Accessibility links

საერთაშორისო დამკვირვებლების ღამის პატრულირება და ცხენოსნები ატოცის სიახლოვეს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ატოცში ახლა სიმშვიდეა. დღეს (30 ოქტომბერი, დღის მეორე ნახევარი) საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ღობესთან არ გამოჩენილან, თუმცა წუხელ იქ გარკვეული მოძრაობა შეინიშნებოდა. ბოლომდე გაურკვეველი რჩება, რას უკავშირდებოდა სოფელში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა. როგორც წესი, ეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ან ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ ხდება ხოლმე. ატოცელების ნაწილი ამბობს, რომ ბოლო დღეებში ადგილზე მისია უკვე ღამის საათებშიც პატრულირებს, თუმცა ეს უცნაურად ეჩვენათ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს. მათ 30 ოქტომბერს, გამთენიისას, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების ცხენოსანთა ათეული სოფლის სიღრმეში შევიდა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, მძიმე ტექნიკის გადაადგილება ჩორჩანის ტყის მიმართულებითაც შეინიშნებოდა. ატოცელების ნაწილი ადასტურებს, რომ ცხენოსნები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლაც შევიდნენ, ნაწილი კი ამბობს, რომ არაფერი დაუნახავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმის დასადასტურებლად, რომ სოფელში სიმშვიდეა, დღეს ჟურნალისტები ატოცში შეიყვანა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ იმ დროს არც ოკუპანტები გამოჩენილან.

მეორე დღეა, ატოცში არ უშვებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებს, რომლებსაც სოფელში სახლი აქვთ და ადგილიდან აკვირდებიან ხოლმე განვითარებულ მოვლენებს. წუხელ მათ სოფლისკენ გადაადგილების უფლება არ მისცეს. ატოცში რთული ვითარებისა და იქ შესული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ პირველი ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ მისი თავისუფალი გადაადგილების კონსტიტუციური უფლება იზღუდება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ატოცში შეაღწიოს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებს ატოცში შესვლის შესაძლებლობა რამდენჯერმე მიეცათ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ღობეების დამონტაჟება უკვე დასრულებული ჰქონდათ, როცა მედიის წარმომადგენლებმა შეძლეს იმ ტერიტორიას რამდენიმე ასეული მეტრით მიახლოებოდნენ. ზაფხულის შემდეგ ჟურნალისტებისთვის, ფაქტობრივად, მთლიანად ჩაკეტილია ჩორჩანა-წაღვლი-ყობის მიმართულება, სადაც, თვითმხილველებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებებით დასტურდება, რომ ჩორჩანის ტყეში საოკუპაციო ძალებმა ეგრეთ წოდებული სასაზღვრო საგუშაგოები დაამონტაჟეს და ოკუპირებული წნელისიდან ამ მიმართულებით მუდმივი მიმოსვლა აქვთ. ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვების პასუხად, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, თქვა, რომ ატოცის მიმართულებით განსაკუთრებული არაფერი ხდება და იქ ღამით საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლაც ჩვეულებრივი ამბავია. მისი შეფასებით, ეს გეგმიური პატრულირება იყო.

ქართველი სამართალდამცველები ატოცში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს
ქართველი სამართალდამცველები ატოცში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დღეს სპეციალური განცხადება აღარ გაუვრცელებია, თუმცა ჩვეულებრივი გეგმიური პატრულირების დროს ისინი ღამის საათებში ინტენსიურად არ პატრულირებდნენ, ცხელი ხაზის ამოქმედებასა და საგანგებო ვითარებას კი დამკვირვებლები 24-საათიან რეჟიმში გადაჰყავს ხოლმე. მისიამ ბოლო განცხადება 29 ოქტომბერს გაავრცელა და ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების გამო გზის გახსნა მოითხოვა.

კონფლიქტის ზონაში ჩორჩანის მიმართულებით ვითარება აგვისტოს ბოლოს დაიძაბა - მას შემდეგ, რაც ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო გახსნა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბრიდან ახალგორთან დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე. წ. საზღვარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG