Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ ოკუპირებული ეკლესიები, სასაფლაოები და საძოვრები


მწყემსები საოკუპაციო ხაზთან დაახლოებით ორ  საათს  შეაჩერეს და ისინი ქართულ მხარეს უკვე გადმოსცეს. თამაზ ფსიტიძე და ვაჟა სრესელი გორის პოლიციაში ინციდენტის თაობაზე გამოკითხეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და სასაფლაოსთან ახლოს, სამი მწყემსი პირუტყვს აძოვებდა. ამ ტერიტორიაზე ნახირი ხშირად დადის და მწყემსებსაც საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდათ, თუმცა ცოტა ხანში ოდნავ მოშორებით რუსეთის საოკუპაციო ძალების ოთხი შეიარაღებული პირი გამოჩნდა. მწყემსებს დაუძახეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძროხები გადმოვიდნენო და მათ გადასარეკად უხმეს. ორი მწყემსი - თამაზ ფსიტიძე და ვაჟა სრესელი - რუსებისკენ წავიდა, ჯუმბერ ფსიტიძე კი ძროხებთან დარჩა. ჯუმბერი შარშან ამ ტერიტორიის სიახლოვეს რუსებმა დააკავეს და გადაწყვიტა ამჯერად მათ აღარ მიახლოებოდა. ჯუმბერი თანასოფლელებს ორი საათის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა. მიხვდა, რომ მწყემსები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მიიტყუეს, საქონელი სოფლისკენ გამორეკა და ამბავი პოლიციელებსაც შეატყობინა, თუმცა პოლიციამ უკვე ყველაფერი იცოდა.

„ერთი ჩემი ბიძაშვილია, მეორე კლასელი. რუსებმა რომ დაგვიძახეს, ესენი წავიდნენ. მე აქეთ, ნახირთან ველოდებოდი. წავიდნენ და დაიგვიანეს, რუსებმა აღარ გამოუშვეს. ჯერ ერთი საათი გავიდა, მერე ორი საათი, ველოდე, ველოდე და მერე საქონელი წამოვიყვანე, ქვევით უკვე პოლიციის მანქანებიც ვნახე“, - ამბობს ჯუმბერ ფსიტიძე.

ახალუბნის მკვიდრი ავთანდილ ტატიაშვილი გვეუბნება, რომ სოფლის ეკლესიისა და სასაფლაოს ტერიტორიაზე რუსები მანამდეც უნახავს. მოშორებით მავთულხლართები აქვთ გაბმული და მოსახლეობას იქ მიახლოებას უკრძალავენ:

„იქით მხარეს არის მავთულხლართები გაბმული და თუ იქით მხარეს არ გადავედით, ხმას არ იღებენ. აქეთ, ეკლესიის მხარეზე, სადაც მავთულხლართები არ არის, ჩასაფრებებს აწყობენ და გვიჭერენ. ერთხელ სასაფლაოზე ვიყავი. მოვიდნენ და გამაფრთხილეს, ეს ჩვენი ტარიტორიაა და აღარ გადმოხვიდეო. ეს არის ოსური სოფლის ღრომის მოსაზღვრე ტერიტორია, მაგრამ აქ ჩვენი ეკლესია და სასაფლაოა და, ტრადიციულად, ყოველთვის მივდიოდით მაგ ადგილებში, ახლა კი ძალიან საშიშია“.

ახალუბნის მცხოვრებლების თქმით, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ხშირია ადამიანთა გატაცების შემთხვევები. ისინი იხსენებენ შარშანდელ შემთხვევასაც, როცა სოფლის სალოცავში წასული ახალგაზრდები ცხინვალის იზოლატორში მოხვდნენ და მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა.

ორი მწყემსის პატიმრობა ამჯერად რამდენიმე საათს გაგრძელდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, მწყემსები საოკუპაციო ხაზთან დაახლოებით ორ საათს შეაჩერეს და ისინი ქართულ მხარეს უკვე გადმოსცეს. თამაზ ფსიტიძე და ვაჟა სრესელი გორის პოლიციაში ინციდენტის თაობაზე გამოკითხეს, სოფელ ახალუბანში კი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები ჩავიდნენ და ის ადგილები გადაიღეს, საიდანაც მწყემსები გაიტაცეს. მოძრაობის ლიდერ დავით ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ძალების ტაქტიკაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიტაცონ და ამით ადგილობრივი მოსახლეობა ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ.

„ეს არის იმ ტაქტიკის გაგრძელება, რასაც იყენებს რუსეთი. ეს არის, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური ტერორი ჩვენი მოსახლეობის, რომელიც, საბოლოო ჯამში, იმას ემსახურება, რომ მოხდეს ამ სოფლების დეპოპულაცია, ხალხი რომ ვეღარ გავიდეს საძოვრებზე და შიშის ქვეშ იცხოვრონ. ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვისაუბროთ იმაზე, რომ ათიდან რვა შემთხვევაში რუსი ოკუპანტები ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა იმას, გადაიტყუეს თუ არა. ფაქტია, რომ ოკუპანტებმა ჩვენი მოქალაქეები არაოკუპირებული ნაწილიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ხელისუფლება კომფორტის ზონას უქმნის ოკუპანტებს და მხოლოდ სტატისტის როლში რჩება, სტანდარტული ფრაზებით -გავააქტიურეთ ცხელი ხაზი - შემოიფარგლება. ჩვენი აზრით, ასეთ ტერიტორიებზე კამერები უნდა დადგეს, მაგრამ ეს ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან იგნორირებულია“, - ამბობს დავით ქაცარავა.

ახალუბნელი მწყემსები იმ დროს დააკავეს, როცა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, უცხოელი დიპლომატები იმყოფებოდნენ. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, ლიეტუვის პირველი დიპლომატი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოძისის რაიონში ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილების თავისუფლება და სხვა უფლებები. მან ილაპარაკა, ასევე, „ბორდერიზაციის“ პროცესზე, მავთულხლართებისა და სათვალთვალო პუნქტების განთავსებაზე.

დაახლოებით, ორი კვირის წინ ახალუბნის მსგავსი შემთხვევა მოხდა სოფელ კირბალში. ადგილობრივი მცხოვრები გერონტი პაპიტაშვილი საქონელს სოფლის ეკლესიასთან მწყემსავდა, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. პაპიტაშვილთან ერთად თანასოფლელიც იმყოფებოდა, რომელმაც შეიარაღებული პირების გამოჩენისთანავე გაქცევა მოახერხა და ამბავი სოფელს შეატყობინა, გერონტი პაპიტაშვილი კი სამმა შეიარაღებულმა პირმა ოკუპირებული ტყის მიმართულებით წაიყვანა. 60 წლის კაცი გზაში შეუძლოდ გახდა, მაგრამ ის ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერამდე მაინც მიიყვანეს და იქ ფოტოები გადაუღეს როგორც „საზღვრის“ დამრღვევს, ამის შემდეგ კი ქართველ სამართალდამცავებს დაუკავშირდნენ და მალევე გაათავისუფლეს.

გერონტი პაპიტაშვილი ამბობდა, რომ სასაფლაოსთან არსებული საძოვარი ყოველთვის სოფლის საკუთრება იყო და საოკუპაციო ხაზი უფრო მოშორებით, ტყის მასივთან გადის. მიუხედავად ამისა, ე. წ. მესაზღვრეები სოფლის სიღრმეში ადამიანების გასატაცებლად მაინც ჩამოდიან.

რისთვის სჭირდებათ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ბუჩქებში ჩასაფრება და მწყემსების დევნა? მათ ხომ ისედაც კარგად იციან, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები არანაირ საფრთხეს არ ქმნიან და ხშირ შემთხვევაში არც საოკუპაციო ხაზის მიღმა გადადიან?

ჯარისკაცები საქართველოს მოქალაქეების დაკავებით სარგებელს ორი მიმართულებით იღებენ. პირველი - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ბიუჯეტი ივსება ე. წ. ადმინისტრაციული ჯარიმების თანხებით და არის მეორე, უფრო დიდი ინტერესი, რაც უშუალოდ საოკუპაციო მესაზღვრეებს ამოძრავებთ. ისინი უფრო საკუთარ გამორჩენაზე ზრუნავენ. ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქეების „დაკავების ოპერაციაში“ მონაწილე ჯარისკაცებს მადლობას უცხადებენ, ფინანსური და საშვებულებო პრემიებით ახალისებენ. ამიტომ მათ ინტერესში შედის, რაც შეიძლება მეტი ე.წ. საზღვრის დამრღვევი გამოავლინონ. ეს სურვილი კი იმდენად დიდია, რომ საოკუპაციო ძალები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სოფლების სიღრმეში შემოდიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG