Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკუთარი ნაკვეთიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე - დაძაბული ვითარება კონფლიქტის ზონაში


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხუზი ძმასთან ერთად საკუთარ ვენახში მუშაობდა, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. სროლის მუქარის მიუხედავად, ძმამ გამოქცევა მოახერხა, ზაქრო ბუთხუზი კი ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით საკუთარ ნაკვეთში დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ბუთხუზების ვენახი ოკუპირებულ სოფელ არცევს ესაზღვრება, არცევში საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, ზაქრო ბუთხუზი ჯერ ამ ბაზაზე წაიყვანეს, იქიდან კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ბუთხუზების ოჯახი ახლა ჯარიმის გადასახდელ თანხას აგროვებს, ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ზაქრო ბუთხუზს საკუთარი ვენახიდან იტაცებენ.

სოფელ ქვეშის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ სოფელ არცევთან ახლოს ვენახები და ბაღები აქვთ. ბევრი მათგანი იქ მისვლას უკვე ვეღარც ახერხებს, რადგან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დაუბრკოლებლად შედიან მათ მიწის ნაკვეთებში და ადამიანებს იტაცებენ. ქვეშსა და არცევს შორის ზოგიერთ მონაკვეთზე მავთულხლართებია გავლებული, ზოგან კი ეგრეთ წოდებული გადასასვლელები საერთოდ უყურადღებოდაა მიტოვებული. პოლიციაც მხოლოდ სოფელში პატრულირებს და რა ხდება სოფლის განაპირას, არავინ იცის.

ზაქრო ბუთხუზის დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა მოკლე განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა დაკავებულის გასათავისუფლებლად. ბუთხუზის დაკავებას გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, ქვეშის მცხოვრები საკუთარი ვენახიდან გაიტაცეს.

ახალგორში კი კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაბიდან გავრცელებული ინფორმაციით, ის ადგილობრივ საავადმყოფოში მიყვანიდან 10 წუთში გულის შეტევით დაიღუპა, რადგან ადგილზე ვერც კვალიფიციური დახმარება გაუწიეს და, ჩაკეტილი გზის გამო, ვერც თბილისში გადმოიყვანეს. ახლა წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა ნათესავებმა ისიც არ იციან, საოკუპაციო რეჟიმი მათ დაკრძალვაზე ახალგორში შეუშვებს თუ არა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და დე ფაქტო რეჟიმს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები სამხრეთ ოსეთს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ. ბოლო თვეებმა აჩვენა ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის სერიოზული გაუარესება, რამაც მოსახლეობაში შიში გააჩინა. ერგნეთის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში“ ყველა მონაწილის ჩართვა აჩვენებს ორმხრივ შეშფოთებასა და დეესკალაციისადმი ყველა მხარის მხარდაჭერას, რასაც თანათავმჯდომარეები მიესალმებიან. თანათავმჯდომარეები რჩებიან აქტიურად ჩართულნი ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევების გადაწყვეტის ხელშეწყობაში.

ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ მონაწილეებს, დაუყოვნებლივ გახსნან სექტემბრის დასაწყისიდან დახურული ყველა გადასასვლელი პუნქტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტისკენ მიმართული ნაბიჯები უნდა იყოს პროპორციული და ყოველთვის ითვალისწინებდეს ჰუმანიტარულ ასპექტებს. განცხადების მიხედვით, გადასასვლელი პუნქტების დახურვა ამწვავებს ისედაც რთულ სიტუაციას, რაზეც მეტყველებს ბოლოდროინდელი შემთხვევები, რაც სერიოზულად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე.

ცხინვალის რეგიონში ვითარება მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიძაბა. დე ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე არ ხსნის ე.წ. გამშვებ პუნქტებს და ამის მიზეზად ჩორჩანის ტყეში გამწვავებულ ვითარებას ასახელებს. გზის გახსნის სანაცვლოდ ცხინვალი ჩორჩანიდან ქართული პოლიციური საგუშაგოს აღებას მოითხოვს, სადაც ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო თავადაც გახსნა. ერგნეთში გამართულმა 6-მა ტექნიკურმა შეხვედრამ ვითარება კონფლიქტის ზონაში ვერ განმუხტა. მხარეების წარმომადგენლები მომავალ კვირაში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG