Accessibility links

site logo site logo

სამხედრო დრონები საქართველოში - რა (არ) ვიცით მათზე


ისრაელის წარმოების სამხედრო დრონი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირების არეალიდან ასეულობით კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცეში აფეთქდა ორი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატი - ე.წ. დრონი. ერთის ნაწილები აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს სოფელ უდაბნოს მიმდებარედ იპოვეს, მეორე კიდევ უფრო შორს - ყვარლის მუნიციპალიტეტში.

7 ოქტომბრის საღამოს, დაახლოებით 18:30 საათზე, სოფელ კუჭატნის მცხოვრებმა თემურ კანდელაკმა ჯერ გრუხუნის ხმა გაიგო, შემდეგ - აფეთქების. თემურმა საკუთარ ვენახში იპოვა ის, რაც, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენებია. მის ირგვლივ კი, დაახლოებით 100 მეტრის ფართობი დამწვარია.

„პლასტმასებია ძირითადად და ერთი პატარა ძრავი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თემურ კანდელაკი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოფიციალური ინფორმაცია, კონკრეტულად რა მოწყობილობები ჩამოვარდა საქართველოს ტერიტორიაზე, ჯერჯერობით არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით, რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს.

კამიკაძე დრონი?

სამხედრო ექსპერტი თემურ ჩაჩანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოწყობილობები იმდენად დალეწილია, შეუძლებელია, ზუსტად ითქვას, რასთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია იმის დანამდვილებით თქმაც, ეკუთვნის თუ არა ისინი საქართველოს რომელიმე მეზობელ სახელმწიფოს, რომლებიც საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის” მთავარი რედაქტორი, რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ „ცოტა დეტალები რომაა დარჩენილი, ეს უფრო აჩენს ეჭვს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მასშივე [დრონში] იყო დამონტაჟებული. ეს კი მიუთითებს, რომ ესაა კამიკაძე დრონი "ჰაროპი"”.

რაკეტით შეიარაღებული დრონებისგან განსხვავებით, ისრაელში წარმოებული „ჰაროპი” თავადაა საბრძოლო მასალა და ანადგურებს სამიზნეს მასზე შეჯახებით. მწარმოებლის ვებსაიტის თანახმად, „ჰაროპი” შეიძლება იმართებოდეს დისტანციურად ან მოიძიოს სამიზნე ავტონომიურად, რადარებსა თუ რადიოსიხშირეებზე დაყრდნობით. განადგურებამდე, ის, ასევე, გამოსცემს სპეციფიკურ ძლიერ ხმას.

ალადაშვილის განმარტებით, ჩვეულებრივი უპოლოტო საფრენი აპარატი თუ ჩამოვარდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტყვია ან ჭურვი მოხვდება, მისგან გაცილებით მეტი დეტალი რჩება.

გარდა ამისა, ალადაშვილი ამბობს, რომ ძრავა, პროპელერი და ფრთასხმულობის ნაწილი ვიზუალურადაც ჰგავს „ჰაროპს”.

ისრაელში წარმოებული სამხედრო დრონები მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტში პირველად აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა 2016 წელს, სომხეთთან 4-დღიანი ომის დროს.

მიმდინარე წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ასისტენტმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა დაადასტურა ქვეყნის არსენალში „ჰაროპების” ქონა და მათ ეფექტიანობას გაუსვა ხაზი:

„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი [დრონების] პარკი რეგიონში. მათ შორის, ისრაელში წარმოებული, სხვა დრონებიც გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებით ისრაელში წარმოებული, მათ შორის, მზვერავი და თავდამსხმელი დრონები და კამიკაძე "ჰაროპის" დრონები, რომლებიც ძალიან ეფექტიანია“, - თქვა ჰაჯიევმა.

როგორ აღმოჩნდა დრონები საქართველოში?

პატარა ზომის გამო, დრონების დაფიქსირება საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რთულია. ექსპერტები რადიო თავისუფლებასთან განმარტავენ, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემა უფრო დიდ საფრენ აპარატებს - შვეულმფრენებსა თუ თვითმფრინავებს აფიქსირებს. რადარებისთვის განსაკუთრებით რთულია „ჰაროპის” დრონის „აღმოჩენა”.

„ბევრად უფრო ძლიერი თავდაცვის სისტემის ქვეყნებისთვისაც ასეთი დრონის ჯერ აღმოჩენა და შემდეგ ჩამოგდება რთულია. ის 2-3 მეტრიც არ არის; ძირითადად, კომპოზიციური მასალებისგანაა მისი კორპუსი დამზადებული, რაც რადიოლოკატორით მისი აღმოჩენის შესაძლებლობას ამცირებს”, - ამბობს ალადაშვილი.

თემურ ჩაჩანიძე ამბობს, რომ შესაძლებელია, დრონმა დაკარგა ორიენტაციის უნარი, ან ოპერატორთან გაუწყდა კავშირი. მისივე თქმით, თეორიულად, შესაძლებელია, მოწინააღმდეგემ აიღო კონტროლი მტრის უპილოტო საფრენ აპარატზე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცუნ ოვანისიანმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ აქვს, თუმცა „აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოსა და ირანის საზღვრებს”.

აზერბაიჯანულ მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

„ის, რომ ვიღაცას გათვლილი ჰქონდა, აქ სადღაც გლეხის ვენახში აეფეთქებინა, არალოგიკურია, იმიტომ რომ ეს ძვირიანი აპარატებია”, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG