Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბატონი ბიძინა, ბაჩიაშვილი, კრიპტო და „ამერიკელების შეთქმულება“


ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს ბიტკოინებზე თაღლითობას ედავება
ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს ბიტკოინებზე თაღლითობას ედავება

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ოფთალმოლოგის შვილს ჯერ მოსკოვში სამსახური დააწყებინა, შემდეგ საქართველოში $6-მილიარდიანი კომპანია ჩააბარა სამართავად, ბოლოს კი მის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა და პროკურატურაში უჩივლა.

38 წლის ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლებოდა, ახლა 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება „თაღლითობისა“ და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით.

მის წინააღმდეგ აღძრული საქმე დიდ ფულში, კრიპტოში, პირად ურთიერთობებში, პოლიტიკასა და შეთქმულების თეორიებშია გადახლართული.

დავიწყოთ თავიდან:

ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი?

„ივანიშვილის პირადი ფინანსისტი“, როგორც მას ზოგჯერ მედია უწოდებდა, გიორგი ბაჩიაშვილი წლების განმავლობაში ითვლებოდა ქართველ მილიარდერთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ და მისი ნდობით აღჭურვილ პირად. ბაჩიაშვილი მართავდა ივანიშვილის საკვანძო კომპანიებს რუსეთსა და საქართველოში.

გიორგი ბაჩიაშვილი „თანაინვესტირების ფონდის“ პრეზენტაციაზე 2013 წლის 30 სექტემბერს.
გიორგი ბაჩიაშვილი „თანაინვესტირების ფონდის“ პრეზენტაციაზე 2013 წლის 30 სექტემბერს.

2009-10 წლებში პარიზში, ბიზნესის ევროპულ ინსტიტუტში (INSEAD) სწავლის შემდეგ ბაჩიაშვილმა ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბაჩიაშვილი სწავლას ასრულებდა, დედამისმა, მარინა რამაზაშვილმა, ივანიშვილს სთხოვა, შვილი თავისთან დაესაქმებინაო, - ჰყვება ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე.

ბაჩიაშვილის დედა, ცნობილი ოფთალმოლოგი მარინა რამაზაშვილი ამ ამბავს სხვაგვარად იხსენებს. ამბობს, რომ მასთან ოფთალმოლოგიურ კონსულტაციაზე მისულ ივანიშვილთან საუბრისას შვილი უბრალოდ ახსენა და შეაქო:

„ასეთი კარგი შვილი მყავს, საფრანგეთში ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს-მეთქი. იმანაც იცოდა, ეს უნივერსიტეტი ძალიან კარგი რომ იყო და მაგით დამთავრდა ეს ამბავი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ [ბიძინა ივანიშვილი] კიდევ მეორედ მოვიდა ჩემთან კონსულტაციაზე. ამ დროს ამას უკვე დამთავრებული ჰქონდა ის ინსტიტუტი. იკითხა ამისი ამბავი. ეს მუშაობდა რაღაც ამერიკულ ფირმაში მოსკოვში. მაშინო ტელეფონი მომეციო. მივეცი ტელეფონი. პირადად ჩაიწერა. შემდეგ იქიდან ვიღაცებმა დაურეკეს და მერე იმის გადასვლა როგორ მოხდა ტექნიკურად, აღარ ვიცი“, - უთხრა მარინა რამაზაშვილმა ტვ „პირველს“.

პროფესიულ პლატფორმა „ლინკდინზე“ ბაჩიაშვილს უწერია, რომ 2010-11 წლებში რუსეთში ამერიკული ფირმის, Booz & Company-ის პარტნიორი იყო, 2011-12 წლებში კი უკვე ივანიშვილის „უნიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი - CEO ხდება. ფინანსური-სამეწარმეო ჯგუფი „უნიკორი“ ივანიშვილის რუსულ აქტივებს მართავდა.

რამაზაშვილი ამბობს, „ალბათ, ამ ბიჭმა თავის ნიჭით და ყველაფრით დაიმსახურა ის, რომ თვითონ მისი ყურადღება მიიპყრო, თორემ ეგეთი თანამშრომელი ალბათ რუსეთში 10 000 ჰყავდაო“.

იმის მიუხედავად, თუ რომელი ვერსია შეესაბამება სიმართლეს, ერთი რამ არ არის სადავო: როგორც ადვოკატი წაქვაძე ამბობს, „ივანიშვილთან საქმიან ურთიერთობებში ბაჩიაშვილი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა“.

გიორგი ბაჩიაშვილი და ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს
გიორგი ბაჩიაშვილი და ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს

თანაინვესტირების ფონდი

2011 წლიდან ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ღიად ერთვება და 2012 წელს „ქართული ოცნების“ კოალიციით „ნაციონალურ მოძრაობას“ ამარცხებს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წელს აფუძნებს „თანაინვესტირების ფონდს“ (GCF) $6-მილიარდიანი კერძო კაპიტალით - და აქედან 1 მლრდ ივანიშვილისაა.

$6 მლრდ საქართველოს მაშინდელი მშპ-ის დაახლოებით 40% იყო. ივანიშვილის გარემოცვის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ბაჩიაშვილი პოლიტიკაში არ წასულა - ის GCF-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

ფონდი დღემდე მსხვილი მოთამაშეა ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, უძრავი ქონებისა თუ სხვა სექტორებში. მის დაფინანსებულ პროექტებს შორის არის „პანორამა თბილისი“ თაბორის ქედზე, „გალერია თბილისი“ თავისუფლების მოედანზე, „აქსის ტაუერსი“ ვაკეში და ა.შ..

„თანაინვესტირების ფონდის“ მართვის გარდა, ბაჩიაშვილი წილებს ფლობდა GCF-ის მმართველ კომპანიაში, „ჯი სი ეფ პარტნიორებში“ - სადაც მას ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მსგავსად 42% ეკუთვნოდა.

2014 წლამდე დარჩენილ 16%-ს რუსეთში მცხოვრები კიდევ ერთი ბიზნესმენი, მოგვიანებით კონსერვატიული საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა-რაობა-იმედის“ (ე.რ.ი.) დამფუძნებელი ლევან ვასაძე ფლობდა.

2014 წელს ვასაძე კომპანიიდან გავიდა და 50-50% ბაჩიაშვილმა და მამაცაშვილმა გადაინაწილეს, 2018 წლის თებერვალში კი ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 2019 წლიდან დაწინაურდა GCF-შიც - აღმასრულებელი დირექტორობიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლა.

თანაინვესტირეფის ფონდის ორგანიზებით „პანორამა თბილისის“ პროექტის პრეზენტაცია. 2014 წლის 25 მარტი
თანაინვესტირეფის ფონდის ორგანიზებით „პანორამა თბილისის“ პროექტის პრეზენტაცია. 2014 წლის 25 მარტი

„სერიული ანტრეპრენიორი“

ბაჩიაშვილმა წლების წინ დამოუკიდებლად თამაშიც დაიწყო. 2014 წელს დააარსა კომპანია Mission Gate-ი, „ვენჩურული” ფონდი, რომელიც ე.წ. „ანგელოზ ინვესტორად“ ევლინება სხვადასხვა სტარტაპს.

„სერიული ანტრეპრენიორი, ვენჩურული კაპიტალისტი და კრიპტოს ადრეული ინვესტორი, რომელსაც დაფუძნებული აქვს მრავალი სტარტაპი ტექნოლოგიების, ფინ-ტექის, ბლოკჩეინისა და ჰემპ ინდუსტრიებში“, - ასე ახასიათებს Mission Gate-ი ბაჩიაშვილს.

„ანტრეპრენიორობა“, ქართულად მეწარმეობას ნიშნავს, ოღონდ ისეთ მეწარმეობას, რომელიც მოგების მისაღებად ჩვეულებრივზე დიდ რისკს სწევს და ხშირად გაუკვალავ გზას ირჩევს. „ვენჩურული კაპიტალიც“ მონათესავე ტერმინია და გულისხმობს ისეთ ინვესტიციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რისკი ახლავს თან. „ანგელოზი ინვესტორი“ კი

  • ფულს დებს ისეთ „სტარტაპში“, - ანუ დამწყებ კომპანიაში, - რომელსაც საკმარისი რესურსები არა აქვს ზრდისა და განვითარებისათვის;
  • სანაცვლოდ იღებს წილს კომპანიაში, რომელსაც, წარმატების შემთხვევაში, გაცილებით სარფიანად ჰყიდის.
  • ეს საქმიანობაც რისკიანია. სხვადასხვა კვლევით, „ანგელოზი ინვესტორების“ განხორციელებული ინვესტიციების დაახლოებით მხოლოდ 10-30% თუ ამართლებს.

MissionGate-ის ინვესტიციებს შორის მათ საიტზე ჩამონათვალში არის ათობით კომპანია და წამოწყება, მათ შორის:

  • ციფრული აფთიაქი“ [მედიკამენტების მიტანის სერვისის ქსელი] ეკვადორსა და მექსიკაში;
  • Zoundream-ი, რომელიც ამბობს, რომ ჩვილის ტირილის ხმის მოსმენით შეუძლია მიხვდეს, რა აწუხებს მას;
  • AIONRISE-ი, რომელიც მზის პანელებს საქართველოში აწარმოებს და აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ყიდის.

2014 წელსვე ამერიკული „ფორბსი“ გიორგი ბაჩიაშვილს ასახელებს ფინანსებში 30 წლამდე ასაკის მსოფლიოში 30 ყველაზე გავლენიან პირს შორის მე-3 ადგილზე (Forbes 30 Under 30).

და დაახლოებით ამ პერიოდში ინტერესდება რისკიანი „ანგელოზი“ კრიპტოვალუტებითა და ბლოკჩეინით.

ამ პერიოდში ბაჩიაშვილი ხშირად და დაჟინებით იმეორებს, რომ მომავალი ბიტკოინისაა. დასცინის ჯორჯ სოროსს, რომელიც ამბობს, რომ „კრიპტოვალუტა არის ტიპური „ბუშტი“ („ბაბლი“), რომელიც რაღაც გაუგებრობაზეა დამოკიდებული“: „იქნებ თავად ბატონი სოროსია რაღაც გაუგებრობაში?“ - კითხულობს ფეისბუკზე.

გიორგი ბაჩიაშვილი და ჯორჯ სოროსი
გიორგი ბაჩიაშვილი და ჯორჯ სოროსი

ბაჩიაშვილის MissionGate-ის დაფინანსებულ პროექტებს შორის ამავე პერიოდიდან ხვდება კრიპტოვალუტებში მომუშავე „ბიტფური“ და „კრიპტომატი“ - ორივე კომპანია საქართველოს უკავშირდება.

  • „ბიტფურიმ“ 2014-15 წლებში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდისგან მილიონობით დოლარის სესხი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან 18 ჰექტარი მიწა მიიღო 1 ლარად და გორსა და გლდანში „მონაცემთა ცენტრები“ - კრიპტოვალუტების გამომმუშავებელი ცენტრები - ააშენა. ამ ტერიტორიას გლდანში მთავრობამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მიანიჭა, რითაც „ბიტფური“ გაათავისუფლა მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ-სგან);
  • „კრიპტომატი“, კრიპტოვალუტების ბანკომატების ოპერატორი კომპანია, საქართველოს ქალაქებში 2018 წელს გამოჩნდა. „კრიპტომატის“ ბანკომატებით ბიტკოინის, ლაითკოინის, ბიტკოინ ქეშისა და ეთერიუმის ლარში ყიდვა-გაყიდვა გახდა შესაძლებელი.

ბაჩიაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს დაჰყვება მსოფლიოს დედაქალაქებში. მისი სოცმედია არქივი ინახავს ფოტოებს მაშინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, გიორგი გახარიასთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, ქართული და ამერიკული სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და GCF-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 2017 წლის 17-20 იანვარს ჩატარდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და GCF-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 2017 წლის 17-20 იანვარს ჩატარდა

ალბათ სწორედ მისი გავლენა და კავშირებია საბაბი, რის გამოც 2019 წელს, როცა ქვეყანა ახალი ეკონომიკის მინისტრის მოლოდინშია, მედია სავარაუდო კანდიდატად ასახელებს ბაჩიაშვილს. მედიის მოლოდინი არ ამართლებს და პოსტს ნათია თურნავა იკავებს.

ბაჩიაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ხშირად მოგზაურობს და საქართველოში საჯაროდ სულ უფრო ნაკლებად ჩნდება.

2022 წელი - ნდობა იკარგება?

2022 წლის 9 სექტემბერს ბაჩიაშვილი სინგაპურში, ივანიშვილის ცნობილ დავაში შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“, ივანიშვილის სასარგებლოდ ჩვენებას აძლევს, როგორც მისი მრჩეველი.

სასამართლოს ეუბნება, რომ შექმნილი ჰქონდა მონაცემთა ბაზა, რათა თვალყური ედევნებინა ივანიშვილის ქონებისათვის, მაგრამ ეს მონაცემთა ბაზა ეფუძნებოდა ივანიშვილის პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიწოდებულ მონაცემებს და მას არ ჰქონია საფუძველი, ამ მონაცემებში ეჭვი შეეტანა.

სინგაპურის სასამართლო სხდომიდან გადის სამიოდე თვე და ბაჩიაშვილის კუთვნილი 100%-იანი წილი „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველ კომპანია „GCF პარტნიორებში“ ბიძინა ივანიშვილის დისშვილის, კახა კობიაშვილის ხელში აღმოჩნდება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბაჩიაშვილმა (რომელსაც ამ გარიგებაში GCF-ში მისი შემცვლელი, ცოტნე ებრალიძე წარმოადგენდა) კობიაშვილს წილი მიჰყიდა. გარიგების თანხა არ გახმაურებულა.

დაბრუნება და ბრალდება

2023 წლის ზაფხულში თბილისში დაბრუნებულ გიორგი ბაჩიაშვილს ქონებას უყადაღებენ და ბრალს წარუდგენენ. ირკვევა, რომ საქმის წარმოება მის წინააღმდეგ გაცილებით ადრე დაიწყო. პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, გამოძიებამ ივანიშვილი აპრილში გამოკითხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 17 ივნისის განჩინებით დააყადაღა ბაჩიაშვილის ქონება და მისი წილები სხვადასხვა კომპანიაში.

6 ივლისს პროკურატურამ ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინა. იმავე საღამოს სასამართლომ მას 2.5 მლნ ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა (ბრალდების მხარე 3 მლნ-ს ითხოვდა).

გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ელის მოსამართლის გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ. 2023 წლის 6 ივლისი
გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ელის მოსამართლის გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ. 2023 წლის 6 ივლისი

ბრალდება ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისება და ფულის გათეთრებაა. გამოძიებისა და ივანიშვილის ადვოკატის, - შესაბამისად, ივანიშვილის, - ვერსია ასეთია:

  • 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ივანიშვილს შესთავაზა, თანხის ბიტკოინის „მაინინგში“ დაბანდება, რადგან კრიპტოვალუტის პოპულარობა და ღირებულება დღითი დღე იზრდებოდა.
  • ივანიშვილი დაინტერესდა და ვინაიდან „სრულად ენდობოდა“ გიორგი ბაჩიაშვილს, დათანხმდა მის წინადადებას და გადაწყვიტა, ბიტკოინების წარმოებაში $5 მლნ ჩაედო ინვესტიციის სახით;
  • 2015 წლის ივლისში ბაჩიაშვილის კუთვნილმა კომპანიამ „უცხოურ საწარმოსთან“ დადო 1-წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ბიტკოინს ეს „უცხოური საწარმო“ მოიპოვებდა;
  • ეს „უცხოური საწარმო“ Bitfury-ია, ბაჩიაშვილის კომპანია კი - MissionGate-ი.
  • ხელშეკრულების ღირებულებად $6 305 000 განისაზღვრა, საიდანაც ივანიშვილის $5 მლნ იყო, ხოლო ბაჩიაშვილისა - $1 305 000.
  • ბაჩიაშვილს „დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა“;
  • მოგება ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო - ივანიშვილს მიეღო 79.3%, ბაჩიაშვილს კი - 20.7%;
  • გამომუშავებული კრიპტოვალუტა ბაჩიაშვილის საწარმოს კუთვნილ კრიპტოსაფულეში უნდა „ჩადებულიყო;
  • ერთწლიან პერიოდში გამოიმუშავეს 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და ხარჯების გათვალისწინებით, ივანიშვილს სუფთა მოგების სახით 8 253.13 ბიტკოინი უნდა მიეღო.
  • იმ პერიოდში, - 2017 წლის ოქტომბერში, - ამ რაოდენობით ბიტკოინები ჯამში $39.2 მლნ ღირდა; [ამჟამად მხოლოდ ერთი ბიტკოინი $29,944.8 ღირს, - ანუ 8253 ბიტკოინის ფასი დღეს $247,138,327 მლნ იქნებოდა. ბიტკოინმა პიკს 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიაღწია, როცა ერთის ღირებულება $60 000-ს ასცდა].
  • ბაჩიაშვილმა 2017 წლის ოქტომბერში ივანიშვილს ნაცვლად $39.2 მლნ-ისა, გადასცა მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი ($536 900), ხოლო დარჩენილი, თითქმის $40 მლნ-ის ბიტკოინები „მიითვისა“;
  • მითვისების შემდეგ, ბიტკოინები კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეში გადაიტანა, ნაწილი გაანაღდა, ნაწილით „სხვადასხვა ეკონომიკურ ურთიერთობაში ჩაერთო“, შეიძინა არაერთი ქონება და ასე „დამალა და შენიღბა“ ბიტკოინების წარმოშობის წყარო;
  • საბოლოოდ კი ბიტკოინების გადახურდავების შედეგად იყიდა უძრავ-მოძრავი ქონება, - როგორც პირადად, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით.
ბიძინა ივანიშვილი. 2016 წლის 14 ივნისი.
ბიძინა ივანიშვილი. 2016 წლის 14 ივნისი.

„ინვესტორი“ თუ „მენეჯერი“?

ივანიშვილისა და, შესაბამისად, პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილისათვის გადაცემული თანხა - 5 მლნ აშშ დოლარი - სესხად გაცემული ინვესტიცია იყო, რის უზრუნველყოფასაც ივანიშვილი ახორციელებდა.

ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის ფეისბუკზე გამოქვეყნებული დამატებითი ინფორმაციით ასეთი სურათი იხატება:

  • ივანიშვილს სურდა, საინვესტიციო თანხა, $5 მილიონი, პირადი საბანკო ანგარიშიდან გაეცა, თუმცა ბაჩიაშვილმა დაარწმუნა, რომ მოქნილობისთვის თანხის „ქართუ ბანკისგან“ სესხად მიღება აჯობებდა.
  • ივანიშვილიც დათანხმდა და ამ თანხის გამოყოფის დავალება მისცა „ქართუს“ მაშინდელ გენერალურ დირექტორს, ნატო ხაინდრავას.
  • რახან ივანიშვილი თავად იყო „ქართუს“ ბენეფიციარი მესაკუთრეც, ამ თვალსაზრისით, იცვლებოდა მხოლოდ საინვესტიციო ფულადი სახსრების გაცემის ფორმა.
  • „ბაჩიაშვილის შეთავაზებულ და მის მიერ კონტროლირებად უცხოურ კომპანიას“ „ქართუმ“ გამოუყო $5 მილიონი სესხად - და ეს სესხი იყო „საბლანკო, ანუ არაუზრუნველყოფილი, ხოლო მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით“.
  • ბაჩიაშვილი იყო „არა ინვესტორი, არამედ ახორციელებდა პროექტის ტექნიკურად შესრულების მენეჯმენტს“.

ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატი, ლევან მახარაშვილი სრულიად საპირისპირო სურათს ხატავენ. მახარაშვილი განმარტავს, რომ ბაჩიაშვილმა, რომელიც 2015 წლისთვის უკვე საუკეთესოდ ერკვეოდა კრიპტოვალუტების ბიზნესში, ივანიშვილს თავიდანვე სთხოვა არა პარტნიორობა, არამედ „ქართუსგან“ სესხის აღებაში დახმარება.

გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველის თანახმად, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის დაიდო „ჩვეულებრივი მიზნობრივი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაცემული იყო ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-სა და Bitfury-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორების განსახორციელებლად“.

„მტკვარი ჰესი“ - ახალი ბრალის მოლოდინში

ბაჩიაშვილი რომ ატყუებდა, ივანიშვილი მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, რაც „თანაინვესტირების ფონდის“ კიდევ ერთ პროექტში, „მტკვარი ჰესში“ შეამჩნია გადაცდომებიო, წერს ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე.

წიქვაძის თანახმად, პროექტი $131 მლნ ჯდებოდა. ჰესი 2020 წლისთვის უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში. პროექტი დღემდე დაუსრულებელია, ბიუჯეტი $235 მლნ-მდე, თითქმის ორჯერაა გაზრდილი.

მტკვარი ჰესის გვირაბის გაყვანა 2020 წლის თებერვალში დამთავრდა. ფოტოზე ბაჩიაშვილი ელის გვირაბის შესასვლელის გახსნას.
მტკვარი ჰესის გვირაბის გაყვანა 2020 წლის თებერვალში დამთავრდა. ფოტოზე ბაჩიაშვილი ელის გვირაბის შესასვლელის გახსნას.

ადვოკატის თქმითვე, ამის შემდეგ შეიტანეს ეჭვი პროექტის და, ზოგადად, ფონდის ხელმძღვანელის, ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში, და ეს ეჭვები გააღრმავა იმის გარკვევამ, რომ ბაჩიაშვილმა, მისმა საწარმოებმა და ოჯახის წევრებმა 2015 წლის შემდეგ „ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება” შეიძინეს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

პროკურატურას ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „მტკვარი ჰესის“ გარშემო ეკონომიკის სამინისტროში კითხვის ნიშნები ადრეც არსებობდა, თუმცა ეს დამალეს.

დიდი შეთქმულების ნაწილი?

ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საჯაროდ 2021 წელს ხმის მიცემის შემდეგ აღარ გამოჩენილა, განცხადება პირადად არ გაუვრცელებია. ბაჩიაშვილის საქმეზე განმარტებებს პროკურატურა და ივანიშვილის ადვოკატები აკეთებენ. ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსი კი, რომელიც ხშირად წერს ქართველი მილიარდერისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის წინააღმდეგ შეკრული დასავლეთის შესახებ, ბაჩიაშვილის საქმესაც „შეთქმულებას“ უკავშირებს.

ზაზა შათირიშვილი, „პოსტივის“ ყოფილი მეწილე, რომელსაც პოლიტიკის ანალიტიკოსები ივანიშვილის იდეების გამხმოვანებლად მიიჩნევენ, წერს, რომ ბაჩიაშვილი ნაწილია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „ამერიკული სპეცსამსახურების“ მიერ დაგეგმილი შეთქმულებისა, რომელიც მიზნად საქართველოს „ომში ჩართვას“ ისახავს.

ამ შეთქმულების თეორიის „ლოგიკა“ ასეთია:

  • ბაჩიაშვილი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს, რათა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინათ - ისევე, როგორც, თავის დროზე, პატრიკ ლესკადრონი - ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი, რომელმაც ივანიშვილს მილიონობით აშშ დოლარი მოჰპარა;
  • ეს იმიტომ დასჭირდათ, რომ ივანიშვილი ამერიკული სპეცსამსახურებისთვის პრინციპულად მიუღებელი პერსონაა;
  • მიუღებელია იმიტომ, რომ შექმნა მსოფლიოში პირველი და დღემდე ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოში მყარად დაფუძნებული ამერიკული აგენტოკრატია დაასრულა და დემოკრატია აღადგინა;
  • ბაჩიაშვილს ადვოკატად მიხაილ ხოდორკოვსკის ადვოკატი მიუჩინეს, რითაც წრედი საბოლოოდ შეიკრა.
ზაზა შათირიშვილი
ზაზა შათირიშვილი

გიორგი ბაჩიაშვილმა ამ კონსპირაციას ჯეიმს ბონდის ფოტოთი უპასუხა.

ხოდორკოვსკისა და მისი ცნობილი „იუკოსის“ ყოფილი ადვოკატის, რობერტ ამსტერდამის შვილი, სემ ამსტერდამი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენდა და მის ინტერესებს ლობირებდა.

რობერტ ამტერდამი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის მიზანია, მის ხელთ არსებული სახელმწიფო უწყებების გამოყენებით შეულახოს რეპუტაცია გიორგი ბაჩიაშვილს.

ამსტერდამი ირწმუნება, რომ ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის ურთიერთობა მას შემდეგ შეწყდა, რაც ამ უკანასკნელმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა. ბაჩიაშვილის ინსტაგრამზე ასეთი პოსტები ან „სთორები“ არ იძებნება, მაგრამ ტვ „პირველმა“ რამდენიმე ასეთი „სქრინი“ გაავრცელა 2022 წლიდან, სადაც ბაჩიაშვილი უკრაინის მიმართ სოლიდარობას იჩენს.

რობერტ ამსტერდამი პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში 2005 წლის 2 ნოემბერს. მაშინ იგი მიხაილ ხოდორკოვსკის ინტერესებს იცავდა
რობერტ ამსტერდამი პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში 2005 წლის 2 ნოემბერს. მაშინ იგი მიხაილ ხოდორკოვსკის ინტერესებს იცავდა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობის დაკავებული პოლიტიკური პოზიციების ფონზე, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს პოლიტიკოსებისა და გავლენიანი პირების ნაწილი მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც „საქართველოს ჩრდილოვან მმართველს“.

უკრაინის ხელისუფლებამ 2022 წლის ოქტომბერში სანქციები დაუწესა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს, ამ უკანასკნელის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილსა და მის ვაჟს, ტიტე მამაცაშვილს.

2023 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა ისტორიაში პირველად გამოიყენა სავიზო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, რომლებიც „კლანის“ წევრებად სახელდებოდნენ, აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა.

ბაჩიაშვილი, რომელიც ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში სახელდებოდა, არც სანქციების და არც დასასანქცირებელთა სიაში არ მოხვედრილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG