Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალდებულო დეოლიგარქიზაცია - პარლამენტი უკვე ორ კანონპროექტს განიხილავს


ევროინტეგრაციის მოთხოვნით გამართული აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2022 წელი.

ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს წარუდგინა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული და უკვე ორი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტისგან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ენმ ცდილობს, რომ თავისი კანონპროექტი „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ - შესაფასებლად არაოფიციალური არხებით მიაწოდოს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ოპოზიციას ამის უფლება არა აქვს. „ქართული ოცნების“ კანონპროექტს, პარლამენტში, ორი მოსმენით კენჭი ვენეციის კომისიის შეფასების გარეშე უყარეს.

21 ნოემბერს ევროკავშირიდან ხელისუფლებას შეახსენეს კანონის მიღებამდე, ანუ მესამე კენჭისყრამდე, დოკუმენტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნის აუცილებლობა.

ენმ-ში ამბობენ, რომ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი საქართველოს რეალობასაა მორგებული და მიმართულია არა კონკრეტული პირების წინააღმდეგ, არამედ ოლიგარქიის აღმოფხვრისკენ. „ქართული ოცნება“ ენმ-ის კანონპროექტში „ოლიგარქების გადარჩენის“ მიზანს ხედავს.

რით განსხვავდება ორი კანონპროექტი ერთმანეთისგან?

ვინ არის ოლიგარქი?

„ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტით, ოლიგარქად პირის აღიარებისთვის, მას უნდა ჰქონდეს ზეგავლენა საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე და ასევე, აკმაყოფილებდეს ექვსი პირობიდან სამს მაინც:

  • პირდაპირ ან ირიბად უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში;
  • მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები უნდა იკავებდნენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;
  • პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის - მისი გავლენის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციის მეშვეობით) უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედიასაშუალებებზე;
  • უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საბოლოო ბენეფიციარ-მესაკუთრე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;
  • მისი დადასტურებული აქტივები უნდა აღემატებოდეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში უნდა ჰქონდეთ საქართველოს მიწის რესურსის 7 % ზე მეტი;
  • და ასევე, უნდა იყოს სანქცირებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ენმ-ში განმარტავენ, რომ თუკი პირი არ „ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე“, ის ოლიგარქად არ ჩაითვლება.

„ქართულ ოცნებაში“ დილიდან აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი ვერ შეეხება მათი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და ენმ ამით მხოლოდ საკუთარი მოკავშირეების დაცვას ცდილობს.

"ეს უფრო ოლიგარქების დაცვის კანონპროექტია, ვიდრე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი... აშკარა იყო, რომ მათ დამფინანსებელ და ოლიგარქ კეზერაშვილს კარგი დღე არ დაადგება მას მერე, რაც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შევა ძალაში და მოიფიქრეს ისეთი საკანონმდებლო სივრცე, სადაც არის პირდაპრი ტექსტით დაცვა ოლიგარქების", - უთხრა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა; ხოლო არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ენმ-მა მათი კანონპროექტი გადაწერა და დაუმატა "რამდენიმე პუნქტი, რომელიც იცავს მათ რიგებში მყოფ პოტენციურ ოლიგარქებს".

ენმ-ის კანონპროექტის ავტორად დასახელებულია ლევან ბეჟაშვილი, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ის ამბობს, რომ კანონპროექტი არც ვინმეს იცავს, არც კონკრეტულად ვინმეს წინააღმდეგ არის მიმართული და სწორედ ამით განსხვავდება „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტისგან.

კანონში "სახელები და გვარები არ უნდა იკითხებოდეს" - ამბობს ბეჟაშვილი და ამატებს, რომ ენმ-ის კანონპროექტი "საქართველოს კონტექსტთან არის მორგებული".

დავით კეზერაშვილის გარდა, მანამდე, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ასევე სავარაუდო ოლიგარქებად ასახელებდნენ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და, „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს.
ხელისუფლების ოპონენტები კი, საქართველოში ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ. ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს დამტკიცებულ რეზოლუციაში ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილია დასახელებული და ასევე, მხოლოდ მისი გვარია ნახსენები, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 8 ნოემბერს დამტკიცებულ ანგარიშსა და შესაბამისი რეზოლუციის პროექტში, დეოლიგარქიზაციის ქვეთავში.

მთავრობა თუ საკონსტიტუციო სასამართლო?

თუკი „ქართული ოცნების“ პროექტის მიხედვით ოლიგარქის სტატუსს პირს საქართველოს მთავრობა ანიჭებს, ენმ-ის პროექტის თანახმად, ასეთი პრეროგატივა საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს.

კანონპროექტის თანახმად:

  • პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის საფუძველზე;
  • საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს განიხილავს რიგგარეშედ;
  • საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „ოლიგარქის სტატუსის მინიჭება უფლებრივ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ამ უფლებრივ შეზღუდვებზე გადაწყვეტილებების მიღება“.

„ქართული ოცნების“ თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო, რომ ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტს შეედგინა; თუმცა პროექტის მეორედ მოსმენით კენჭისყრამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა ცვლილება, რომლის მიხედვითაც რეესტრს მთავრობა შეადგენს.

უკრაინული მოდელის მიხედვით, ამა თუ იმ პირის ოლიგარქად აღიარება ევალება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, მინისტრთა კაბინეტის, უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკისა თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის წარდგინებით.

გასაგზავნია ვენეციის კომისიაში

როგორც ლევან ბეჟაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ცდილობენ, რომ, შეფასებისთვის, კანონპროექტი ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას გადაუგზავნონ. ამის გაკეთება მხოლოდ არაოფიციალური არხებით არის შესაძლებელი, რადგან საპარლამენტო ოპოზიციას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია.

კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნა შეუძლია ხელისუფლებას, თუმცა დეოლიგარქიზაციის საკუთარი, უკვე ორი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს სტრუქტურას არ გადაუგზავნა. მმართველი პარტიის არგუმენტი ის იყო, რომ კანონპროექტი მან პირდაპირ თარგმნა უკრაინულიდან, ხოლო ევროკომისიამ უკრაინას ამ კანონის მიღება 17 ივნისს გამოქვეყნებულ თავის მოსაზრებაში მოუწონა.

„ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ აპირებდა ეხელმძღვანელა ვენეციის კომისიის მიერ უკრაინისთვის დაწერილი დასკვნით, მაგრამ ეს დასკვნა ქართულ მხარეს არა აქვს და მეორე მოსმენისთვის არც ის იცოდნენ, თუ რატომ არ მიიღო დასკვნა უკრაინამ.

76 მომხრე 6-ის წინაამდეგ - 16 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე, მეორე მოსმენით, ამ შედეგით დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი. კენჭისყრამდე, ოპოზიცია სთავაზობდა "ქართულ ოცნებას", დალოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას. ეს ხელისუფლებას, 15 ნოემბერს, ოლივერ ვარჰეიმაც ურჩია - ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, როცა ის თბილისს სტუმრობდა.

21 ნოემბერს, ეს საკითხი ხელისუფლებას ევროკავშირიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს.

"კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სადავო რეკომენდაციაა, ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელთა შესრულებაც აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

21 ნოემბერს, ბიუროს სხდომაზე, ენმ-ის კანონპროექტი განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გაუნაწილდათ. წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დასახელდა, ხოლო სავალდებულო დასკვნებისთვის კანონპროექტი ადამიანის უფლებათა, დარგობრივი ეკონომიკისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს გადაეგზავნათ. თუკი კომიტეტი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ის მაინც გავა პარლამენტის სხდომაზე. წინასწარი ინფორმაციით, ეს დეკემბერში მოხდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG