Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციები ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიასა და ადვოკატს - რა ვიცით


კრისტოდულოს ვასილიადისი, ბიძინა ივანიშვილი (ფოტოკოლაჟი)
კრისტოდულოს ვასილიადისი, ბიძინა ივანიშვილი (ფოტოკოლაჟი)

კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების კვიპროსელ ადვოკატ-კონსულტანტს, კრისტოდულოს ვასილიადისსა და მის კომპანიებს 2023 წლის აპრილიდან შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან სანქციები აქვთ დაწესებული. 

ამ სტატიაში ვარკვევთ,

  • შეეხო თუ არა ვასილიადისის სანქცირება ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს?
  • არის თუ არა ეს მასთან დაკავშირებული კომპანიების თუ ქონების სანქცირების პირველი საჯაროდ ცნობილი შემთხვევა?

მოკლედ:

საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერის ქართველი ადვოკატი ამბობს, რომ ერთ-ერთი სანქცირებული კომპანია მის კლიენტთან დაკავშირებულ კომპანიებს მხოლოდ სამართლებრივ მომსახურებას უწევდა.

მაგრამ ქართულ მედიაში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება, დამატებით რადიო თავისუფლების მოძიებული და ნანახი დოკუმენტები და „პანდორას ქაღალდები“ აჩვენებს, რომ ივანიშვილისა და ვასილიადისის საქმიანი ურთიერთობა სამართლებრივ მომსახურებას სცდებოდა და უფრო შორს მიდიოდა:

  • ერთ-ერთი სანქცირებული კომპანიის შვილობილი ფირმა, „კრისტა“, 2020 წლისთვის ფლობდაქართუ ჯგუფის“ წილების 50%-ს;
  • 2018-19 წლებში „საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ“ ამავე ფირმისგან 27.5 მილიონი ლარი მიიღო - რაც, ფონდის თანახმად, ქველმოქმედებაზე დაიხარჯა;
  • იგივე კომპანია წლების განმავლობაში ფლობდა „აგრო ქართუს“, რომელიც 2021 წელს ივანიშვილის მეუღლის სახელზე გადაფორმდა.

ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით ჩნდება კითხვა: კვიპროსელი ბიზნესმენის კომპანია „კრისტა“, სინამდვილეში, ხომ არ წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილის ფაქტობრივ საკუთრებას?

ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის საშუალებას წლების წინ „პანდორას ქაღალდებში“ გაჟონილი დოკუმენტები იძლევა - იქ ვასილიადისი მხოლოდ შუალედური ფიგურაა.

კრისტოდულოს ვასილიადისი - „ოლიგარქების ინსტრუმენტი“

2023 წლის აპრილში შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერების დასჯის მიზნით, სანქციები დაუწესეს კრისტოდულოს ვასილიადისსა და მისი პირადი კავშირებისა და კომპანიების ფართო ქსელს.

შეერთებული შტატები გადაწყვეტილების დასაბუთებისას წერს, რომ ვასილიადისი - „რუსი ოლიგარქების მარჯვენა ხელი“ საკვანძო ფიგურაა, „სბერბანკის“ (აშშ-ის მიერ მანამდე სანქცირებული რუსული ბანკის) შვილობილი ფირმის მენეჯმენტში.

კრისტოდულოს ვასილიადესი
კრისტოდულოს ვასილიადესი

ვასილიადისი კვიპროსელი ადვოკატი და კონსულტანტია, რომელსაც დიდი ხანია, კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების ერთგული ადიუტანტის რეპუტაცია აქვს. ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქცირების ერთ-ერთი მიზეზი მისი ძველი კლიენტის, ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის დახმარება იყო.

ალიშერ უსმანოვი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია რუსეთში, - ხშირად ახსენებენ რომან აბრამოვიჩთან ერთად. ჟურნალ Forbes-ის 2022 წლის ბოლო შეფასებით, მისი ქონება 14,4 მილიარდ ევროს უტოლდება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. გერმანიის ხელისუფლებამ მისი დის იახტა დააპატიმრა და რამდენჯერმე ჩაატარა ჩხრეკა უსმანოვის სახლებში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, ვასილიადისმა და მის ქსელში ჩაბმულმა კომპანიებმა და ინდივიდებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს „არაერთი რუსი ოლიგარქის გაძლიერებაში“.

2023 წლის 22 აპრილს სანქციები დაუწესდათ მის ვაჟს, გიორგოს ვასილიადისს, ქალიშვილს, ანა მარია ვასილიადისს და გაერთიანებულ სამეფოში მათ კომპანიებს.

სხვებთან ერთად, სანქციებში მოჰყვა სამი კომპანია, რომელთა დასახელებაშიც ერთი, საერთო სიტყვა ფიგურირებდა: „ლედრა“. ამ სამი კომპანიის სახელია:

  1. Ledra Nominees Limited
  2. Ledra Trustees Limited
  3. Ledra Trustee Services Limited

2023 წლის აპრილში, სანქციების მორიგი პაკეტის გამოქვეყნებისას, ყველას გამორჩა, რომ კრისტოდულოს ვასილიადისის კლიენტებს შორის წლების განმავლობაში საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილიც იყო.

2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ მასთან ახლად დაპირისპირებული ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ აქციები დააყადაღა, სწორედ ვასილიადისი იცავდა „ქართუს“ ინტერესებს.

ამტკიცებდა, ივანიშვილს არ ეკუთვნის „ქართუ ჯგუფის“ არცერთი აქცია, არ ფლობს წილებს „ქართუ ჯგუფის“ დამფუძნებელ უცხოურ კომპანიებში და, ამრიგად, „ქართუს“ აქციები არანაირად არ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთანო. მისი ეს ნათქვამი „ამერიკის ხმის“ არქივმა შემოინახა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადების შემდეგ ესაუბრება ჟურნალისტებს. 2012 წლის თებერვალი
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადების შემდეგ ესაუბრება ჟურნალისტებს. 2012 წლის თებერვალი

ჟურნალისტური გამოძიება

ვასილიადისისა და ივანიშვილის კავშირების შესახებ 2023 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „პირველმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება. გამოძიების თანახმად:

  • სანქცირებული უცხოური კომპანიის შვილობილი ფირმა, „კრისტა“, წლების განმავლობაში ფლობდა „აგრო ქართუს“;
    • „აგრო ქართუს“ დირექტორი არის ჭორვილაში ივანიშვილის მეზობელი, რომელიც ამბობს, რომ ამ ადგილას ივანიშვილის დისშვილმა, კახა კობიაშვილმა დანიშნა;
    • „აგრო ქართუ“ ახლა, 2021 წლიდან, ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაა;
  • 2019 წელს „ლედრას“ შვილობილი „კრისტასგან“ ივანიშვილის საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ 20.4 მილიონი ლარი ჰქონდა შემოსავლის სახით მიღებული.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა „ლედრა“ ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია, ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ ასეთი პასუხი გასცა:

  • „ეს კომპანია უწევდა მათ შორის ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს სამართლებრივ მომსახურებას“.

რადიო თავისუფლების ნანახი დოკუმენტები და „პანდორას საბუთებში“ გაჟონილი ცნობები აჩვენებს, რომ ვასილიადისის „ლედრასა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის „სამართლებრივ მომსახურებაზე“ უფრო მჭიდრო კავშირები იყო.

ეს კავშირები „ქართუ ჯგუფზე“ გადის.

„სამართლებრივ მომსახურებაზე“ მეტი

„ქართუ ჯგუფი“ არის ის ბიზნესჯგუფი, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლამდე ფლობდა „ქართუ ბანკს“.

საქართველოში იგი ორი სახით არსებობს - სააქციო საზოგადოებისა და შპს-ს სახით. ერთ მათგანს, სააქციო საზოგადოებას, 2018-19 წლებში აქვს სახელმწიფოსთვის ფინანსური ანგარიშგება წარდგენილი, მეორეს, შპს-ს კი - 2021-22 წლებში.

ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ:

  • 2019 წლის ბოლოსთვის სააქციო საზოგადოების სახით არსებული „ქართუ ჯგუფის“ აქციების 49.6%-ს ფლობდა „კრისტა“ (Krista Investments); სს „ქართუ ჯგუფის“ საბოლოო მფლობელად უტა ივანიშვილია დასახელებული - ივანიშვილის უფროსი ვაჟი;
  • 2020 წლის ბოლოსთვის იგივე „კრისტა“ ფლობდა შპს-ის სახით არსებული „ქართუ ჯგუფის“ 50%-საც.

ამონარიდი სს „ქართუ ბანკის“ ფინანსური ანგარიშგებიდან
ამონარიდი სს „ქართუ ბანკის“ ფინანსური ანგარიშგებიდან

დოკუმენტების თანახმადვე, 2022 წლისთვის „კრისტა“ შპს „ქართუ ჯგუფში“ წილებს უკვე აღარ ფლობდა - შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი „საქველმოქმედო ფონდი ქართუ“ გახდა.

აი, სააქციო საზოგადოების სახით არსებული „ქართუ ჯგუფის“ მფლობელის დასახელება/ვინაობა უცნობია - რეესტრში აქციების მფლობელთა ვინაობა არ მიეთითება ხოლმე.

„ქართუ ჯგუფის“ „საქველმოქმედო ფონდ ქართუს“ ხელში გადასვლა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკას საბოლოოდ ტოვებს და ამბობს, რომ პარალელურად საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცემს თავის ბიზნესებს.

„აგრო ქართუ“

„აგრო ქართუ“ 2010 წელს დარეგისტრირდა საქართველოში.

ეს არის კომპანია, რომელმაც საქართველოში შექმნა სასოფლო-სამეურნეო ბაზები, ლაბორატორიები და სხვა ინფრასტრუქტურა, - მათ შორის მცხეთის სოფელ ჯიღაურაში, - შემდეგ კი სახელმწიფოს გადასცა.

„აგრო ქართუს“ დაარსებიდან 11 წლის განმავლობაში სრულად ფლობდა „კრისტა“.

2021 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „კრისტამ“ „აგრო ქართუ“ ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს მიჰყიდა.

ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი. 2012 წლის ფოტო
ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი. 2012 წლის ფოტო

რამდენად იყიდა, ამ დოკუმენტში არ ჩანს.

მაგრამ ჩანს, რომ „კრისტას“ ამ გარიგებაში წარმოადგენს კახა კობიაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დისშვილი.

კვლევების თანახმად, სწორედ კობიაშვილი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებს საქართველოში.

„კრისტას“ 27 მილიონი ქველმოქმედებაში

2018-19 წლებში „საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ“ „კრისტასგან“ 27.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - რაც, ფონდის თანახმად, ქველმოქმედების მიზნით დაიხარჯა.

„ქართუს“ დირექტორის, ნიკოლოზ ჩხეტიანის ხელმოწერილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ფონდმა

  • 2018 წელს „კრისტასგან“ მიიღო 7.1 მილიონი ლარი
  • 2019 წელს - 20.39 მილიონი ლარი.

გაურკვეველია, რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა კვიპროსელ კონსულტანტს, რომ მის კომპანიას მხოლოდ 2 წელიწადში 27 მილიონი ლარი დაეხარჯა ქველმოქმედებისათვის - ივანიშვილების საქველმოქმედო ფონდის გავლით.

და ამიტომაც ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო „კრისტა“ - რომელიც ფორმალურად ვასილიადისის „ლედრას“ ეკუთვნოდა - სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის კომპანია?

„კრისტა“ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 1998 წლის 3 სექტემბერს დარეგისტრირებული ფირმაა - ეს კი ოფშორულ ზონად მიიჩნევა და მფლობელების დადგენა რთულია.

მაგრამ ეს კომპანია ჩნდება „პანდორას ქაღალდებში“ - 2021 წელს „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის“ გამოქვეყნებულ გაჟონილ დოკუმენტებში.

„პანდორას“ მონაცემთა ბაზის თანახმად:

  • „კრისტას“ შუალედური მფლობელი არის „ლედრა“, - რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს კრისტოდულოს ვასილიადისი;
  • მაგრამ ვასილიადისი მხოლოდ „შუალედური მფლობელია“;
  • „კრისტას“ „საბოლოო ბენეფიციარი“, ანუ რეალური მფლობელი არის ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილის კავშირი „კრისტასთან“ „პანდორას ქაღალდების“ მიხედვით
ივანიშვილის კავშირი „კრისტასთან“ „პანდორას ქაღალდების“ მიხედვით

რადიო თავისუფლებამ სცადა კომპანია „ლედრასგან“ და მის მფლობელ კრისტოდულოს ვასილიადისისგან კომენტარის მიღება. ჩვენ მათ ვკითხეთ:

  • შეუძლიათ თუ არა, დაგვიდასტურონ, რომ ვასილიადისი მხოლოდ შუალედური რგოლი, „კრისტას“ ბენეფიციარი მესაკუთრე კი ბიძინა ივანიშვილი იყო?
  • ამის გათვალისწინებით, იქონია თუ არა ვასილიადისის სანქცირებამ უშუალოდ გავლენა ბიძინა ივანიშვილის „კრისტაზე“?

თუმცა პასუხი არ მიგვიღია. პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება სტატიაში.

სქემა, რაც ყველა დოკუმენტში მითითებული ინფორმაციის გაერთიანებით მიიღება. „ქართუს“ მონაცემები მითითებულია 2020 წლის მდგომარეობით
სქემა, რაც ყველა დოკუმენტში მითითებული ინფორმაციის გაერთიანებით მიიღება. „ქართუს“ მონაცემები მითითებულია 2020 წლის მდგომარეობით

რას ვიგებთ ამ ამბიდან?

ზოგადად, კომპანიების სანქცირებას მათ შვილობილ ფირმებზეც მოჰყვება ხოლმე შეზღუდვები - უკვე კომერციული ბანკების დონეზე.

„ლედრას“ შემდეგ თუკი „კრისტაზეც“, - როგორც ბიძინა ივანიშვილის ფაქტობრივ ფლობაში არსებულ კომპანიაზე, - გავრცელდა სანქციები, ეს ქართველ მილიარდერთან დაკავშირებული კომპანიების/ქონების სანქცირების პირველი საჯაროდ ცნობილი შემთხვევა გამოდის.

და ეს გარემოება დამატებითი დეტალი შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური შემობრუნების თავსატეხში.

  • მმართველი პარტია ბოლო ორი წელია, - უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, კოლექტიურ დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევის“ მცდელობასა და გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს;
  • ბიძინა ივანიშვილმა ეს გზავნილი თავადაც გაიმეორა პოლიტიკიდან მეორედ გასვლის შემდეგ, 2022 წლის ივლისში გამოქვეყნებულ წერილში და თქვა, რომ „ომში ჩათრევის“ ეს საფრთხე „მაქსიმალურად განეიტრალებულია“;
  • „ოცნების“ ლიდერები ამ მცდელობების ნაწილად წარმოაჩენენ ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის გამწვავებულ დავას, - და ამ დავას ივანიშვილიც „საქართველოში მიმდინარე პროცესებს“ უკავშირებს;
  • „ოცნების“ ლიდერების თქმითვე, ივანიშვილის წინააღმდეგ „არაფორმალური სანქცია“ უკვე გამოყენებულია, რაც იმაში გამოიხატება, რომ - მამუკა მდინარაძის სიტყვებით, - „2 მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში“;
  • ზაზა შათირიშვილი, „პოსტივის“ ყოფილი მეწილე, რომელსაც პოლიტიკის ანალიტიკოსები ივანიშვილის იდეების გამხმოვანებლად მიიჩნევენ, დროთა განმავლობაში აფართოებს ამ შეთქმულების თეორიის ფარგლებს. მან თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „ამერიკული სპეცსამსახურების“ მიერ დაგეგმილი შეთქმულების ნაწილია.

გიორგი ბაჩიაშვილი არის 38 წლის ბიზნესმენი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლებოდა, - „ივანიშვილის პირად ფინანსისტად“, - ახლა 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება „თაღლითობისა“ და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით.

შათირიშვილის თეორიის თანახმად:

  • ბაჩიაშვილი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს, რათა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინათ - ისევე, როგორც, თავის დროზე, პატრიკ ლესკადრონი - ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი, რომელმაც ივანიშვილს მილიონობით აშშ დოლარი მოჰპარა;
  • ეს იმიტომ დასჭირდათ, რომ ივანიშვილი ამერიკული სპეცსამსახურებისთვის პრინციპულად მიუღებელი პერსონაა;
  • მიუღებელია იმიტომ, რომ შექმნა მსოფლიოში პირველი და დღემდე ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოში მყარად დაფუძნებული ამერიკული აგენტოკრატია დაასრულა და დემოკრატია აღადგინა.

2023 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა ისტორიაში პირველად გამოიყენა სავიზო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, რომლებიც „კლანის“ წევრებად სახელდებოდნენ, აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა.

2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა, სხვა პირებთან ერთად, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს - „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ივანიშვილის სანქცირება, შეერთებული შტატების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასწარ არ განიხილავენ სანქცირების პროცესს.

მაიკლ მაკფოლი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი, 2022 წელს წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ თუკი პუტინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს, სანქციები დაუწესდება.

„ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ნორმალურად, კარგად, რადგან ეს ადამიანი მხოლოდ კარგ საქმეს აკეთებს და, შესაბამისად, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ნუ ღელავთ“, - აცხადებს ახლა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG