Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამაჩაბლოდან ლაგოდეხში – დევნილების 11-წლიანი ისტორია


დევნილთა დასახლება ლაგოდეხში
დევნილთა დასახლება ლაგოდეხში

აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ამ ომის შედეგად 30 000-მდე მოქალაქე დევნილი გახდა. მათ შორის არის ნინო სადუნიშვილი, რომელიც, 11 წელია, ლაგოდეხში, „დევნილთა დასახლებაში“, ცხოვრობს. ნინო ოჯახთან ერთად ცხინვალთან ახლოს, სოფელ თამარაშენში, ცხოვრობდა. მეუღლე ომის დროს დაიჭრა და ამიტომ თამარაშენში დარჩა, ოჯახის დანარჩენი წევრები კი დევნილები გახდნენ.

11 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან და დევნილების ლაგოდეხში ჩასახლებიდან. „დევნილთა დასახლებაში“, რომელიც სკოლა-ინტერნატის ყოფილ შენობაშია განთასებული, 36 ოჯახი ცხოვრობს. ნაწილი სამაჩაბლოდან, ნაწილი კი აფხაზეთიდანაა დევნილი. ომი ყოველმა მათგანმა ნახა, ზოგმა ოჯახის წევრი დაკარგა და ამიტომ წარსული ამბების გახსენება ემოციების გარეშე არ შეუძლიათ. ნინო სადუნიშვილი, 11 წელია, ლაგოდეხში ცხოვრობს. ის ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ თამარაშენიდან არის. მეუღლე ომის დროს დაიჭრა, რის გამოც გადაადგილება ვეღარ შეძლო და სოფელში დარჩა. ოჯახის დანარჩენი წევრები დევნილები გახდნენ. ლაგოდეხში ჩასვლამდე დროებით თავშესაფარში იცხოვრეს და ნინოს იქ შეატყობინეს, რომ მეუღლე დაჭრიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ნინოს თქმით, ის თამარაშენში დარჩენილმა მეზობლებმა დაკრძალეს:

„ჩემი სახლის კართან ტანკები ორ რიგად იყო. რთული სიტუაცია გვქონდა. მაშინ საააკაშვილი დაგვპირდა, რომ დასახლებიდან გაგვიყვანდნენ, მაგრამ ოსებმა გვითხრეს, რომ ისეთი ტყვიები ცვივა, არ გაბედოთ წასვლა, თორემ გზაში დაიღუპებითო. მიუხედავად ამისა, მე და ჩემი შვილებ აუცილებლად უნდა გამოვსულიყავით. ბოლოს „წითელმა ჯვარმა“ გამოგვიყვანა. ჩემი მეუღლე დაჭრილი იყო, ცალ ფეხს ძლივს დაატარებდა და იქაურობა არ დატოვა. იმასაც ამბობდა, არ მინდა სხვებმა ასე დაჭრილი მნახონო. ძალიან ვაჟკაცი ბიჭი იყო. მენატრება ჩემი სახლი და გარემო. ჩემი მეუღლე ისე დაკრძალეს, რომ არ მინახავს. საფლავი სად არის, ეგეც არ ვიცი. გარდაცვალების ამბავი რომ გავიგეთ, თავშესაფრიდან წავედით, თუმცა არ შეგვიშვეს“.

ნინო სადუნიშვილი
ნინო სადუნიშვილი

11 წლის წინ საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა გიული ბეღელურიც. ის ცხინვალის რაიონში, სოფელ დისევში ცხოვრობდა. ახლა ლაგოდეხის დევნილთა დასახლების ბინადარია.

„სამხედრო ტექნიკა არ იდგა და საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა, თუმცა ომი ცხინვალში გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე 2008 წლის აგვისტოშიო“, - ამბობს ბეღელური და დარწმუნებულია, რომ ომი დაიწყო რუსეთმა.

„ჩვენთან, სოფელში, ეს ახალი ამბავი არ იყო. ჩუმი ომი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. უბრალოდ, არ იდგა ჯარი და არ ყოფილა დამომბვა, ამიტომ არავის გვეგონა, რომ ჩვენი ხეობის დატოვება და წასვლა მოგვიწევდა. სახლებში დარჩენას 8 აგვისტომდე ვცდილობდით, მაგრამ როცა უკვე დაბომბვა დაიწყო, ყველა მივხვდით, რომ უნდა წამოვსულიყავით. თითქმის ნახევარი საქართველო რატომღაც ამტკიცებს, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა, რაც არის პირწმინდათ ტყუილი. ეს ჩვენზე კარგად არავინ იცის. ვინც ეს მძიმე ომი, პირდაპირი მნიშვნელობით, გადავიტანეთ და ტყვიებს გამოვექეცით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი, რა თქმა უნდა, რუსეთმა დაიწყო“.

გიული ბეღელური
გიული ბეღელური

​ისტორიების გახსნების გარდა, ლაგოდეხში მცხოვრები დევნილები ყოფით პრობლემებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ ძირითადად სეზონურ სამუშაოებზე არიან დასაქმებული, საიდანაც დღეში 20 ლარამდე იღებენ, შემოსავლის მთავარი წყარო კი სოციალური დახმარება და პენსიაა: „უმუშევრობის პირობებში ძალიან ძნელია ცხოვრება. დალხინებაზე ლაპარაკი ზედმეტია. პატარა ბოსტნები მოგვცეს და ზოჯერ დღიურ მუშად თუ ვინმე წაგვიყვანს და 15 ლარს გადაგვიხდის. ესეც იშვიათად ხდება“.

კახეთში სამაჩაბლოდან დევნილები მხოლოდ ლაგოდეხში ცხოვრობენ, აფხაზეთიდან დევნილები კი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში არიან. ისინი იმედს არ კარგავენ, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაბრუნდებიან და ცხოვრებას ხელახლა დაიწყებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG