Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი, კულახმეტოვი, ხრულიოვი და სხვები - სად არიან აგვისტოს ომის შემოქმედები დღეს


წელს საქართველო-რუსეთის ომის და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 15 წლისთავია. ამ მასალაში მოგიყვებით, ვინ ხელმძღვანელობდა მაშინ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და სად არიან ისინი დღეს.

2008 წლის აგვისტოში, საქართველოში შეჭრას კრემლმა „მშვიდობის იძულების ოპერაცია” უწოდა. დღემდე უცნობია, ვინ გასცა მისი დაწყების ბრძანება. რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო. ერთდროულად მისი წინამორბედი და მემკვიდრე, ვლადიმირ პუტინი კი ამბობს, რომ პრეზიდენტს იქამდე ორჯერ დაურეკა.

დმიტრი მედვედევი - პრეზიდენტი და მხედართმთავარი

პრეზიდენტად 2008 წლის მაისში აირჩიეს, ვლადიმირ პუტინი კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადავიდა. რუსეთში მაშინ ბევრი იმედოვნებდა, რომ ამ როქს ლიბერალური რეფორმები მოჰყვებოდა. მედვედევს წინამორბედთან შედარებით, უფრო დემოკრატიული მმართველის იმიჯი ჰქონდა. მან თანამდებობა 2012 წელს ისევ პუტინს დაუთმო.

დმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი
დმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი

ომის დაწყებისა არ იყოს, მედვედევი ამბობს, რომ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის აღიარებაც ერთპიროვნულად გადაწყვიტა. „ველაპარაკე მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმირ პუტინს და მანაც მხარი დამიჭირა”, - თქვა მან 2018 წელს.

დღეს მედვედევი ლიბერალი აღარაა. ის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ხშირად აქვეყნებს ექსტრავაგანტულ ტვიტებს, ითხოვს რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას და უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას.

ანატოლი სერდიუკოვი - თავდაცვის მინისტრი

მინისტრობამდე სერდიუკოვი საგადასახადო სამსახურს ხელმძღვანელობდა. აგვისტოს ომის დროს ის კამერების წინ თითქმის არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, გააქტიურდა მისი დასრულების შემდეგ და თქვა, რომ რუსულ ჯარს სასწრაფოდ სჭირდება მოდერნიზაცია. „ომმა აჩვენა, რომ საჭიროა [შეიარაღებული ძალების] რეფორმები. ეს ყველამ დაინახა”, - უთხრა სერდიუკოვმა გამოცემა „კომერსანტს“ 2018 წლის ნოემბერში.

ანატოლი სერდიუკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
ანატოლი სერდიუკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, „რენდ კორპორეიშენის” პოლიტოლოგი, ალექსის ბლანკი „ამერიკის ხმასთან” საუბარში განმარტავს, რომ „მას ესმოდა, როგორ "ტყდება" ფული, როგორ მოედინება ის თავდაცვის სამინსიტროში და რა წყაროებით გაედინება”.

თუმცა რეფორმების ჩატარება არ დასცალდა. 2012 წელს სერდიუკოვის სახლში 100 მილიონი დოლარის ნაღდი ფული იპოვეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით, და ის თანამდებობიდან გადააყენეს. 2014 წელს საქმე შეწყდა, სერდიუკოვი კი პოლიტიკას საბოლოოდ ჩამოშორდა. დღეს ის ხელმძღვანელობს ავიამშენებლობის სახელმწიფო კორპორაციას.

გენერალი ნიკოლაი მაკაროვი - გენერალური შტაბის უფროსი

ამ თანამდებობაზე აგვისტოს ომამდე ორი თვით ადრე დაინიშნა. ის უარყოფდა საქართველოს ვერსიას, რომლის თანახმადაც რუსეთს შემოჭრის წინასწარი გეგმა ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს, კრემლმა აფხაზეთისა და „სამხერთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მან დააანონსა, რომ ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზები აშენდებოდა. ნოემბერში ეს პირობა შეასრულა და ორივეგან 3700-კაციანი გარნიზონი განათავსა.

ნიკოლაი მაკაროვი, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი 2008 წლის ომის დროს
ნიკოლაი მაკაროვი, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი 2008 წლის ომის დროს

2012 წლის მაისში, თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე, მაკაროვი იმუქრებოდა, რომ რუსეთმა შესაძლოა ნატოს ჰაერსაწინაღმდეეგო თავდაცვის სისტემაზე „პრევენციული დარტყმები მიიტანოს”. მისი თქმით, ამას „ვითარების გამწვავების დროს” გააკეთებდნენ.

თუმცა მუქარის აღსრულება არ დასცალდა. ნოემბერში პრეზიდენტის სავარძელში დაბრუნებულმა პუტინმა ის გენერალ ვალერი გერასიმოვით ჩაანაცვლა. ეს სწორედ ის გერასიმოვია, რომელსაც აჯანყებულმა ოლიგარქმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემქმნელმა ვალერი პრიგოჟინმა აგინა ცნობილ ვიდეოში.

დღეს მაკაროვი პენსიაზეა.

ანატოლი ნოგოვიცინი - გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

აგვისტოს ომის დროს გენერალ-პოლკოვნიკი ნოგოვიცინი ყოველდღე მართავდა პრესკონფერენციებს, სადაც ჰყვებოდა მიმდინარე მოვლენების კრემლისეურ ვერსიებს.

მაგალითად, 11 აგვისტოს მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში ქართველების მხარეს იბრძვიან „შავკანიანი ქართველები” და უცხოური პასპორტის მქონე ჯარისკაცები.

გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი ნოგოვიცინი
გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი ნოგოვიცინი

2012 წლის მაისში ის პენსიაზე გავიდა. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით, მედლით „სამხედრო დამსახურებისთვის“ და ასევე „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპატიო ორდენით“.

67 წლის ნოგოვიცინი გარდაიცვალა 2019 წლის ნოემბერში. მიზეზი დღემდე არ გასაჯაროებულა.

გენერალი ანატოლი ხრულიოვი - 58-ე არმიის მეთაური

7 აგვისტოს 58-ე არმია საქართველოში შემოვიდა. ორ დღეში ხრულიოვი მძიმედ დაიჭრა. ომში მონაწილეობისთვის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მას რამდენიმე ჯილდო გადასცა.

ანატოლი ხრულიოვი, 58-ე არმიის ყოფილი მეთაური
ანატოლი ხრულიოვი, 58-ე არმიის ყოფილი მეთაური

2015 წლის მაისში დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის გენშტაბის უფროსად. დღეს ხრულიოვი პენსიაზეა. 2018 წელს, აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე, მან თქვა, რომ საქართველო დიდხანს ემზადებოდა ცხინვალის რეგიონზე თავდასხმისთვის, თუმცა ეს „საქართველოს მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული არ ყოფილა”.

დღეს ის რუსულ მედიაში პერიოდულად ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე ომს.

რაც შეეხება 58-ე არმიას, 2014 წელს უკრაინამ განაცხადა, რომ მისი საბრძოლო ტექნიკა აღმოაჩინა აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შევიდნენ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან. ომის დაწყებიდან, 58-ე არმიას უკვე ორჯერ შეეცვალა მეთაური. უკანასკნელად, 13 ივლისს. რუსი Z-ბლოგერები ვარაუდობენ, რომ გენერალ-მაიორ იგორ პოპოვის გათავისუფლების მიზეზი თავდაცვის სამინისტროს კრიტიკა გახდა.

გენერალი მარატ კულახმეტოვი

აგვისტოს ომის დროს მეთაურობდა რუს სამშვიდობოებს ცხინვალის რეგიონში. თვის დასაწყისში, ქართულ სოფლებზე მუდმივი იერიშების ფონზე, ჩართული იყო თბილისთან მოლაპარაკებებში.

გენერალი მარატ კულახმეტოვი, 2017 წლიდან რუსეთის ე.წ. ელჩი სამხრეთ ოსეთში.
გენერალი მარატ კულახმეტოვი, 2017 წლიდან რუსეთის ე.წ. ელჩი სამხრეთ ოსეთში.

„კულახმეტოვი პირადადაა დამნაშავე იმაში, რომ ქართული პოზიციების დაბომბვა არ შეწყდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა უტიაშვილმა, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

უტიაშვილი იხსენებს, რომ ქართველმა სამშვიდობოებმა სთხოვეს კულახმეტოვს, დახმარებოდა დაჭრილი ჯარისკაცების ჰოსპიტალიზაციაში, რაზეც უარი მიიღეს.

ომის შემდეგ, კულახმეტოვი მონაწილეობდა ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, სადაც, უტიაშვილის შეფასებით, „ჩვეულებრივი პროვოკატორის როლს ასრულებდა” და აბრალებდა საქართველოს რეგიონში ვითარების გამწვავებას.

2017 წლის მაისიდან კულახმეტოვი გახდა რუსეთის ე.წ. ელჩი სამხრეთ ოსეთში. თუმცა ცოტამ თუ აღიქვა ეს კარიერულ წინსვლად. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ის უბრალოდ „ჩამოალაბორანტეს“.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG