Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეჯოსა და ყვარლის მერიაში ახალი მანქანები სავალდებულო ტექ-შემოწმებისთვის იყიდეს


ყვარელი
ყვარელი

საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 ავტომობილი იყიდეს, ხოლო სიღნაღში უახლოეს მომავალში ორის შეძენას აპირებენ.ავტომობილების ჯამური ღირებულება 170 ათას ლარამდეა.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ არსებული ავტომობილები სიძველის გამო კანონით გათვალისწინებულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიდნენ, ამიტომ ახლების ყიდვა გადაწყვიტეს. ახალი ავტომობილების შეძენის სხვა მიზეზებსაც ასახელებენ, თუმცა ეს არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისთვის. საგარეჯოს მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ მათ ახალი ავტომობილების შეძენის საშუალება არ აქვთ, რის გამოც ძველი მანქანები უნდა გააჩერონ, რადგან ტექნიკური ინსპექტირება ვერც მათ გაიარეს.

გადმოწერა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ „სუზუკის“ მარკის ორი ავტომობილი შეიძინა, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 78 ათასი ლარი გადაიხადა. მერიაში ავტოპარკის განახლებას იმით ხსნიან, რომ ძველი ავტომობილები კანონით გათვალისწინებულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიდნენ და, თანაც, მათ მოვლა-პატრონობაზე წლების განმავლობაში დიდი ოდენობთ თანხა იხარჯებოდა, თუმცა მანქანები გამართულად მაინც ვერ მუშაობდნენ.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთევან გრატიაშვილი ჩვენთან საუბრისას ხაზგასმით ამბობს, რომ „ახლად შეძენილი ავტომობილებით სარგებლობენ როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირები, ასევე მერიის ცალკეული სამსახურები“.

„78 ათას ლარამდე დაჯდა ეს ორივე ავტომობილი. ეს არ გახლავთ კატასტროფული ან კოლოსალური თანხა. აღსანიშნავია, რომ ეს მანქანები ეკონომიურია და მოიხმარს გაცილებით ნაკლებ საწვავს“.

ტექნიკურ დათვალიერებას კი არა, იმ ობიექტამდეც ვერ მივა ჩვენი ახლანდელი მანქანები. რომელი მანქანაც პირადად მე მემსახურება, იმდენად ძველია, მეშინია გარემოს დაცვამ არ დამაჯარიმოს.
მადონა ბატიაშვილი

39 ათას ლარამდე გადაიხადეს „რენოს“ მარკის ავტომობილის შესაძენად ყვარლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი მარიამ შეყელაძე გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტს მწირი ავტოპარკი ჰქონდა და შეუფერხებელი მუშაობისთვის ახალი მანქანის შეძენა „დიდ აუცილებლობას წარმოადგენდა“:

„ამ დრომდე ავტოპარკში ირიცხებოდა 1998 წელს გამოშვებიული „ნივა“. გასვლითი სამუშაო შეხვედრებისთვის და მერიის სამსახურების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო შეგვეძინა ერთი ავტომობილი“.

ჯერ არ უყიდიათ, თუმცა ორი ავტომობილის შეძენას აპირებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაც, რომელშიც ბიუჯეტიდან დაახლოებით 50 ათას ლარს გადაიხდიან. შესაბამის ტენდერს შესყიდვების სააგენტო უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი ამბობს, რომ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული ფუნქციონირებისთვის ავტოპარკის განახლება აუცილებელია. მისი თქმით, არსებული ავტოპარკი იმდენად არის მოძველებული, რომ ზოგი მანქანა შეკეთებასაც აღარ ექვემდებარება. მერის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ არსებული მწყობრიდან გამოსული მანქანების რემონტზე ყოველწლიურად 25 ათასი ლარი იხარჯება, თუმცა მანქანები მაინც ავარიულია:

არ არის აუცილებელი 50 000-იანი მანქანით იაროს მერმა, როდესაც 50 ათასი ადამიანი თითო მუნიციპალიტეტში უკიდურესად გაჭირვებულია. ამიტომ არანაირი არგუმენტი არ გადაწონის იმ პრობლემებს, რომელი პრობლემებიც დღეს მუნიციპალიტეტებშია.
გიორგი ბოტკოველი

„ტექნიკურ დათვალიერებას კი არა, იმ ობიექტამდეც ვერ მივა ჩვენი ახლანდელი მანქანები. რომელი მანქანაც პირადად მე მემსახურება, იმდენად ძველია, მეშინია გარემოს დაცვამ არ დამაჯარიმოს. თითქმის ყველა მანქანა ტექნიკურად არის მოძველებული და არ მუშაობს. იმისთვის, რომ მერიამ გამართულად იფუნქციონიროს, ამისათვის საჭიროა გქონდეს გამართული ავტოპარკი. რა თქმა უნდა, მერი და მისი მოადგილეები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ამ მანქანებს, როცა თანამდებობებზე არ ვიქნებით, სახლში არ წავიყვანთ. ეს დარჩება მუნიციპალიტეტს და ექნება გამართული ავტოპარკი“.

არგუმენტები, რომელთა გათვალისწინებითაც კახეთის მუნიციპალიტეტების ნაწილმა ახალი ავტომობილები იყიდა, მიუღებელია ოპოზიციისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას უარს ეუბნება ერთჯერად 50-ლარიან სოციალურ დახმარებაზე და, ამავდროულად, სოფლებში არსებული სოციალურ-ინფრასტრუქტურული პრობლემები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მაღალჩინოსნები ძვირად ღირებულ მანქანებს არ უნდა ყიდულობდნენ:

„არ არის აუცილებელი 50 000-იანი მანქანით იაროს მერმა, როდესაც 50 ათასი ადამიანი თითო მუნიციპალიტეტში უკიდურესად გაჭირვებულია. ამიტომ არანაირი არგუმენტი არ გადაწონის იმ პრობლემებს, რომელი პრობლემებიც დღეს მუნიციპალიტეტებშია. ავიღოთ იგივე ინფრასტრუქტურული პრობლემები სოფლებში. არ არის გზები და წყალი. ადამიანები მერიაში მიდიან 50-ლარიან ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე და მათ უარს ეუბნებიან. ვერ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ სამმა მუნიციპალიტეტმა 250 ათასი დახარჯოს საკუთარი ფუფუნებისთვის“.

აღსანიშნავია, რომ სავალდებულო ტექნიკურმა ინსპექტირებამ პრობლემები მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუქმნა. ახლახან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ათეულობით ადგილობრივმა მცხოვრებმა საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობის ნაწილი აქციაზე იმ მანქანებით მივიდა, რომელთა უმეტესობამ ტექდათვალიერება სიძველის გამო ვერ გაიარა. ადგილობრივები ითხოვენ, რომ ტექდათვალიერების დროს სოფლის მოსახლეობისთვის შეღავათები დაწესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით საკუთარი მანქანების გამოყენებას ვეღარ შეძლებენ. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ პროტესტმა უფრო ფართო მასშტაბი მიიღოს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG