Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნების“ კი, არა და არ ვიცი


8 სექტემბერს საღამოს 6 საათისთვის უკვე ცნობილი იქნება, გამოჩნდება თუ არა ჰორიზონტზე ისეთი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უფრო დიდი ენთუზიაზმით დაუჭერს მხარს, ვიდრე ამას ის დღემდე აკეთებს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. თუკი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ 7 სექტემბერს გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, ზურაბიშვილის მისამართით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და პარტიაში სხვა დამოუკიდებელი კანდიდატებიც ეგულებათ. რა საფუძველი აქვს „ქართული ოცნების“ ყოყმანს და შესაძლებელია თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა კანდიდატურამ ჩაანაცვლოს?

რა უნდა „ქართულ ოცნებას“?

„ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია ფიქრობს, - ყოველ შემთხვევაში, ამომრჩეველს ეუბნება, რომ ფიქრობს, - რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭიროს მხარი. სხვადასხვა დროს პარტიის წარმომადგენლებისგან არაერთმა შეაწია კეთილი სიტყვა სალომე ზურაბიშვილს - ზოგმა გენდერულ ჭრილში, ზოგმა დიდი საერთაშორისო გამოცდილების კუთხით, მაგრამ არა და არ დადგა დრო, რომ ამ კანდიდატს პარტიის რეალური მხარდაჭერა მიეღო, რომლის იმედიც მას იმთავითვე ჰქონდა.

საბოლოო პასუხი 9 სექტემბერს გვექნებაო, ირწმუნება „ქართული ოცნება“ და არ მალავს, რომ სალომე ზურაბიშვილის გარდა, მას სხვა მხარდასაჭერი კანდიდატურებიც ეგულება. ასეთი მინიშნება გააკეთა 7 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. არ დაკონკრეტებულა, არიან თუ არა სხვა სასურველი სუბიექტები იმ 39 კანდიდატს შორის, ვინც უკვე შეიტანა განცხადება ცესკოში, თუ მისი გამოჩენა აწია მოსალოდნელი. თუკი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოვუსმენთ, „ძალიან ბევრი კანდიდატი ბოლო მომენტში წარადგენს ხოლმე საკუთარ კანდიდატურას.“

ცესკოში განცხადების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს 18:00-ზე ამოიწურება. ირაკლი კობახიძის განმარებით, „ქართული ოცნება“ ყველანაირად, მათ შორის ფინანსურად - შემოწირულობათა მობილიზებით, დაეხმარება შერჩეულ დამოუკიდებელ კანდიდატს.

ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო კანდიდატზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:45 0:00
Direct link

„საკმაოდ არაორდინარული ვითარებაა, როდესაც მმართველი პარტიის ასეთი გაურკვეველია ბოლო მომენტამდე “, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი გია ნოდია. ყოყმანს ის ზურაბიშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ პარტიაში არსებული სერიოზული დაპირისპირებით ხსნის და არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარიც თქვას ამ არჩევანზე. საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობის გათვალისწინებით, ნოდია ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდისგან რაღაც დაპირება ჰქონდა, მაგრამ „დაპირება გარანტია არ არის“.

რატომ შეიძლება ითქვას უარი სალომე ზურაბიშვილზე?

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ პარტიაში გადაწყვეტილებების მიღების ალგორითმით, უმრავლესობის აზრი არ არის გადამწყვეტი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა, რომლის აზრითაც, ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა „თავს მოახვია“ მმართველ გუნდს აგრესიული ინიციატივის გამოვლენით. „შეიძლება ითქვას, რომ მან თავისი გაიტანა“ - ასეთია გია ხუხაშვილის შთაბეჭდილება.

ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელებას მოელის პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც. თუმცა უარი შესაძლოა მხოლოდ ერთ შემთხვევაში ითქვას და, კაკაჩიას აზრით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს კონკრეტულ კვლევებს: „მმართველი პარტია შიდა კვლევებს აუცილებლად ჩაატარებდა და თუკი მაჩვენებლები მისთვის არასასურველი აღმოჩნდა, ზურაბიშვილის მხარდაჭერა ყოველგვარ აზრს დაკარგავს“. კაკაჩიას თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მაღალი მაჩვენებელი, რაც NDI-ის ივნისის კვლევით დასტურდება.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სალომე ზურაბიშვილისგან „ქართული ოცნების“ დისტანცირება თავად ზურაბიშვილის ცალკეულმა, ხმაურიანმა გამონათქვამებმა მოახდინა და აქ წინა პლანზეა აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხი, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის მღელვარება გამოიწვია. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში მხარი საერთოდ არავის დაუჭიროს, მაგრამ იმ გარანტიით, რომ მეორე ტურში მხოლოდ ოპოზიციის კანდიდატები არ გავლენ.

ვინ გამოავლენს ამბიციას „ბოლო მომენტში“?

ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობას არ სჯერა, რომ 2018 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის პოსტს ოპოზიციურ პარტიებს დაუთმობს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შესაძლებლობაზე თავად ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდა ივლისის ბოლოს, „პირველი არხის“ გადაცემაში.

თუკი სალომე ზურაბიშვილზე, მიზეზთა გამო, უარი ითქვა, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ცესკოს განცხადებით „ბოლო მომენტში“ მიმართოს სწორედ იმ დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც წინასწარ ექნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარანტია. დრო ჯერ ისევ არის 8 სექტემბრის საღამომდე, ხოლო აუცილებელი 25 923 ხელმოწერის ცესკოსთვის წარდგენის ვადა მას 18 სექტემბრამდე ექნება. ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ თუკი ასეთი კანდიდატურა არსებობს, მისთვის ხელმოწერების შეგროვება პრობლემა ნამდვილად არ იქნება. რეგისტრირებულ კანდიდატთა სია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 სექტემბერს უნდა გამოაქვეყნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG