Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ რუსი დეპუტატებისათვის განკუთვნილი კოკაინის ისტორია


კონტრაბანდული კოკაინის ნაწილი, რომელიც 4 წლის წინ ბუენოს-აირესში მდებარე რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე იპოვეს, შესაძლოა, განკუთვნილი ყოფილიყო რუსი პოლიტიკოსებისა და სენატორებისათვის.

ამის შესახებ ცნობილი გახდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ნაწილის მეთაურის, მიხაილ კუზნეცოვის, ჩვენებიდან - კუზნეცოვისა, რომელთანაც ამ საქმის მთავარ ფიგურანტ ანდრეი კოვალჩუკს ჰქონდა კავშირი.

2018 წელს არგენიტინამ და რუსეთმა ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია და დააკავეს ექვსი კაცი, რომლებმაც 400 კილოგრამი კოკაინი რუსეთის ტერიტორიაზე დამალეს. ბოროტმოქმედები ნარკოტიკის პარტიის წაღებას დიპლომატიური ფოსტით გეგმავდნენ.

მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა არაკომერციულმა ცენტრმა „დოსიემ“ შეისწავლა რუსეთისა და არგენტინის სისხლის სამართლის საქმეები, მათში არსებული მოწმეთა ჩვენებები, მოისმინა 402 საათის ქრონომეტრაჟის სატალეფონო ჩანაწერი, რათა ამის საფუძველზე მოეხდინა ნარკოტიკების ბიზნესთან დაკავშირებული მოვლენების რეკონსტრუქცია.

საელჩოს სკოლაში დამალული კონტრაბანდა და მისი ბენეფიციარები

2018 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე უფრო განსახილველ ამბად იქცა არგენტინის უშიშროების მინისტრის, პატრისია ბულრიჩის, განცხადება ბუენოს-აირესში მდებარე რუსეთის საელჩოდან 400 კგ კოკაინის პარტიის ამოღების შესახებ.

მაგრამ მანამდე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიული საგამოძიებო საქმიანობა, ხოლო რუსეთის მხარემ არგენტინის საელჩოში კოკაინის მსხვილი პარტიის არსებობის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის ნოემბერში მიიღო საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით. 12 საეჭვო ჩემოდანში მოთავსებული კონტრაბანდული ტვირთი საელჩოს სკოლის ფარეხში აღმოჩნდა დამალული.

რამდენიმეკვირიანი მსჯელობის შემდეგ რუსეთის მხარემ საქმეში ჩართო არგინტინელი კოლეგები და ასე დაიწყო ერთობლივი გამოძიება კონტრაბანდული კოკაინის თაობაზე.

გამომძიებლები თითქმის ერთი წლის განმავლობაში უსმენდნენ კოკაინის საქმის ორ მთავარ ფიგურანტს, გავლენიან რუს სამართალდამცველად მიჩნეულ ანდრეი კოვალჩუკსა და არგენტინელ პოლიციელ ივან ბლიზნიუკსა და მის მეგობარ ალექსანდრ ჩიკალოს შორის გამართულ საუბრებს.

საბოლოო ჯამში, არგენტინაში, რუსეთის საელჩოში, აღმოჩენილი კოკაინის პარტია რუსეთის ФСБ-ს (უშიშროების ფედერალური სამსახურის) თანამშრომლებმა 2017 წლის დეკემბერში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ჩემოდნებით მოსკოვში ჩაიტანეს.

ამასთან, უშიშროების აგენტებმა ტვირთის წასაღებად გამოიყენეს თვითმფრინავი, რომლითაც დაფრინავს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი.

კოკაინის მიწოდების სავარაუდო ორგანიზატორი ანდრეი კოვალჩუკი გერმანიაში დააკავეს და მოგვიანებით რუსეთს გადასცეს.

დღეისათვის კოკაინის საქმეზე რუსეთის მხრიდან მონაწილე ოთხი ეჭვმიტანილი მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება, ივან ბლიზნიუკი და ალექსანდრ ჩიკალო - არგენტინაში, მარკოს-პასის ციხეში.

რუსეთის შსს-ს შინაგანი ჯარების ერთ-ერთი ნაწილის მეთაურის, მიხაილ კაზანცევის, ჩვენებაში არის ფრაგმენტი იმ ადრესატების შესახებ, რომლებისთვისაც, სავარაუდოდ, იყო განკუთვნილი ნარკოტიკების პარტიის ნაწილი.

„კოვალჩუკის სიტყვებით, კოკაინის ნაწილი განკუთვნილი იყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს „დუმის“ დეპუტატებისა და ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს სენატორებისათვის“, - ცენტრ „დოსიეს“ ანგარიშში მოყვანილია რუსეთის შსს-ს შინაგანი ჯარების ერთ-ერთი ნაწილის მეთაურის, მიხაილ კაზანცევის, ასეთი ჩვენება.

შეუძლებელია, „უბრალოდ ადგე და იყიდო“ ოთხასი კილოგრამი კოკაინი, აღნიშნავს ცენტრ „დოსიეს“ თანამოსაუბრე რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებიდან და დასძენს, რომ ასეთი საქონლის მომწოდებელთან ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში ყალიბდება. კოვალჩუკი ასეთ გარიგებაზე დათანხმდებოდა იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ის იქნებოდა კონტრაბანდისტების უფრო დიდი დაჯგუფების ნაწილი, - ფიქრობს „დოსიეს“ ინკოგნიტო თანამოსაუბრე რუსეთის ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურიდან.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ არც არგენტინული და არც რუსული გამოძიება არ დაინტერესებულა, დაედგინა კოკაინის წარმომავლობა, გამოეაშკარავებინა კოკაინის მიწოდების არხი და ის, თუ როგორ აღმოჩნდა კოვალჩუკის ხელში ნარკოტიკის პარტია, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენდა.

კოკაინის ისტორიის „სისხლიანი“ გაგრძელება

თავად კოვალჩუკმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი რუსეთისა და გერმანიის სპეცსამსახურების აგენტია და მონაწილეობდა 2014 წელს ყირიმის რუსეთთან შეერთების ოპერაციაში, რისთვისაც მედლით დაუჯილდოებიათ.

იგი ამტკიცებდა ასევე, რომ მისი კურატორები იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ნეზიმოვი და სამინისტროს ლათინური ამერიკის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი პიოტრ პოლშჩიკოვი, რომელიც მოსკოვში მოკლეს სამი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც რუსეთის საელჩოში ზემოხსენებული კოკაინის პარტია იქნა აღმოჩენილი.

„სიკვდილის მიზეზი გახდა ცეცხლსასროლით იარაღით მიყენებული ჭრილობები თავის არეში. ცხედრის გვერდით ნაპოვნია პისტოლეტი. როგორც მეზობლები ჰყვებიან, ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე პოლშჩიკოვს უცნაური საქციელი დასჩემდა და ნაცნობებთან ურთიერთობა შეწყვიტა“, - წერია „დოსიეს“ ანგარიშში.

ცენტრის მიერ შესწავლილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში ჩანს, რომ, ერთი მხრივ, თანამოსაუბრეები კოვალჩუკს არ ენდობოდნენ და თვლიდნენ მას უკიდურესად საეჭვო პიროვნებად, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს კონტრაბანდისტულ საქმიანობაში, აწვდიდნენ უწყებრივ ინფორმაციას და ეხმარებოდნენ უცნაური ამანათების დიპლომატიური ფოსტით გაგზავნაში.

ის პირები, რომლებთანაც კოვალჩუკს სხვადასხვა დროს ჰქონდა კავშირი, კვლავ სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან და მათი ვინაობით გამოძიება დღემდე არ დაინტერესებულა.

მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, რუსეთში გამოძიებამ ორი წლის განმავლობაში ვერ დაადგინა არგენტინული კოკაინის პარტიის ბენეფიციარები. და ეს იმ დროს, როდესაც სპეცსამსახურებს შეეძლოთ გაჰყოლოდნენ მოსკოვში ჩამოტანილი ჩემოდნების კვალს, - წერს ორგანიზაცია „ღია რუსეთი“ მოხსენების ტექსტის გაცნობის შემდეგ.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ შექმნილი არაკომერციული პროექტი „დოსიე“ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გამოძიება შეგნებულად არ იძიებს კონტრაბანდის საქმეს, გვერდს უვლის მრავალრიცხოვან თანამდებობრივ დარღვევებს და ასევე ყველანაირად ცდილობს მიაფუჩეჩოს „კოკაინის საქმე“, რათა მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დიპლომატიურ ნარკოტრაფიკში მონაწილე შუამავლებს, რომლებიც, საეჭვოა, ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორები და ბენეფიციარები იყვნენ“, - წერს „დოსიე“.

„დოსიეს“ დოსიე

არაკომერციული ცენტრი „დოსიე“ კრემლის კრიტიკოსმა მაგნატმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ, დააარსა.

საიტის თანახმად, ცენტრის მთავარი მიზანია რუსეთში სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება.

„დოსიე“ ცდილობს მიიზიდოს ჟურნალისტები და აქტიური მოქალაქეები კორუფციული საქმეების გამოძიებაში, მიიღოს მათგან ინფორმაცია კრემლში მოკალათებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ კანონის შესაძლო დარღვევების შესახებ.

ცენტრი „დოსიე“ ცოტა ხნის წინ საქართველოშიც მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც გამოაქვეყნა ვრცელი სტატია „პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების კრემლთან დაახლოებულ კონსულტანტებთან ურთიერთობის შესახებ.

„დოსიეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნოდ, რჩევების გარდა, კრემლისგან ფულსაც იღებდა. გამოცემის ცნობით, პარტია მოსკოვისგან 8 მილიონ დოლარს ითხოვდა 2020 წლის არჩევნების დასაფინანსებლად.

„დოსიეს“ საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით, ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ „პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 25 აგვისტოს მიმართა, მაგრამ ერთი კვირის თავზე უარი მიიღო. პროკურატურამ განმარტა, რომ საკითხის შესწავლა მისი „ქვემდებარე არ არის“ და ის აუდიტის სამსახურს გადააბარა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა არ უარყო, რომ მათ პარტიას რუსეთის საკონსულტაციო კომპანიაც ემსახურება, თუმცა 8-მილიონდოლარიანი დაფინანსების საკითხს „სააკაშვილი-ბოკერიას“ მიზანმიმართული თავდასხმა უწოდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG