Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად არიან გადამდგარი მერები და დეპუტატები - რატომ დაგვჭირდა შუალედური არჩევნები


მჯდომარე აქცია ზესტაფონის ყოფილი მერის კაბინეტთან.
მჯდომარე აქცია ზესტაფონის ყოფილი მერის კაბინეტთან.

19 მაისს საქართველოს მოსახლეობის ნაწილს კიდევ ერთხელ მოუწევს არჩევნებზე მისვლა. ამ დღეს ტარდება პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური არჩევნები და მერების რიგგარეშე არჩევნები. კერძოდ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის შუალედური არჩევნები გაიმართება თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 8 მუნიციპალიტეტში, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში.

რამ განაპირობა შუალედური და რიგგარეშე არჩევნების საჭიროება და რა ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით შეუჩერდათ უფლებამოსილებები მაღალი თანამდებობის იმ პირებს, ვისი ადგილმონაცვლეთა ვინაობაც 19 მაისს გაირკვევა?

მერების რიგგარეშე არჩევნები:

19 მაისს მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება ზუგდიდში, მარნეულში, ჭიათურაში, ხულოსა და ზესტაფონში. აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერებს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სკანდალურად მოუხდათ თანამდებობის დატოვება. მათი ნაწილი სამართალთან კონფლიქტში იმყოფება, ნაწილმა კი გადაწყვეტილება სავარაუდოდ იძულებით, შიდაპოლიტიკური წნეხის საფუძველზე მიიღო:

ლაშა გოგია
ლაშა გოგია

ზუგდიდი: ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია. პატიმრობაშია მისი მოადგილე გია გულორდავაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 1 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების თანახმად, ლაშა გოგუამ და გია გულორდავამ ზუგდიდის გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 21 500 აშშ დოლარი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ლაშა გოგიას და ყოფილ ვიცე-მერს გია გულორდავას თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ. მათ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეულმა ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ მოადგილესთან ერთად თანამდებობა თავისუფლების აღკვეთამდე, 2018 წლის 12 სექტემბერს დატოვა.

თემურ აბაზოვი
თემურ აბაზოვი

მარნეული: მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეს ამ დრომდე განიხილავს რუსთავის საქალაქო სასამართლო. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით თემურ აბაზოვმა 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა. მიმართვას რამდენიმე თვით ადრე მისი დაკავება უძღოდა. 2018 წლის 13 ივნისს თემურ აბაზოვი მოქალაქის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, საქმე ეხება სოციალურ ქსელში 2018 წლის 12 ივნისს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ბოდიშის მოხდას და საკუთარი შარდის სახეზე წასმას აიძულებენ მოქალაქეს, რომელმაც მანამდე შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე თემურ აბაზოვსა და ბიძინა ივანიშვილს შეაგინა.

2018 წლის 6 სექტემბერს თემურ აბაზოვს პროკურატურამ მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების გამო ბრალი დაუმძიმა.

მარნეულის ყოფილი მერი 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში. 2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვი წინასასამართლო სხდომაზე დარბაზიდან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მარნეულის ყოფილი მერის მხრიდან გამოძიებისთვის ხელშეშლის ან მოწმეებზე ზეწოლის საშიშროება არ არსებობდა. გათავისუფლებიდან 4 დღეში თემურ აბაზოვი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მივიდა და გავრცელებული ცნობით, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. სასამართლოს მარნეულის ყოფილი მერის სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თემურ აბაზოვი, თავის მხრივ, მერიისგან განაცდური ხელფასის სახით, 32 000 ლარის გადახდას ითხოვს.

პაატა ნადირაძე
პაატა ნადირაძე

ჭიათურა: ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობა 2018 წლის 27 სექტემბერს დატოვა. ამის მიზეზად მან საკრებულოს დეპუტატების ნაწილთან, პოლიციის უფროსთან და სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან დაპირისპირება და მათ მიერ მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დაასახელა.

გადავედით რა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაზე, დავიწყეთ ქალაქის კეთილდღეობაზე მეტი ზრუნვა, მით მეტ დაპირისპირებებში შევდიოდით. დღემდე ვერ ვხვდები და მიჭირს ანალიზი გავაკეთო: რა ხდებოდა, რა იყო ხიდების ჩატეხის მიზეზი, ზემოთ დასახელებულ ადამიანებთან და სტრუქტურებთან, ალბათ, ჩვენი დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები. ის, რომ ძილის და ჭამის დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი, ალბათ, რაც ირგვლივ ხდება და ხდებოდა ჩემამდე, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ გადასახედიდან.

...ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დავრჩე თანამდებობაზე, რადგან ჩასაფრებების, ღალატის , პროვოკაციის არც გაძლება შემიძლია და არც გადატანა“, - წერდა facebook-ის საკუთარ გვერდზე პაატა ნადირაძე.

მის გადადგომას პოსტიდან წინ უძღვოდა ჩხუბი თანამდებობის პირებს შორის რესტორანში. ინცინდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით ყოფილი მერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

გოჩა მელაძე
გოჩა მელაძე

ხულო: ხულოს არჩეული მერი გოჩა მელაძე თანამდებობიდან 2018 წლის 17 ოქტომბერს გადადგა. ამ დროს ოფიციალურად იგი შვებულებაში იმყოფებოდა. მასთან ერთად თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემ. მერის მოადგილის თანამდებობაზე მერმა გადადგომამდე პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე დანიშნა. სწორედ იგი ასრულებს მერის მოვალეობას.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პოსტის სავარაუდოდ დატოვების შესახებ ინფორმაცია გოჩა მელაძის გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა. კერძოდ მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე თორნიკე რიჟვაძემ ჩაანაცვლა.

კახაბერ მახათაძე
კახაბერ მახათაძე

ზესტაფონი: ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით საკრებულოს მიმდინარე წლის 12 თებერვალს მიმართა. თანამდებობიდან გადადგა მისი მოადგილეც.

კახაბერ მახათაძეს კორუფციაში ადანაშაულებდნენ მისი ოპონენტები, რომლებმაც მერს კარიც აუჭედეს და რამდენჯერმე მის სამუშაო კაბინეტთან მჯდომარე აქცია გამართეს. მერის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს კერძოდ მართავდნენ ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე და მისი მხარდამჭერები.

"ვინც მიცნობს, იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ეს არის ერთ-ერთი საშუალება ემსახურო შენ ხალხსა და შენს ქვეყანას. პირობას გაძლევთ, რომ ამ ზრუნვას არასოდეს შევწყვეტ და ყველა ჩემს ხელთ არსებულ ბერკეტს გამოვიყენებ, რომ ჩემი ქვეყანა უკეთესი გახდეს",– განაცხადა კახაბერ მახათაძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე, მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი კი უცნობია.

საკრებულოს შუალედური არჩევნები:

საკრებულოს შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. აღნიშნულ საკრებულოებში იმ მაჟორიტარი დეპუტატების ადგილმონაცვლეს აირჩევენ, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო შეუწყდა უფლებამოსილება.

  • ზემოთჩამოთვლილი 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოებს თითო მაჟორიტარი გამოაკლდათ - მათგან:
  • ტყიბულის, წყალტუბოს, ოზურგეთისა და ადიგენის დეპუტატები გარდაიცვალნენ
  • ჭიათურისა და ზესტაფონის დეპუტატებმა პირადი განცხადებების საფუძველზე დატოვეს მანდატები
  • ახმეტის დეპუტატს, სხდომებზე დაუსწრებლობის გამო, საკრებულოს გადაწყვეტილებით შეუწყდა უფლებამოსილება
  • საგარეჯოს დეპუტატმა მანდატი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დაკარგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

პარლამენტის შუალედური არჩევნები:

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს მხოლოდ თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გაიმართება. მთაწმინდის მოსახლეობა საარჩევნო ოლქის მაჟორიტარს აირჩევს. 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ამ ოლქის დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. პარლამენტმა მას დეპუტატის უფლებამოსილება 21 დეკემბერს შეუჩერა. მთაწმინდა ერთ-ერთია იმ საარჩევნო ოლქებს შორის, სადაც 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებში განსაკუთრებულად მაღალი იქნება კონკურენცია - ვარაუდობს სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი. მისი შეფასებით, 19 მაისის შუალედური არჩევნები გამორჩეულად რეზონანსულია არა მარტო პოლიტიკური მნიშვნელობით, არამედ საარჩევნო ოლქებისა და ამომრჩეველთა რაოდენობითაც.

19 მაისს საკრებულოსა და პარლამენტის შუალედური არჩევნები და მერების რიგგარეშე არჩევნები მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობისთვის, საერთო ჯამში, 400 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

XS
SM
MD
LG