Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს წევრი გატაცებულ ექიმს მორიგ პოსტს უძღვნის


თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, 13 დეკემბერს სოციალური ქსელით შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა, კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „მოსახლეობას ფსიქოლოგიური აშლილობა ჭირს“ და „მოკლებულია უნარს გააკეთოს რაიმე სიღრმის ანალიზი ჩვენი რეალობის“.

„სამყაროში არსებობს მთელი რიგი კანონზომიერებებისა, რითიც იმართება ფაქტიურად ყველაფერი. მათ შორის არის ისეთი რთული სფერო ცხოვრებისა როგორიც არის სახელმწიფოებს და ერებს შორის ურთიერთობების კანონზომიერება. ნებისმიერი იგნორი ამ კანონზომიერებებისა იწვევს კატასტროფულ შედეგს. ამ ფორმატში ვერ შევალ დეტალურ განხილვაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, ამ კანონზომიერების უგულვებელყოფამ მოუტანა ჩვენს სამშობლოს კატასტროფული შედეგი სსრკ-ს დაშლის დროს. ჩვენ სრულიად უაზროდ დავუპირისპირდით რუსებს და შევუქმენით მათ განცდა რომ სსრკ ჩვენი ქმედებების შედეგად დაიშალა, რაც იყო სრული სისულელე და სიბრიყვე. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ თვითონ რუსები გაცილებით უფრო დაჩაგრულები იყვნენ სისტემისგან ვიდრე ჩვენ და სხვათა შორის ჩვენგანაც არ აკლდათ დაჩაგვრა“, - წერს საკრებულოს წევრი.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს, ყურად არ იღოს დასავლელი პარტნიორების რჩევებსა და თხოვნას, მას პროვოკატორად და ქვეყნის მტრად მიაჩნია, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით და რა ფორმით ირღვევა ეს პირობები.

მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიან აქციას გამართავდნენ საოკუპაციო ხაზთან, ერეკლე კუხიანიძემ ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა.

აქცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, დღეს, 15 დეკემბერს გაიმართება.

ექიმი 37 დღის წინ, 9 ნოემბერს დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს მუხლი შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ფულადი ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

XS
SM
MD
LG