Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სავალალო სიტუაციაა“ - „აეროფლოტის“ პილოტი რუსულ სამოქალაქო ავიაციაზე ჰყვება


საწარმოში Sukhoi Superjet-ის თვითმფრინავებს აწყობენ, 2008 წელი.
საწარმოში Sukhoi Superjet-ის თვითმფრინავებს აწყობენ, 2008 წელი.

რუსულმა ავიაკომპანიებმა შესაძლოა რეგიონალური ავიალაინერებით Sukhoi Superjet-ით ფრენები შეაჩერონ. მიზეზი ძრავის აალების სანთლების დეფიციტია. ძრავები თვითმფრინავებზე რუსულ-ფრანგული წარმოების იყო, აალების სანთლებს კი აშშ აწარმოებდა.

აალების სანთლები ყოველი ათასი აფრენის შემდეგ უნდა შეიცვალოს. ავიაკომპანია „როსია“ Superjet-ების მსხვილი ოპერატორია, რომელსაც 76 თვითმფრინავი ჰყავს, ამ დეფიციტის წინაშე დადგა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უცხოურმა კომპანიებმა უარი თქვეს რუსეთისთვის ახალი „აერობუსებისა“ და „ბოინგების“ მიწოდებაზე. პუტინის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთს უცხოური კომპანიებისგან ლიზინგით ჰქონდა აღებული, უკან აღარ დაუბრუნებიათ. საუბარია 595 თვითმფრინავზე. ამ პირობებში Sukhoi Superjet-ი იმ ტრანსპორტად რჩებოდა, რომლითაც რუსული ავიაკომპანიები საზღვარგარეთ დაფრინავდნენ.

რუსული სამოქალაქო ავიაციის მდგომარეობაზე „აეროფლოტის“ მფრინავი, ანდრეი ლიტვინოვი ჰყვება.

- რა მდგომარეობაშია ახლა რუსული სამოქალაქო ავიაცია?

- ვცდილობთ გადავრჩეთ. აქამდე, ავიაციის ისტორიაში, არცერთი ქვეყანა არ მდგარა ასეთი სანქციების წინაშე. ერთადერთი, ირანს თუ გავიხსენებთ, რომელიც 40 წელი სანქციების ქვეშ იყო. მაგრამ იქ ძველი თვითმფრინავები ჰქონდათ, განსხვავებული ტექნოლოგია და როგორღაც ახერხებდნენ გამოძრომას. ჩვენ სხვა თვითმფრინავები გვყავს, ახლანდელი თვითმფრინავები ელექტროსისტემებითაა დახუნძლული, თანამედროვე ტექნოლოგიით. ამიტომ ყველა კომპანიას, რომელიც „ბოინგებსა“ და „აერობუსებზე“ მუშაობს, ნაწილების პრობლემა აქვს.

- როგორ მოხდა, რომ წელიწადზე მეტ დროში აალების სანთლების პრობლემა ვერ მოაგვარეს? თან თითქოსდა რუსული თვითმფრინავებია Superjet-ი?

- მარტო აალების სანთლები ხომ არ არის? ყველა ამბობს, რომ Superjet-ი ჩვენი თვითმფრინავია, მაგრამ რითაა ჩვენი? მხოლოდ იმით, რომ ჩვენთან აწყობენ. ნაწილების 70 პროცენტი უცხოურია. სიტყვა „ჩვენი“ აქ ძალიან პირობითია.

ეს ციფრებით ჟონგლიორობაა. აი, „როსტეხი“ (სახელმწიფო კორპორაცია, რომელიც ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებას) აცხადებს: „2025 წლისთვის ჩვენი თვითმფრინავების 97 პროცენტი ჩვენივე ნაწილებით აიწყობა“. და 3 პროცენტი? ხომ არ შეიძლება, ნახევრად ორსულად იყო? 97 პროცენტით ორსულად?! ამიტომ ძალიან პესიმისტი გავხდი. ვუსმენ ჩინოვნიკებს და ისინი მხოლოდ ციფრებით და თარიღებით ჟონგლიორობენ, ამ ინფორმაციისგან უბრალოდ იღლები. როდესაც 100 პროცენტით ჩვენი იქნება თვითმფრინავი, სერტიფიკატს მიიღებს და გაფრინდება, აი, მაშინ დავუკრავ ტაშს. მანამდე კი ვითარება სავალალოა.

- თუ „ბოინგებსა“ და „აერობუსებს“ დავუბრუნდებით, ესენი მაინც ის თვითმფრინავებია, რომლებითაც ახლა რუსეთის მოქალაქეები დაფრინავენ. მათ „აეროფლოტი“ ამუშავებს. „აეროფლოტს“ ერთი Superjet-იც კი დარჩა. უკვე ახლა რომელი ნაწილების დეფიციტია? ამბობდნენ, რომ სხვა თვითმფრინავებს დაშლიდნენ, რომ მათი ნაწილები გამოეყენებინათ. ეს ისევ ხდება?

- კი, ხდება, მაგრამ ყოველთვის ასე იყო. თვითმფრინავების დაშლას მწარმოებელი არ კრძალავს. მაგალითად, რომელიმე თვითმფრინავი ხაზზე დგას და რაღაც გაუფუჭდა, სხვას მოხსნიან და მას დაუყენებენ. იმ სხვა თვითმფრინავისთვის კი ახალ ნაწილს შეუკვეთავენ. ეს მიღებული პრაქტიკაა.

- მაგრამ ახლა ნაწილებს ვერსაიდან მიიღებ.

- ჰო, ნაწილები არაა. მაგრამ თუ „აეროფლოტზე“ ვსაუბრობთ, ის მაინც დიდი კომპანიაა. მუდმივად ევროპაში დაფრინავდა. ახლა არსად გვიშვებენ, ამიტომ თვითმფრინავები გამოთავისუფლდა. შეიძლება ზოგს რამე მოხსნა და სხვას დაუყენო. მაგრამ მუდამ ასე ხომ არ გაგრძელდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი თვითმფრინავი იფრენს, რამდენად ხშირად, როგორი დატვირთვით. რაც მეტხანს იმუშავებს, მით მალე დასჭირდება შეკეთება. დავუშვათ, ახალი თვითმფრინავია და ფრინველი დაეტაკა, ან შუშა გაუტყდა, ძრავაში კენჭი მოხვდა. ეს ხომ ტექნიკაა. ნაწილები ყოველთვის გვჭირდება.

- „აეროფლოტი“ ახლა დაფრინავს, მაგალითად, თურქეთში. რატომ არ შეიძლება იქ დააყენონ საჭირო ნაწილი?

- ასეთი ვარიანტიც მუშავდებოდა, სანქციების გვერდით ავლით. ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებსაც კი მიმართეს, ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს... მაგრამ ყველა ავიაკომპანია, ისინიც კი, ვინც მზადაა დაგვეხმარონ, იმავე „ბოინგებსა“ და „აერობუსებს“ ამუშავებს. დაემუქრნენ, თუ რუსულ თვითმფრინავებს ნაწილებს მიაწვდით, სანქციები თქვენც შეგეხებათო. არავინ უნდა თავისი ავიაცია საფრთხეში ჩააგდოს.

ნაწილებით კომპანია General Electric-ი არის დაკავებული. იქ ითხოვენ ნაწილების შეძენისას მისი მომხმარებელი მიუთითონ. თუ მომხმარებელი მითითებული არაა, ან რუსული კომპანია წერია, მას ავტომატურად სანქცია ეხება და ჩვენ ზრდილობიანი ბოდიშით გვისტუმრებენ.

თუნდაც ჩინეთი, ის ხომ C919-ს უშვებს, რომელიც „აერობუსებს“ ჰგავს. მაგრამ მასში არის ნაწილები, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში მზადდება. მათაც შეუთვალეს, რომ თუ რუსულ ავიაკომპანიებს დაეხმარებოდნენ, თავადაც სანქციების ქვეშ აღმოჩნდებოდნენ. გზავნილი ასეთია: „დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ ბოდიში, მერე თავად მოგვიწევს სირთულეებთან გამკლავება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG