადგან მათი პარტიის რეიტინგი 60%-თან ძალიან ახლოს დგას. თუმცა ეს მაჩვენებელი არ დასტურდება არცერთი კვლევით, რომელიც ბოლო პერიოდში ჩაატარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებული თავსატეხი

უკმაყოფილება, რომელიც ოპოზიციურ ერთობაში იჩენს თავს, დიდწილად უკავშირდება გიორგი ვაშაძეს - ლიდერს პარტიისა „სტრატეგია აღმაშენებელი“. მართალია, 24 აგვისტოს გაფორმებულ დეკლარაციას ხელი ვაშაძემაც მოაწერა, თუმცა უკმაყოფილებაც გამოხატა.

  • „ჩვენ ბოლშევიზმში არ ვცხოვრობთ, რომ სხვა პარტიებმა სხვას მიუთითოს - ვინ რა შეცდომა დაუშვა“.
  • „რაც შეეხება ისანს (ისნის ოლქს), ვფიქრობ, ეს საუბრებიც კი დამაზიანებელი იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაციონალური აზრი საბოლოოდ გაიმარჯვებს და შეთანხმების ერთგულება და სიტყვის ერთგულება იქნება გადამწყვეტი“.
  • „სიტყვის გამტეხი არავის სჭირდება - არც პოლიტიკაში, არც ქვეყნის მართვაში და არაფერში“.

გიორგი ვაშაძის განაწყენება იმ ოპოზიციური პარტიებისკენ არის მიმართული, რომლებმაც მას შეცდომად ჩაუთვალეს პოლიტიკური გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ დატოვება, ისნის ოლქში ოპოზიციური ერთობის შეთანხმებულ კანდიდატად მისი დასახელების შემდეგ.

ასევე მიუღებელ ნაბიჯად იქნა მიჩნეული „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით კიდევ ერთი მაჟორიტარი კანდიდატის, თაკო ჩარკვიანის წარდგენის გადაწყვეტილება საბურთალოს ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად.

თუმცა, როდესაც ჩარკვიანმა თავისი კანდიდატურა დაასახელა, ის ჯერ კიდევ არ იყო ვაშაძის მიერ დაფუძნებული პარტიის ბლოკში.

„გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილმა 24 აგვისტოს თქვა, რომ თაკო ჩარკვიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ ოპოზიციურ ერთობაში დისონანსი შეიტანა და გამოსწორებას მოითხოვს - „შესაძლოა, ვაშაძემ თავისი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც განვიხილოთ გამოსწორებად“.

თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განიხილება საკითხი ისნის ოლქში (სადაც ვაშაძე იყრის კენჭს) საკუთარი კანდიდატურის დასახელების შესახებ. როგორც 24 აგვისტოს ითქვა, პარტიაში საკითხი ჯერ ისევ არ არის გადაწყვეტილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია გამოხატავს მწვავე რეაქციებს გიორგი ვაშაძის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებით.

ოპოზიციურ ერთობაში შემავალი პარტიების დიდი ნაწილი და მათ შორის - „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ გამოთქვამენ იმედს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაარღვევს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას.

ოპოზიციური ერთობის საკოორდინაციო ფორმატში მაჟორიტარი კანდიდატები თბილისის 8 ოლქისთვის შეთანხმდა და პროცესის დასრულება მათ საზოგადოებას 18 აგვისტოს ამცნეს. სწორედ ამის შემდეგ გამოვლინდა ფაქტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიწყო მსჯელობა ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესახებ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG