Accessibility links

პრეზიდენტობის დათმობა დემოკრატიისთვის?


ბიძინა ივანიშვილი

ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობას არ სჯერა, რომ 2018 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის პოსტს ოპოზიციურ პარტიებს დაუთმობს, რის შესაძლებლობაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში ილაპარაკა. ივანიშვილის თქმით, ოპოზიციას პრეზიდენტის პოსტი იმ შემთხვევაში დაეთმობა, თუკი, დემოკრატიის განვითარების სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად თავისი გუნდის წევრს არ დაასახელებს და არც მისი მხარდაჭერის ღირსი დამოუკიდებელი კანდიდატი გამოჩნდება. მართალია, 2018 წლის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი ფუნქციურად გაცილებით უფრო დასუსტებული იქნება, ვიდრე ის ამჟამად არის, მაგრამ ანალიტიკოსების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამ პოსტს „ქართული ოცნება“ მაინც ვერ შეელევა. ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში სავარაუდო კანდიდატთა გვარებიც დაასახელა, მაგრამ არ უხსენებია დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა საპრეზიდენტო მარათონში დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგეს. სამაგიეროდ, ივანიშვილმა ახსენა ზურაბ აბაშიძე - პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, დავით სერგეენკო, ბიძინა ივანიშვილი, თეა წულუკიანი - ამ თანმიმდევრობით ჩამოთვალა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებზეც პარტიაში მსჯელობენ, მაგრამ თავად ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ გუნდიდან არ უნდა იყოს და ეს, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის გამო უნდა მოხდეს. როგორც მან აღნიშნა პირველი არხის გადაცემაში სტუმრობისას, „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი, მაგრამ თუკი ასეთი არ გამოჩნდება, პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციას უნდა დაეთმოს და ესეც დემოკრატიის ხელშეწყობის გამო უნდა მოხდეს. „ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და სწრაფი განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს, რადგან, სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიებიდან ვერავის დავუჭერთ მხარს. თუკი იქნება ღირსეული კანდიდატი, დავუჭიროთ მხარი, მაგრამ თუკი არ იქნება ღირსეული კანდიდატი, არც არავის დავუჭიროთ მხარი და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილს არ უხსენებია დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა. თავად ზურაბიშვილოც ამ თემაზე კომენტარებისგან თავს იკავებს და, როგორც 25 ივლისს მის პრესცენტრში უთხრეს რადიო თავისუფლებას, თუკი საჭირო იქნება, სათქმელს ის ბრიფინგზე იტყვის. ბევრი მოელის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატად მაინც სალომე ზურაბიშვილი დასახელდება და ამ ვარაუდს შიგადაშიგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მინიშნებებიც ამყარებს. თუმცა ბევრს არც ის ფაქტი გამოეპარა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის ჩამონათვალში პირველ ნომრად ზურაბ აბაშიძე დაასახელა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ კანდიდატად სწორედ აბაშიძე დასახელდება, რადგან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი მმართველი გუნდისთვის სწორედ რუსეთთან ურთიერთობის ჭრილშია ღირებული, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის ავტორიტეტი წინა ხელისუფლებამ დასავლეთთან ურთიერთობის ჭრილში გამოიყენა.

Direct link

ამასთან, ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის პოსტს „ქართული ოცნება“ არავის დაუთმობს და, იქნება ეს გუნდის შიგნიდან თუ გუნდის გარედან, ეს პარტია აუცილებლად სათავისო კანდიდატს გაიყვანს. დემოკრატიის განმტკიცება კი, ძაბირაძის შეფასებით, არა საპრეზიდენტო პოსტის შეთავაზებით, არამედ საარჩევნო სისტემის რეალური გაჯანსაღებით უნდა დაიწყოს და საგანგაშოა, როდესაც მმართველი პარტია და მისი თავმჯდომარე აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას განაგებენ, მით უმეტეს, რომ, ბიძინა ივანიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ მისი მაკონტროლებელი ფუნქცია ახლა უკვე მართვის ფუნქციით ჩანაცვლდა და გიორგი კვირიკაშვილის პოსტიდან გადადგომასაც მან სწორედ ახალი პოზიციიდან შეუწყო ხელი.

თუკი „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს, ანდა სულაც პრეზიდენტის პოსტს ასათვისებლად ოპოზიციას დაუთმობს, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ზვიად აბაშიძე. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის ფუნქციები იმდენად შემცირებულია, რომ სულ ერთია ვინ იქნება პრეზიდენტი, ხოლო „ქართული ოცნება“ ამით ხელისუფლების გამნაწილებლის იმიჯს შეიქმნის.

Direct link

ასეთ მიდგომას არ ეთანხმებიან კონსტიტუციონალისტები. როგორც "ინსტიტუციური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელმა კოტე ჩოკორაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან პრეზიდენტის ფუნქციები საგრძნობლად შემცირებული იქნება, პოსტის ოპოზიციისთვის დათმობა შესაძლოა „თავის ტკივილი“ აღმოჩნდეს „ქართული ოცნებისთვის“, რადგან პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია და მნიშვნელოვანი ტრიბუნა ექნება.

ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაუსახელებია, პოლიტიკურმა სპექტრმა მას უკვე დიდ სისუსტედ ჩაუთვალა და დამარცხების შიშით ახსნა. როგორც „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა 25 ივლისს, „’ქართულმა ოცნებამ’ პოლიტიკური რესურსი ამოწურა“, ამ პარტიას თავისი საარჩევნო ნომრითა და თავისი სახელით გაუჭირდება არჩევნების მოგება და ამიტომ სურს დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა.

იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიუღებლობა ვინმემ შესაძლოა სისუსტედ ჩაუთვალოს, „ქართული ოცნების“ რიგებშიც ფიქრობენ და, როგორც ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა, მის პოზიციას პარტიაში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. როგორც პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა 25 ივლისს, „კანდიდატს პარტიული კუთვნილება არ უნდა ჰქონდეს“ და დისკუსია ჯერ ისევ მიმდინარეობს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს.

„გაუგებარი იქნება საზოგადოებისთვის, თუკი მმართველი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ამას საზოგადოება, ბუნებრივია, ვერ გაიგებს და ჩაითვლება, რომ ეს არის სისუსტის გამოვლინება. ამიტომ, მე მგონი და პოლიტსაბჭოც ამაზე, მგონი, ჩამოყალიბებულია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიღოთ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG