Accessibility links

საგანგაშო ვითარება ახალგორში


ჩაკეტილ ახალგორში ვითარება ყოველდღიურად რთულდება. ადგილზე მყოფი პენსიონერები პენსიას ვეღარ იღებენ, რადგან თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, თვე-ნახევარია, ვეღარ გადმოდიან.

ადამიანები სამკურნალოდ თბილისის კლინიკებს ვერ აკითხავენ, სტუდენტების ნაწილიც ახალგორში ჩარჩა და ამ დრომდე უმაღლეს სასწავლებლებში ვერ წავიდა. ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს დღეს მეზობლები აკითხავდნენ. სასამართლოში მორიგ გამარჯვებას ულოცავდნენ (მას პროკურატურა ცილისწამებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით პასპორტის მიღების ბრალდებას უყენებდა) და გზის გახსნის საკითხზე აქტივობისკენ მოუწოდებდნენ. მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ახალგორელები უკიდურესად გაჭირვებულები არიან და როგორც დე ფაქტო, ისე საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ინტერესებს არავინ იცავს.

ახალგორელი აქტივისტი ამბობს, რომ ეს ადამიანები თავს ყველაზე მიტოვებულებად გრძნობენ. ორიოდე კვირის წინ დაბაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 ოქტომბრამდე ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნებოდა და ვისაც სურვილი ექნებოდა, ახალგორს დატოვებდა. ამის შესახებ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელები მოქალაქეებს სიტყვიერად აფრთხილებდნენ, მაგრამ არც ეს პირობა შესრულდა და ადმინისტრაციამ ხელი ცხინვალისა და დე ფაქტო პრეზიდენტისკენ გაიშვირა, ანატოლი ბიბილოვი კი წნელის-ჩორჩანის მონაკვეთზე შექმნილი მწვავე ვითარების მოგვარებამდე ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნას არ აპირებს. კიდევ ერთი პრობლემა ახალგორში ისიცაა, რომ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო წეროვნიდან დაბაში ვერ დაბრუნდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მათ სამსახურის გაცდენის გამო ათავისუფლებენ. გაათავისუფლეს რამდენიმე ექიმი და ექთანი. მეარაყიშვილის თქმით, ზოგიერთი გათავისუფლებული ექიმი ისეთი კვალიფიკაციისაა, რომ მათი ჩანაცვლება წარმოუდგენელია. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გამშვები პუნქტი 4 სექტემბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მოტივით ჩაკეტა. დაბაში მცხოვრებლებს მაშინ უთხრეს, რომ 6 სექტემბერს გზა გაიხსნებოდა, მაგრამ მას შემდეგ თვე-ნახევარი გავიდა და გზა ისევ ჩაკეტილია. დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ განაცხადა, რომ ეს პუნქტი წნელის-ჩორჩანის ტყეში

განვითარებული მოვლენების გამო დაიხურა. წნელისსა და ჩორჩანაში საგუშაგოების მოწყობას როგორც ერთი, ისე მეორე მხარე აპროტესტებს. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს წინააღმდეგ დე ფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა წნელისში ერთი და ჩორჩანაში დამატებით ორი ეგრეთ წოდებული სასაზღვრო საგუშაგო შექმნეს. ვითარება დაძაბულია და, 5 ტექნიკური შეხვედრის ჩატარების მიუხედავად, მხარეები შეთანხმებამდე ვერ მიდიან. ეს საკითხი ჟენევის დისკუსიის ფორმატშიც დაისვა, მაგრამ უშედეგოდ. ოსური საგუშაგოები თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 1,3 კილომეტრით არის შემოწეული. ამასობაში დაბა ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნები იკვეთება. ახალგორელები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეხვედრებზე მხოლოდ საკითხის დაყენებით არ შემოიფარგლონ და კონკრეტული ქმედებები განახორციელონ, თუნდაც ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაციების გააქტიურების თვალსაზრისით, რადგან მძევლად აყვანილი მოსახლეობა მოკლებულია თავისუფალი გადაადგილების, ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე წვდომის უფლებას და ეს ყველაფერი უკვე საგანგაშო ნიშნულზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG