თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ BBC-მ 21 ივნისს ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
სალომე ზურაბიშვილი: თავად მეც საკმაოდ გამიკვირდა და მეწყინა, რომ რუსეთის დელეგაციის ლიდერი პარლამენტში შევიდა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რაც არა მხოლოდ გასაკვირი, არამედ საწყენი იყო მთელი მოსახლეობისთვის. [საპროტესტო გამოსვლები] გამოხატულება იყო ქართველების იმედგაცრუებისა რუსეთის მოქმედებით მისი მეზობლის მიმართ, რომელიც ოკუპირებული ჰყავს და დროდადრო ცდილობს მის დაშინებას. დღეს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ფრენას უკრძალავს.
BBC: როგორ ფიქრობთ, პუტინის მხრიდან ეს გადაჭარბებული რეაქცია იყო?
სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, რა არის მისთვის გადაჭარბებული რეაქცია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის რეაქცია ძალიან ბუნებრივი იყო. პრობლემა ისაა, რომ ამ ძალიან სპონტანური რეაქციის შემდეგ, ძალიან მასობრივი რეაქციის შემდეგ, საღამოს ვითარება შეიცვალა და მოძრაობა ხელში ჩაიგდო უმცირესობამ, რომელიც ეცადა,მოსახლეობის ეს მართლაც სპონტანური პროტესტი გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც მდგომარეობს მთავრობის, ქვეყნის დესტაბილიზაციაში, პარლამენტის ხელში ჩაგდებაში. ამას უნდა მოჰყოლოდა რეაქციაპოლიციის მხრიდან, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში ინარჩუნებდა სიმშვიდეს, სანამ გამოჩნდებოდა, რომ ეს იყო პარლამენტზე თავდასხმა.
BBC: ანუ, თქვენი აზრით, შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე დარჩება.
სალომე ზურაბიშვილი: რა თქმა უნდა, დარჩება. ვინაიდან თუკი ამ რეგიონში რამე უქმნის პრობლემას რუსეთს, ესაა საქართველოს სტაბილურობა. საქართველოს სტაბილურობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომელსაც დიდ პატივს სცემენ. ძალიან უცნაურია, რომ ეს ხდება მაშინ, როცა რეგინში დაძაბულობაა აშშ-სა და ირანს შორის, ხვალ არჩევნებია სტამბოლში... და [იმ ვითარებაში], როცა საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განუხრელად მიემართება დასავლეთისკენ, ევროპისკენ, როცა ის მომავალ თვეში მასპინძლობს ევროკავშირის პარტნიორობის კონფერენციას - ამ ვითარებაში უცებ ჩნდება დესტაბილიზაციის მიზეზი. ამას გეოპოლიტიკური კუთხით უნდა შევხედოთ. ცხადია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელმაც იცის, საით სურს სვლა და რომელსაც მკაფიო ხედვა აქვს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. და გასაკვირი არაა, რომ ბატონი მედვედევი დღეს თავს დამესხა იმის გამო, რომ რუსეთს ოკუპანტი ვუწოდე. აბა სხვა რა არის ის, განა არ იციან?!