Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკვები შინ წაღებით - როგორ მუშაობენ მუნიციპალური სასადილოები


მუნიციპალური უფასო სასადილოს სამზარეულო
მუნიციპალური უფასო სასადილოს სამზარეულო

კახეთში მუნიციპალური უფასო სასადილოები მუშაობას განაგრძობენ, თუმცა ახალი წესებითა და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების დაცვით. ადგილზე კვება აღარ ხდება, მომხმარებლებმა საკვები შინ უნდა წაიღონ.

უკვე 5 წელია, 72 წლის ლიანა კუპატაძე ლაგოდეხის უფასო სასადილოს ბენეფიციარია. წესით, ის სახლიდან გარეთ არ უნდა გადიოდეს, მაგრამ იმისათვის, რომ საკვები მიიღოს, ზოგჯერ მასაც უწევს უფასო სასადილოში მისვლა კუთვნილი ულუფის წასაღებად. გვეუბნება, რომ სასადილოდან საკვები ხშირად მის შვილს გამოაქვს, თუმცა შვილმა ავადმყოფობის გამო დღეს წასვლა ვერ შეძლო. რადგან ქუჩაში გამოსვლა მაინც უწევს, მაქსიმალურად ცდილობს კორონავირუსის შესაჩერებლად შემუშავებული რეკომენდაციები შეასრულოს. იყენებს პირბადეს და სადეზინფექციო ხნარებს.

ლიანა კუპატაძე
ლიანა კუპატაძე

„ყველანაირად ვუფრთხილდები თავს! სახლში რომ მივალ, სპირტით დავიმუშავებ ხელებს და სახეზეც მოვისვამ. გარეთ გამოვდივარ, რადგან სხვა გზა არ მაქვს. ბიჭი მყავს, მაგრამ დღეს ცუდად არის და სიარული ვერ შეძლო, ამიტომ მე წამოვედი საკვების წასაღებად. დღეს აფთიაქშიც ვიყავი და ტელეფონზე ანგარიში შევავსე. ისე, მართალი რომ გითხრა, ძალიან არ მეშინია, რადგან სხვა ვირუსებიც ყოფილა და საგანგაშოდ არ მიმაჩნია, თუმცა თავს მაინც ვიცავ, - განაცხადა 72 წლის ლიანა კუპატაძემ.

კუპატაძის მსგავსად, დღეს უფასო სასადილოდან საკვები შიმ წაიღო ჯემალ სულაშვილმაც. ერთადერთი, რაზეც ის ჩივის, ერთჯერადი პოლიეთინელის კონტეინერებია, რომლითაც საკვებს ატანენ. ჯემალ სულაშვილი ამბობს, რომ ვიდრე კუთვნილ ულუფას სახლში მიიტანს, ნახევარი გზაზე ეღვრება.

ჯემალ სულაშვილი
ჯემალ სულაშვილი

„მას მერე, რაც პლასტმასის კონტეინერებით გვატანენ საკვებს, ნახევარი გზაში მეღვრება... ისე, მე მომწონს საკვებს რომ გვატანენ, რადგან როცა გვინდა, მაშინ შევჭამთ. რაც შეეხება წესების დაცვას, ამასაც ვაკეთებ. ხელებს ხშირად ვიბან, პირბადით დავდივარ. ხალხს ახლო არ ვეკონტაქტები“.

ხორციანი ბორშჩი, ბრინჯის ფლავი, ლიმონათი და პური - ასეთი იყო დღევანდელი ულუფა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი სასადილოს 140-მდე ბენეფიციარისთვის. ერთ-ერთი სასადილოს მზარეულის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მომსახურებაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ადგილზე კვება არ შეიძლება, რადგან ვერ მოხერხდება ფიზიკური დისტანციის დაცვა.

ხალხი სათითაოდ შემოდის შენობაში. ადგილზე ვერ ვსვამთ. ყველაფერს ვატანთ სახლში, მათ შორის წვნიან კერძსაც. საჭმელს ვასხამთ ერთჯერად კონტეინერებში და ასე მიაქვთ“.

უფასო სასადილოს სამზარეულო
უფასო სასადილოს სამზარეულო

ლაგოდეხში ორი უფასო სასადილოს შენახვა ადგილობრივ ბიუჯეტს წლიდან წლამდე თითქმის 109 ათასი ლარი უჯდება, თუმცა ახლა დამატებით 4 000 ლარამდე გამოიყო ერთჯერადი კონეტეინერების შესაძენად. მერიის სოციალური სამსახურის უფროს ნატალია ბატიაშვილის თქმით, მათ ამ დროისთვის ორმა ადამიანმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარი ძალებით საკვების სახლში წაღება არ შეუძლია. ბატიაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ბენეფიციართან საკვები მერიის ტრანსპორტით მოხალისეებს მიაქვთ.

უფასო სასადილოები კახეთში 2005 წლიდან მუშაობენ. უფასო კვების სერვისი, რომელიც სოციალურად დაუცველი და ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის არის შექმნილი, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს და, საერთო ჯამში, დაახლოებით, 1500-მდე ადამიანი სარგებლობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG