Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების აქტივობები წაღვლი-ჩორჩანას მიმართულებით


რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ხურვალეთში
რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ხურვალეთში

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყება. მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას მიერ გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა. მისი მტკიცებით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, ტალკის საბადოსთან, და იქვე, ყოფილი საწარმოს სიახლოვეს ბოლო 4 დღეა ინტენსიურად მოძრაობენ. რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში დავით ქაცარავა აცხადებს, რომ აუცილებელია ადგილზე პოლიციის საგუშაგოს განთავსება, წინააღმდეგ შემთხვევაში საოკუპაციო ძალები ამ ტერიტორიასაც მიიტაცებენ. მის მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაში ჩანს, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ყოფილ ქარხანასთან დგას. დ. ქაცარავას ინფორმაციით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორია. ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც ამ ტერიტორიაზე პატრულირებისკენ მოუწოდებს.

„დაახლოებით 4-5 დღეა შევამჩნიეთ რუსი ოკუპანტების გადაადგილება და მოძრაობა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შემოდიან და მინიმუმ ნახევარ დღეს იქ ატარებენ. ჩვენ ვაკვირდებით მათ გადაადგილებებს უსაფრთხო მანძილიდან. ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ძალიან მალე გაიხსნებოდა საგუშაგოები ჩორჩანას ტყეში, მაგრამ დღემდე დაპირება დაპირებად რჩება.“

ვისაუბრეთ ხაშურის მუნიციპალიტეტში წაღვლსა და ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ძალიან საშიშ ელემენტებს და შესაძლოა დააზიანოს ადგილზე უსაფრთხოების მყიფე გარემო.
ირაკლი ანთაძე

რადიო „თავისუფლება“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა და მათგან ჩორჩანას ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ წერილობითი განმარტება მიიღო. სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მხრიდან პერიოდულად ხორციელდება უკანონო აქტივობები, რაც ზიანს აყენებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული საკითხები მწვავედ განიხილება IPRM-ს შეხვედრებზე და ხდება საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

წაღვლისა და ჩორჩანას საკითხი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც განიხილეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩორჩანას ტყეში მონიშნული მონაკვეთების შესახებ საოკუპაციო ძალების მხრიდან განმარტებები მოითხოვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე შექმნილ ვითარებასა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის მესაზღვრეებს აკისრებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

ვისაუბრეთ ხაშურის მუნიციპალიტეტში წაღვლსა და ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ძალიან საშიშ ელემენტებს და შესაძლოა დააზიანოს ადგილზე უსაფრთხოების მყიფე გარემო. ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას. ჩვენ მწვავედ დავაყენეთ აღნიშნული საკითხი და გავაფრთხილეთ, რომ ნებისმიერ ქმედებაზე, რამაც შეიძლება დააზიანოს უსაფრთხოების გარემო, პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ ქმედების ინიციატორ მხარეს“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ტრაქტორი ასწორებს გზას, მერე მოიხრეშება, რომ ქართული ბლოკ-პოსტები დადგეს ეგრეთ წოდებულ საზღვართან. ჩვენი სპეცნაზიც იქ არის და მუშაობა მიმდინარეობს.
ვაჟა ლომიძე

წაღვლის და ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გააქტიურების გამო ადგილობრივი მოსახლეობაც შეშფოთებულია. მათი თქმით, შიშის გამო ტყის მიმართულებით გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ, რადგან იქ რუს მესაზღვრეებს ხშირად ხედავენ.

წაღვლიდან ტყის მიმართულებით გზის გაყვანა თებერვალში დაიწყეს ხაშურის მერიის დაფინანსებით. გრუნტის გზა ადგილზე უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად იყო საჭირო. ამის შესახებ სოფელ წაღვლში მერის წარმომადგენელი ვაჟა ლომიძე ორი თვის წინ საუბრობდა, თუმცა საგუშაგოს განთავსების საკითხი ამ დრომდე გადაუჭრელია.

„ტრაქტორი ასწორებს გზას, მერე მოიხრეშება, რომ ქართული ბლოკ-პოსტები დადგეს ეგრეთ წოდებულ საზღვართან. ჩვენი სპეცნაზიც იქ არის და მუშაობა მიმდინარეობს.“

ამასობაში დეფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია სოფელ ზარდიაანთკარიდან ქართველი პოლიციელების მიერ დეფაქტო რესპუბლიკის მოქალაქის ზურაბ ვალიევის გატაცების შესახებ. დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის მურატ ჯიოევის ცნობით, ვალიევი საკუთარი ბაღიდან წაიყვანეს. ეს ბაღი კი გამყოფ ხაზს ესაზღვრება. ცხელი ხაზის მეშვეობით დეფაქტო ხელისუფლებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ქართველი სამართალდამცავები საქმის კურსში ჩააყენა. ჯიოევის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული პირის დაკავებას ადგილი არ ჰქონია. პირის იდენტიფიცირების მიზნით, პოლიციის მხრიდან მოხდა მასთან გასაუბრება. ცენტრალური ხელისუფლება იცავს და პატივს სცემს თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას. - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვალიევი უკვე სახლში იმყოფება. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი კი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. სოფელში ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობენ, თუმცა ეთნიკურ ოსებს პარალელურად დეფაქტო რესპუბლიკის მოქალაქოეობაც აქვთ. ამიტომ საოკუპაციო რეჟიმმა მათთვის სპეციალური საშვები დაუშვა და ზარდიაანთკარიდან ოსურ სოფელ ხელჩუას მიმართულებით ჭიშკრის გავლით გადაადგილებას და ნათესავების მონახულებას ახერხებენ ხოლმე. ამ რეჟიმით ზარდიაანთკარის 20 მცხოვრები სარგებლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG